საქმე N 020100124009760448
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №975აპ-25 30 მარტი, 2026 წელი
გ–ა ვ., №975აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 15 სექტემბრის განაჩენზე, ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ქორიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ვ. გ–ია (პირადი ნომერი: ………) და ზ. გ–ია (პირადი ნომერი: ………..) ცნობილ იქნენ ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) და საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (წამება, ე.ი. პირისათვის ისეთი პირობების შექმნა და ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობითა და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია ინფორმაციისა და აღიარების მიღება, პირის დაშინება და იძულება, პირის დასჯა მის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის, ჩადენილი ჯგუფურად) გათვალისწინებული დანაშაულებისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2024 წლის 17 ივნისს, დილის საათებში, ზ. გ–მ და ვ. გ–ამ ფ. მ–ა მოტყუებით მიიყვანეს ზ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ რ–ს №.. სასაფლაოზე, სადაც მას წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, დაახლოებით 08:00 საათიდან 11:30 საათამდე პერიოდში უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. კერძოდ: შეიყვანეს მათი ნათესავების - თ–ების (ზ. ვ–თ, ს. თ–ა, კ. ჭ–ა/თ–ა, ჭ. თ–ა, საგვარეულო სასაფლაოზე, რომელიც წარმოადგენს კაპიტალურ ნაგებობას და ჩაკეტეს სასაფლაოს რკინის კონსტრუქციის შიგნით შესასვლელი კარი მავთულით, რის შემდგომაც ჯგუფურად, ზ– და ვ. გ–ებმა, გააკავეს ფ. მ–ა, რათა არ ჰქონოდა წინააღმდეგობის გაწევის უნარი, მიაბეს სკამზე და ბოძზე, რითაც ფ. მ–ას უკანონოდ, ჯგუფურად, აღუკვეთეს თავისუფლება.
1.3. 2024 წლის 17 ივნისს, დილის საათებში, ზ. გ–იამ და ვ. გ–იამ ფ. მ–ა მოტყუებით მიიყვანეს ზ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ რ–ში მდებარე თ–ების (ზ. ვ–თ, ს. თ–ა, კ. ჭ–ა/თ–ა, ჭ. თ–ა) საგვარეულო №.. სასაფლაოზე, სადაც მას წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, რის შემდგომაც მათი საცხოვრებელი სახლიდან ნივთების ქურდობის აღიარებისა და დაშინების მიზნით ხანგრძლივი დროის განმავლობაში, დაახლოებით 08:00 საათიდან 11:30 საათამდე პერიოდში, ძლიერ ფიზიკურ ტკივილს აყენებდნენ დაბმულ მდგომარეობაში მყოფ ფ. მ–ას, კერძოდ: სცემდნენ და აწამებდნენ სისტემატურად ხელსა და ფეხს, ასევე ჯოხს ურტყამდნენ სხეულის სხვადასხვა ნაწილში. ფ. მ–ა სთხოვდა მათ შეეწყვიტათ მისი წამება და უარყოფდა ქურდობის ჩადენის ფაქტს. მიუხედავად აღნიშნულისა, ზ– და ვ. გ–ები განაგრძობდნენ ფ. მ–ას წამებას, კერძოდ, ცემის პარალელურად ხორციელდებოდა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რამდენჯერმე ორივე ხელზე დაადეს გახურებული მავთული და უჭერდნენ თითებზე ბრტყელტუჩათი, რის გამოც ფ. მ–ამ ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ფსიქიკური, მორალური ტანჯვა განიცადა და განცდილი ძლიერი ტკვილისა და ტანჯვის გამო იძულებული გახდა ეღიარებინა ქურდობის ჩადენის ფაქტი. ფ. მ–ამ მის მიმართ განხოციელებული წამების შედეგად სხეულზე მიიღო დაზიანებები დამწვრობითი უბნების, სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევების სახით, რომლებიც მიეკუთნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 12 მარტის განაჩენით, ვ. გ–ია ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებით, ხოლო ვ. გ–ას მიმართ საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველ ნაწილზე. ვ. გ–ია ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2024 წლის 17 სექტემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შეუმცირდა 1/6-ით და საბოლოოდ, ვ. გ–ს განესაზღვრა 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ზ. გ–ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებებით.
2.2. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2024 წლის 17 ივნისს, დილის საათებში, ვ. გ–მ ფ. მ–ას მისი საცხოვრებელი სახლიდან ნივთების ქურდობის აღიარების გამო რამდენჯერმე დაარტყა ხელი და ასევე, ჯოხი, რომლის შედეგად ფ. მ–ამ მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
2.3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 12 მარტის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ ქორიძემ, რომელმაც მოითხოვა ვ. გ–იას და ზ. გ–იას დამნაშავედ ცნობა წარდგენილი ბრალდებებით.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 15 სექტემბრის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 12 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელი.
3.2. 2025 წლის 8 ოქტომბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 15 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ ქორიძემ, რომელმაც საკასაციო საჩივრით მოითხოვა ვ. გ–ს და ზ. გ–ს დამნაშავედ ცნობა წარდგენილი ბრალდებებით.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით (დაზარალებულ ფ. მ–ას, მოწმეების: მ. გ–ს, ნ. მ–ს, ნ. მ–ს და სხვათა ჩვენებები და ექსპერტიზის დასკვნები) უტყუარად დადასტურდა ვ. გ–ს და ზ. გ–იას ბრალეულობა ბრალადწარდგენილი ეპიზოდებით. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ვ. გ–იას და ზ. გ–იას ჩვენებები, რომელიც არათანმიმდევრული და ურთიერთსაწინააღმდეგოა, კერძოდ: ვ. გ–მ განმარტა, რომ მან ფ. მ–ა ჯოხით სცემა მამამისის საფლავზე. ჯოხი კი, ამოიღეს თ–ის საგვარეულო სასაფლაოდან. დასკვნითი სიტყვის ეტაპზე, ვ. გ–იამ თქვა, რომ ფ. მ–ა თ–ის საგვარეულო საფლავზე გადმოიყვანა და ამ დროს წამოიღო ჯოხი მამამისის სასაფლაოდან. ასევე განმარტა, რომ წინა დღეს შეეხო შესატრუს აპარატს და ამით ახსნა მისი გენეტიკური პროფილის არსებობა აღნიშნულ ნივთზე, რაც კასატორის აზრით არასანდოა. ზ. გ–იამ კი, განმარტა, რომ ფ. მ–ა მან მიიყვანა სასაფლაოზე, ხოლო შემდეგ წამოვიდა, რაც წინააღმდეგობრივია სხვა მოწმეთა ჩვენებებთან და საქმეზე გამოკვლეულ მტიცებულებებთან. ბრალდების მხარემ უზრუნველყო მტკიცებულებათა წარმოდგენა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებდა ვ. გ–იას და ზ. გ–ს ბრალეულობას, რისი გათვალისწინებითაც სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეტანა გამამტყუნებელი განაჩენი ბრალადწარდგენილი კვალიფიკაციით.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო საჩივრის თანახმად: ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მცდარი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, როდესაც ვ. გ–ია გაამართლა საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებით, ხოლო ზ. გ–ია გაამართლა საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებებით, ასევე არასწორად გადააკვალიფიცირა ვ. გ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველ ნაწილზე. ამდენად, საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში იმსჯელებს და შეაფასებს რამდენად არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი.
5.3. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებს, საპროცესო ნორმათა დაცვით გამოკვლეულ მტკიცებულებებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად შეაფასა საქმეში არსებული თითოეული მტკიცებულების დამაჯერებლობა, უტყუარობა და მნიშვნელობა, ასევე დაწვრილებით მიმოიხილა თითოეული მტკიცებულების შინაარსი, მასში გადმოცემულ ინფორმაციათა მიმართება ვ. გ–სა და ზ. გ–ს მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ასახულ ფაქტებთან და სამართლებრივად სწორად დაადგინა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა ვ. გ–სა და ზ. გ–ს ბრალეულობა ბრალადწარდგენილი ქმედებებით.
5.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
5.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: „მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, კი: „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
5.6. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v. the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v. the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014).
