¹3კ/812-01 24 ოქტომბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე,მ. ახალაძე
დავის საგანი: საერთო საკუთრების საცხოვრებელი სადგომიდან რეალური წილის გამოყოფა.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. ქუთაისში, ..... მდებარე საცხოვრებელი სადგომის 1/2 წილი საერთო საკუთრების უფლებით ეკუთვნის ე. შ-ძეს, ხოლო 1/2 წილი კი გ. შ-ძეს. ე. შ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე გ. შ-ძის მიმართ და მოითხოვა 1/2 წილის შესაბამისად საცხოვრებელი სადგომისა და ეზოს გაყოფა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ე. შ-ძის სარჩელი; მას იზოლირებულად გამოეყო ქ. ქუთაისში, ..... მდებარე სახლში საცხოვრებელი ოთახი, ფართით 21.60 კვ.მ. და 19.01 კვ.მ. დამხმარე ორი ოთახი, ფართით 6.02 კვ.მ. და 6.72 კვ.მ. მოპასუხე გ. შ-ძეს იზოლირებულად გამოეყო საცხოვრებელი ოთახები ფართით 20.64 კვ.მ. და 38.06 კვ.მ, დამხმარე ოთახი, ფართით 16.16 კვ.მ. მოპასუხემ შესასვლელი უნდა მოაწყოს 16.16 კვ.მ. ფართის ოთახიდან. გ. შ-ძეს დაეკისრა მოსარჩელე ე. შ-ძის სასარგებლოდ 758.2 აშშ დოლარის გადახდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2000 წლის 12 ივნისის განჩინებით გაასწორა არითმეტიკული შეცდომა მოცემულ საქმეზე იმავე სასამართლოს 2000 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებაში თანხის დაკისრების ნაწილში და მოპასუხე გ. შ-ძეს ნაცვლად 758.2 აშშ დოლარისა დაეკისრა ე. შ-ძის სასარგებლოდ 583.6 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა გადაწყვეტილების აღსრულების დღისათვის არსებული კურსით.
პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ე. შ-ძემ.
სააპელაციო საჩივარი იქნა წარდგენილი გ. შ-ძის მიერაც.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001 წლის 18 მაისის განჩინებით ე. შ-ძის და გ. შ-ძის სააპელაციო საჩივრები არ დააკმაყოფილა უსაფუძვლობისა და მოთხოვნის დაუსაბუთებლობის გამო. მოცემულ საქმეზე უცვლელი დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განჩინება ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
მოცემულ საქმეზე ჩატარებული საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, საერთო სარგებლობის ეზოს გაყოფა ორ თანაბარ ნაწილად ტექნიკურად შესაძლებელია, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ასეთი გაყოფის შედეგად თანაბრად არ იქნება დაცული ორივე მოდავე მხარის ინტერესები და მათი უფლებები. ექსპერტის დასკვნის თანახმად საცხოვრებელი სახლი, იდეალური წილების შესაბამისად, შეიძლება იმგვარად გაიყოს, რომ მოსარჩელეს გამოეყოს მის კუთვნილ ფართზე 5.75 კვ.მ-ით ნაკლები, აღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დააკისრა გ. შ-ძეს 583.6 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა გადაწყვეტილების აღსრულების დროისათვის არსებული კურსით, რაც ე. შ-ძის სასარგებლოდ ზედმეტად მიცემული 5.75 კვ.მ. ფართის საკომპენსაციო თანხას წარმოადგენს.
მიშენების, გათბობის და სხვა სამუშაოებზე მხარეების მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება უნდა მოხდეს ურთიერთჩათვლის წესით იმ ხარჯებიდან, რაც დასჭირდება თითოეულ მათგანს სახლის გადაკეთებისათვის. გადაკეთებები თავიანთ ნაწილებში მხარეებმა უნდა აწარმოონ თავიანთი ხარჯებით.
გ. შ-ძემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო პალატის განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა იმ ნაწილში, რომელიც ეხება 6.02 კვ.მ. დამხმარე ფართის საერთო სარგებლობაში გადაცემას, ასევე, იმ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება, რომელიც არ განიხილა არც პირველი ინსტანციის სასამართლომ და არც სააპელაციო პალატამ. მისი საკასაციო საჩივრის მოტივებია: ე. შ-ძის საკუთრებაში 6.02 კვ.მ. საერთო შესასვლელის გადაცემით დაირღვა მისი უფლებები, კერძოდ, შეუმცირდა საცხოვრებელი ფართი და საძინებელი ოთახი დაუბნელდა. მან ჯერ ქუთაისის სასამართლოში, შემდეგ კი საოლქო სასამართლოში წარადგინა შეგებებული სარჩელი, რომლითაც მოითხოვა მის მიერ სახლზე ჩატარებული სარეკონსტრუქციო სამუშაოებისათვის გადახდილი თანხების ანაზღაურება, რამაც სპეციალისტის დასკვნით შეადგინა 4631 აშშ დოლარი (9076 ლარი); მისი შეგებებული სარჩელი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით იქნა წარდგენილი, მაგრამ სასამართლოებმა უხეშად დაარღვიეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი და საერთოდ არ იმსჯელეს მისი მოთხოვნის შესახებ. ამის გამო სასამართლომ მას არასწორად დააკისრა თანხის გადახდა ე. შ-ძისათვის; პირიქით, ე. შ-ძემ უნდა გადაუხადოს მას ბინის რეკონსტრუქციის სამუშაოების ღირებულება 2866 ლარის ოდენობით.
საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის განჩინებაზე ე. შ-ძემ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საერთო სარგებლობის ეზოს 1/2 ნაწილის იზოლირებულად გამოყოფა, მის სასარგებლოდ გ. შ-ძისათვის 2106 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება, ე. შ-ძის მხარეზე გ. შ-ძის მიერ უნებართვოდ აშენებული ავტოფარეხის გადატანა მის მხარეზე. ე. შ-ძის საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის 2000 წლის 5 სექტემბრის დასკვნის თანახმად ტექნიკური თვალსაზრისით შესაძლებელია ეზოს ორ თანაბარ ნაწილად გაყოფა; სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა აღნიშნული და არასწორად უთხრა უარი ეზოს გაყოფაზე. მხარეთა სრული იზოლირებისათვის აუცილებელია ეზოს გაყოფაც. სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ექსპერტის დასკვნა, არ გაანალიზა ობიექტურად მტკიცებულებანი, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე, 105-ე მუხლები. სასამართლომ არ იმსჯელა კასატორის მიერ სახლის მიშენების დროს დახარჯული 2106 აშშ დოლარის თაობაზე და ამ თანხის გადახდა არ დააკისრა გ. შ-ძეს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრების მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატის განჩინება უნდა გაუქმდეს შემდეგი გარემოებების გამო:
დადგენილია, რომ ე. და გ. შ-ძეებს საერთო საკუთრებაში აქვთ ქ. ქუთაისში, ..... მდებარე საცხოვრებელი სახლი და თვითეულს ეკუთვნის 1/2-დი წილი. ე. შ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე გ. შ-ძის მიმართ და მოითხოვა კუთვნილი 1/2 წილის შესაბამისად საცხოვრებელი სახლის და ეზოს რეალური გაყოფა.
გ. შ-ძემ შეგებებული სარჩელი წარადგინა ე. შ-ძის მიმართ და მოითხოვა მთელი საერთო საკუთრების საცხოვრებელ სადგომში მის მიერ ჩატარებული საამშენებლო სამუშაოების ღირებულების ნახევრის 2096 ლარის დაკისრება ე. შ-ძისათვის; ასევე ზოგიერთი დასახელების საოჯახო ნივთის გამოთხოვა ე. შ-ძისაგან. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 5 იანვრის განჩინებით უმოძრაოდ იქნა დატოვებული გ. შ-ძის შეგებებული სარჩელი ხარვეზის გამო; როგორც საქმის მასალებით ირკვევა, გ. შ-ძემ არ შეავსო სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში ხარვეზი, რის გამოც მისი შეგებებული სარჩელი არ იქნა მიღებული წარმოებაში. სააპელაციო საჩივარში გ. შ-ძეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით არ დაუყენებია სასარჩელო მოთხოვნა.
ყოველივე ამის გამო, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს გ. შ-ძის საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ უხეშად დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნები და არ განიხილა მისი შეგებებული სარჩელი.
მხარეთა შორის მოცემული დავის გადასაწყვეტად დაინიშნა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა. შპს “ო-ის” ექსპერტის 1999 წლის 29 დეკემბრის დასკვნის თანახმად სადავო საცხოვრებელი სახლის ორ თანაბარ ნაწილად გაყოფა შეუძლებელია, ვინაიდან რეალური გაყოფისას ერთ-ერთ მესაკუთრეს თავის კუთვნილ წილთან შედარებით ნაკლები ფართი შეხვდება, ხოლო მიწის ნაკვეთის გაყოფა ორ ნაწილად, კი ექსპერტის თვალსაზრისით, ტექნიკურად შეუძლებელია.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის ექსპერტის 2000 წლის 5 სექტემბრის დასკვნის თანახმად მხარეთა შორის ეზოს ნაკვეთი ორ თანაბარ ნაწილად შეიძლება გაიყოს, ხოლო საცხოვრებელი და დამხმარე ფართის გაყოფისას ერთ-ერთ მხარეს შეხვდება კუთვნილ ფართზე 5.75 კვ.მ-ით ნაკლები.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება მთლიანად ეყრდნობა ექსპერტის დასკვნას, არ არის მითითებული სამოქალაქო კოდექსის კონკრეტული ნორმა, რომლის საფუძველზეც სასამართლომ საერთო საკუთრების საცხოვრებელი სახლის გაყოფისას გ. შ-ძეს, კუთვნილ ფართზე მეტი 5.75 კვ.მ. ფართის მიკუთვნებისათვის, დააკისრა ე. შ-ძის სასარგებლოდ ფულადი კომპენსაცია.
სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი, რომლის თანახმად საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე, თანაბარი წილების განაწილება მონაწილეთა შორის ხდება კენჭისყრით.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო პალატის განჩინება არ არის იურიდიულად დასაბუთებული, რის გამოც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. შ-ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
ე. შ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 18 მაისის განჩინება მოცემულ საქმეზე გაუქმდეს და ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.