Facebook Twitter

3კ/809-01 19 ოქტომბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი,მ. გოგიშვილი

დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება.

აღწერილობითი ნაწილი:

ბ. ხ-შვილმა 2000 წლის 10 აპრილს სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ე. ყ-შვილზე მის მიერ სესხად მიცემული 3000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრება გადახდის დროისათვის არსებული კურსით. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მოპასუხეზე დამატებითი ზარალის სახით 3645 აშშ დოლარის დაკისრება.

მოწინააღმდეგე მხარემ სარჩელი არ ცნო. Nმან მიუთითა, რომ ოჯახის საჭიროებისათვის ხ-შვილისაგან ისესხა 900 ამერიკული დოლარი ერთი წლით. პროცენტის თაობაზე არც ზეპირი და არც წერილობითი შეთანხმება არ ყოფილა. ნასესხები თანხიდან მან გადაიხადა 413 აშშ დოლარი, დარჩენილი თანხის გადახდა კი შეაგვიანდა, რაზედაც განაწყენებულმა ხ-შვილმა მოსთხოვა 3000 აშშ დოლარი. N1998 წლის აპრილში მას იძულებით მოაწერინეს ცარიელ ფურცელზე ხელი და შემდეგ თვითონ შეადგინეს ხელწერილი, თითქოს მის მიერ ნასესხები იყო 3000 აშშ დოლარი. აპელანტი აღნიშნავდა, რომ ამ დროისათვის მას ხ-შვილისათვის უკვე გადახდილი ჰქონდა 413 დოლარი და 800 ლარი დამატებით, სულ 1213 დოლარი და, ამდენად, ხ-შვილს მისგან არაფერი ერგება. Mმისი განცხადებით, მას გადახდილი აქვს ზედმეტი თანხა, რის გამოც სასამართლოში შეიტანა შეგებებული სარჩელი.

მოსარჩელემ შეგებებული სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოპასუხეს მისთვის თანხა არ დაუბრუნებია.

მოსარჩელე განმარტავდა: მან 900 აშშ დოლარი ასესხა ყ-შვილს და ამას არ უარყოფს არც ერთი მხარე. თანხა ნასესხები იყო ყოველთვიური 10% სარგებლით.Aაღნიშნულის გათვალისწინებით დაიწერა ხელწერილი, რომლის შედგენის დროისათვის 900 დოლარმა 10% დანამატით შეადგინა 3000 დოლარი.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ე. ყ-შვილს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 3000 აშშ დოლარის გადახდა. ამავე გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ე. ყ-შვილს ზედმეტად გადახდილი თანხის 413 აშშ დოლარის მოპასუხეზე დაკისრების შესახებ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 21 თებერვლის განჩინებით ე. ყ-შვილის სააპელაციო სიჩივარი არ დაკმაყოფილდა. არ დაკმაყოფილდა ბ. ხ-შვილის შეგებებული სააპელაციო საჩივარი, უცვლელი დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის თანახმად იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა, აუცილებელია წერილობითი აღიარება. მოცემულ საქმეზე დადგინდა, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს 1998 წელს ზეპირი გარიგების საფუძველზე ასესხა 900 აშშ დოლარი თვეში 10% გადახდით. 1999 წლის 19 მარტს მხარეებს შორის გაფორმდა ხელწერილი, რომელსაც ხელს აწერს მოპასუხე და რომლითაც დასტურდება, რომ მოპასუხემ წერილობით აღიარა 3000 აშშ დოლარის ვალის არსებობა. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არ დგინდება ხელწერილის იძულებით დაწერის ფაქტი.

სააპელაციო სასამართლომ ვერ გაიზიარა ყ-შვილის ადვოკატის მურუსიძის მტკიცება, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით ბათილია მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის შეთანხმება პროცენტის შესახებ, რადგან მათ შორის დადგენილი პროცენტი არ არის გონივრულ შესაბამისობაში ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობასთან. სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული გარიგება ამ საფუძვლით ბათილად ვერ ჩაითვლება, რადგან რაიმე წერილობითი მტკიცებულება ბანკთაშორის აუქციონზე პროცენტის დადგენის თაობაზე არ არსებობს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ე. ყ-შვილის მიერ 413 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი არ დგინდება.

ე. ყ-შვილი საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ სასამართლოს მიერ უგულებელყოფილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მოთხოვნა, რომ სესხისათვის მხარეებმა შეიძლება გაითვალისწინონ პროცენტი, რაც გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობასთან.

კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის თანახმად ვალის არსებობის აღიარება წარმოადგენს ხელშეკრულებას. ეს არის გარიგება, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისაკენ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

თუ ვალის არსებობის აღიარება ეწინააღმდეგება კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ასეთი ხელშეკრულება ბათილად უნდა ჩაითვალოს.

მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ვალი წარმოშობილია 900 დოლარის სესხისა და მასზე დარიცხული 10% აღიარებით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად მხარეებმა შეიძლება გაითვალისწინონ პროცენტი სესხისათვის, რაც გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობასთან.

თუ მხარეებს შორის არსებობდა სესხის ხელშეკრულება პროცენტის გადახდის პირობით, ამ შემთხვევაში სესხი და პროცენტი გადახდილი უნდა იყოს კანონის მოთხოვნათა დაცვით და კანონის მოთხოვნისაგან განსხვავებული ყველა გარიგება, ყველა ხელშეკრულება ბათილია.

თუ დადგინდა, რომ მხარეებს შორის არსებობდა სესხის ხელშეკრულება პროცენტის გადახდის პირობის გარეშე, ვალის არსებობის აღიარება ამ შემთხვევაშიც ბათილია, რადგან იგი ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნას, რომლის თანახმად თუ სესხი უპროცენტოა, მისი დაბრუნება უნდა განხორციელდეს პროცენტის გარეშე.

ასევე დაუსაბუთებელია სასამართლოს მითითება, რომ ვინაიდან, მხარეებს მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ ბანკთაშორის აუქციონზე დადგენილი პროცენტის თაობაზე, გარიგება ბათილად ვერ ჩაითვლება.

ეროვნული ბანკის ან ბაკნთაშორისი საკრედიტო აუქციონის მიერ დადგენილი პროცენტის ზღვრული ოდენობა წარმოადგენს ნორმას, საყოველთაოდ ცნობილ ფაქტს, რომელსაც მტკიცება არ სჭირდება და სასამართლო ვალდებულია ყველა შემთხვევაში გამოიყენოს იგი.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულის გათვალისწინებით უნდა დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები და გამოიყენოს სამართლის ნორმები.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ე. ყ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 21 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.