გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ/813 31 იანვარი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე, მ. ცისკაძე
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ტყიბულის რაიონულ სასამართლოს სარჩელებით მიმართეს ტყიბულის ზონის სოფ. ... მცხოვრებმა: ა. კ-შვილმა, ჯ. კ-შვილმა, ს. ბ-ძემ, გ. ვ-ძემ, გ. კ-შვილმა, ე. ც-ძემ მოპასუხე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ “ც-ის” მიმართ, ზიანის ანაზღაურების შესახებ.
მოსარჩელეთა განმარტებით, ისინი მუშაობდნენ ტყიბულის ზონის სოფ. ... კოლმეურნეობაში სხვადასხვა სამუშაოზე და მიიღეს ზიანი, რაც გამოწვეული იყო სოფ. ... კოლმეურნეობის ბრალით. ამის გამო 1994 წლის აპრილამდე ყოველთვიურად ეძლეოდათ სარჩო. მოსარჩელეები აღნიშნავდნენ, რომ კოლმეურნეობის გაუქმების შემდეგ მისი სამართალმემკვიდრე გახდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი “ც-ი”, რომელიც შეიქმნა სოფ. ... კოლმეურნეობის ბაზაზე და მოსარჩელეებს 1994 წლიდან შეუწყვიტა სარჩოს მიცემა.
ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით ა. კ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს “ც-ი” ა. კ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ერთდროულად 9504 ლარის გადახდა, 1999 წლის 1 ოქტომბრიდან კი _ ყოველთვიურად 144 ლარი მდგომარეობის შეცვლამდე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა. კ-შვილმაც და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა “ც-ი”.
ტყიბულის რაიონულმა სასამართლომ იმავე დღეს ცალკე განიხილა სხვა მოსარჩელეთა ერთობლივი სარჩელი და ნაწილობრივ დააკმაყოფილა იგი. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს “ც-ი” დაეკისრა: ჯ. კ-შვილის სასარგებლოდ ერთდროულად 3024 ლარი, ხოლო ყოველთვიურად _ 48 ლარი მდგომარეობის შეცვლამდე; ს. ბ-ძის სასარგებლოდ _ 6804 ლარი ერთდროულად, ყოველთვიურად _ 108 ლარი მდგომარეობის შეცვლამდე; გ. ვ-ძის სასარგებლოდ _ 2839 ლარი ერთდროულად, ყოველთვიურად _ 45 ლარი მდგომარეობის შეცვლამდე; გ. კ-შვილის სასარგებლოდ _ 6804 ლარი ერთდროულად, ყოველთვიურად _ 108 ლარი მდგომარეობის შეცვლამდე; ე. ც-ძის სასარგებლოდ _ 9072 ლარი ერთდროულად, ყოველთვიურად _ 144 ლარი მდგომარეობის შეცვლამდე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმაც და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა “ც-მაც”.
