3კ/804-01 2 ნოემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
მ. გოგიშვილი,რ. ნადირიანი
დავის საგანი: ვალდებულების შეუსრულებლობა.
აღწერილობითი ნაწილი:
დ. ნ-ძემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და აღნიშნა, რომ 1993 წელს “ქ-მა” “ფ-ას” მოსარჩელისათვის გადასაცემად ჩაურიცხა 1015 მან 20 კაპ. “ფ-ამ” ვალდებულება არ შეასრულა. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული თანხა შეადგენს 1610 ლარს. მან მოიხოვა ამ თანხის მოპასუხისათვის დაკისრება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2001 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა დ. ნ-ძის სარჩელი და შპს “ფ-ის ქუთაისის ფილიალს” დააკისრა 1610 ლარის გადახდა.
სასამართლომ განმარტა, რომ მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილი იყო, რომ “ქ-მა” საპენსიო დავალიანების დასაფარავად “ფ-ას” მოსარჩელისათვის გადასაცემად ჩაურიცხა 1015 მან. და 20 კაპ., აღნიშნული თანხა დ. ნ-ძეს არ მიუღია. სასამართლომ, აგრეთვე, განმარტა, რომ “ფ-ის” წარმომადგენლებმა ვერ დაამტკიცეს თანხის დ. ნ-ძეზე გადაცემის ფაქტი, ვინაიდნ მათ არავითარი მტკიცებულება არ გააჩნდათ.
შპს “ფ-ის” ქუთაისის ფილიალმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მიიჩნია უკანონოდ და სააპელაციო საჩივრით მიმართა ქუთაისის საოლქო სასამართლოს.
აპელანტმა აღნიშნა, რომ “ს-ის” რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნა შპს “ს-ა”, რომლის ფილიალსაც წარმოადგენდა მოპასუხე და მათ მიერ განადგურებულ იქნა 1997 წლამდე არსებული ყველა მასალა და, ამდენად, ისინი ვერ დაამტკიცებდნენ 1993 წელს დ. ნ-ძის მიერ თანხის მიღების ფაქტს. აპელანტმა აგრეთვე აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება იყო უკანონო, ვინაიდან მასში არ იყო მითითებული, თუ სამოქალაქო კოდექსის რომელი მუხლებით ისარგებლა მოსამართლემ.
აღნიშნულდან გამომდინარე შპს “ს-ის” ფილიალმა “ფ-ამ” მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი მოთხოვნების დაკმაყოფილება.
საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატამ 2001 წლის 28 მაისის განჩინებით არ დააკმაყოფილა შპს “ს-ის” ფილიალის “ფ-ის” სააპელაციო საჩივარი და უცვლელი დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ჩათვალა, რომ “ფ-ამ” 1993 წელს, თანხა ნამდვილად მიიღო “ქ-ისაგან” ხოლო მიღებული თანხის მოსარჩელეზე გადაცემის ფაქტი სასამართლო კოლეგიამ დადგენილად არ მიიჩნია. საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 346-ე მუხლს, რომლის თანახმად განმარტა, რომ სს “ქ-მა” და “ს-ის ქუთაისის ფილიალს” შორის დაიდო გარიგება მესამე პირის _ დ. ნ-ძის სასარგებლოდ. მესამე პირის სასარგებლოდ და, ამდენად, დადებული ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნა შეეძლო, როგორც კრედიტორს, ასევე მესამე პირს, ამ შემთხვევაში კი დ. ნ-ძეს.
“ფ-ის” დირექტორმა ც. კ-ძემ საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება მიიჩნია უკანონოდ და და საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
კასატორის განმარტებით, თუკი თანხა არ ჩაბარდებოდა ადრესატს, ამ შემთხვევაში, მოქმედი საფოსტო წესებით ის არ რჩებოდა “ფ-ის” ანგარიშზე და უკან უბრუნდებოდა გამომგზავნს _ ამ შემთხვევაში “ქ-ს”. კასატორმა, აგრეთვე, აღნიშნა, რომ საქმეში არსებობდა საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობა, რომლის თანხმად 2001 წლის 1 მარტის მდგომარეობით 1015 მანეთი შეადგენდა 14 ლარსა და 69 თეთრს. ამდენად, კასატორისათვის გაუგებარი იყო თუ რატომ დააკისრეს მას 1610 ლარის გადახდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი პიროვნების დაკმაყოფილება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლიდან და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენით მივიდა დასკვნამდე, რომ შპს “ს-ის” ფილიალის “ფ-ის” საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია და მისი სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება შეუძლებელია:
მოცემულ საქმეში არსებობს ქ. ქუთაისის სასამართლოს 1998 წლის 26 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც დადგენილია, რომ სს “ქ-ს” დ. ნ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 4978 ლარის გადახდა. სწორედ აღნიშნული თანხის ნაწილი _ 1610 ლარი არის მიცემულ საქმეზე დავის საგანი, რომელიც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით გადასახდელად დაეკისრა შპს “ს-ის” ფილიალს “ფ-ას” იმ საფუძვლით, რომ სს “ქ-მა” სადავო თანხა გადაურიცხა “ფ-ას” დ. ნ-ძისათვის გადასაცემად. საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ადგილი აქვს სამოქალაქო კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებულ მესამე პირის სასარგებლოდ დადებულ გარიგებად.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 349-ე მუხლის შესაბამისად, მესამე პირთა სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულებით მესამე პირს ასეთი უფლება აქვს მაშინ, როდესაც ხელშეკრულების არსიდან ეს გამომდინარეობს. თუ ხელშეკრულების არსიდან გამომდინარეობს, რომ ვალდებულმა პირმა პასუხი უნდა აგოს მესამე პირის წინაშე, მხოლო ამ შემთხვევაში აქვს მესამე პირს მოთხოვნის უფლება.
მოცემული დავა წარმოშობილია ურთიერთობიდან, რომელიც სს “ქ-ისაგან” დ. ნ-ძისათვის ზიანის ანაზღაურებას ეხება. ზიანის ანაზღაურება ეკისრება მხოლოდ ზიანის ანაზღაურებაე ვალდებულ პირს. მხოლოდ ამ ურთიერთობის მონიწილე მხარეებს აქვთ უფლება ერთმანეთს წაუყენონ პრეტენზიები.
საოლქო სასამართლოს პალატა ადგენს, რომ მესამე პირს ამგვარი მოთხოვნის უფლება უპირობოდ აქვს, რაც ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 349-ე მუხლს.
სააპელაციო პალატამ სამის ხელახლა განხილვისას უნდა გაარკვიოს ქუთაისის ფოსტისა და სს “ქ-ს” შორის არსებული ხელშეკრულების არსი და აღნიშნულიდან გამომდინარე იმსჯელოს მესამე პირის უფლებებზე.
ასევე, დაუსაბუთებელია სასამართლოს განიჩნება ასანაზღაურებელი თანხის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად სს “ქ-სა” და დ. ნ-ძის დავაზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს პრეიუდიციული ძალის მქონედ სხვა მხარეებს შორის დავაზე.
უდავოა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1998 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ. ნ-ძეს აქვს სადავო თანხის სს “ქ-ისაგან” მოთხოვნის უფლება.
თუ დ. ნ-ძე სადავო თანხას კვლავ მოითხოვს “ფ-ისაგან”, ამ შემთხვევაში, დავა უნდა გადაწყდეს აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს “ს-ის” ქუთაისის ფილიალის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 28 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.