საქმე N 330100121004695249
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე N969აპ-25 18 მარტი, 2026 წელი
ტ–ი პ., №969აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 23 სექტემბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ლევან ვეფხვაძის, მსჯავრდებულების ე. ტ–ასა და პ. ტ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის პ. ბ.ის, მსჯავრდებულ ე. ტ–ას და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. წ–ის, მსჯავრდებულ პ. ტ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ე. ლ–ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. პ. ტ–ი (დაბადებული ......, ყირგიზეთის მოქალაქე, პასპორტის ნომერი - .......), ე. ტ–ა (დაბადებული ....ს, ყირგიზეთის მოქალაქე, პასპორტის ნომერი - ........) და ნ. ტ–ა (დაბადებული ...., ყაზახეთის მოქალაქე, პასპორტის ნომერი - ..........) ცნობილ იქნენ ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად) და საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ იძულება, ადამიანისთვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი. მისი ფიზიკური და ფსიქიკური იძულება, არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლებაა და საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, ჩადენილი ჯგუფურად) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2021 წლის 14 აპრილს, დაახლოებით 17:30 საათზე, თ–ი, შ–ს ქუჩა N..-ის მიმდებარედ, პ. ტ–მა, ე. ტ–ამ და ნ. ტ–ამ, ჯგუფურად განახორციელეს ოჯახური ძალადობა ვ. ტ–ას მიმართ, კერძოდ: ე. ტ–ამ და პ. ტ–მა მკლავის არეში ძლიერ მოუჭირეს ხელები ვ. ტ–ას, ხოლო ნ. ტ–ამ მხრის არეში. ამასთან, ძალის გამოყენებით შეაჯანჯღარეს და მიანარცხეს იქვე მდებარე ხეზე, რის შედეგადაც ვ. ტ–ამ თოთოეულ შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.3. 2021 წლის 14 აპრილს, დაახლოებით 17:30 საათზე, თ–ი, შ–ს ქუჩა N..-ის მიმდებარედ, პ. ტ–მა, ე. ტ–ამ და ნ. ტ–ამ, ჯგუფურად განახორციელეს იძულება ოჯახის წევრის – ვ. ტ–ას მიმართ, კერძოდ: შემთხვევით შეხვედრისას მიაყენეს მას სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო მას შემდეგ რაც ვ. ტ–ა გაქცევით შეეცადა მათგან თავის დაღწევას, დაედევნენ, სხეულის სხვადასხვა არეში ხელების ძლიერ მოჭერით შეაჩერეს და არ აძლევდნენ თავისუფლად გადაადგილების საშუალებას. პ. ტ–ი, ე. ტ–ა და ნ. ტ–ა აღნიშნული ქმედებებით, მათი ოჯახის წევრს – ვ. ტ–ას ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად, მისი ნების საწინააღმდეგოდ აიძულებდნენ იმგვარი მოქმედების შესრულებისგან თავის შეკავებას, რომლის შესრულებაც მისი ნება იყო, კერძოდ: ვ. ტ–ას სურვილის საწინააღმდეგოდ არ აძლევდნენ თავისუფალი გადაადგილების საშუალებას.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ პ. ტ–მა და ე. ტ–ამ ჩაიდინეს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ იძულება, ადამიანისთვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი. მისი ფიზიკური და ფსიქიკური იძულება, არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლებაა და საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, ჩადენილი ჯგუფურად. პ. ტ–ის და ე. ტ–ას მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგით:
2021 წლის 14 აპრილს, დაახლოებით 17:30 საათზე, თ–ი, შ–ს ქუჩა N..-ის მიმდებარედ, პ. ტ–მა და ე. ტ–ამ ჯგუფურად განახორციელეს იძულება ოჯახის წევრის – ვ. ტ–ას მიმართ, კერძოდ: შემთხვევით შეხვედრისას მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო მას შემდეგ რაც ვ. ტ–ა გაქცევით შეეცადა მათგან თავის დაღწევას, დაედევნენ, სხეულის სხვადასხვა არეში ხელების ძლიერ მოჭერით შეაჩერეს და არ აძლევდნენ თავისუფლად გადაადგილების საშუალებას. პ. ტ–ი და ე. ტ–ა აღნიშნული ქმედებებით, მათი ოჯახის წევრს ვ. ტ–ას ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად, ნების საწინააღმდეგოდ აიძულებდნენ იმგვარი მოქმედების შესრულებისგან თავის შეკავებას, რომლის შესრულებაც მისი ნება იყო, კერძოდ: ვ. ტ–ას სურვილის საწინააღმდეგოდ არ აძლევდნენ თავისუფალი გადაადგილების საშუალებას.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 აპრილის განაჩენით, ნ. ტ–ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებებით.