რადგანაც ა. კ-შვილის და სხვა მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივრები მიმართული იყო ერთი და იმავე მოპასუხის _ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის “ც-ი” მიმართ და ემყარებოდა ერთი და, იგივე მოთხოვნებს, ამიტომ მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე აღნიშნული სააპელაციო საჩივრები გაერთიანდა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის თანახმად.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით გაუქმდა ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებები. მოსარჩელეების: ჯ. კ-შვილის, ს. ბ-ძის, გ. ვ-ძის, გ. კ-შვილისა და ა. კ-შვილის სარჩელები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს “ც-ი” დაეკისრა: ჯ. კ-შვილის სასარგებლოდ ერთდროული სარჩო 1452 ლარი, ხოლო 2000 წლის 1 ივლისიდან _ 24 ლარი ყოველთვიურად მდგომარეობის შეცვლამდე; ს. ბ-ძის სასარგებლოდ ერთდროული სარჩო _ 3702 ლარი, ხოლო 2000 წლის 1 ივლისიდან 54 ლარი ყოველთვიურად მდგომარეობის შეცვლამდე; გ. ვ-ძის სასარგებლოდ ერთდროული სარჩო 833,25 ლარი, 2000 წლის 1 ივლისიდან კი _ 15,75 ლარი ყოველთვიურად მდგომარეობის შეცვლამდე; გ. კ-შვილის სასარგებლოდ ერთდროული სარჩო 3702 ლარი, ხოლო 2000 წლის 1 ივნისიდან _ 54 ლარი ყოველთვიურად მდგომარეობის შეცვლამდე; ა. კ-შვილის სასარგებლოდ ერთდროული სარჩო 5052 ლარი, 2000 წლის 1 ივნისიდან კი _ 72 ლარი ყოველთვიურად მდგომარეობის შეცვლამდე. რაც შეეხება ე. ც-ძეს, იგი გარდაიცვალა სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირ განხილვამდე, ამიტომ მის მიმართ საქმის წარმოება შეჩერდა უფლებამონაცვლის დადგენამდე.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა კოოპერატივმა “ც-ი”, ხოლო მოსარჩელეებმა წარმოადგინეს შეგებებული საკასაციო საჩივარი.
კოოპერატივის “ც-ი” წარმომადგენელი მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების გამოტანას იმ საფუძვლით, რომ სოფ. ... კოლმეურნეობის უფლებამონაცვლედ არ შეიძლება ჩაითვალოს კოოპერატივი “ც-ი”, რომელიც ფლობს მხოლოდ ჩაის ფაბრიკასა და მანქანა-დანადგარებს. კასატორი, აგრეთვე, სადავოდ ხდის პენსიების გამოანგარიშებასაც.
მოსარჩელეთა წარმომადგენელი თავის შეგებებულ საკასაციო საჩივარში მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას ქუთაისის საოლქო სასამართლოში იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად ცნო კოოპერატივი “ც-ი” სოფ. ... კოლმეურნეობის ნაწილობრივ სამართალმემკვიდრედ და უსაფუძვლოდ გაანახევრა მოპასუხისათვის დაკისრებული ერთდროული სარჩო და შემდგომ მისაღები ყოველთვიური სარჩოც. აგრეთვე, სააპელაციო სასამართლომ ერთდროულად გასაცემ თანხას არასწორად გამოაკლო ყოველთვიური პენსია _ 12 ლარი.
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო შეგებებული საკასაციო საჩივარი _ მთლიანად.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა იზიარებს საკასაციო საჩივრის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონქვემდებარე აქტი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, “საწარმო-ორგანიზაციების მიერ საწარმოო ტრავმით გამოწვეული შრომითი დასახიჩრებით მიყენებული ზარალის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 27 ივნისის ¹ 502 დადგენილების მე-2 პუნქტი და მოსარჩელისათვის მისაცემ თანხას არასწორად გამოაკლო პენსიის ოდენობა.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი არ უნდა გამოეყენებინა, რადგანაც “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹ 48 ბრძანებულების 63-ე პუნქტის თანახმად, შრომითი მოვალეობისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის ამოქმედების გამო, ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობის მიმართ გამოიყენება ამ წესების ნორმები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” პუნქტის თანახმად, სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება თუ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც ამავე კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.პალატას მიაჩნია, რომ უფლებამონაცვლეობის საკითხის გასარკვევად, საქმის განხილვაში ჩაბმული უნდა ყოფილიყო მხარედ სოფ. ... საკრებულო, რადგან სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ საკრებულომაც მიიღო სოფ. ... ლიკვიდირებული კოლმეურნეობის ქონების ნაწილი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს კოოპერატივის “ც-ი” საკასაციო საჩივარი.
მთლიანად დაკმაყოფილდეს ჯ. კ-შვილის, ს. ბ-ძის, გ. ვ-ძის, გ. კ-შვილის, ა. კ-შვილის ინტერესების დამცველი ადვოკატ ნ. ბ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი.
გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.