5.7. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ პალატის მიზანს არ წარმოადგენს რაიმე ფორმით მოახდინოს დაზარალებულის ჩვენების დისკრედიტაცია ან აქციოს ის არასანდოდ, თუმცა, ამავდროულად, სასამართლოს ამოცანაა, შეაფასოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების უტყუარობა ერთობლიობაში და ისე მიიღოს გადაწყვეტილება პირის დამნაშავეობა/უდანაშაულობის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში კი, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, სხვა პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა ვ. გ–ს და ზ. გ–ს მიერ პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენას სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება, ხოლო იმისათვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული არსებითად უსამართლო და დაუსაბუთებელი განაჩენით პირის მსჯავრდება, სასამართლოსათვის აუცილებელია დამატებითი, ნეიტრალური მტკიცებულების არსებობა, რომელიც დაზარალებულის ნათქვამის სისწორეს დაადასტურებს, რაც მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი არ ყოფილა. საკასაციო პალატა, სააპელაციო სასამართლოს მსგავსად განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს მოწმე რ. მ–ას ჩვენებას, რომელიც ფ. მ–ას ძმისშვილია და რომელმაც განმარტა, რომ 2024 წლის 17 ივნისს დაახლოებით 11:00 საათიდან 12:00 საათამდე დროის მონაკვეთში რ. ლ–ას მითითებით მივიდა სასაფლაოზე, სადაც ზ. გ–იას შეხვდა. მან უთხრა, რომ ფ–ისთვის ხელი არ დაერტყა. ფ. მ–ა სასაფლაოს ტერიტორიაზე შიგნით ნახა, რომელიც ჩვეულებრივად იჯდა. ფ. მ–ას ხელები დაბმული არ ჰქონია. ვ. გ–იამ ფ. მ–ას უთხრა გაემეორა ის რაც მანამდე მას უთხრა. ფ–მა კი უპასუხა, რომ ერთხელ ხომ აღიარა, შემდეგ ხელები აწია და უთხრა „რ–ი რა ვქნაო“. წასვლისას ვ. გ–იამ მას უთხრა, რომ მისი სახლიდან დაახლოებით 10000 აშშ დოლარის ნივთები იყო გატანილი და ბიძას და ძმისშვილს გაერკვიათ ერთმანეთში. საგულისხმოა, ასევე მოწმე ი. ბ–ას ჩვენება, რომლითაც დადასტურებულია, რომ ფ. მ–ამ ნებაყოფლობით აღიარა ქურდობის ფაქტი, რაც გაიმეორა ნათესავების თანდასწრებით, ასევე ის გარემოება, რომ მისი იქ ყოფნის პერიოდში ფ. მ–ასთვის შეურაცხყოფა არავის მიუყენებია.
5.8. ნანული მ–ას ჩვენებით დადასტურებულია, რომ არის დაზარალებულ ფ. მ–ას და. 2024 წლის 17 ივნისს, 13:00 საათის შემდეგ ფ–ი სახლში ბორძიკით მივიდა, ეგონა, რომ მთვრალი იყო. რ. მ–ამ მას ჰკითხა, თუ რატომ გააკეთა ეს, მან კი უპასუხა, რომ არაფრის თავი არ ჰქონდა. ფ–ის სხეულზე, რამდენიმე ადგილას შეამჩნია დამწვრობა. ასევე თავიდან სდიოდა სისხლი. ფ–მა მას უთხრა, რომ ვ–ი და ზ. გ–ებმა წაიყვანეს სასაფლაოზე. როდესაც შიგნით შევიდნენ ვ–იმ ხელები შეუკრა, შემდეგ ზ–იმ თოკებით დააბა და ვ–დან სპეციალურად ფ–ისთვის წამოღებული შესატრუსი ბალონით რკინას ადუღებდა და სხეულზე ადებდა, რომ ეღიარებინა ქურდობის ფაქტი. ვ–ის სურდა „ვ“ და „გ“ ასოების დაწერა მის სხეულზე. ასევე, ისინი ეუბნებოდნენ, რომ ქურდობის დროს მარტო არ იქნებოდა და იძულებული შეიქმნა ძმისშვილი რ–ი მ–აც დაესახელებინა. გონებას კარგავდა და „კოკა-კოლას“ ასხამდნენ. შემდეგ რ. ლ–ამ გაუხსნა მას ხელები და გაანთავისუფლა. საბოლოოდ, ფ–ის სთხოვდნენ 10000 აშშ დოლარს. მომხდარი შეატყობინა დას, მ. გ–ეს. მ. გ–ის მისვლის შემდეგ მათ დარეკეს პოლიციაში და გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება.
5.9. ანალოგიური გარემოებებია დადასტურებული მოწმეების მ. გ–ისა და ნ. მ–ას ჩვენებებით.
5.10. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომლის თანახმადაც, ვ. გ–იას და ზ. გ–იას მიმართ მოწმეები – ნ. მ–ა, მ. გ–ე და ნ. მ–ა იძლევიან მხოლოდ ირიბი ხასიათის ზოგად ჩვენებებს. ისინი ფაქტის თვითმხილველნი არ არიან და ინფორმაციას ფლობენ დაზარალებულისგან, შესაბამისად, საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების „საქართველოს მოქალაქე ზ. მ–ე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ თანახმად, პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში, ზემოხსენებული მტკიცებულებები, ვერ გახდება ვ. გ–ს და ზ–ი გ–ს მსჯავრდების საფუძველი ბრალადწარდგენილი კვალიფიკაციით.
5.11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებები ფასდება დანაშაულის თითოეული ეპიზოდისათვის ცალ-ცალკე. წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს არა დანაშაულთა ერთობლიობის გათვალისწინებით, არამედ – თითოეული ქმედების შესაბამისად, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად – რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით შესაძლებელი უნდა იყოს არა მხოლოდ ფაქტების უტყუარი დადასტურება, არამედ მტკიცება უნდა მიემართებოდეს მატერიალური სამართლის ნორმის თითოეულ ელემენტს და უნდა ქმნიდეს დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას. ამასთან, უდანაშაულობის პრეზუმფცია დაძლეულია მხოლოდ მაშინ, თუ უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებებით ქარწყლებდა გონივრული ეჭვი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველგვარი ეჭვი, რაც ვლინდება დანაშაულის შემადგენლობის რომელიმე ნიშნის არსებობის მიმართ, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
5.12. საკასაციო პალატა, ასევე არ ეთანხმება ბრალდების მხარის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ვ. გ–ს მსჯავრდების ეპიზოდში უკანონოა, არ ეფუძნება საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, მათ შორის მოწმეთა ჩვენებებით, უტყუარად დადასტურდა ვ. გ–ს მიერ ფ. მ–ას მხოლოდ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი, რაც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის დისპოზიციით გათვალისწინებულ პირობებს; ქმედების ამ მუხლით კვალიფიკაციისათვის აუცილებელია ქმედებათა ერთობლიობა გამოირჩეოდეს განსაკუთრებული ხასიათით ან ინტენსივობით ანდა ხანგრძლივობით და სწორედ ამგვარი თვისების გამო დაზარალებულში უნდა იწვევდეს ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას, რაც ამ შემთხვევაში არ გამოკვეთილა.
5.13. ფიზიკური დაზიანებების მიყენების ფაქტი დასტურდება, ვ. გ–ს აღიარებითა და სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2024 წლის 24 ივნისის სამედიცინო ექსპერტიზის N.......... დასკვნით, რომლებიც ცალ-ცალკე და ერთად აღებული, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად; მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, თავად დაცვის მხარემ არ უარყო ფაქტი, რომ ვ. გ–იამ ფიზიკურად იძალადა ფ. მ–აზე. მოწმეების – რ. მ–ას, რ. ლ–ას, რ. ჯ–ს და ი. ბ–ას ჩვენებების თანახმად, ფ. მ–ას წამების კვალი არ ეტყობოდა, ხოლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ფ. მ–ას სხეულზე არსებული დაზიანებები მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვ. გ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ყველა ნიშანი უტყუარად დადასტურებულია, რის გამოც, სააპელაციო სასამართლომ სწორად გადააკვალიფიცირა მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლით ბრალადწარდგენილი ქმედება საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლზე.
5.14. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.15. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.16. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ქორიძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე