3კ/807-01 11 ოქტომბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი, რ. ნადირიანი
სარჩელის საგანი: საერთო სარგებლობის დერეფნით სარგებლობის უფლების აღდგენა და უნებართვო ნაგებობის მოშლა.
შეგებებული სარჩელის საგანი: საერთო სარგებლობის სამზარეულოში სარგებლობის უფლების აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
1998 წლის 11 მარტს გ. ბ-შვილმა ზ. გ-ძის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ქობულეთის რაიონის სასამართლოს.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ იგი მოპასუხესთან ერთად ცხოვრობს მრავალბინიან სახლში. მოპასუხემ ჩაკეტა საერთო დერეფნის კარები და არ აძლევს მას საშუალებას, ისარგებლოს საერთო შესასვლელით.
მოსარჩელემ მოითხოვა დერეფნის საერთო სარგებლობაში გადაცემა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ მართალია, მან უნებართვოდ მიისაკუთრა საერთო სარგებლობის დერეფანი, მაგრამ მანამდე მოსარჩელემ საერთო სარგებლობის სამზარეულო მიისაკუთრა.
სასამართლო პროცესზე მოსარჩელემ განმარტა, რომ მის მიერ სამზარეულოს დაკავების თაობაზე არსებობდა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მისი მოქმედება კანონიერად იქნა ცნობილი და გამოსახლებაზე უარი ეთქვა.
სასამართლოს მოთხოვნის საფუძველზე მოსარჩელემ უნებართვოდ დაკავებული ფართიდან გამოსახლებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ასლის სასამართლოში წარმოდგენაზე უარი განაცხადა, ხოლო ქობულეთის რაიონის სასამართლოში მოცემული საქმე გაურკვეველი მიზეზების გამო არ აღმოჩნდა, რის გამოც 1998 წლის 15 ივნისის განჩინებით სარჩელი დატოვებული იქნა უმოძრაოდ.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 1998 წლის 17 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის კერძო საჩივარი, გაუქმდა ქობულეთის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 15 ივნისის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვის მიზნით დაუბრუნდა ქობულეთის რაიონის სასამართლოს. განჩინებაში განიმარტა, რომ სასარჩელო განცხადების უმოძრაოდ დატოვება წარმოებაში საქმის მიღების შემდეგ დაუშვებელი იყო.
მოსარჩელემ 1999 წლის 8 სექტემბერს დამატებითი სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხის მიერ სახლზე უნებართვოდ მიშენებული ნაგებობის (ფიცრულის) მოშლა.
1999 წლის 28 სექტემბერს ქობულეთის რაიონული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხის სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის გამო სარჩელი დაკმაყოფილდა და სადავო დერეფანი საერთო სარგებლობაში გადაეცა მოსარჩელეს.
1999 წლის 30 სექტემბრის განჩინებით ქობულეთის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა მოპასუხის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ. ამ განჩინებით საქმის განხილვა დაინიშნა 1999 წლის 12 ოქტომბერს 11 საათზე და მოპასუხე გაფრთხილებული იქნა, რომ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის წინააღმდეგ გამოტანილი იქნებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
1999 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ამ საქმეზე მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს დაევალა სადავო დერეფნის გახსნა და საერთო საკუთრებაში მოსარჩელისათვის გადაცემა, სახლზე უნებართვოდ მიშენებული ფიცრულის მოხსნა და სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
მოპასუხის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე საქმე 2000 წლის 28 იანვარს განიხილა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ, რომელმაც დააკმაყოფილა მოპასუხის სააპელაციო საჩივარი და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნა იმავე სასამართლოს.
უმაღლესმა სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის ხელახალი განხილვის დროს რაიონულ სასამართლოს უნდა გადაეწყვიტა საქმეში თანამოპასუხედ სამტრედიის რკინიგზის ტერიტორიული სამმართველოს ჩაბმის საკითხი. ამასთან აღნიშნა, რომ სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტის დროს არ უნდა ეხელმძღვანელა ძველი სამოქალაქო კოდექსის ნორმებით, რის გამოც მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებლად მიიჩნია.
2000 წლის 1 ივნისს მოპასუხემ შეიტანა შეგებებული სარჩელი, რომლითაც მოითხოვა მოსარჩელის სამზარეულოდან გამოსახლება და მისი საერთო სარგებლობაში გადაცემა.
