Facebook Twitter

საქმე # 200100123007635218

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №881აპ-25 ქ. თბილისი

ბ. უ. 881აპ-25 23 მარტი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ბიძინა სტურუა

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 7 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ უ. ბ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით უ. ბ–ის, – პირადი ნომერი: .........., – მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

1.1. 2023 წლის 18 იანვარს, 23:00 საათიდან 2023 წლის 19 იანვრის ღამის საათებამდე დროის პერიოდში, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ვ–ში მდებარე გ. ს–ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, წარსულში არსებული კონფლიქტისა და იმავე დღეს მომხდარი დაპირისპირების გამო წარმოშობილი შურისძიების მოტივით, უ. ბ–მა და გ. ს–მა გ. მ–ეს, ჯგუფურად, განზრახ მოკვლის მიზნით, ბლაგვი საგნების გამოყენებით მიაყენეს სხეულის დაზიანებები რის შემდეგაც გაგუდეს. გ. მ–ე მიღებული სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდგომ, გ. ს–მა და უ. ბ–მა გ. მ–ის გვამი მოათავსეს გ. ს–ის „BMW-ს“ მარკის ავტომობილში (სახელმწიფო ნომრით .........) და წაიღეს სოფელ ვ–ში გამავალი სარწყავი არხის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მოათავსეს ჭაში, ზევიდან დააყარეს ქვები და დამარხეს. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2023 წლის 25 მაისს აღნიშნულ ჭაში ნახეს გ. მ–ის გვამი.

1.1.1. აღნიშნული ქმედებებით უ. ბ–მა ჩაიდინა – განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჯგუფურად, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით.

1.1.1.1 2023 წლის 21 ნოემბრის ბრალდების ახალი ფორმულირების თანახმად, 2023 წლის 19 ივლისს, სისხლის სამართლის N012220523002 საქმეზე, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,ი” და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებით ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა უ. ბ–ი. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე 2023 წლის 20 ივლისს არსებითი განხილვის მიზნით გაიგზავნა სასამართლოში, რა დროსაც ბრალდების მხარეს არ ჰქონდა მიღებული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კ–ს სამედიცინო განყოფილებაში დანიშნული გ. მ–ის გვამის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, გ. მ–ის სიკვდილის მიზეზის, სიკვდილის ხანდაზმულობისა და დაზიანებების არსებობის დადგენა შორს წასული ლპობის, კანის, რბილი ქსოვილებისა და ძვლოვანი სისტემის ნაწილობრივ განადგურების გამო შეუძლებელია. სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით დადგინდა, რომ უ. ბ–ისა და გ. ს–ის ქმედებები მიმართული იყო გ. მ–ის მკვლელობისაკენ, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ გ. მ–ის სიკვდილის მიზეზის დადგენა შეუძლებელია, უ. ბ–ის ქმედებაში, ნაცვლად საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,ი“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისა, იკვეთება – საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის ,,ი“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა (ტ. N8; ს.ფ. 278-281).

1.2. 2023 წლის 18 იანვარს, 23:00 საათიდან 2023 წლის 19 იანვრის ღამის საათებში, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ვ–ში მდებარე გ. ს–ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, გ. ს–მა და უ. ბ–მა სცადეს ჯგუფურად მოეკლათ გ. მ–ე, რის შემდეგაც, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლნენ გ. მ–ის კუთვნილ, 300 ლარად ღირებულ, „Samsung Galaxy A32” მოდელის მობილურ ტელეფონს.

1.2.1. აღნიშნული ქმედებებით უ. ბ–მა ჩაიდინა – ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით.

2. თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 16 აგვისტოს განაჩენით უ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

2.1. საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 17 წლით;

2.1.2. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

2.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, უ. ბ–ს განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 17 წლით;

2.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა საბოლოო სასჯელმა შთანთქა თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 9 იანვრის განაჩენით, განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული საბოლოო სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, უ. ბ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 17 წლით;

2.4. უ. ბ–ს სასჯელის ვადა აეთვალა 2024 წლის 16 აგვისტოდან. მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალა 2023 წლის 25 მაისიდან 2024 წლის 16 აგვისტომდე დრო.

