Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №928აპ-25 16 მარტი, 2026 წელი

წ–ი გ., №928აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 11 სექტემბრის განაჩენზე მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ გოჩა ცინცაძის და მსჯავრდებულ მ დ–ის ადვოკატის – მ. ნ–ის – საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. გ. წ–ს ბრალად ედებოდა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი);

1.2. გ. წ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგით:

1.2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით, გ. წ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და 6 თვით. 2022 წლის 11 ივლისს, დაახლოებით, 21:00 საათზე, დ–ს მუნიციპალიტეტის .....ში, მ დ–ის კუთვნილ “Mitsubishi Pajero Io”-ს მარკის და მოდელის ავტომობილით მგზავრობისას, გ. წ–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს – მ დ–ს, რომელსაც უთხრა, რომ მოკლავდა, მოაჭრიდა თავს და არ აცოცხლებდა. შედეგად, დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით, გ. წ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და 6 თვით. 2022 წლის იანვრიდან იმავე წლის 11 ივლისამდე პერიოდში და 2022 წლის 16 თებერვალს, მ–ში, ა–ს ქუჩის №..-ში, მ დ–ის ბინაში, გ. წ–ი სიცოცხლის მოსპობით რამდენჯერმე დაემუქრა მეუღლეს – მ დ–ს. შედეგად, დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

1.3. მ დ–ს ბრალად ედებოდა:

1.3.1. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი).

1.3.2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

1.4. მ დ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგით:

1.4.1. მ დ–მა მისი მეუღლის, გ. წ–ის მშობელს – შ. წ–ს – 2022 წლის 21 იანვარს, მის „სამსუნის“ ფირმის მობილურ ტელეფონის ნომრებზე – ...... და ....., თავისი მობილურ ტელეფონის ნომრებიდან – ........ და ....... – მისწერა შეურაცხმყოფელი და სიცოცხლის მოსპობის მუქარისშემცვლელი მესიჯები, როდესაც შ. წ–ი იმყოფებოდა დ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ...... თავის საცხოვრებელ სახლში. შ. წ–მა მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში.

1.4.2. მ დ–მა მისი მეუღლის, გ. წ–ის მშობელს – შ. წ–ს – 2022 წლის 27 მარტს, მის „სამსუნის“ ფირმის მობილურ ტელეფონის ნომრებზე – ........ და ........, თავისი მობილურ ტელეფონის ნომრებიდან – ....... და ...... – მისწერა შეურაცხმყოფელი და სიცოცხლის მოსპობის მუქარისშემცვლელი მესიჯები, როდესაც შ. წ–ი იმყოფებოდა დ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ......... თავის საცხოვრებელ სახლში. შ. წ–მა მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში.

1.4.3. მ დ–მა მისი მეუღლის, გ. წ–ის მშობელს – შ. წ–ს – 2022 წლის 25 აპრილს, მის „სამსუნის“ ფირმის მობილურ ტელეფონის ნომრებზე – .......... და ........., თავისი მობილურ ტელეფონის ნომრებიდან – ............ და .......... – მისწერა შეურაცხმყოფელი და სიცოცხლის მოსპობის მუქარისშემცვლელი მესიჯები, როდესაც შ. წ–ი იმყოფებოდა დ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ........ში, თავის საცხოვრებელ სახლში. შ. წ–მა მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში.

1.4.4. 2022 წლის 21 იანვრიდან 2022 წლის 25 აპრილამდე პერიოდში, მ დ–ი მისი მეუღლის, გ. წ–ის მშობელს – შ. წ–ს – დ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ........ში ყოფნისას სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას და ამცირებდა, რის გამოც, შ. წ–ი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 29 მაისის განაჩენით:

2.1.1. გ. წ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა:

· საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2022 წლის 11 ივლისის ეპიზოდი) – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათის ვადით;

· საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2022 წლის იანვრიდან 2022 წლის 11 ივლისამდე პერიოდის ეპიზოდი) – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათის ვადით;

· საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2022 წლის 11 ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი სასჯელი და, საბოლოოდ, გ. წ–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის პერიოდის (2022 წლის 13 ივლისიდან 2023 წლის 11 აპრილის ჩათვლით) გათვალისწინებით, ჩაეთვალა მოხდილად.

2.1.2. მ დ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.