მოპასუხემ უსაფუძვლობის გამო შეგებებული სარჩელი არ ცნო.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი მთლიანად დაკმაყოფილდა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 18 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ამ საქმეზე რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
უმაღლესმა სასამართლომ მიუთითა, რომ რაიონულმა სასამართლომ არ განიხილა მოპასუხის შეგებებული სარჩელი. შეგებებული სარჩელის არსებობა დაფიქსირდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში, მაგრამ სარეზოლუციო ნაწილში მის შესახებ არაფერი იყო მითითებული.
2001 წლის 14 მარტს, რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვის დროს, როცა მოპასუხის შუამდგომლობა მოსამართლის აცილების შესახებ არ დაკმაყოფილდა, მოპასუხემ დატოვა სასამართლო პროცესი, რის გამოც რაიონულმა სასამართლომ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება. სარჩელი დაკმაყოფილდა მთლიანად, მაგრამ შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით რაიმე მსჯელობა არ ყოფილა.
მოპასუხემ კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრა მის წინააღმდეგ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება იმ საფუძვლით, რომ საქმის განხილვის დროს მას აუწია წნევამ და იძულებული შეიქნა პროცესი დაეტოვებინა. აღნიშნულის გამო მოითხოვა სასამართლო პროცესის დატოვება საპატიოდ ჩათვლოდა და გაუქმებულიყო მის წინააღმდეგ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება. მისი შეგებებული სარჩელის განუხილველობის შესახებ საჩივარში არაფერია მითითებული.
2001 წლის 27 მარტის განჩინებით რაიონულმა სასამართლომ უსაფუძვლობის გამო რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ დაკმაყოფილებაზე მოპასუხეს უარი უთხრა.
აჭარის უმაღლესი სასამართლოს 2001 წლის 18 აპრილის განჩინებით დაკმაყოფილდა მოპასუხის კერძო საჩივარი, გაუქმდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 27 მარტის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
სასამართლომ მიუთითა, რომ საჩივრის განხილვის დროს რაიონულმა სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 239-ე, 240-ე მუხლების მოთხოვნები. რაიონულ სასამართლოს საჩივარი ჯერ უნდა მიეღო განსახილველად, დაენიშნა მისი ზეპირი განხილვა და შემდეგ შეეძლო უარი ეთქვა მის დაკმაყოფილებაზე, ანდა მიეღო განჩინება საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის შესახებ, თუ საჩივარს მიიჩნევდა დაუშვებლად.
რაიონულმა სასამართლომ კანონის დარღვევით, საჩივრის ზეპირი განხილვის გარეშე ისე, რომ არ გადაწყვიტა საჩივრის დასაშვებობის საკითხი, მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, რაც კანონის დარღვევას წარმოადგენს.
2001 წლის 25 აპრილს რაიონულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო მოპასუხის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ და საქმე განსახილველად დანიშნა 2001 წლის 4 მაისს. მოპასუხეს დადგენილი წესით გაეგზავნა უწყება სასამართლო პროცესზე გამოცხადების შესახებ. მიუხედავად აღნიშნულისა, იგი 2001 წლის 4 მაისს სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა და მის წინააღმდეგ მიღებულ იქნა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2001 წლის 18 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხის სააპელაციო საჩივარი და ამ საქმეზე რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილი მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე სასამართლო პროცესზე მოწვეული იყო კანონის დაცვით და მისი გამოუცხადებლობა არასაპატიო მიზეზით იყო გამოწვეული. უმაღლესმა სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ სარჩელი იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას და რაიონულ სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნა დაცული ჰქონდა.
მოპასუხემ 2001 წლის 12 ივლისს საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
კასატორმა მოითხოვა ამ საქმეზე აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლით:
1) კასატორს მიაჩნია, რომ სარჩელზე გასულია ხანდაზმულობის ვადა. მან სადავო დერეფანი დაიკავა 1990 წელს, სარჩელი კი აღძრულ იქნა 2001 წელს 10 წლის შემდეგ. მისი მოსაზრებით, უმაღლეს სასამართლოს აღნიშნული საკითხი არ უნდა დაეტოვებინა ყურადღების გარეშე და ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო უარი უნდა ეთქვა სარჩელზე.
