გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ/807 14 თებერვალი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ახალაძე, ბ. კობერიძე
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება, თანხის დაკისრება, უკანონო მფლობელობაში არსებული საოჯახო ნივთების დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი :
ნ. შ-შვილმა სარჩელით მიმართა ქობულეთის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ზ. გ-ძის გამოსახლება ქობულეთის რაიონის სოფ. ... მდებარე საცხოვრებელი სახლიდან, მასთან მცხოვრებ პირებთან ერთად, მისი შესახლება აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში, წართმეული 27000 მანეთის, ბრილიანტის თვლიანი ბეჭდისა და საოჯახო ნივთების დაბრუნება. მოსარჩელის განმარტებით, მისი დედა ე. ქ-ძე 1974 წელს ცოლად გაჰყვა ქობულეთის რაიონის სოფ. ... მცხოვრებ ხ. გ-ძეს. დედასთან ერთად, აღნიშნული წლიდან ცხოვრობდა ქობულეთის რაიონის სოფ. ... მდებარე სადავო საცხოვრებელ სახლში. დედა ე. ქ-ძე გარდაიცვალა 1991 წლის 13 აპრილს. ოჯახში დარჩა მამინაცვალ ხ. გ-ძესთან ერთად. 1988 წელს ხ. გ-ძემ ანდერძით თავისი უძრავ-მოძრავი ქონება დაუტოვა მოსარჩელეს. მამინაცვალის გარდაცვალების დღეს, 1992 წლის 18 ივნისს, ხ. გ-ძის ნათესავებმა ძალადობის გამოყენებით გააგდეს იგი საცხოვრებელი სახლიდან, წაართვეს 27000 მანეთი, ასევე, ძალადობის გამოყენებით მოაწერინეს ხელი ხელწერილზე, თითქოს იგი ნებით წავიდა სახლიდან.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით, ნ. შ-შვილის სარჩელი ზ. გ-ძისა და ლ. დ-ძის მიმართ საცხოვრებელი სახლიდან მოპასუხეთა გამოსახლების, უკანონო მფლობელობაში არსებული ციტრუსოვნების ნარგავებით მიღებული შემოსავლის - 8000 ლარის გადახდევინების, მოპასუხეთა მიერ 27000 რუსული რუბლის ექვივალენტი ლარის გადახდის, მოპასუხეების მიერ მოსარჩელისათვის ბინის ქირის სახით 1440 ლარის გადახდისა და მოპასუხეთა უკანონო მფლობელობაში არსებული საოჯახო ნივთების მოსარჩელისათვის დაბრუნების შესახებ, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
ნ. შ-შვილს დაუბრუნდა საყოფაცხოვრებო ნივთების ნაწილი, ხოლო დანარჩენი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 15 სექტემბრის განჩინებით ნ. შ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
კასატორი ნ. შ-შვილი მოითხოვს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 15 სექტემბრის განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცა მათ. კასატორის განმარტებით, იგი კომლის უკანასკნელი წევრია და საკუთრების უფლებით მას ეკუთვნის საცხოვრებელი სახლი და ქონება, რომელიც ძალით დაატოვებინეს.
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, მოუსმინა მხარეს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სააპელაციო პალატას.
სამოტივაციო ნაწილი :
საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ნ. შ-შვილი ითვლებოდა ხ. გ-ძის კომლის უკანასკნელ წევრად. პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას იმის თაობაზე, რომ კასატორმა ნ. შ-შვილმა 1992 წლის 18 ივნისს ხელწერილზე ხელის მოწერით და კომლის წევრობიდან ამოწერის თხოვნით დაწერილი განცხადებით გამოხატა თავისი ნება და უარი თქვა კომლის ბოლო წევრთან დაკავშირებულ უფლებებზე და ეს უფლებები დაუთმო მოპასუხე ზ. გ-ძეს.
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული დასკვნა, რომელიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ განჩინებას, იურიდიულად დაუსაბუთებელია და არ იძლევა საშუალებას შემოწმდეს გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობა.
კომლის წევრის განცხადება კომლის წევრობიდან ამოწერის შესახებ არ არის კომლის გაუქმების საკმარისი საფუძველი. მითუმეტეს, ნ. შ-შვილი მითითებულ განცხადებაში არ მოითხოვს კომლში სხვა პირის ჩაწერას ან კომლის გაუქმებას.
სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, ქობულეთის რაიონის სოფ. ... თემის საკრებულოს გამგეობის 1992 წლის 14 აგვისტოს ¹718 ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ ნ. შ-შვილი კომლის ბოლო წევრია, რომელიც ადასტურებს, რომ ჯერ კიდევ მაშინ როცა ნ. შ-შვილის კომლი გაუქმებული არ იყო, იგი მიმართავდა სამართალდამცავ ორგანოებს საკუთარ საცხოვრებელ სახლში შესახლებისა და ზ. გ-ძის გამოსახლების მოთხოვნით;
სააპელაციო პალატამ უნდა გაარკვიოს, კანონით დადგენილი წესით გაუქმებულ იქნა თუ არა ნ. შ-შვილის კომლი, ვინაიდან განცხადება კომლის წევრობიდან ამოწერის შესახებ არ ნიშნავს კომლის გაუქმებას.
სააპელაციო სასამართლო განჩინების სამოტივაციო ნაწილში მიუთითებს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქციით) 556-ე (სამკვიდროს მიღება) და 560-ე მუხლებზე (უარის თქმა მემკვიდრეობაზე) მაშინ, როცა საქმის ფაქტიური გარემოებებიდან გამომდინარე, კომლზე მემკვიდრეობა არ გახსნილა და სამკვიდროს მიღებას ან მემკვიდრეობაზე უარის თქმას არ შეიძლებოდა ადგილი ჰქონოდა. შესაბამისად, სამართლებრივად დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა - ზ. გ-ძის მიერ სამკვიდრო ქონების მიღებისა და მისი ფლობისა და განკარგვის შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ზ. გ-ძე დაეუფლა ქონებას და გახდა მისი კანონიერი მესაკუთრე, მაგრამ სასამართლომ არ განმარტა და არ დაასაბუთა კომლის წევრის, ნ. შ-შვილის, ხელწერილი არის თუ არა ზ. გ-ძისათვის საკუთრების გადაცემის იურიდიული საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გაამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ განჩინების მიღებისას გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. არასწორად განმარტა კანონი, გადაწყვეტილება იურიდიულად არ დაასაბუთა, რაც სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლების თანახმად განჩინების გაუქმების საფუძველია.
სარეზოლუციო ნაწილი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. შ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 15 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეცეს იმავე პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.