2.2. მცხეთის რაიონული სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – გოჩა ცინცაძემ – სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გ. წ–ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრება და მ დ–ის დამნაშავედ ცნობა მისთვის ბრალადწარდგენილი მუხლებით, ასევე – მკაცრი სასჯელის დანიშვნა.

2.3. პროკურორის სააპელაციო საჩივრის საპასუხოდ, მ დ–ის ადვოკატმა – მ. ნ–მა – წარადგინა შესაგებელი, რომლითაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 11 სექტემბრის განაჩენით, მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ გოჩა ცინცაძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შეიცვალა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 29 მაისის განაჩენი:

3.1.1. გ. წ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა:

· საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით (2022 წლის 11 ივლისის ეპიზოდი) – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათის ვადით;

· საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით (2022 წლის იანვრიდან 2022 წლის 11 ივლისამდე პერიოდი) – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათის ვადით;

· საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით (2022 წლის 11 ივლისის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და, საბოლოოდ, გ. წ–ს, სასჯელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათის ოდენობით, რაც, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის პერიოდის (2022 წლის 13 ივლისიდან 2023 წლის 11 აპრილის ჩათვლით) გათვალისწინებით, ჩაეთვალა მოხდილად.

3.1.2. მ დ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში. მ დ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 საათის ვადით.

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდებისა და დაცვის მხარემ.

3.2.1. მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი – გოჩა ცინცაძე – საკასაციო საჩივრით ითხოვს გ. წ–ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრებას და მ დ–ის დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალადწარდგენილი მუხლებით, ასევე – მკაცრი სასჯელის დანიშვნას. პროკურორის პოზიციით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია მ დ–ის დამნაშავედ ცნობისთვის, მათ შორის, მუქარის სამივე ეპიზოდში; სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ არცერთი მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს.

3.2.2. მ დ–ის ადვოკატი – მ. ნ–ი – საკასაციო საჩივრით ითხოვს მ დ–თან მიმართებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და, მის ნაცვლად, სრულად გამამართლებელი განაჩენის დადგენას. ადვოკატის მოსაზრებით, განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი მ დ–ის მსჯავრდებისთვის საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა; დაზარალებულის ჩვენება შურისძიების მოტივით არის ნაკარნახევი; ექსპერტიზის დასკვნა ეფუძნება დაზარალებულის ჩვენებას, რის გამოც, ეს ორი მტკიცებულება დამოუკიდებლად ვერ განიხილება; საქმეში წარმოდგენილი სხვა პირთა ჩვენება ირიბია, რის გამოც, მათზე განაჩენის დაფუძნება შეუძლებელია.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ უთითებენ და ასაბუთებენ საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა და მ დ–ის ადვოკატმა. გ. წ–თან მიმართებით, პროკურორი მხოლოდ სასჯელის დამძიმებას ითხოვს, რის შედეგადაც საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს და აღარ განიხილავს მისი მსჯავრის სისწორეს, არამედ იმსჯელებს მხოლოდ სასჯელის საკითხზე. რაც შეეხება მ დ–ს, რამდენადაც მის მიმართ ორივე მხარის საჩივარი ეხება, როგორც მსჯავრის კანონიერებას, ისე – სასჯელის ნაწილს, სასამართლო იმსჯელებს ორივე საკითხზე.

4.3. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენში დეტალურად და არგუმენტირებულად უარყოფილია ბრალდების მხარის პოზიცია, რომელიც მ დ–ის დამნაშავედ ცნობას ითხოვდა მუქარის სამივე ეპიზოდში. ქვედა ინსტანციის სასამართლომ გამართლების საფუძვლად სწორად მიიჩნია ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და თარიღების ერთმანეთთან შეუსაბამობა. მართალია, ცალკეულ შემთხვევებში მ დ–ი მართლაც გამოთქვამდა მუქარას დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობის შესახებ, თუმცა სააპელაციო სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ ბრალდების ფორმულირება პროკურორის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა. შესაბამისად, სასამართლოს არ აქვს შესაძლებლობა არსებითად შეცვალოს ბრალდების შინაარსი – მაგალითად, დააზუსტოს დადგენილებაში მითითებული თარიღი ან სხვა ფაქტობრივი გარემოება. ამდენად, მ დ–ის გამართლება საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების სამივე ეპიზოდში კანონიერი და დასაბუთებულია.

4.4. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას საქართველოს სსკ-ის 126¹-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მ დ–ის მსჯავრდების შესახებ და მიიჩნევს, რომ 2022 წლის 24 იანვრიდან 2022 წლის 25 აპრილამდე პერიოდში, მ დ–ი სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა შ. წ–ს.

4.5. სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას, დაზარალებულმა შ. წ–მა დაადასტურა მ დ–ის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ფაქტები, რაშიც, შეტყობინებების შინაარსიდან გამომდინარე, დაეჭვების საფუძველი არც საკასაციო პალატას გააჩნია. დაცვის მხარის მითითება დაზარალებულის დაინტერესებასა და მიკერძოებულობაზე, იმ მოტივით, რომ მ დ–ის განცხადების საფუძველზე დააკავეს მისი შვილი – გ. წ–ი, ხოლო, მეორე შვილის – ზ. წ–ს მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა, ვერ გახდება შ. წ–ის მიმართ ჩადენილი დანაშაულის ავტომატურად გამორიცხვის საფუძველი. მოწმის ან დაზარალებულის მიერ ფაქტების დამახინჯებულად ან მცდარად გადმოცემაზე აპელირება დასაბუთებულად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები, რაც, მოცემულ შემთხვევაში არ წარმოდგენილა. საგულისხმოა, რომ დაზარალებულმა ერთმნიშვნელოვნად გამორიცხა მ დ–ის მიმართ რაიმე სახის დაინტერესება და განმარტა, რომ მისი მხრიდან საჩივრის შეტანა პროკურატურაში განპირობებული იყო არა შურისძიების სურვილით, არამედ – საკუთარი თავის დაცვის მოტივით.

4.6. დაზარალებულის ჩვენებას მ დ–ის მხრიდან განხორციელებული სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ფაქტების შესახებ ავსებს დაცვის მხარის მოწმის – ნ. ლ–ს – ჩვენება. აღნიშნულმა მოწმემ აღწერა მ დ–ის დამოკიდებულება მისი ოჯახის წევრების, მათ შორის, მამამთილის – შ. წ–ის – მიმართ და დაადასტურა, რომ მ დ–ი მას შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი სიტყვებით მიმართავდა. გასათვალისწინებელია, რომ დაზარალებულის ჩვენება შეესაბამება მისი მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმს, შეტყობინებების შინაარსს და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას. ამ უკანასკნელი მტკიცებულებით, რომლის შინაარსიც დაადასტურა სასამართლოში დაკითხულმა ექსპერტმა, უტყუარად დასტურდება მ დ–ის ქმედებების შედეგად, დაზარალებულის მიერ ფსიქოლოგიური ტანჯვის განცდის ფაქტი. აღსანიშნავია, რომ სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში აღწერილია დაზარალებულის ემოციური მდგომარეობა, რომელშიც ფიქსირდება შფოთვისა და დეპრესიის ნორმაზე მაღალი დონე, ემოციური ლაბილობა და სტრესული მდგომარეობა.

4.7. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ დ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 126¹-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია მტკიცებულებათა ერთობლიობით და არ ეფუძნება მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებას, როგორც ამას დაცვის მხარე უთითებს საკასაციო საჩივარში. შესაბამისად, ქვედა ინსტანციის სასამართლომ მ დ–ის ქმედება სამართლებრივად სწორად შეაფასა და მხარეთა არგუმენტები დასაბუთებულად უარყო.

4.8. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის არგუმენტი – დანაშაულის არ აღიარების შესახებ – ვერ მიიჩნევა დამამძიმებელ გარემოებად და დანიშნული სასჯელის გამკაცრების კანონისმიერ საფუძვლად. სასამართლოს შეფასებით, თავისუფლების აღკვეთის ალტერნატიული სასჯელის განსაზღვრა ავტომატურად არ ნიშნავს უსამართლო მიდგომას, რადგან სასჯელი შეირჩევა ინდივიდუალურად, კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. განსახილველ შემთხვევაში, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დასაბუთებულია ორივე მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება და მიიჩნევს, რომ მათი გამკაცრება მიზანშეუწონელია.

4.9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორები არ უთითებენ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრების განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

4.10. ამდენად, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, მხარეთა საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.11. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ გოჩა ცინცაძის და მსჯავრდებულ მ დ–ის ადვოკატის – მ. ნ–ის – საკასაციო საჩივრები ცნობილ იქნეს დაუშვებლად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ნ. სანდოძე