საქმე N 140100125011643853
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №12აპ-26 24 მარტი, 2026 წელი
თ–ი ე., №12აპ-26 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 25 ნოემბრის განაჩენზე შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის – ალექსანდრე ფოცხვერაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ე. თ–ი (პირადი ნომერი: ........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 344-ე მუხლის პირველი ნაწილითა (სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა) და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
2025 წლის იანვარში, ე. თ–მა, სამართლებრივი პროცედურების დაცვის გარეშე, სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურის (....) გავლით, უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდა საქართველოში, რაც გამოვლინდა 2025 წლის 4 მაისს საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ.
2025 წლის 4 მაისს, ღამის საათებში, ხ–ს რაიონის ტერიტორიაზე, ე. თ–მა პატრულ-ინსპექტორებს წარუდგინა, თითქოსდა, თ–ს რესპუბლიკაში მის სახელზე გაცემული ყალბი მართვის მოწმობა №......
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 8 სექტემბრის განაჩენით:
ე. თ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი;
ე. თ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ე. თ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი.
2.2. გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 8 სექტემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა – ალექსანდრე ფოცხვერაშვილმა. ბრალდების მხარემ მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ე. თ–ის მიმართ სასჯელის დამძიმება – შესაბამისი მუხლებისათვის გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადის შეფარდება.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 25 ნოემბრის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 8 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 25 ნოემბრის განაჩენი საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა – ალექსანდრე ფოცხვერაშვილმა. ბრალდების მხარემ მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ე. თ–ის მიმართ სასჯელის დამძიმება – შესაბამისი მუხლებისათვის გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადის შეფარდება.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. ბრალდების მხარის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, ვინაიდან გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების ხასიათს, სიმძიმეს, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ თურქეთის რესპუბლიკაში სხვადასხვა მძიმე დანაშაულებისათვის ძებნილმა მსჯავრდებულმა, დროის მცირე მონაკვეთში, ჩაიდინა მმართველობის წესის წინააღმდეგ მიმართული განზრახი დანაშაულები, რაც გამოიხატა ყოველგვარი სამართლებრივი პროცედურის დაცვის გარეშე სახელმწიფო საზღვრის კვეთაში, აგრეთვე, პოლიციის თანამშრომლებთან სამართლებრივი ურთიერთობისას ყალბი მართვის მოწმობის გამოყენებაში. სასჯელის დამამძიმებელ გარემოებად ბრალდების მხარე ასევე მიიჩნევს მსჯავრდებულის თანმხლები პირების მიმალვის ფაქტს და ასკვნის, რომ მსჯავრდებული საქართველოში სწორედ დანაშაულებრივი ქმედებების ჩასადენად ჩამოვიდა და იკვეთება მაღალი რისკი მისი მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენისა. პროკურორის შეფასებით არასააპტიმრო სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების, მათ შორის – კერძო და ზოგადი პრევენციის – მიღწევას.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ე. თ–ის მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის სამართლიანობა.
5.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტები და უცვლელად დატოვა ე. თ–ისათვის შეფარდებული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.4. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
5.5. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.
5.6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედებების ხასიათი და სიმძიმე (ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები), პირის ინდივიდუალური მახასიათებლები (მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები, უდავოდ მიიჩნია მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას), სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე, 59-ე და 63-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ე. თ–ს საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელი შეუფარდა, რომელიც აკმაყოფილებს პროპორციულობის მოთხოვნას, უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას და არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
5.7. რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ გარემოებებს (მმართველობის წესის წინააღმდეგ მიმართული განზრახი დანაშაულების ჩადენა, რაც გამოიხატა ყოველგვარი სამართლებრივი პროცედურის დაცვის გარეშე, სახელმწიფო საზღვრის კვეთაში, აგრეთვე, პოლიციის თანამშრომლებთან სამართლებრივი ურთიერთობისას ყალბი მართვის მოწმობის გამოყენებაში, დანაშაულთა ხასიათი, სიმძიმე) სწორედ აღნიშნულმა გარემოებებმა განაპირობა პირის ქმედების კვალიფიკაცია სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით და ხსენებული გარემოებები სრულად მოცულია ზემოაღნიშნულ ნორმათა დისპოზიციებით, რომლებიც, მათ შორის, სწორედ იმ სახისა და ზომის სასჯელს ითვალისწინებს, რაც შეეფარდა ე. თ–ს. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს პროკურორის მიერ დამამძიმებელ გარემოებად მითითებულ მსჯავრდებულის ძებნის ფაქტს თ–ს რესპუბლიკაში და აღნიშნავს, რომ ხსენებული გარემოება გავლენას ვერ იქონიებს ს–ში ჩადენილ დანაშაულთათვის გამოსაყენებელ სასჯელის სახესა და ზომაზე, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება ე. თ–ის წინარე მსჯავრდების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც მისი პიროვნების უარყოფითად შეფასების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს. არარელევანტური და უსაფუძვლოა ასევე ბრალდების მხარის აპელირება მსჯავრდებულის თანმხლები პირების მიმალვის ფაქტზე. გარემოებები, რომლებიც უშუალოდ მსჯავრდებულის პიროვნებას ან მის მიერ ჩადენილ ქმედებას არ ახასიათებს, ვერ განაპირობებს მის მიმართ სასჯელის გამკაცრებას. ამასთან, არც განმეორებითი დანაშაულის ჩადენის აბსტრაქტულ საფრთხეებზე მითითება ქმნის უფრო მკაცრი სახისა და ზომის სასჯელის დანიშვნის საფუძველს.
5.8. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულს შეუფარდა საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლების სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე – თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით ჩაეთვალა პირობით და დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ პირობითი მსჯავრი წარმოადგენს სასჯელის მოხდის ფორმას, რომელსაც თან სდევს გამოსაცდელი ვადა და რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული. მას ნამდვილად გააჩნია მსჯავრდებულზე ინდივიდუალური ზემოქმედებისა და კერძო პრევენციის ეფექტი, რადგან საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადაში განმეორებითი განზრახი დანაშაულის ჩადენა წარმოადგენს პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და სასჯელის საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით დანიშვნის საფუძველს. სასჯელის პირობითად ჩათვლისა და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა, რაც სასჯელის მიზნების მიღწევის დამატებით გარანტიას წარმოადგენს. ამდენად, კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა არ გულისხმობს მის უსამართლობას და ვერ უგულებელყოფს მის როლს, სასჯელის მიზნების მიღწევის თვალსაზრისით.
5.9. რაც შეეხება პროკურორის მიერ მითითებულ ზოგადი პრევენციის მიზნის მიღწევას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ზოგადი პრევენციის მიზნის უგულებელყოფა არ შეიძლება, მეტიც, მას ნამდვილად აქვს საზოგადოებაში მაგალითის დატვირთვა და პოზიტიური როლი კრიმინალური ქმედების შემცირებისა და საზოგადოების მშვიდი, ჰარმონიული განვითარებისთვის. თუმცა სახელმწიფოს იძულების ღონისძიების გამოყენებისას უნდა ჰქონდეს ზოგადი პრევენციის ზემოაღნიშნული პოზიტიური შედეგების გამოწვევის პასიური მოლოდინი, სახელმწიფომ არ შეიძლება პირი დასაჯოს მხოლოდ იმის გამო, რომ სხვამ არ ჩაიდინოს იგივე ქმედება. არ შეიძლება პირის დასჯის მიზანი იყოს მხოლოდ და მხოლოდ სხვა პირების „დაშინება“, გაფრთხილება და ამ გზით სხვების მიერ იმავე დანაშულის ჩადენის რისკების მინიმალიზება. მხოლოდ ზოგადი პრევენცია ვერ იქნება საკმარისი და თვითკმარი პირის მიმართ ნებისმიერი სასჯელის გამოყენებისთვის, რადგან ასეთი მიდგომით ადამიანი გადაიქცევა სახელმწიფოს ხელში საზოგადოების „დაშინების იარაღად“, იძულების ღონისძიების გამოყენების მუქარის შიშველ ობიექტად, რაც გამორიცხულია და დაუშვებელი სამართლებრივ სახელმწიფოში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-52).
5.10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
5.11. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის – ალექსანდრე ფოცხვერაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე