საქმე # 020100124008469845
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №926აპ-25 თბილისი
ნ–ა ა., 926აპ-25 26 მარტი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ლიკა ბულიასა და მსჯავრდებულ ა. ნ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. შ–ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 11 აგვისტოს განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ა. ნ–ს ბრალი დაედო: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ); 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; 4 ეპიზოდი); სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიციცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში). აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
· 2020 წლის 18 აგვისტოს, დღის საათებში, ქ. რ–ში, … ქუჩის N.., ბინა N..-ში მდებარე დროებით საცხოვრებელ ბინაში ყოფნისას, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ქალზე უპირატესი მდგომარეობის გამოყენებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა სამმართველოს თ–ს … განყოფილების ესკორტის ოფიცერმა, ა. ნ–მ, არასრულწლოვანი შვილის – ა. ნ–ს – თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის ოჯახის წევრს, ორსულ ყოფილ მეუღლეს, კერძოდ, ძლიერად დაარტყა ხელი სახეში. ა. ნ–ს მხრიდან ჩადენილი ფიზიკური ძალადობის შედეგად, ა. ნ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2021 წლის დეკემბერში ქ. ქ–ში, ე.წ. „ა–ს დასახლებაში“ მდებარე დროებით საცხოვრებელ ბინაში ყოფნისას, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ქალზე უპირატესი მდგომარეობის გამოყენებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა სამმართველოს ქ–ს განყოფილების ესკორტის ოფიცერმა, ა. ნ–მ, არასრულწლოვანი შვილების – ა–ო, ლ–ა და ა–ე ნ–ის – თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის ოჯახის წევრს, ყოფილ მეუღლეს, ა. ნ–ს, კერძოდ, ძლიერად დაარტყა ხელი სახეში, მოქაჩა თმა და კედელზე მიარტყმევინა თავი. ა. ნ–ს მხრიდან ჩადენილი ფიზიკური ძალადობის შედეგად, ა. ნ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2022 წლის იანვარში ქ. ქუთაისში, ე.წ. „ა– დასახლებაში“ მდებარე დროებით საცხოვრებელ ბინაში ყოფნისას, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ქალზე უპირატესი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ….. პოლიციის დეპარტამენტის ა–ს რაიონული სამმათველოს დეტექტივების განყოფილების უბნის უმცროსმა ინსპექტორმა, ა. ნ–მ, არასრულწლოვანი შვილების – ა–ო, ლ–ა და ა–ე ნ–ის – თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავისი ოჯახის წევრს, ყოფილ მეუღლეს, ა. ნ–ს, კერძოდ, ხელების გამოყენებით ძლიერად გადაუგრიხა ორივე ხელის თითები, რის შემდგომაც, ძლიერად მოუჭირა ხელები ორივე მკლავზე. ა. ნ–ს მხრიდან ჩადენილი ფიზიკური ძალადობის შედეგად, ა. ნ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2022 წლის თებერვალში ქ. ს–ში, …. ქუჩაზე მდებარე დროებით საცხოვრებელ ბინაში ყოფნისას, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ქალზე უპირატესი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ….. პოლიციის დეპარტამენტის ა–ს რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილების უბნის უმცროსმა ინსპექტორმა, ა. ნ–მ, არასრულწლოვანი შვილების – ა–ო, ლ–ა და ა–ე ნ–ის – თანდასწრებით ყოფილ მეუღლეს ტელევიზორი ჩაარტყა ზურგის არეში, მოქაჩა თმა და მიახეთქა კედელს. აღნიშნულის შემდეგ, რამდენიმე წუთში, საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში ძლიერად მოქაჩა თმა და ამ გზით შეიყვანა საცხოვრებელ ბინაში. ა. ნ–ს მხრიდან განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შედეგად, ა. ნ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2022 წლის 28 მაისს ქ. ა–ში, თავისუფლების ქუჩაზე მდებარე დროებით საცხოვრებელ ბინაში ყოფნისას, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ქალზე უპირატესი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ….. პოლიციის დეპარტამენტის ა–ს რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილების უბნის უმცროსი ინსპექტორი ა. ნ. სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის ოჯახის წევრს, ყოფილ მეუღლეს, ა. ნ–ს, რაც ამ უკანასკნელმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
· 2020 წლის ზაფხულში, დღის საათებში, ქ. რ–ში, … ქუჩის N.., ბინა N..-ში მდებარე დროებით საცხოვრებელ ბინაში ყოფნისას, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა სამმართველოს …….. განყოფილების ესკორტის ოფიცერმა ა. ნ–მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავისი ოჯახის წევრს, ყოფილ მეუღლეს, ორსულ ა. ნ–ს, კერძოდ, ძლიერად დაარტყა ხელი სახეში. ა. ნ–ს მხრიდან ჩადენილი ფიზიკური ძალადობის შედეგად, ა. ნ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2022 წლის 28 მაისს ქ. ა–ი, თ–ს ქუჩაზე მდებარე დროებით საცხოვრებელ ბინაში ყოფნისას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ……. პოლიციის დეპარტამენტის ა–ს რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილების უბნის უმცროსმა ინსპექტორმა ა. ნ–მ არასრულწლოვანი შვილის – ა. ნ–ს – თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავისი ოჯახის წევრს, ყოფილ მეუღლეს, ა. ნ–ს, კერძოდ, ორივე ხელი ძლიერად მოუჭირა ყელზე. ა. ნ–ს მხრიდან ჩადენილი ფიზიკური ძალადობის შედეგად, ა. ნ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 24 ივნისის განაჩენით ა. ნ– (პირადი №.....), დაბადებული 19.. წელს, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 18 აგვისტოს, 2021 წლის დეკემბრის, 2022 წლის იანვრისა და 2022 წლის თებერვლის ბრალდების ეპიზოდები), 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში; ა. ნ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2020 წლის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე, სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ნებისმიერი სახის იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარების და გამოყენების აკრძალვა 5 წლით; 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 28 მაისის ეპიზოდი) – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე, სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ნებისმიერი სახის იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარების და გამოყენების აკრძალვა 5 წლით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ა. ნ–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, განესაზღვრა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი, რაც აეთვალა განაჩენის გამოტანის მომენტიდან.
3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. ბრალდების მხარემ მოითხოვა ა. ნ–ს დამნაშავედ ცნობა ბრალდების სრული მოცულობით და მისთვის სამართლიანი და ობიექტური სასჯელის განსაზღვრა, ხოლო დაცვის მხარემ – ა. ნ–ს მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 11 აგვისტოს განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 24 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
· 2020 წლის ზაფხულში, დღის საათებში ქ. რ–ში, ….. ქუჩის N.., ბინა N..-ში მდებარე დროებით საცხოვრებელ ბინაში ყოფნისას, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა სამმართველოს ….. განყოფილების ესკორტის ოფიცერმა, ა. ნ–მ, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის ოჯახის წევრს, ყოფილ მეუღლეს, ორსულ ა. ნ–ს, კერძოდ, ძლიერად დაარტყა ხელი სახეში. ა. ნ–ს მხრიდან განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შედეგად ა. ნ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2022 წლის 28 მაისს ქ. ა–ი, თ–ს ქუჩაზე მდებარე დროებით საცხოვრებელ ბინაში ყოფნისას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ……… პოლიციის დეპარტამენტის ა–ს რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილების უბნის უმცროსმა ინსპექტორმა, ა. ნ–მ, არასრულწლოვანი შვილის – ა. ნ–ს – თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავისი ოჯახის წევრს, ყოფილ მეუღლეს – ა. ნ–ს, კერძოდ, ორივე ხელი ძლიერად მოუჭირა ყელზე. ა. ნ–ს მხრიდან განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შედეგად ა. ნ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 11 აგვისტოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. ადვოკატი რ. შ– საკასაციო საჩივრით ითხოვს წარდგენილ ბრალდებებში მსჯავრდებულ ა. ნ–ს სრულად უდანაშაულოდ ცნობას, ხოლო ალტერნატიული მოთხოვნის სახით – განაჩენის გაუქმებასა და საქმის დაბრუნებას სააპელაციო სასამართლოში ხელახლა, ზეპირი მოსმენით განსახილველად, ასევე – დაზარალებულის ნოტარიული წესით დამოწმებული განცხადების გათვალისწინებას და საქმის განხილვას ზეპირი მოსმენით.
7. პროკურორი ლიკა ბულია საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილებას, კერძოდ – ა. ნ–ს დამნაშავედ ცნობას ბრალდების სრული მოცულობით და მისთვის სამართლიანი და ობიექტური სასჯელის განსაზღვრას.
8. ადვოკატი რ. შ. და მსჯავრდებული ა. ნ. შესაგებლებით ითხოვენ პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას, დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებას და ა. ნ–ს სრულად გამართლებას, ხოლო ალტერნატიული მოთხოვნის სახით – მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის არასაპატიმრო სასჯელით შეცვლას, მის მიმართ ამნისტიის გავრცელებას და პატიმრობიდან გათავისუფლებას იმის გათვალისწინებით, რომ დაზარალებული ნოტარიულად დამოწმებული განცხადებით თანახმაა, რომ მსჯავრდებულის მიმართ გავრცელდეს ამნისტიით გათვალისწინებული შეღავათები, ხოლო მსჯავრდებული თანახმაა, მის მიმართ გამოიცეს დამცავი ორდერი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ადვოკატის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორთა მოსაზრებებს და აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით, მათ შორის: დაზარალებულ ა. ნ–ს, მოწმეების: ი. ხ–ს, თ. თ–ს, ე. გ–ს, თ. ჩ–ს, დ. ხ–ს და სხვათა ჩვენებებით, ლ–ა ნ–ს დაბადების აქტის ჩანაწერით და საქმეში არსებული სხვა მასალებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ა. ნ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2020 წლის ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 28 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა, ხოლო სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 18 აგვისტოს, 2021 წლის დეკემბრის, 2022 წლის იანვრისა და 2022 წლის თებერვლის ბრალდების ეპიზოდები), 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში – ბრალდების მხარეს, გარდა დაზარალებულ ა. ნ–ს ჩვენებისა, სასამართლოსათვის არ წარუდგენია მტკიცებულებათა იმგვარი ერთობლიობა, რომელიც საკმარისი იქნებოდა მითითებულ ეპიზოდებში ა. ნ–ს დამნაშავედ ცნობისათვის. პალატა მიზანშეწონილად არ მიიჩნევს აღნიშნულის თაობაზე დეტალურ მსჯელობას, ვინაიდან ეთანხმება და იზიარებს ქვედა ორი ინსტანციის სასამართლოთა მოტივებსა და დასკვნებს.
3. სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის, როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებული ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და ა. ნ–ს როგორც თითოეული მუხლით, ისე – დანაშაულთა ერთობლიობით განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში არსებული მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება ა. ნ–ს როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებასთან მიმართებით, ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 18 აგვისტოს, 2021 წლის დეკემბრის, 2022 წლის იანვრისა და 2022 წლის თებერვლის ბრალდების ეპიზოდები), 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებებისათვის უდანაშაულოდ ცნობასა და გამართლებასთან დაკავშირებით.
5. ადვოკატი რ. შ– ალტერნატიულად ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და საქმის დაბრუნებას სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ, საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 307-ე მუხლის 1-ელი ნაწილში ჩამოთვლილია, თუ რა გადაწყვეტილებას იღებს საკასაციო სასამართლო. ამ ჩამონათვალში არ არის საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად. შესაბამისად, კასატორის ზემოაღნიშნული მოთხოვნა უსაფუძვლოა.
6. ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. ამავე დროს, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001).
7. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ა. ნ–ს მიმართ უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით გათვალისწინებული ამნისტია, კერძოდ:
8. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, 1/6-ით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი-მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია; ხოლო მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, იმ პირზე, რომელმაც ჩაიდინა ოჯახური დანაშაული (გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით ან მე-7 მუხლით განსაზღვრული ოჯახური დანაშაულისა) ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია (სასჯელის 1/6-ით შემცირება) გავრცელდება, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია და თუ ეს პირი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა. დამცავი ორდერით გასათვალისწინებელი შეზღუდვების ფარგლებს განსაზღვრავს მოსამართლე. ასევე, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით ან მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება მხოლოდ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე.
9. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან წარმოდგენილია დაზარალებულ ა. ნ–ს ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა ა. ნ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელების შესახებ, ასევე – მსჯავრდებულის თანხმობა, „ამნისტიის შესახებ“ ამავე კანონის შესაბამისად, მის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ა. ნ–ს მიმართ უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული ამნისტია და 1/6-ით უნდა შეუმცირდეს ამ განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელები, ასევე, მის მიმართ უნდა გამოიცეს დამცავი ორდერი.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პროკურორ ლიკა ბულიას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ადვოკატ რ. შ–ს საკასაციო საჩივარი – უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 307-ე მუხლით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ლიკა ბულიას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. მსჯავრდებულ ა. ნ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. შ–ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 11 აგვისტოს განაჩენი შეიცვალოს:
4. ა. ნ. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 18 აგვისტოს, 2021 წლის დეკემბრის, 2022 წლის იანვრისა და 2022 წლის თებერვლის ბრალდების ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებებში;
5. ა. ნ. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
6. ა. ნ– ცნობილ იქნეს დამნაშავედ და განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2020 წლის ეპიზოდი) – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, შეუმცირდეს 1/6-ით და მიესაჯოს 10 (ათი) თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე, სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით 5 (ხუთი) წლით შეეზღუდოს ნებისმიერი სახის იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარების და გამოყენების უფლება;
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 28 მაისის ეპიზოდი) – 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, შეუმცირდეს 1/6-ით და მიესაჯოს 1 (ერთი) წლითა და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე, სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით 5 (ხუთი) წლით შეეზღუდოს ნებისმიერი სახის იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარების და გამოყენების უფლება;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ა. ნ–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, განესაზღვროს 1 (ერთი) წლითა და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე, სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით 5 (ხუთი) წლით შეეზღუდოს ნებისმიერი სახის იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარების და გამოყენების უფლება;
7. მსჯავრდებულ ა. ნ–ს სასჯელის ვადა აეთვალოს 2025 წლის 24 ივნისიდან;
8. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, მსჯავრდებულ ა. ნ–ს მიმართ 3 (სამი) თვით გამოიცეს დამცავი ორდერი, შემდეგი პირობებით:
8.1. ა. ნ–ს აეკრძალოს დაზარალებულ ა. ნ–სთან (პირადი №..........), მის საცხოვრებელთან, სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც იგი იმყოფება;
8.2. ა. ნ–ს აეკრძალოს დაზარალებულ ა. ნ–სთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის – ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით;
8.3. ა. ნ–ს დაევალოს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა;
9. დამცავი ორდერი ძალაში შედის გამოცემისთანავე და მოქმედების ვადა აეთვალოს მსჯავრდებულ ა. ნ–ს პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებისთანავე;
10. მსჯავრდებულ ა. ნ–ს მიერ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების/ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;
11. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ა. ნ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო – გაუქმებულია;
12. გირაოს უზრუნველსაყოფად ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 30 ნოემბრის №020734323008255538 (საქმე №12/2548-23) განჩინებით დაყადაღებულ უძრავ ქონებას (საკადასტრო კოდი – 40.12.32.582) მოეხსნას ყადაღა განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში;
13. ნივთმტკიცება – დისკზე დაცული ინფორმაცია – განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ;
14. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ლ. თევზაძე