ე. ტ–ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებით.
ე. ტ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი და 6 თვე.
პ. ტ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებით.
პ. ტ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი და 6 თვე.
2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 აპრილის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა მარიამ ნიკოლაშვილმა და მოითხოვა პ. ტ–ის, ნ. ტ–ასა და ე. ტ–ას დამნაშავედ ცნობა ბრალადწარდგენილ ყველა ქმედებაში და მათთვის შესაბამისი მკაცრი, სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრა.
2.4. განაჩენი, ასევე გაასაჩივრა მსჯავრდებულ ე. ტ–ამ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. წ–მა, მსჯავრდებულების პ. ტ–ის და ე. ტ–ას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა პ. ბ.მა და მსჯავრდებულ პ. ტ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ე. ლ–ემ და მოითხოვეს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 23 სექტემბრის განაჩენით, ბრალდებისა და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელი.
3.2. 2025 წლის 22 ოქტომბერს, მსჯავრდებულ ე. ტ–ას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. წ–მა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ე. ტ–ას მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
3.3. 2025 წლის 22 ოქტომბერს, მსჯავრდებულ პ. ტ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ე. ლ–მ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა პ. ტ–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
3.4. 2025 წლის 22 ოქტომბერს, მსჯავრდებულების პ. ტ–ისა და ე. ტ–ას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა პ. ბ–მა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა პ. ტ–ისა და ე. ტ–ას მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
3.5. 2025 წლის 22 ოქტომბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ და მოითხოვა პ. ტ–ის, ე. ტ–ასა და ნ. ტ–ას დამნაშავედ ცნობა ბრალადწარდგენილ ყველა ეპიზოდში და მათთვის შესაბამისი მკაცრი, სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრა.
3.6. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე, დაცვის მხარემ – გამართლებულ ნ. ტ–ას, ასევე მსჯავრდებულების პ. ტ–ისა და ე. ტ–ას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა პ. ბ–მა წარმოადგინა შესაგებელი და ითხოვა ბრალდების საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
4. კასატორთა არგუმენტები:
4.1. მსჯავრდებულ ე. ტ–ას ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. წ–ის პოზიციით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ე. ტ–ას მსჯავრდების ნაწილში უკანონოა, რადგან განაჩენი ემყარება ისეთი სახის მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც უტყუარობის სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს. ბრალდების მხარემ ვერ შეძლო სასამართლოს წინაშე წარმოედგინა მოწმე, რომლიც პირდაპირ მიუთითებდა და ამხელდა ე. ტ–ას მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენაში. ამასთან, დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ ე. ტ–ა იმყოფობოდა უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში.
4.2. მსჯავრდებულ პ. ტ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ე. ლ–ის პოზიციით, პ. ტ–ის მიერ მისი შვილის – ვ. ტ–ას მიმართ განხორციელებული ქმედება გამოწვეული იყო უკიდურესი აუცილებლობით, რასაც ადასტურებენ ფაქტის თვითმხილველი მოწმეები, ხოლო თავად დაზარალებულის ჩვენება არ არის სანდო და ფაქტებისადმი შეუსაბამოა.
4.3. მსჯავრდებულების ე. ტ–ას და პ. ტ–ის ინტერესების დამცველ ადვოკატს პ. ბ–ს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში, რადგან მსჯავრდებულებს არ ჰქონიათ იძულების განზრახვა. მათი ქმედება მიმართული იყო შვილის სიცოცხლის გადარჩენისკენ, რაც უკიდურესი აუცილებლობაა. ამასთან, ე. ტ–ასა და პ. ტ–ისთვის არ იყო ცნობილი, რომ ქმედება რომელსაც სჩადიოდნენ დასჯადია საქართველოს ტერიტორიაზე, რადგან აღნიშნული ყირგიზეთში არ წარმოადგენს დანაშაულს.