3. სასამართლომ დაადგინა, რომ:

3.1. 2023 წლის 18 იანვარს, 23:00 საათიდან 2023 წლის 19 იანვრის ღამის საათებამდე, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ვ–ში მდებარე გ. ს–ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, წარსულში არსებული კონფლიქტისა და იმავე დღეს მომხდარი უთანხმოების გამო წარმოშობილი შურისძიების მოტივით, უ. ბ–მა და გ. ს–მა სცადეს მოეკლათ გ. მ–ე. მკვლელობის მცდელობამ გამოიწვია სისხლდენა. გ. მ–ე გაურკვეველი მიზეზით გარდაიცვალა. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გ. მ–ის სიკვდილის მიზეზის, სიკვდილის ხანდაზმულობისა და დაზიანებების არსებობის დადგენა შორსწასული ლპობის, კანის, რბილი ქსოვილების და ძვლოვანი სისტემის ნაწილობრივ განადგურების გამო შეუძლებელია. გ. ს–ი და უ. ბ–ი დარწმუნდნენ, რომ გ. მ–ე გარდაიცვალა, გ. ს–ის „BMW-ს“ მარკის ავტომობილით (სახელმწიფო ნომრით .........) გადაასვენეს სოფელ ვ–ში გამავალი სარწყავი არხის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მოათავსეს ჭაში, ზევიდან დააყარეს ქვები და დამარხეს. 2023 წლის 24-25 მაისის ღამეს, ხსენებულ ჭაში ნანახი იქნა გ. მ–ის გვამი.

3.2. 2023 წლის 18 იანვარს, 23:00 საათიდან 2023 წლის 19 იანვრის ღამის საათებში, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ვ–ში მდებარე გ. ს–ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, უ. ბ–მა და გ. ს–მა სცადეს ჯგუფურად მოეკლათ გ. მ–ე. მკვლელობის მცდელობის შემდეგ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, ფარულად დაეუფლენ და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს, გ. მ–ის კუთვნილი, 300 ლარად ღირებული, „Samsung Galaxy A32” მოდელის მობილური ტელეფონი, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვიეს.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა უ. ბ–მა. აპელანტმა მოითხოვა უდანაშაულოდ ცნობა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 7 ივლისის განაჩენით თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 16 აგვისტოს განაჩენში მსჯავრდებულ უ. ბ–ის მიმართ, შევიდა ცვლილება:

5.1. უ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

5.1.1. საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 17 წლით;

5.1.2. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

5.1.2.1. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დანიშნული სასჯელი შემცირდა ერთი მეექვსედით და განისაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 4 წლის და 2 თვით;

5.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, უ. ბ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 17 წლით;

5.3. უ. ბ–ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით შეუმცირდა თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 9 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 10 თვით;

5.4. უ. ბ–ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 10 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 4 თვით, რაც პირობით ჰქონდა ჩათვლილი და განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, 1 თვითა და 10 დღით;

5.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით, დანაშაულთა ერთობლიობით, დანიშნულმა სასჯელმა – თავისუფლების აღკვეთამ 17 წლით შთანთქა თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 9 იანვრის განაჩენით და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 10 ნოემბრის განაჩენით დანიშნული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით შემცირებული სასჯელების მოუხდელი ნაწილები და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, უ. ბ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 17 წლით;

5.6. უ. ბ–ს სასჯელის ვადა აეთვალა 2024 წლის 16 აგვისტოდან. მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალა 2023 წლის 25 მაისიდან 2024 წლის 16 აგვისტომდე დრო.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა უ. ბ–მა. კასატორი ითხოვს უდანაშაულოდ ცნობას.

7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).

8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა უ. ბ–მა. კასატორი ითხოვს გამართლებას.

9. „საქართველოს უზენაესი სასამართლოს განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით“ (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017)

10. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია უ. ბ–ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხული – საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული – დანაშაულების ჩადენა.

11. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში (საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილი), საჩივარში კი აღნიშნული უნდა იყოს მომჩივნის აზრით, რომელი სამართლებრივი საკითხი გადაწყდა უკანონოდ და რა ადასტურებს აღნიშნულს (საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტი), რაც გულისხმობს, რომ კასატორმა მხარემ კონკრეტულ მოთხოვნასთან ერთად, საკასაციო საჩივარში, ასევე უნდა მიუთითოს ის არგუმენტებიც, რომლებითაც დასტურდება კასატორის პოზიცია და, შესაბამისად, – გასაჩივრებული განაჩენის უკანონობა (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 25 სექტემბრის №493აპ-25 განჩინება).

12. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი დაცვის მხარე ითხოვს გამართლებას. კასატორის მტკიცებით, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება მის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია. კასატორი უთითებს, რომ იგი იცნობდა და ესაუბრა გ. მ–ეს გ. ს–თან არსებულ უთანხმოებაზე, თუმცა აღნიშნული აღმოიფხვრა მაშინვე. კასატორის მტკიცებით, გაუგებარი და დაუსაბუთებელია სასამართლოს გადაწყვეტილება მისი მსჯავრდების შესახებ გ. ს–თან თანამონაწილეობით, ერთიანი განზრახვით, გ. მ–ის განზრახ მკვლელობის მცდელობის და მისი მობილური ტელეფონის დაუფლების ნაწილში. კასატორის მტკიცებით, აღნიშნული უჩენს ეჭვს, რომ მის მიმართ დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმფცია და საქმის განმხილველ სასამართლოზე გავლენა იქონია გ. ს–ის მიმართ გამოტანილმა განაჩენებმა (რომლითაც გ. ს–ი ცნობილ იქნა დამნაშედ მასთან ერთად, ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი გ. მ–ის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და გ. მ–ის კუთვნილი ტელეფონის წინასწარი შეთანხმებით მასთან ერთად ჯგუფურად მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და სატელევიზიო გადაცემებმა (რაზეც უთითებდა ბრალდების მხარე).

13. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი დაზარალებულის უფლებამონაცვლის – თ. მ–ს, ასევე მოწმე მ. ჩ–ს გამოკითხვის ოქმების, ს. ბ–ს ჩვენების, გ. ს–ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის 2023 წლის 24 მაისის ოქმის (გ. ს–მა მიუთითა გ. მ–ის როგორც მკვლელობის ადგილი, ასევე სარწყავი არხის ტერიტორია, სადაც მან და უ. ბ–მა დამარხეს გ. მ–ის გვამი, რომელსაც დააყარეს ქვები, ცემენტი და დაასხეს წყალი (სადაც მოგვიანებით აღმოჩენილ იქნა ადამიანის გვამი)), სატელეფონო კომპანიებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის, სასამართლო-სამედიცინო და სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნების და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების გათვალისწინებით, უსაფუძვლოა კასატორის მტკიცება, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი არცერთი უტყუარი მტკიცებულება.

13.1. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ როდესაც „საგამოძიებო ექსპერიმენტი ასახავს ჩვენებისგან დამოუკიდებელი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციას, რომლის რეალურობაც სწორედ ამ საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში მოწმდება, მაგალითად, საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას პირმა მიუთითა, თუ სად დამალა დანაშაულის საგანი, რომლის ნამდვილობა შემოწმდა, გამართლდა და გამომძიებლებმა იგი ამოიღეს“, ასევე – ,,დამატებით აღმოჩენილი იქნება რაიმე საგანი, დოკუმენტი, კვალი თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი”, – აღნიშნული წარმოადგენს პირდაპირ მამხილებელ მტკიცებულებას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 28 სექტემბრის N682აპ-21 განაჩენი, 2025 წლის 13 ნოემბრის N467აპ-25 განჩინება).

14. უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დარღვევის შესახებ კასატორის მსჯელობასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის” კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი შეიძლება გამოყენებადი იყოს, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილება, – რომელიც გამოტანილი იყო იმ სამართალწარმოებაში, რომელიც არ იყო მიმართული განმცხადებლის, როგორც „ბრალდებულის“ წინააღმდეგ, მაგრამ ამისდა მიუხედავად ეხებოდა და ჰქონდა კავშირი მის წინააღმდეგ პარალელურად/ერთდროულად მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთან, –გულისხმობდა განმცხადებლის ბრალეულობის ნაადრევ შეფასებას (იხ. Böhmer v. Germany, no. 37568/97, par. 67, ECtHR, 3/10/2002; Diamantides v. Greece, no. 71563/01, par. 35, ECtHR, 19/05/2005). უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი თეორიულად შეიძლება დაირღვეს პირის ბრალეულობის ნაადრევი შეფასებით (პირის ბრალეულობის შესახებ ნაადრევი განცხადებით) სხვა თანამონაწილის მიმართ ცალკე მიმდინარე/გამოყოფილ საქმეზე გამოტანილ სასამართლოს განაჩენში (Karaman v. Germany, no. 17103/10, par. 42, ECtHR, 07/07/2014).

15. „გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეში პირი, რომელიც, შესაბამისად, არ არის თანაბრალდებულის მიმართ მიმდინარე სამართალწარმოების მხარე, ფაქტობრივად მოკლებულია შესაძლებლობას, გაასაჩივროს ამ სამართალწარმოების დროს გაკეთებული განცხადებები დანაშაულში მის მონაწილეობასთან დაკავშირებით“ (იხ., Karaman v. Germany, no. 17103/10, par. 43, ECtHR, 07/07/2014).

16. იმავდროულად, „იმ სისხლის სამართლის საქმეებში, რომლებშიც რამდენიმე პირი მონაწილეობს (რომელთა ერთად გასამართლება შეუძლებელია), ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ბრალეულობის შეფასებისთვის, შეიძლება აუცილებელი იყოს იმ მესამე პირების მონაწილეობაზე მითითება, რომლებიც შესაძლოა მოგვიანებით ცალკე გასამართლდნენ. სასამართლოები ვალდებულნი არიან, რაც შეიძლება ზუსტად დაადგინონ საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც მნიშვნელოვანია ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პასუხისმგებლობის შეფასებისთვის. აღნიშნული ასევე ეხება მესამე პირების მონაწილეობასთან დაკავშირებულ ფაქტებსაც, თუმცა, ამ შემთხვევაში, სასამართლომ თავი უნდა აარიდოს იმაზე მეტი ინფორმაციის მიწოდებას, ვიდრე ეს აუცილებელია იმ კონკრეტული ბრალდებულების/მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის განსაზღვრისთვის, რომელთა მიმართაც განიხილავს სისხლის სამართლის საქმეს“ (იხ., Karaman v. Germany, no. 17103/10, par. 64, ECtHR, 07/07/2014).

16.1. მოცემულ შემთხვევაში, გ. ს–ს ბრალი ედებოდა საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ი“ (ჯგუფურად) ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ ( წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, შესაბამისად, საქმის განმხილველ სასამართლოს, წარდგენილი ბრალდების კანონიერების და დასაბუთებულობის/საფუძვლიანობის შემოწმებისას უნდა განეხილა/გამოერკვია გ. ს–ის მიერ მისთვის ბრალადშერაცხული დანაშაულების ფაქტობრივი გარემოებები, რამაც განაპირობა უ. ბ–ის, როგორც ჯგუფის წევრის დასახელება.

16.2. თელავის რაიონულმა სასამართლომ 2024 წლის 23 თებერვლის განაჩენში (ისევე, როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2024 წლის 5 ნოემბრის განაჩენში და საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2025 წლის 9 ივნისის განჩინებაში შესაბამისი საჩივრების განხილვისას) აღწერა მოწმეთა, მათ შორის, უ. ბ–ის ჩვენება და სამართლებრივად შეაფასა გ. ს–ისთვის ბრალადშერაცხული ქმედება (სამართლებრივი კვალიფიკაცია).

17. იმავდროულად, სასამართლო განმარტავს, რომ წინამდებარე საქმის ფარგლებში, სასამართლოს შეფასების/განხილვის საგანს არ წარმოადგენს გ. ს–ის მიმართ სისხლისსამართალწარმოების ფარგლებში უ. ბ–ის უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვის/ხელყოფის საკითხი.

18. საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება სხვა სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ პროცესის არცერთი მონაწილე მათ საეჭვოდ არ ხდის. გ. ს–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის არსებობის მიუხედავად, ვინაიდან უ. ბ–ი და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი სადავოდ ხდიდნენ თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 23 თებერვლის განაჩენით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს (უ. ბ–ის თანამონაწილეობის ნაწილში), წინამდებარე საქმის განხილვისას ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ სრული მოცულობით იქნა შესწავლილი და გამოკვლეული უ. ბ–ისთვის ბრალადშერაცხული დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები და მათი დასაბუთებულობა, დაცვის მხარეს (მათ შორის, უშუალოდ უ. ბ–საც) ჰქონდა შესაძლებლობა არსებით სასამართლო სხდომაზე დაეკითხა მოწმე – გ. ს–ი – ვისთან ერთადაც დანაშაულის ჩადენსაც ედავებოდა ბრალდების მხარე. კერძოდ, როგორც მსჯავრდებულ უ. ბ–ს, ასევე მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ჰქონდათ შესაბამისი დრო და შესაძლებლობა მათთვის საინტერესო ყველა შეკითხვა დაესვათ გ. ს–ისათვის, არც მსჯავრდებული უ. ბ–ი და არც მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი არ შეუზღუდავს სასამართლოს კითხვების დასმასა თუ დაკითხვის დროში, გ. ს–ისათვის სასურველი კითხვების დასმის შემდეგ როგორც უ. ბ–მა, ასევე მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მიუთითეს, რომ სხვა დამატებითი კითხვა არ ჰქონდათ, რის შემდეგაც დასრულდა მოწმის დაკითხვა (იხ.: თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 21 ივნისის სხდომის ოქმი 14:55:10-15:04:50; 15:11:31-15:12:14).

19. წინამდებარე საქმის განხილვისას სადავო განაჩენით დადგენილ არც ერთ გარემოებას არ მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა და არსებითად და სრულად იქნა გამოკვლეული სისხლის სამართლის საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება (უდავოდ ცნობილი თ. მ–ს გამოკითხვის ოქმის გარდა), მათ შორის: ის მტკიცებულებებიც რაც გ. ს–ის მიმართ სისხლის სამართალწარმოებისას წარმოადგენდა სასამართლოების შესწავლის საგანს. დაცვის მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა სადავო გაეხადა და დეტალურად გამოეკვლია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება, წარმოედგინა მისთვის სასურველი მტკიცებულებები. შესაბამისად, კასატორის მტკიცება, რომ გ. ს–ის მიმართ დადგენილმა გამამტყუნებელმა განაჩენმა გავლენა იქონია მის მსჯავრდებაზე – საფუძველს მოკლებულია.

20. კასატორს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება და საქმის მასალებიდანაც არ იკვეთება უ. ბ–ის მიმართ სააპელაციო სასამართლოს რაიმე დაინტერესება ან/და მიკერძოებული დამოკიდებულება.

21. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვებობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების კანონიერ მიზანს (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR, 14/04/2009; Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par. 76 ECtHR, 21/09/2017).

22. „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par. 175, ECtHR, 14/05/2020).

23. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კასატორი დაასაბუთებს ამავე ნაწილით ამომწურავად განსაზღვრული, რომელიმე წინაპირობის/ების არსებობას.

23.1. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

24. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულისაკასაციო საჩივრის დასაშვეობის სხვა რომელიმე საფუძვლის არსებობა. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

25. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ უ. ბ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 7 ივლისის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ბ. სტურუა