გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3კ\803 21 თებერვალი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ბ. ხიმშიაშვილი
მოსამართლეები: ბ. კობერიძე, მ. ცისკაძე
დავის საგანი: ქ. ქუთაისის სასამართლოს 1998 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო და საქმის წარმოების განახლება
აღწერილობითი ნაწილი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 1998 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა რ. გ-ავას განცხადება. დადგენილ იქნა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი იმის შესახებ, რომ აწ გარდაცვლილი ა. მ-ძე და ს. გ-ავა იყვნენ დედა-შვილი, ხოლო რ. გ-ავა არის აწ გარდაცვლილი თ. მ-ძის დის შვილიშვილი.
რ. რ-ემ განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 9 მარტს და მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1998 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, შემდეგი საფუძვლით: რ. გ-ავა არის აწ გარდაცვლილი თ. მ-ძის დის გერის შვილიშვილი. თ. მ-ძეს მემკვიდრე არ დარჩენია. მას უვლიდა და პატრონობდა განმცხადებელი, რომელიც მეზობლად ცხოვრობდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1998 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილების შესახებ შეიტყო მხოლოდ 2000 წლის 25 თებერვალს, როცა ქუთაისის საქალაქო სასამართლოდან მიიღო გზავნილი იმის შესახებ, რომ რ. გ-ავა ითხოვს საერთო საკუთრებიდან წილს. ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიუთითებს შემდეგს: ქ. ქუთაისის მმაჩის არქივში არ აღმოჩნდა 1928-1930 წლის სააქტო ჩანაწერები ა. მ-ძის მიერ ს. გ-ავას შვილად აყვანის ფაქტზე მასალებს სასამართლოს იურიდიული ფაქტი უნდა დაედგინა იმ შემთხვევაში, თუკი განადგურებული იქნებოდა იმ პერიოდის შვილად აყვანის ჩანაწერები, მაგრამ ასეთი ჩანაწერები დღეისათვის არსებობს და ამ ჩანაწერებში ს. გ-ვა არ აღმოჩნდა შვილად აყვანილი ა. მ-ძის მიერ. რ. გ-ავამ განცხადებაში არ მიუთითა, თუ რისთვის სჭირდებოდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა, რაც აუცილებელი იყო როგორც 1964 წლის რედაქციის სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლით, ისე ამჟამად მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 315-ე მუხლით. ყოველივე ამის გამო კი დაირღვა რ. რ-ძის ქონებრივი უფლება, რადგან თ. მ-ძის მემკვიდრის არარსებობის შემთხვევაში ქონება საკუთრებაში გადაეცემა სახელმწიფოს, ქონების და საკუთრების შეძენის უპირატესი უფლება კი ექნება მას, როგორც თ. მ-ძის დანაშთი ქონების ფაქტიურ მფლობელს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2000 წლის 6 აპრილის განჩინებით რ. რ-ძის განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1998 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, დატოვა განუხილველი შემდეგი გარემოების გამო: განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ დასაშვებია, თუ იგი გასაჩივრებულია დაინტერესებული მხარის მიერ. მოცემულ შემთხვევაში კი რ. რ-ძე საქმეში მხარედ არ იყო ჩაბმული და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე და 429-ე მუხლების თანახმად მისი განცხადება დაუშვებელია.
იმავე სასამართლოს 2000 წლის 14 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა რ. რ-ძის კერძო საჩივარი დაუსაბუთებლობის გამო.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2000 წლის 4 მაისის განჩინებით დააკმაყოფილა რ. რ-ძის კერძო საჩივარი, გაუქმდა მოცემულ საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 6 აპრილის და 14 აპრილის განჩინებები. რ. რ-ძის განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების თაობაზე ჩაითვალა დასაშვებად და საქმე განსახილველად დაუბრუნდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2000 წლის 24 ივლისის განჩინებით რ. რ-ძის განცხადება არ დააკმაყოფილა უსაფუძვლობის გამო შემდეგი მოტივებით: რ. რ-ძემ თავის განცხადებაში ვერ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლით გათვალისწინებულ ვერცერთ პირობაზე, რაც შეიძლება საქმის წარმოების განახლების საფუძველი გახდეს. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2000 წლის 11 სექტემბრის განჩინებით არ დააკმაყოფილა რ. რ-ძის სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლობის გამო, უცვლელი დატოვა მოცემულ საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 24 ივლისის განჩინება. სააპელაციო პალატის განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ რ.რუხაძე არ არის ის პირი, ვისაც აქვს საპროცესო უფლებამოსილება, გაასაჩივროს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 491-ე, 421-ე, 422-ე და 423-ე მუხლებით გათვალისწინებულ საქმეში მონაწილე მხარეს არ წარმოადგენს; მას არ მიუთითებია, ასევე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლით გათვალისწინებულ არცერთ გარემოებაზეც.
რ. რ-ძემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი მოტივებით: სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 79-ე მუხლის მითითება იმის შესახებ, რომ სასამართლო ახალი საქმის განხილვას შეუდგება დაინტერესებული პირის განცხადებით. რ. გ-ავა არ ითვლება თ. მ-ძის მემკვიდრედ სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, არ იქნა გამოყენებული სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის მეოთხე ნაწილი და 1343-ე მუხლის I ნაწილი. რ. გ-ავამ იურიდიული ფაქტი დაადგინა ფარულად, რაც კასატორისათვის მოგვიანებით გახდა ცნობილი და ეს გარემოება რომ ყოფილიყო სასამართლო არ დაადგენდა იურიდიულ ფაქტს.
პალატა საქმის მასალების განხილვის, რ. რ-ძის საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ რ. რ-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოტივაციო ნაწილი:
რ. რ-ძე არის აწ გარდაცვლილი თ. მ-ძის მეზობელი. მან 2000 წლის მარტში განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1998 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება, რადგან ამ გადაწყვეტილებით არასწორად დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმის შესახებ, რომ აწ გარდაცვლილი ა. მ-ძე და ს. გ-ავა იყვნენ დედა-შვილი, ხოლო რ. გ-ავა არის აწ გარდაცვლილი თ. მ-ძის დის შვილიშვილი. რ. რ-ძემ განცხადებაში მიუთითა, რომ ამ გადაწყვეტილებით დაირღვა მისი ქონებრივი უფლება, რადგან თ. მ-ძის მემკვიდრის არ არსებობის შემთხვევაში ქონება გადავიდოდა სახელმწიფო საკუთრებაში, საიდანაც ქონების დასაკუთრების უპირატესი უფლება ექნებოდა მას, როგორც თ. მ-ძის დანაშთი ქონების ფაქტიურ მფლობელს. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს რ. რ-ძის ამგვარ განმარტებას, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” პუნქტის თანახმად, საქმის წარმოების განახლება შეიძლება, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტიცებულებები, რომლებიც ადრე, საქმის განხილვის დროს, რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. საკასაციო პალატა თვლის, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებთა გამო, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1998 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაშიც კი ვერ დადგება რ. რ-ძისათვის ხელსაყრელი შედეგი, რადგან, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, იგი არ არის აწ გარდაცვლილი თ. მ-ძის კანონისმიერი მემკვიდრე.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
რ. რ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 14 სექტემბრის განჩინება მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელი.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.