Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №848აპ-25 16 მარტი, 2026 წელი

პ–ი თ., №848აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 21 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ თ. პ–ის ადვოკატების – გ. გ–ას და მ. ჩ–ის – საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. თ. პ–ს ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობის მცდელობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 19,108-ე მუხლით.

1.2. თ. პ–ის ქმედება გამოიხატა შემდეგით: 2023 წლის 1 თებერვალს, დაახლოებით, 02:00 საათზე, თ–ში, ჩ–ს ქუჩის №..-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მე-.. სართულზე არსებულ დერეფანში, ურთიერთშელაპარაკებისას წარმოშობილი ფიზიკური დაპირისპირებისას, თ. პ–მა დანის გამოყენებით, მოკვლის განზრახვით ა. ქ–ეს მუცლისა და გულმკერდის არეში მიაყენა სამი სიცოცხლისათვის საშიში შემავალი ჭრილობა და ნაკვეთი ჭრილობა მარცხენა ხელის არეში, თუმცა მეზობლის მიერ გამოწვეული ხმაურის გამო, შეწყვიტა მოქმედება და დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად, ა. ქ–ეს შეუნარჩუნდა სიცოცხლე. შედეგად, თ. პ–მა ვერ შეძლო თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით:

2.1.1. თ. პ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლით და 6 თვით;

2.1.2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 26 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული პირობითი მსჯავრი;

2.1.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 26 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ. პ–ს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლით და 6 თვით, რაც აეთვალა 2023 წლის 7 თებერვლიდან.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა დაცვის მხარემ. თ. პ–ის ადვოკატმა – მ. ვ–მა – სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თ. პ–ის მიმართ წარდგენილი ბრალდების საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლიდან საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლზე გადაკვალიფიცირება.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 21 ივლისის განაჩენით:

3.1.1. მსჯავრდებულის თ. პ–ის ადვოკატის – მ. ვ–ის – სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

3.1.2. შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 3 ოქტომბრის განაჩენი;

3.1.3. თ. პ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლით და 6 თვით;

3.1.4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 26 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული პირობითი მსჯავრი 4 წლით;

3.1.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 26 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით – თ. პ–ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით და 4 თვით;

3.1.6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 26 თებერვლის განაჩენით დანიშნული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით და 4 თვით და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ. პ–ს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლით და 6 თვით, რაც აეთვალა 2023 წლის 7 თებერვლიდან.

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ თ. პ–ის ადვოკატები – გ. გ–ა და მ. ჩ–ი – საკასაციო საჩივრით ითხოვენ სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენას. კასატორთა ალტერნატიული მოთხოვნაა თ. პ–ის მიმართ წარდგენილი ბრალდების საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლიდან საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლზე გადაკვალიფიცირება.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ უთითებენ და ასაბუთებენ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას თ. პ–ის მსჯავრდების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, შემდეგ გარემოებათა გამო:

4.3. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში მხარეთა მიერ პრეიუდიციად მიჩნეული მტკიცებულებებით, ასევე, სასამართლოში მხარეთა მონაწილეობით დაკითხული დაზარალებულ ა. ქ–ისა და მოწმე ბ. ე. ს.ას ჩვენებით უტყუარად დასტურდება, რომ 2023 წლის 1 თებერვალს, დაახლოებით, 02:00 საათზე, თ–ში, ჩ–ს ქუჩის №-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მე-.. სართულზე არსებულ დერეფანში, ურთიერთშელაპარაკებისას წარმოშობილი ფიზიკური დაპირისპირებისას, თ. პ–მა ა. ქ–ეს დანით მიაყენა ერთი მხრივ, სიცოცხლისათვის სახიფათო სამი შემავალი ჭრილობა მუცლისა და გულმკერდის არეში და, მეორე მხრივ – ნაკვეთი ჭრილობა მარცხენა ხელის არეში. შესაბამისად, უტყუარად დადასტურებულია, რომ თ. პ–ის ქმედება მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულია, რის გამოც, მისი გამართლების მოთხოვნა სამართლებრივად უსაფუძვლოა. კასატორთა პოზიციის გათვალისწინებით, სასამართლო ასევე შეაფასებს საკითხს – ჰქონდა თუ არა თ. პ–ს დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობის განზრახვა დანაშაულის ჩადენის დროს.

4.4. დაზარალებულ ა. ქ–ის ჩვენებით ცალსახად დადასტურდა, რომ თ. პ–მა მას დანით მიაყენა ჭრილობები. დაზარალებულმა სასამართლოს წინაშე თანმიმდევრულად აღწერა კონფლიქტის მიზეზი, თ. პ–ის აგრესიული ქცევა, მის მიერ დანის ამოღება და მრავალჯერადი დარტყმა. მიუხედავად თხოვნისა, მსჯავრდებულმა ჯერ ხელში, შემდეგ კი, მუცელში დაარტყა დანა, ხოლო, მისი წაქცევის შემდეგ – კიდევ ორჯერ. თავად ორჯერ აიცილა დარტყმა, თუმცა, საბოლოოდ, მეზობლის ჩარევამ შეაჩერა თ. პ–ი. მოწმე ბ. ე. ს–ას ჩვენებით დადასტურდა, რომ მან იხილა დაზარალებული სისხლიან მდგომარეობაში, იატაკზე დაწოლილი, ხოლო მსჯავრდებული – ხელში სისხლიანი დანით. ეს უკანასკნელი აგრესიულად მოქმედებდა და დაზარალებულს წიხლებს ურტყამდა. მისი ჩარევის შედეგად, თ. პ–მა მიზანს ვერ მიაღწია – პოლიციის ხსენების შემდეგ, ადგილიდან გაიქცა.

4.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულისა და მოწმის ჩვენებები თანმიმდევრულია, ერთმანეთთან და სხვა მტკიცებულებებთან (მათ შორის, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმსა და ექსპერტიზის დასკვნასთან) სრულად თანხვდენილია. აღნიშნული გარემოებები უტყუარად ადასტურებს, რომ თ. პ–ის ქმედება მიმართული იყო არა დაზარალებულის ჯანმრთელობის დაზიანების, არამედ – მისი სიცოცხლის მოსპობისკენ, თუმცა, მეზობლის დროული ჩარევის და პოლიციის ხსენების შედეგად, მსჯავრდებულმა ვერ შეძლო დანაშაულის დასრულება.

4.6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ თ. პ–ის ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს – განზრახ მკვლელობის მცდელობას. ქვედა ინსტანციის სასამართლოს არგუმენტირებულად აქვს ნამსჯელი მსჯავრდებულის ქმედების კვალიფიკაციის და მისთვის დანიშნული სასჯელის კანონიერებაზე, რის გამოც, საკასაციო პალატას მიზანშეწონილად არ მიაჩნია ზედმიწევნით გამეორება გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციისა, რომელსაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

4.7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება Hirvisaari v. Finland, განაცხადი №49684/99, §30). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება Gorou v. Greece (No. 2), განაცხადი №12686/03, §37, §41).

4.8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, ამ შემთხვევაში, მცირე დასაბუთებამაც კი შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება Jaczkó v. Hungary, განაცხადი №40109/03, §29).

4.9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 21 ივლისის განაჩენი თ. პ–ის მიმართ კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია. ამასთან, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორები არ უთითებენ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

4.10. ამდენად, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.11. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ თ. პ–ის ადვოკატების – გ. გ–ას და მ. ჩ–ის – საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ნ. სანდოძე