¹3კ/803-01 28 სექტემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
მ. გოგიშვილი, რ. ნადირიანი
დავის საგანი: 1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისათვის იძულებითი აუქციონის დანიშვნა. 2. ამავე გადაწყვეტილების აღსრულების გადადება.
აღწერილობითი ნაწილი:
ე. ლ-ავამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ს/ს “ე-ისაგან” მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება, მოპასუხესთან 1996 წელს დადებული ხელშეკრულების შეუსრულებლობით.
მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე საქმის ზეპირი განხილვის დროს წარადგინა შეგებებული სარჩელი და მოითხოვა მოსარჩელესთან დადებული ხელშეკრულების, როგორც მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაეკისრა მის სასარგებლოდ 18090 ლარის გადახდა, მორალური ზიანის ანაზღაურებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი. არ დაკმაყოფილდა მოპასუხის შეგებებული სარჩელი. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 1999 წლის 10 ოქტომბერს და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ იმავე წლის 11 ნოემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მიქცეულ იქნა აღსასრულებლად.
ს/ს “ე-მა” გადაწყვეტილების აღსრულების გადადების მოთხოვნით 2000 წლის 22 აგვისტოს მიმართა სასამართლოს. თავისი მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა იმერეთის საოლქო პროკურატურის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმე, რომელიც აღძრული იყო მოსარჩელე ე. ლ-ავას მიმართ, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე.
იმავდროულად ე. ლ-ავას მიერ სასამართლოში შეტანილ იქნა განცხადება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით იძულებითი აუქციონის დანიშვნისათვის განკარგულების გაცემის შესახებ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 13 სექტემბრის განჩინებით მხარეთა განცხადებები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მიხედვით გაერთიანდა ერთ წარმოებად.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ს/ს “ე-ის” განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების გადადების შესახებ არ დაკმაყოფილდა, იმ მოტივით, რომ ე. ლ-ავას მიმართ აღძრულის სისხლის სამართლის საქმის გამოძიება უკვე მესამე თვე მიმდინარეობდა და ამ ხნის განმავლობაში იგი ეჭვმიტანილადაც კი არ იყო ცნობილი, გადაწყვეტილების აღსრულების გადადებამ კი შეიძლება ზიანი მიაყენოს ე. ლ-ავას ინტერესებს. იმავე გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ე. ლ-ავას მოთხოვნა, გაცემულ იქნა განკარგულება იძულებითი აუქციონის დანიშვნის შესახებ, რომლის ჩატარებაც დაევალა ქუთაისის სააღსრულებო ბიუროს.
ს/ს “ე-მა” პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო საჩივრით მიმართა ქუთაისის საოლქო სასამართლოს. საჩივარში მიუთითა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად დასაბუთებული და რომ მოთხოვნაზე უკანონოდ ეთქვა უარი.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 23 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა როგორც ს/ს “ე-მა”, ისე ე. ლ-ავამ.
ს/ს “ე-ი” საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას იმავე სასამართლოსათვის, იმ მოტივით, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არ არის გამოკვლეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები და განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია.
კასატორი ე. ლ-ავა საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას იმ მოტივით, რომ იგი გამოტანილია კანონის დარღვევით და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის გარეშე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრების საფუძვლებს და თვლის, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 23 მაისის განჩინება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 23 მაისის განჩინება მიღებულია კანონის დარღვევით, დარღვეულია როგორც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სამოქალაქო საქმეთა წარმოების ძირითადი პრინციპები, ისე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ცალკეული ნორმები.
სააპელაციო სასამართლომ სათანადო სამართლებრივი შეფასება არ მისცა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 267-ე მუხლის თანახმად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების მოთხოვნით მხარეებს შეუძლიათ განცხადებით მიმართონ სასამართლოს. სასამართლო განცხადების განხილვის შედეგად თავისი განჩინებით გასცემს განკარგულებას იძულებითი აღსრულების შესახებ, ან უარს ეტყვის განმცხადებელს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. გადაწყვეტილების აღსასრულებლად იძულებითი აუქციონის დანიშვნის ან გადაწყვეტილების აღსრულების გადადების შესახებ მიღებულ განჩინებაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად მხარეს შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს; ამავე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. მითითებული კანონის შესაბამისად ზემოთ მითითებული დავა სააპელაციო სასამართლოში უნდა დასრულებულიყო, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება არ გასაჩივრდებოდა.
მოცემულ შემთხვევაში ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ზემოაღნიშნული განცხადებების განხილვისას 2000 წლის 30 ოქტომბერს განჩინების ნაცვლად გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც ს/ს “ე-ს” უარი ეთქვა გადაწყვეტილების აღსრულების გადადებაზე, ხოლო ე. ლ-ავას განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებამ პროცესუალური თვალსაზრისით ფაქტობრივად გამოიწვია შემდგომში საქმის არასწორი მსვლელობა, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე არსებითად წყდება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის თანახმად მხარეებმა და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირებმა შეიძლება გაასაჩივრონ სააპელაციო წესით. ამავე კოდექსის 369-ე მუხლის მიხედვით სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადა არის ერთი თვე.
გასაჩივრების განსხვავებულ წესსა და ვადებს ადგენს საპროცესო კოდექსი კერძო საჩივრის შეტანისათვის. 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებეზე, მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში 12 დღის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას დაშვებულმა საპროცესო ნორმების დარღვევამ და მის მიერ მითითებულმა გადაწყვეტილების გასაჩივრების არასწორმა წესმა, რასაც თავის მხრივ სამართლებრივი შეფასება არ მისცა სააპელაციო სასამართლომ, გამოიწვია გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით დანიშნული იძულებითი აუქციონის უფრო დიდი ხნით გადატანა, ვიდრე ეს შესაძლებელი იქნებოდა კერძო საჩივრის შეტანის შემთხვევაში. აღნიშნული გარემოების გამო კი ზიანი მიადგა ე. ლ-ავას ინტერესებს _ აუქციონის ჩატარების გზით თავისი მოთხოვნის უმოკლეს ვადაში დაკმაყოფილლების შესახებ.
საკასაციო პალატა იზიარებს კასატორ ე. ლ-ავას მითითებას იმის შესახებ, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო საჩივრის საბოლოოდ განხილვის დროს უნდა გადაეწყვიტა ს/ს “ე-ის” საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების საკითხი, რომელიც ს/ს “ე-ის” განცხადების საფუძველზე მოხსნილი იქნა თავისი 2000 წლის 27 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივრის განხილვამდე. მოთხოვნა ყადაღის აღდგენის შესახებ ე. ლ-ავას წარმომადგენლის ნ. ე-იას მიერ დაყენებული იქნა ს/ს “ე-ის” სააპელაციო საჩივრის განხილვის დროს. ქონების ყადაღისაგან განთავისუფლებით საფრთხე შეექმნა ე. ლ-ავას კანონიერ ინტერესს _ ყადაღადადებული ქონებით საკუთარი მოთხოვნის მომავალში დაკმაყოფილების შესახებ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მიხედვით გადაწყვეტილება კანონის დარღვევით გამოტანილად ჩაითვლება, თუ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; არასწორად განმარტა კანონი. სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლი, რომელიც ადგენს აუქციონის დანიშვნის და მისი დანიშვნის დროისათვის დაყადაღებული მოძრავი ქონების რეალიზაციის წესებს. მოცემულ შემთხვევაში კი, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოთხოვნის უზრუნველსაყოფი ქონება _ ს/ს “ე-ის” საბანკო ანგარიშები, განთავისუფლებული იქნა ყადაღისაგან 2000 წლის 27 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივრის განხილვამდე. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ე. ლ-ავას მოთხოვნის ამ ნაწილის გადაწყვეტისას უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით.
სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლი, რომ იძულებითი აუქციონის შესახებ როგორც ერთ, ისე რამდენიმე კრედიტორს შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს. აღნიშნული ნორმის პირველი პუნქტის მიხედვით ერთ ან რამდენიმე კრედიტორს უფლება აქვთ იძულებითი აუქციონის შესახებ განცხადებით მიმართონ სასამართლო აღმასრულებელს და არა სასამართლოს, როგორც ეს მიუთითა სააპელაციო სასამართლომ თავის განჩინებაში.
ყოველივე ზემოაღნიშნული კი წარმოადგენს საკასაციო საჩივრის და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლებს.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორ ე. ლ-ავას მითითებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების მიერ დარღვეული იქნა პროცესუალური ნორმები, რაც გამოიხატა საქმის განხილვაში მათი განმეორებითი მონაწილეობით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლი ზუსტად განსაზღვრავს საქმის განხილვაში მოსამართლის მონაწილეობის დაუშვებლობის შემთხვევებს. აქედან გამომდინარე ე. ლ-ავას საკასაციო საჩივრის ეს ნაწილი უსაფუძვლოა.
საკასაციო პალატა იზიარებს კასატორ ს/ს “ე-ის” მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლი. აღნიშნულის შესახებ პალატამ უკვე გამოხატა თავისი პოზიცია კასატორ ე. ლ-ავას საჩივრის დასაბუთების დროს. რაც შეეხება ს/ს “ე-ის” კასაციის მოთხოვნას სააპელაციო სასამართლოს მიერ ამავე კანონის 69-ე მუხლის გამოუყენებლობაზე, უნდა აღინიშნოს, რომ ამ მუხლის თანახმად სასამართლო აღმასრულებელს შეუძლია გასცეს განკარგულება იძულებითი აუქციონის შესახებ, მაგრამ ეს კრედიტორს არ ართმევს უფლებას აღნიშნული განკარგულების მისაღებად მიმართოს სასამართლოს, რაც გააკეთა კიდეც ე. ლ-ავამ. სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით იძულებითი გაყიდვა აუქციონზე ხდება კრედიტორის განცხადების საფუძველზე სასამართლოს მიერ, რომელიც ნიშნავს სპეციალისტს (ექსპერტს).
საკასაციო პალატა იზიარებს ს/ს “ე-ის” საკასაციო საჩივარს სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში. როგორც საქმეში არსებული მასალებით ირკვევა ს/ს “ე-მა” საააპელაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოში შეიტანა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელ ქვითართან ერთად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად სასამართლომ ხარვეზის არსებობის შემთხვევაში მხარეს უნდა განუსაზღვროს ვადა მის შესავსებად. ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში კი საოლქო სასამართლოს ამავე კოდექსის 374-ე მუხლის თანახმად სააპელაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი უნდა დაეტოვებინა განუხილველად, ან უნდა დაედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მხარის განთავისუფლების საკითხი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა თვლის, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 23 მაისის განჩინება მიღებულია კანონის დარღვევით და იგი უნდა გაუქმდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხლმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 23 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
განჩინების ასლები გაეგზავნოთ კასატორებს.