4.4. ბრალდების მხარის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი გამამართლებელ ნაწილში უკანონოა, რადგან დაზარალებულმა სასამართლოს მისცა დამაჯერებელი და თანმიმდევრული ჩვენება, რაც გამყარებულია საქმეში წარმოდგენილი ობიექტური და პირდაპირი მტკიცებულებებით.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში –საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ მიუთითებენ და ვერც ასაბუთებენ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.3. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, განსახილველი საქმე არ მოიცავს იმგვარ სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორთა საკვანძო არგუმენტებს, რომლებიც დიდწილად გამეორებულია საკასაციო საჩივარში, ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები გასცა სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში და მიუთითებს, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009). ამასთან, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
5.4. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება დაცვის მხარის არგუმენტებს, რომელთა მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგინდა ე. ტ–ასა და პ. ტ–ის მიერ მათთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან.
5.5. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ – ვ. ტ–ას, მოწმეების – ლ. კ–ს, ლ. უ–ს, დ. ა–ს, ე. ლ–ს, ს. ბ–ს, გ. ს–ს, ა. ვ–ს ჩვენებებით, ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმით, 2021 წლის 27 მაისის თ–ს „......ინსტიტუტის“ შენობის გარე სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების დათვალიერების ოქმით, 2021 წლის 25 მაისის სამხრე კამერების ჩანაწერების დათვალიერების ოქმით, N...... და N..... შემაკავებელი ორდერებითა და ოქმებით, სასამართლო – სამედიცინო ექსპერტიზის N....... და N....... დასკვნებით შესაძლებელია, როგორც ფაქტების უტყუარი დადასტურება, ისე – მატერიალური სამართლის ნორმის თითოეული ელემენტის დადასტურებულად მიჩნევა. შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენს და მიუთითებს, რომ ზემოხსენებული მტკიცებულებებით ერთმნიშვნელოვნად დგინდება ე. ტ–ასა და პ. ტ–ის მიერ ჯგუფურად, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ იძულების ჩადენა. შესაბამისად, წარმოდგენილი მტკიცებულებები აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის უტყუარობისა და დამაჯერებლობის საკანონმდებლო სტანდარტს.
5.6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დაზარალებულმა ვ. ტ–ამ სასამართლოს მისცა დამაჯერებელი და გულწრფელი ჩვენება, რაც გამყარებულია ისეთი ნეიტრალური მტკიცებულებით, როგორიცაა „......ინსტიტუტის“ შენობის გარე სამეთვალყურეო და პატრულ-ინსპექტორთა სამხრე კამერების ჩანაწერები. ასევე სრულად თანხვდება თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებებს. ზემოხსენებული მტკიცებულებებით ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ 2021 წლის 14 აპრილს, დაახლოებით 17:30 საათზე, დაზარალებული ვ. ტ–ა გ–ს ქუჩაზე, რომელსაც დაედევნა მამა – პ. ტ–ი, ხოლო შემდგომ დედა – ე. ტ–ა. პ. ტ–ი დაეწია ვ. ტ–ას, მკლავზე ჩაავლო ხელი და არ აძლევდა გადაადგილების (წასვლის) საშუალებას. მათთან სწრაფად მივიდა ე. ტ–ა, რომელმაც ასევე მოკიდა ხელი დაზარალებულს. ვ. ტ–ა უძალიანდებოდა მშობლებს და ცდილობდა მათგან თავის დაღწევას, თუმცა აღნიშნულის საშუალებას ისინი არ აძლევდნენ.
5.7. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს, რომ დაცვის მხარეთა საკასაციო საჩივრების თანახმად, ფაქტი, რომ პ. ტ–სა და ე. ტ–ას ხელი ჰქონდათ დაზარალებულისთვის ჩავლებული და მას გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ – სადავოდ არ გამხდარა, თუმცა მათი განმარტებით აღნიშნული იყო გამოწვეული უკიდურესი აუცილებლობით, რაც მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებაა.
5.8. დაცვის მხარის საკასაციო მოთხოვნიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველ გარემოებაზე – უკიდურეს აუცილებლობაზე. საქართველოს სსკ-ის 30-ე მუხლის თანახმად, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში, ესე იგი ვინც სხვას დააზიანებს იმ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, რომელიც ემუქრებოდა თვით დამზიანებლის ან სხვის სამართლებრივ სიკეთეს, თუ ამ საფრთხის თავიდან აცილება არ შეიძლებოდა სხვა საშუალებით და თუ დაზიანებული სიკეთე ნაკლებმნიშვნელოვანი იყო, ვიდრე გადარჩენილი სიკეთე.
5.9. საკასაციო სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ უკიდურესი აუცილებლობა ნიშნავს სხვის დაზიანებას იმ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, რომელიც ემუქრებოდა თვით დამზიანებელს ან სხვის სამართლებრივ სიკეთეს, თუ ამ საფრთხის თავიდან აცილება არ შეიძლებოდა სხვა საშუალებით და დაზიანებული სიკეთე გადარჩენილზე ნაკლებმნიშვნელოვანი იყო. უკიდურესი აუცილებლობის დროს სახეზე გვაქვს სამართლებრივ სიკეთეთა და ინტერესთა ურთიერთშედარება. უკიდურესი აუცილებლობის ნიშნებია: უკიდურესი მდგომარეობა, უკიდურესობით გამოწვეული მოქმედება, ინტერესთა ურთიერთშეჯერება და სუბიექტური ნება. უკიდურესი აუცილებლობის აუცილებელი პირობაა ის, რომ დაზიანებული სიკეთე ნაკლებმნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე გადარჩენილი სიკეთე (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის №1394აპ-23 გადაწყვეტილება).
5.10. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ ვ. ტ–ას სამართლებრივ სიკეთეს - ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა რეალურად და, რომ ამ საფრთხის აცილება სხვა საშუალებით შეუძლებელი იყო. მით უფრო იმ პირობებში, რომ დაზარალებული სწორედ ოჯახის წევრებისგან გარბოდა, შესაბამისად, საფრთხედ აღიქვამდა მშობლებს და მათი უმოქმედობა (დევნის შეწყვეტა) სრულად საკმარისი იყო საფრთხის გასანეიტრალებლად.
5.11. შესაბამისად, საკასაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ პ. ტ–ისა და ე. ტ–ას ქმედება არ შეიცავდა მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველ გარემოებას, კერძოდ, უკიდურეს აუცილებლობას, ანუ ისეთ გარემოებას, როცა პირის გადარჩენა შეიძლებოდა მხოლოდ იმგვარი მოქმედების ჩადენით, რომელიც, გარკვეულ გარემოებათა გათვალისწინების გარეშე, არის დანაშაულებრივი, მაგრამ ამ ქმედებით დაზიანებული სიკეთე გადარჩენილ სიკეთეზე – ადამიანის სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე ნაკლებმნიშვნელოვანია.
5.12. რაც შეეხება დაცვის მხარის მითითებას, რომ პ. ტ–ისა და ე. ტ–ასთვის არ იყო ცნობილი, რომ მათ მიერ ჩადენილი ქმედება დანაშაულს წარმოადგენს საქართველოს კანონდმდებლობით, არ უნდა იქნეს გაზიარებული უსაფუძვლობის გამო.
5.13. საქართველოს სსკ-ის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ადგენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს, განსაზღვრავს, თუ რომელი ქმედებაა დანაშაულებრივი, და აწესებს შესაბამის სასჯელს ან სხვა სახის სისხლისსამართლებრივ ღონისძიებას. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კი, იმას, ვინც დანაშაული ჩაიდინა საქართველოს ტერიტორიაზე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ კოდექსით.
5.14. მართალია, საქართველოს სსკ-ის 36-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ის, ვინც არ იცის, რომ ქმედება, რომელსაც სჩადის, აკრძალულია, არ დაისჯება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა შეცდომა მისატევებელია. თუმცა აღნიშნული ეხება მხოლოდ სამართლებრივ (იურიდიულ) შეცდომას და არა ფაქტობრივს. ეს უკანასკნელი კი განიხილება განზრახი ქმედების შემადგენლობის ეტაპზე (იხ. სისხლის სამართალი, ზოგადი ნაწილის მიმოხილვა მ.ტურავა მეცხრე გამოცემა).
