¹ 3კ/799-01 19 სექტემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი, ლ. გოჩელაშვილი
სარჩელის საგანი: შრომის მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2000 წლის 19 დეკემბერს ვ. ს-ინმა შპს “...-ის” და შპს “ა-2”-ის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1977 წლიდან მუშაობდა ...-ის აეროპორტში შვეულმფრენ “...”-ის პილოტად. 1988 წლის 13 სექტემბერს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიიღო საწარმოო ტრავმა, რის შედეგადაც გახდა მეორე ჯგუფის ინვალიდი. აღნიშნულის გამო დაენიშნა ყოველთვიური სარჩო, რომელსაც ღებულობდა ...-ის აეროპორტიდან. კუთვნილი პენსია 1999 წლის თებერვლის ჩათვლით მიღებული აქვს, მაგრამ მთითებული დროიდან, აეროპორტმა პენსია შეუწყვიტა იმ მოტივით, რომ ძალაში შევიდა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულება, რომლის საფუძველზეც შპს “ა.-მ” მიუთითა, რომ პენსია ს-ინისათვის უნდა გადაეხადა შპს-ს “ა-2”, რადგან იგი შექმნილი იყო ...-ის აეროპორტის ქონების ბაზაზე.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ დავალიანება შეადგენს 3045 ლარს და მოითხოვა 3045 ლარი, ხოლო ყოველთვიურად 145 ლარის დაკისრება.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
შპს “ა-2”-მ მიუთითა, რომ იგი არ წარმოადგენდა ...-ის აეროპორტის უფლებამონაცვლეს. მისი უფლებამონაცვლე შპს “...-ი” იყო. შპს “...-მ” სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ ...-ის აეროპორტის უფლებამონაცვლე შპს “ა-2” იყო და საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების შესაბამისად შრომით მოვალეობის შესრულების დროს ჯანმრთელობისათვის მიყენებული ვნების შედეგად ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა შპს “ა-2”-ს, როგორც ...-ის აეროპორტის სამართალმემკვიდრეს.
...-ის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით ვ. ს-ინის სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს “...-ს” ვ. ს-ინის სასარგებლოდ დაეკისრა ერთდროულად 3480 ლარის და ყოველთვიურად 145 ლარის გადახდა.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი:
ვ. ს-ინი 1977 წლიდან მუშაობდა ...-ის აეროპორტში შვეულმფრენ “...”-ის პილოტად, 1988 წლის 13 სექტემბერს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობა დაუზიანდა, რის გამოც გახდა მეორე ჯგუფის ინვალიდი და დაენიშნა პენსია. 1988 წლიდან სარჩოს გადახდა, თანახმად საჰაერო კოდექსის 76-ე მუხლისა და “საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების მიერ მუშა-მოსამსახურეებისათვის დასახიჩრებით ან ჯანმრელობის სხვაგვარი დაზიანებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესების” ინსტრუქციის მე-4 და მე-5 პუნქტებისა, დაეკისრა ...-ის აეროპორტს. 1999 წლის 9 თებერვლამდე, საქართველოს პრეზიდენტის ¹48 ბრძანებულების მიღებამდე, ...-ის აეროპორტი, ხოლო შემდეგ შპს “...-ი” ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას.
1993 წლის 27 აგვისტოს გამოიცა საქართველოს საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტის ¹146 ბრძანება სახელმწიფო ავიაკომპანიის შექმნის შესახებ. ბრძანების საფუძველზე მოხდა ...-ის აეროპორტის ბალანსიდან შვეულმფრენების, ავიახაზებისა და ავიატექნიკური ბაზის გამოყოფა ისე, რომ ...-ის აეროპორტს არსებობა არ შეუწყვეტია და შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკის შვეულმფრენების სახელმწიფო ავიაკომპანია. ბრძანებაში მიეთითა, რომ თბილისის შვეულმფრენების განცალკავებული ავიაესკადრილიის, ქ.თბილისის შვეულმფრენების განცალკეთებული საამქროს, ...-ის შვეულმფრენების ავიარაზმის, ...-ის აეროპორტის ავიატექნიკური ბაზის ბაზაზე შექმნილიყო საქართველოს რესპუბლიკის შვეულმფრენების ავიაკომპანია “ა.-ი”.
საქართველოს საჰაერო ტრანსპორტის უფროსის 1993 წლის 11 ნოემბრის ¹216 ბრძანების შესაბამისად ავიაკომპანია “ა.-ს” საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტისაგან ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა ...-ის აეროპორტის ყოფილი ავიატექნიკური ბაზა და შვეულმფრენის ავიარაზმი. საქართველოს რესპუბლიკის შუევლმფრენების ავიაკომპანია შემდგომ გარდაიქმნა შპს “ა.-2”-ად, ხოლო ქუთისის აეროპორტი _ შპს “...-დ”. აქედან გამომდინარე, შპს “ა.-2” ...-ის აეროპორტის ქონების საფუძველზე კი არ იყო შექმნილი, არამედ იგი შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკის შვეულმფრენების სახელმწიფო ავიაკომპანია “ა.-ის” ბალანსზე რიცხული ქონების საფუძველზე.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ 1993 წლიდან ...-ის აეროპორტი ჩვეულებრივად ფუნქციონირებდა და ამ საწარმოდან ღებულობდა ვ. ს-ინი პენსიას. მისი პრივატიზება, შპს “...-დ” ჩამოყალიბება, მოხდა მხოლოდ 1999 წელს. შპს “...-ი” წარმოადგენს ...-ის აეროპორტის სამართალმემკვიდრეს და ამიტომ ვ. ს-ინისათვის პენსიის ანაზღაურება მას უნდა მოეხდინა.
შპს “...-ის” სააპელაციო საჩივრის საფუძველზე საქმე განიხილა ...-ის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ, რომელმაც თავისი 2001 წლის 13 აპრილის განჩინებით საქალაქო სასამართლოს მიერ ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.
2001 წლის 31 მაისს შპს “...-მ” საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
კასატორმა მოითხოვა ამ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლით:
კასატორს მიაჩნია, რომ იგი არ წარმოადგენს ...-ის აეროპორტის სამართალმემკვიდრეს, მისი მოსაზრებით, პენსიის გადახდა ევალება შპს “ა-2”-ს, რადგან “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების 42-ე მუხლის შესაბამისად სახელმწიფო საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის რეორგანიზაციისას ან პრივატიზაციის შემთხვევაში განცხადება ზიანის ანაზღაურების შესახებ შეიტანება მის უფლებამონაცვლე ან მისი ქონების უფლებამონაცვლე, ან მისი ქონების ბაზაზე დაფუძნებულ, ან შექმნილ ორგანიზაციაში.
მისივე მოსაზრებით, რაიონულმა და სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინეს ის გარემოება, რომ ორ მსგავს შემთხვევაში ...-ის საქალაქო სასამართლომ ზიანის თანხების ანაზღაურება დააკისრა შპს “ა-2”-ს და მითითებული გადაწყვეტილებები არავის გაუსაჩივრებია.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი, და მიაჩნია, რომ საკასაიცო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ საქმეზე უდავოდ დადასტურებულია და დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ ვ. ს-ინი მუშაობდა ...-ის აეროპორტში შვეულმფრენის “...” პილოტად. 1988 წელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიიღო ტრავმა, რის გამოც გახდა მეორე ჯგუფის ინვალიდი და დაენიშნა პენსია. პენსიას უხდიდა ...-ის აეროპორტი. 1993 წლის 27 აგვისტოს გამოიცა საქართველოს საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსის ¹146 ბრძანება სახელმწიფო ავიაკომპანიის შექმნის შესახებ. ბრძანების შესაბამისად ...-ის აეროპორტიდან გამოიყო შვეულმფრენები, ავიახაზები და ავიატექნიკური ბაზა ისე, რომ ...-ის აეროპორტს არსებობა არ შეუწყვეტია. ამ ბრძანებით შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკის შვეულმფრენების სახელმწიფო ავიაკომპანია “ა.-ი”, რომელსაც ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა როგორც ...-ის აეროპორტიდან გამოყოფილი ქონება, ისე თბილისის შვეულმფრენების განცალკავებული ავიესკადრილიის და ქ.თბილისის შვეულმფრენების განცალკავებული საამქროს ქონება.
საქართველოს რესპუბლიკის შუევლმფრენების ავიაკომპანია “ა.-მ” 1998 წელს დააფუძნა შპს “ა-2”, ხოლო ...-ის აეროპორტმა შპს “...-ი” შპს “...-ის” ადმინისტრაციამ პენსიის გადახდა შეწყვიტა 1999 წლიდან იმ მოსაზრებით, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებით შრომითი მოვალეობის შესრულების დროს ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა შპს-ს “ა-2”, როგორც ...-ის აეროპორტის სამართალმემკვიდრეს.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ...-ის აეროპორტის სამართალმემკვიდრე იყო შპს “...-ი” და არა შპს “ა-2”. შპს “ა-2” იყო საქართველოს რესპუბლიკის შვეულმფრენების სახელმწიფო ავიაკომპანია “ა.-ის” სამართალმემკვიდრე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული პრეტენზია.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს უტყუარად აქვს დადასტურებული ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ...-ის აეროპორტის უფლებამონაცვლეს წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ შპს “ქ.-ი”. შპს “ქ.-ის” საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოება იმის შესახებ, რომ ...-ის საქალაქო სასამართლოში ამავე საკითხთან დაკავშირებით მიღებულია სხვაგვარი გადაწყვეტილება; ...-ის აეროპორტის სამართალმემკვიდრედ ცნობილია შპს “ა-2” და გადაწყვეტილებები კანონიერ ძალაშია შესული, არ წარმოადგენს არც დამატებით და არც დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას, ამიტომ მითითებული გარემოებანი ვერ გახდება ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გუქმების საფუძველი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის “ბ” პუნქტის შესაბამისად მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომელსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნა, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ამ ფაქტს მიეკუთვნება ისეთი ფაქტი, რომელიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ. მაგრამ მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან სამოქალაქო საქმის განხილვაში სხვადასხვა მხარეები მონაწილეობდნენ ...-ის საქალაქო სასამართლოს მიერ ...-ის აეროპორტის სამართალმემკვიდრეობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ვერ ჩაითვლება მოცემული დავის საქმეზე ისეთ ფაქტად, რომელიც მტკიცებას არ საჭიროებს.
საკასაიცო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს “...-ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე ...-ის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 13 აპრილის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.