2) კასატორმა მიუთითა, რომ 2001 წლის 4 მაისს რაიონულ სასამართლოში მისი გამოუცხადებლობის მიზეზი ავადმყოფობა იყო, ამიტომ გამოუცხადებლობა საპატიოდ უნდა ჩათვლოდა, მაგრამ მისი ავადმყოფობა სააპელაციო სასამართლომ საპატიოდ არ მიიჩნია.
3) რაიონულმა სასამართლომ, მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ 2001 წლის 28 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა, იგი მაინც პირველ დაუსწრებელ გადაწყვეტილებად მიიჩნია და საფუძვლად დაუდო მეორე დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რითაც დაარღვია კანონის მოთხოვნა.
4) მას სასამართლოში შეტანილი ჰქონდა შეგებებული სარჩელი, მაგრამ ამას სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია, შეგებებულ სარჩელზე არანაირი გადაწყვეტილება არ მიიღო, რითაც დაირღვა მისი უფლებები.
5) მიუხედავად იმისა, რომ იგი აყენებდა რაიონული სასამართლოს მოსამართლის აცილებას, რაზეც უარი მიიღო და სხვა საკითხებთან ერთად მოსამართლის აცილებაზე უარის თქმაც გაასაჩივრა, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ საკითხზე არანაირი გადაწყვეტილება არ მიიღო.
6) კასატორმა მიუთითა, რომ მოცემულ საქმეზე თანამოპასუხედ ჩაბმულია რკინიგზის სამტრედიის სამმართველო, მაგრამ იგი სასამართლო პროცესზე არ მოწვეულა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
არასწორია კასატორის მითითება სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შესახებ. ჯერ ერთი, სარჩელი შეტანილია არა 2001 წელს, როგორც ამას კასატორი მუითითებს, არამედ 1998 წელს, ამასთან, ამ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომელშიც არ უნდა იყოს მითითებული სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებზე, მტკიცებულებებზე, რომელსაც ემყარება სასამართლო დასკვნები, და რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებებს, ანუ მიღებულია გადაწყვეტილება სამოტივაციო ნაწილის გარეშე. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად მოთხოვნა, დარღვეული უფლების დაცვის შესახებ მიღებულ უნდა იქნეს განსახილველად სასამართლოს მიერ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის მიუხედავად. აღნიშნული იმაზე მიუთითებს, რომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა სარჩელის წარდგენის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა სასამართლო არსებითად განიხილავს საქმეს და მიიღებს გადაწყვეტილებას სამოტივაციო ნაწილის საფუძველზე. სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, თუ ვალდებულმა პირმა მოვალეობა შეასრულა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, მას არა აქვს უფლება მოითხოვოს შესრულებულის უკან დაბრუნება, თუნდაც მოვალეობის შესრულების მომენტში მას არ სცოდნოდა, რომ ხანდაზმულობის ვადა გასული იყო. იგივე წესი გამოიყენება ვალდებული პირის აღიარებისა და უზრუნველყოფის საშუალებათა მიმართ. იმ შემთხვევაში, როცა მოპასუხე არ ცხადდება სასამართლო სხდომაზე და სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სასამართლოს უფლება აქვს ივარაუდოს, რომ მოპასუხემ ცნო სარჩელი, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგაც. ამიტომ სააპელაციო სასამართლო ამოწმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაუსწრებლობის მოტივით გამოტანილი გადაწყვეტილების კანონიერებას, მაგრამ უფლება არა აქვს შეამოწმოს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, რადგან დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებულია სამოტივაციო ნაწილის გარეშე და სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გამოკვლევა დაუშვებელია.
ასევე, არასწორია კასატორის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ რაიონული სასამართლოს 2000 წლის 28 სექტემბრის პირველი დაუსწრებელი გადაწყვეტილება (იმის გამო, რომ იგი გაუქმდა იმავე სასამართლოს მიერ) მის წინააღმდეგ 2001 წლის 4 მაისს, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დროს, არ უნდა ჩათვლილიყო მეორე დაუსწრებელ გადაწყვეტილებად.
საქმეში არ მოიპოვება დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომელიც დათარიღებულია 2000 წლის 28 სექტემბრით.
რაიონულ სასამართლოს მოცემულ საქმეზე სულ გამოტანილი აქვს სამი დაუსწრებელი გადაწყვეტილება. პირველი დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებულია 1999 წლის 28 სექტემბერს, რომელიც გააუქმა იმავე სასამართლომ 1999 წლის 12 ნოემბერს და მიიღო დასწრებული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
მითითებული დასწრებული გადაწყვეტილება გაუქმდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2000 წლის 28 იანვრის განჩინებით და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდა რაიონულ სასამართლოს.
ამის შემდეგ, 2000 წლის 5 ივნისს, კიდევ ერთი დასწრებული გადაწყვეტილება მიიღო რაიონულმა სასამართლომ, რომელიც 2000 წლის 18 სექტემბერს კვლავ გააუქმა სააპელაციო სასამართლომ და საქმე განსახილველად ისევ რაიონულ სასამართლოს დაუბრუნა.
2001 წლის 14 მარტს, რაიონულმა სასამართლომ მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო მის წინააღმდეგ კვლავ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, მაგრამ ამჯერად – პირველი დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
მართალია, მითითებულ გადაწყვეტილებაზე რაიონულმა სასამართლომ მოპასუხის საჩივარი 2001 წლის 27 მარტის განჩინებით არ დააკმაყოფილა (სასამართლომ ისე, რომ საჩივრის დასაშვებობის საკითხი არ გადაწყვიტა და საქმის ზეპირი განხილვის გარეშე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებაზე უარი უთხრა მოპასუხეს), მაგრამ მითითებული განჩინება, ანუ რაიონული სასამართლოს 2001 წლის 27 მარტის განჩინება გააუქმა სააპელაციო სასამართლომ თავისი 2001 წლის 18 აპრილის განჩინებით და საქმე რაიონულ სასამართლოს დაუბრუნა საჩივრის დასაშვებობის განსახილველად. რაიონული სასამართლოს მიერ ამ საქმეზე მიღებული პირველი დაუსწრებელი გადაწყვეტილება (2001 წლის 14 მარტის) არ გაუქმებულა. აქედან გამომდინარე, რაიონული სასამართლოს მიერ 2001 წლის 4 მაისს მიღებული დაუსწრებელი გადაწყეტილება შინაარსით მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებაა, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში ამ გადაწყვეტილების მიღების დროს დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნები. მითითებული კანონის შესაბამისად პირველ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეტანილი საჩივრის განხილვის დროს თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში რაიონულ სასამართლომ ნაცვლად იმისა, რომ მიეღო განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და პირველი დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ, მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ 2001 წლის 4 მაისს ავადმყოფობის გამო სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობა მას საპატიოდ უნდა ჩაეთვალოს, რადგან ავადმყოფობის დამადასტურებელი რაიმე საბუთი არც 2001 წლის 4 მაისამდე და არც მის შემდეგ მოპასუხეს არ წარუდგენია.
სწორია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დროს არ გადაწყვიტა მისი შეგებებული სარჩელი. აღნიშნული ფაქტი ყურადღების გარეშე დატოვა სასამართლომ, რითაც დაარღვია კანონის მოთხოვნა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 188-ე მუხლის შესაბამისად შეგებებული სარჩელი ჩვეულებრივი სარჩელია და იგი მითითებული მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე განიხილება პირვანდელ სარჩელთან ერთად. შეგებებულ სარჩელში მოსარჩელედ შეგებებული სარჩელის ავტორი გამოდის.
მოცემულ შემთხვევაში, როცა სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა მოპასუხე (შეგებებული სარჩელის ავტორი), სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხის წინააღმდეგ უნდა მიეღო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით. სასამართლოს, ასევე, შეეძლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა, ან განუხილველად დაეტოვებინა იგი, ანდა გადაედო საქმის განხილვა.
სწორია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ რაიონულმა სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნები, ხოლო აღნიშნული გარემოება რეაგირების გარეშე დატოვა სააპელაციო სასამართლომ.
კერძოდ, მოცემულ საქმეში თანამოპასუხედ ჩაბმული იყო რკინიგზის სამტრედიის ტერიტორიული სამმართველო. იგი საერთოდ არ იყო მოწვეული სასამართლო პროცესზე. მოცემულ შემთხვევაში გამოუცხადებელი მხარე, სამტრედიის რკინიგზის ტერიტორიული სამმართველო, არ იყო რა მოწვეული სასამართლო პროცესზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ უნდა მიეღო.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის “ზ” პუნქტის შესაბამისად უწყება, მხარის სასამართლო პროცესზე მოწვევის შესახებ, უნდა შეიცავდეს მითითებას გამოუცხადებლობის შედეგებზე, ანუ მხარე გაფრთხილებული უნდა იყოს, რომ მის წინააღმდეგ შეიძლება მიღებულ იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუ იგი სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდება. მოცემულ შემთხვევაში, როცა 1999 წლის 28 სექტემბერს რაიონულმა სასამართლომ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, მხარე გაფრთხილებული იყო იმის შესახებ, რომ გამოუცხადებლობის შემთხვევაში საქმე განხილულ იქნებოდა მის გარეშე. იგი არ ყოფილა გაფრთხილებული მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ (დაუსწრებელი გადაწყვეტილება სხვაა და გადაწყვეტილება მხარის მონაწილეობის გარეშე სხვა).