5.15. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მას შემდეგ რაც, ვ. ტ–ა გაქცევით შეეცადა პ. ტ–ისა და ე. ტ–ასგან თავის დაღწევას, ეს უკანასკნელნი დაედევნენ, სხეულის სხვადასხვა არეში ხელების ძლიერი მოჭერით შეაჩერეს და არ აძლევდნენ თავისუფლად გადაადგილების საშუალებას. აღნიშნული ქმედებებით, ისინი ოჯახის წევრს –ვ. ტ–ას ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად, ნების საწინააღმდეგოდ აიძულებდნენ იმგვარი მოქმედების შესრულებისგან თავის შეკავებას, რომლის შესრულებაც მისი ნება იყო, კერძოდ: ვ. ტ–ას სურვილის საწინააღმდეგოდ არ აძლევდნენ თავისუფალი გადაადგილების საშუალებას, რაც აღიკვეთა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მისვლის შემდეგ.
5.16. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ შესაძლებელია, მსჯავრდებული (ბრალდებული) არც აკონკრეტებდეს ან/და უარყოფდეს განზრახვის არსებობას, მაგრამ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით დადგინდეს პირის მიერ განზრახვის ნამდვილობა ანუ ფაქტობრივ გარემოებათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი, რაც ქმედების სუბიექტური შემადგენლობის შეფასების შესაძლებლობას იძლევა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის №527აპ-17 და №213აპ-20 განაჩენები).
5.17. რაც შეეხება ბრალდების მხარის მოთხოვნას, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს და მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები მიემართება ჯგუფურად იძულების ჩადენას და არასაკმარისია ჯგუფურად ძალადობისა და ამასთან, ნ. ტ–ას მიერ იძულების განხორციელების ფაქტის დასადასტურებლად.
5.18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებები ფასდება დანაშაულის თითოეული ეპიზოდისათვის ცალ-ცალკე და წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდნენ არა დანაშაულთა ერთობლიობის გათვალისწინებით, არამედ თითოეული ქმედების ფარგლებში, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით შესაძლებელი უნდა იყოს არა მხოლოდ ფაქტების უტყუარი დადასტურება, არამედ მტკიცება უნდა მიემართებოდეს მატერიალური სამართლის ნორმის თითოეულ ელემენტს და უნდა ქმნიდეს დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას. ამასთან, უდანაშაულობის პრეზუმფცია დაძლეულია მხოლოდ მაშინ, თუ უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები აქარწყლებენ გონივრულ ეჭვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველგვარი ეჭვი, რაც ვლინდება დანაშაულის შემადგენლობის რომელიმე ნიშნის არსებობის მიმართ, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
5.19. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაცულია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირის მსჯავრდებას საფუძვლად უდევს უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ ერევა ეროვნული სასამართლოების მიერ მტკიცებულებათა დასაშვებობასა და შეფასებაში და ადგენს ზოგადსახელმძღვანელო სტანდარტს: განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014).
5.20. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ ბრალდების მხარის მიერ სადავოდ გამხდარ ეპიზოდებთან მიმართებით სასამართლოში წარმოდგენილია მხოლოდ ვ. ტ–ას ჩვენება. პალატის მიზანს არ წარმოადგენს რაიმე ფორმით მოახდინოს დაზარალებულის ჩვენების დისკრედიტაცია ან აქციოს იგი არასანდოდ, თუმცა, ამავდროულად, სასამართლოს ამოცანაა, შეაფასოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების უტყუარობა ერთობლიობაში და ისე მიიღოს გადაწყვეტილება პირის დამნაშავეობა/უდანაშაულობის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში კი, სხვა პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რომლებიც მიუთითებდა პ. ტ–ის, ნ. ტ–ასა და ე. ტ–ას მიერ ჯგუფურად ძალადობას, ასევე ნ. ტ–ას მიერ ჯგუფურად იძულების ჩადენას სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება, ხოლო იმისათვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული არსებითად უსამართლო და დაუსაბუთებელი განაჩენით პირის მსჯავრდება, სასამართლოსათვის აუცილებელია დამატებითი, ნეიტრალური მტკიცებულების არსებობა, რომელიც დაზარალებულის ნათქვამის სისწორეს დაადასტურებს, რაც მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი არ ყოფილა.
5.21. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ლევან ვეფხვაძის, მსჯავრდებულების ე. ტ–ასა და პ. ტ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის პ. ბ–ის, მსჯავრდებულ ე. ტ–ას და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. წ–ის და მსჯავრდებულ პ. ტ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ე. ლ–ის საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
მამუკა ვასაძე