გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3კ\801 9 თებერვალი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
თავმჯდომარე ბ. ხიმშიაშვილი
მოსამართლეები: ქ. გაბელაია, თ. კობახიძე
დავის საგანი: ბინაში შესახლება
აღწერილობითი ნაწილი:
გ. ჭ-ძემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მარტვილში, .... მდებარე ო. ჭ-ძის სახელზე რიცხულ სახლში შესახლება შემდეგი საფუძვლით: 1987 წლიდან ფაქტობრივ საქორწინო უროთიერთობებში იმყოფებოდა ო. ჭ-ძის შვილიშვილთან ბ. ჭ-ძესთან. 1989 წელს გატარდა რეგისტრირებულ ქორწინებაში. ამავე წელს შეეძინათ შვილი ო-რ ჭ-ძე. 1987 წლიდან მოყოლებული ცხოვრობდნენ სენაკში მის სახელზე რიცხულ ბინაში, რომელიც გაყიდა მისი მეუღლის ბ. ჭ-ძის მიერ მომხდარი ინციდენტის გამო. დღეისათვის დარჩენილია ქუჩაში შვილთან ერთად და რადგან, ბ. ჭ-ძე ჩაწერილია მარტვილში დედ-მამისეულ სახლში ითხოვს ამ სახლში შესახლებას.
მარტვილის რაიონულმა სასამართლომ 2000 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დააკმაყოფილა და მოსარჩელეს მცირეწლოვან შვილთან ერთად გამოეყო სადავო სახლიდან მეორე სართულზე ¹3 ოთახი. მარტვილის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ო. ჭ-ძემ. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა მარტვილის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება და გამოვიდა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ჭ-ძეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
ქუთაისის საოლქო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს არასოდეს უცხოვრია სადავო ბინაში და იგი არ შეიძლება ჩაითვალოს ამ ბინის კეთილსინდისიერ მფლობელად, ხოლო ო. ჭ-ძეს, როგორც ბინის მესაკუთრეს, უფლება აქვს თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს თავისი ბინით.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა გ. ჭ-ძემ, რომლითაც ითხოვს ქუთაისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას, შემდეგი საფუძვლით: მართალია სადავო სახლი აღრიცხულია ო. ჭ-ძის სახელზე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კომლში ჩაწერილი პირები საკუთრების უფლების გარეშე რჩებიან, ამდენად, მის ქმარს გააჩნია მემკვიდრეობით გადმოსული ქონების იდეალური წილი.
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის შინაარსი და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ვინაიდან მისი მეუღლე რეგისტრირებულია ო. ჭ-ძის სახელზე რიცხულ მამა-პაპისეულ სახლში მარტვილში მას და მის მცირეწლოვან შვილს უფლება აქვთ ჩასახლდნენ სადავო სახლში. კასატორი თვითონვე აღიარებს, რომ მას სადავო სახლში არასოდეს უცხოვრია და იგი მის მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა დაბა სენაკში მის სახელზე რიცხულ ბინაში.
პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში არავითარი იურიდიული საფუძველი მოსარჩელის სადავო სახლში შესახლების არ არსებობს, მას სადავო ბინაზე არა აქვს არც საკუთრების და არც მფლობელობის უფლება, რის გამოც, ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ სწორად უთხრა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას კანონის დარღვევას ადგილი არ ქონდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი უნდა დარეჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. ჭ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელი დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.