გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ/810 5 იანვარი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ვ. ხრუსტალი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი, მ. წიქვაძე
დავის საგანი – მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2000 წლის 26 აპრილს ლ. ყ-ძემ მოპასუხე ა. გ-იანის და მისი კანონიერი წარმომადგენლის – ვ. გ-იანის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ქ. თბილისის გლდანის რაიონულ სასამართლოს, რომელშიც მიუთითა, რომ 1998 წლის 5 ნოემბერს მისმა მეზობელმა, 12 წლის ა. გ-იანმა სახლის მე-8 სართულის აივნიდან ისროლა ბოთლი, რომელიც თავში მოხვდა მის შვილს, 6 წლის ლ. ყ-ძეს, რომელმაც მიიღო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება და სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 409-ე, 413-ე და 994-ე მუხლების საფუძველზე მოითხოვა ა. გ-იანისათვის 3000 აშშ დოლარის ასანაზღაურებლად დაკისრება.
2000 წლის 17 მაისს რაიონულმა სასამართლომ მოპასუხის გამოუცხადებლობის მოტივით მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება და სარჩელის მოთხოვნა მთლიანად დააკმაყოფილა.
ა. გ-იანის განცხადების საფუძველზე რაიონულმა სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვა დანიშნა 2000 წლის 2 ივნისს.
2000 წლის 2 ივნისს მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სხდომა გადაიდო 13 ივნისისათვის.
2000 წლის 13 ივნისს ა. გ-იანის ადვოკატმა სასამართლოს წარუდგინა ვ. გ-იანის განცხადება საქმის განხილვის გადადების შესახებ და 2000 წლის 13 ივნისის თარიღით გაფორმებული ორდერი, ამასთან, იმის გამო, რომ მის მიერ იმ დღეს (13 ივნისს) გაფორმდა მოპასუხესთან ხელშეკრულება და არ იცნობდა საქმის მასალებს, ითხოვა საქმის განხილვის სხვა დროისთვის გადადება.
მოსარჩელის ადვოკატმა მიიჩნია, რომ მოპასუხის და მისი წარმომადგენლის მიერ დაყენებული შუამდგომლობა წარმოადგენდა საქმის განხილვის გაჭიანურების მცდელობას და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება.
სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა ისე, რომ რაიმე გადაწყვეტილება არ მიუღია მოპასუხის და მისი წარმომადგენლის შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან უარყოფის შესახებ და დაადგინა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება.
მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხე ა. გ-იანს დააკისრა 3000 აშშ დოლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ იმ პირობით, რომ თანხის გადახდას მოახდენდა მისი კანონიერი წარმომადგენელი, თუ კი გადაწყვეტილების აღსრულების დროს მას მითითებული თანხა არ აღმოაჩნდებოდა.
2000 წლის 12 ივლისს ვ. გ-იანმა სააპელაციო საჩივრით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვისათვის რაიონულ სასამართლოში დაბრუნება იმ საფუძვლით, რომ მისი დამცველი ესწრებოდა სასამართლო პროცესს, მაგრამ მის წინააღმდეგ სასამართლომ მაინც მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, მაშინ, როცა მოსარჩელეს სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი არ ჰქონდა სათანადო დოკუმენტები მკურნალობაზე გაწეული ხარჯების შესახებ და სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა მოთხოვნას.
სააპელაციო სასამართლომ 2000 წლის 1 სექტემბერს განიხილა მოპასუხის სააპელაციო საჩივარი და არ დააკმაყოფილა იგი უსაფუძვლობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, მხარეები სათანადო წესით იყვნენ გაფრთხილებულნი სხდომის დღის მიმდინარეობის შესახებ, ხოლო ადვოკატის შუამდგომლობა საქმის მასალების გაცნობის მიზნით საქმის განხილვის გადადების შესახებ, საქმის განხილვის ვადის გაჭიანურების მცდელობას წარმოადგენდა, ამასთან, მოპასუხის ადვოკატმა არ მიიღო მონაწილეობა საქმის განხილვაში.
ვ. გ-იანმა 2000 წლის 11 ოქტომბერს საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს მიერ ამ საქმეზე მიღებული განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
კასატორს მიაჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ დაარღვია მისი კონსტიტუციური უფლებები, არ მისცა საშუალება მის ადვოკატს გასცნობოდა საქმის მასალებს, არ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა, საქმის მასალების გაცნობის მიზნით, საქმის განხილვის გადადების შესახებ და მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რასაც სათანადო შეფასება არ მისცა სააპელაციო სასამართლომ და მიიღო უკანონო გადაწყვეტილება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის “ზ” პუნქტის შესაბამისად, სასამართლო უწყება უნდა შეიცავდეს მითითებას მხარის გამოუცხადებლობის შედეგებზე.
ამავე კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე,M რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, რადგანაც სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 232-ე მუხლის შესაბამისად, გამოუცხადებლად ითვლება მხარე, რომელიც, სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა, მაგრამ უარი განაცხადა საქმის განხილვაში მონაწილეობაზე. ამასთან, წესი იმის შესახებ, რომ მხარე გაფთხილებული უნდა იქნეს გამოუცხადებლობის გამო, მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების შესაძლო მიღების შესახებ, აუცილებლად უნდა იყოს დაცული.
დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას მოპასუხის წინააღმდეგ საფუძვლად შეიძლება დაედოს ვარაუდი იმის შესახებ, რომ მოპასუხე აღიარებს მის წინააღმდეგ წამოყენებულ მოთხოვნას. ასეთი ვარაუდი არ წარმოიშობა, თუ მხარეს არ ჩაბარებია უწყება კანონით დადგენილი წესით.
თუ ასეთი ვარაუდის წარმოშობისათვის არ არსებობს პირობები, სასამართლოს უფლება არა აქვს გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. მაგრამ თუ შეცდომით ასეთი ვარაუდი წარმოიშვა და სასამართლომ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ასეთი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს.
თუ ეს წესი არაა დაცული, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ვერ ჩაითვლება და ასეთ ვითარებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ბ” პუნქტის მიხედვით, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, ვინაიდან სასამართლომ საქმე განიხილა მოპასუხის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ აღნიშნული გარემოების სათანადო გამოკვლევის გარეშე დატოვება იმას ნიშნავს, რომ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებები შეუმოწმებელია და გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. მითითებული გარემოება თავისთავად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.
საქმეში წარმოდგენილი უწყების ჩაბარების ხელწერილებიდან ჩანს, რომ მოპასუხე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის “ზ” პუნქტის შესაბამისად, არ იყო გაფრთხილებული გამოუცხადებლობის შესაძლო შედეგზე – მის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტის შესაბამისად, სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მართალია, მოპასუხე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის “ზ” პუნქტის შესაბამისად არ იყო მოწვეული სასამართლო პროცესზე და იგი პროცესზე არ გამოცხადდა, მაგრამ პროცესს ესწრებოდა მისი წარმომადგენელი, რომელსაც სხდომის ოქმის მიხედვით სხდომა არ დაუტოვებია და არც საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღებაზე უთქვამს უარი.
მიუხედავად ამისა, სასამართლომ მოპასუხის ადვოკატის შუამდგომლობა, საქმის მასალების გაცნობის მოტივით საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადების შესახებ, მიიღო სხდომის ხელოვნურად გაჭიანურების მცდელობად და დაადგინა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ისე, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად არ შეუმოწმებია, სარჩელში მითითებული გარემოებები ამართლებდა თუ არა სასარჩელო მოთხოვნას. ამის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებაში არანაირი მსჯელობა არ ჰქონია.
სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვის დროს სათანადო სამართლებრივი შეფასება უნდა მისცეს ზემოთ მითითებულ გარემოებებს და მიიღოს კანონიერი გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ვ. გ-იანის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 1 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.