2001 წლის 14 მარტის სასამართლო სხდომაზე მოწვეულ იქნენ როგორც სამტრედიის რკინიგზის სამმართველო, ისე მოპასუხე გ-ძე, მაგრამ მითითებულ მიმართვებში გამოუცხადებლობის შედეგებზე არ იყო მითითებული.
მართალია, ზ. გ-ძე გამოცხადდა სასამართლო პროცესზე, რომელიც შემდეგ დატოვა, მაგრამ იგი არც სასამართლო პროცესზე არ გაფრთხილებულა გამოუცხადებლობის შედეგებზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 232-ე მუხლის შესაბამისად.
მოპასუხე 2001 წლის 4 მაისსაც მოწვეულ იქნა სასამართლო სხდომაზე, რომელზეც იგი არ გამოცხადდა და მის წინააღმდეგ გამოტანილ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, მაგრამ იგი გამოუცხადებლობის შედეგებზე ამჯერადაც არ ყოფილა გაფრთხილებული. მართალია, საქმეში მოიპოვება ხელწერილი 2001 წლის 4 მაისს სასამართლო პროცესზე მოპასუხის მოწვევის უწყების ჩაბარების შესახებ, მაგრამ ამ ხელწერილიდან არ ჩანს, რომ იგი გაფრთხილებულია გამოუცხადებლობის შედეგებზე, კერძოდ იმაზე, რომ გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის წინააღმდეგ შეიძლება გამოტანილ იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
აღნიშნული იმას მიუთითებს, რომ სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ბ” პუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით.
სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
ამავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს აბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ბ” პუნქტით გათვალისწინებული დარღვევა, რის გამოც სასამართლო ვალდებული იყო გაეუქმებინა გადაწყვეტილება და საქმე დაებრუნებინა ხელახლა განხილვისათვის, ან თვითონ განეხილა იგი.
გარდა ამისა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ როცა რაიონულმა სასამართლომ რეაგირების გარეშე დატოვა მოპასუხის შეგებებული სარჩელი და მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თავისთავად ვერ დაასაბუთა შეგებებული სარჩელის გადაწყვეტის გარეშე დატოვების ფაქტი. ამდენად, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაში საერთოდ არ მიეთითა რა შეგებებული სარჩელის განუხილველად დატოვების მიზეზებზე, ამ მიმართებით საქმეზე მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დაუსაბუთებელიც იყო, ხოლო უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც უცვლელად დატოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, კანონის დარღვევით იქნა მიღებული, რადგან სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტის შესაბამისად გაეუქმებინა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.
სწორია კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ სასამართლომ დაარღვია კანონის მოთხოვნა, როცა არ განიხილა მის სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოება მოსამართლისათვის საქმის აცილებაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის განჩინების გაუქმების შესახებ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც გამოტანილია საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვასთან დაკავშირებით და, რომელიც წინ უსწრებს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას იმისაგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა.
სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული ნორმის იგნორირება თავისთავად წარმოადგენს სამართლის ნორმის დარღვევას, კერძოდ, ამ შემთხვევაში სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო თვითონ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, რადგან ამ საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულია სამოტივაციო ნაწილის გარეშე, არაა მითითებული სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები, მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებებს, და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა, ანუ მიღებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამიტომ კასატორის თხოვნა, საკასაციო სასამართლოს მიერ სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შესახებ, ვერ დაკმაყოფილდება.
მოცემული დავის განხილვის შემდგომი გაჭიანურების თავიდან აცილება საკასაციო პალატას შესაძლებლად მიაჩნია, თუ კი სააპელაციო სასამართლო გამოიყენებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილით მასზე მინიჭებულ უფლებებს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზ. გ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს ამ საქმეზე აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 18 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება