Facebook Twitter

ბს-349-280-კ-05 1 ივლისი, 2005 წ.,

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე,),

გ. ქაჯაია (მომხსენებელი),

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: ზედმეტი მიწის ნაკვეთის ჩამორთმევა, მიწის ნაკვეთის ზღვრულ ოდენობამდე შევსება.

აღწერილობითი ნაწილი:

2004წ. 28 ივნისს ა. ჩ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ხონის რაიონულ სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ზ. თ-ისთვის _ 638 კვ.მ-ის, გ. თ-იძისთვის 500 კვ.მ-ის, შ. მ-ისთვის 400 კვ.მ მიწის ნაკვეთების ჩამორთმევა და მისთვის 1538 კვ.მ მიწის ნაკვეთის გადაცემა შემდეგი საფუძვლით: 1992 წელს ხონის რაიონში მიწების პრივატიზაცია განხორციელდა. მას, როგორც მიწის მოსარგებლეთა მეორე კატეგორიას, 0,35 ჰა მიწის ნაკვეთი ეკუთვნოდა. მიწის რეფორმის შედეგად საკუთრებაში გადაეცა 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთი და დამატებით 1500 კვ.მ მიწა ეკუთვნოდა, როგორც მის მოსაზღვრე მეზობლებს _ თ-ებს, ზ. თ-ს მეორე კატეგორიის კომლისათვის განსაზღვრული 3500 კვ.მ-ს გარდა, ფაქტობრივ სარგებლობაში დამატებით 638 კვ.მ მიწა ჰქონდა, ხოლო გ. თ-ისა და შ. მ-ის ოჯახს 500 კვ.მ და 400 კვ.მ მიტაცებული ჰქონდათ სარეზერვო მიწის ნაკვეთიდან ე. წ. “ძალის ტერიტორიაზე”. მიწის ნაკვეთის ნორმამდე შევსების მოთხოვნით მოსარჩელემ ქ. ხონის გამგეობას მიმართა, რომელმაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში გადაცემის დამთავრების მოტივით (1999წ. 1 იანვარი) უარი განაცხადა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

ქ. ხონის გამგეობამ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ ა. ჩ-ს პრივატიზაციის კომისიის მიერ საკარმიდამო ნაკვეთის ჩათვლით მიეზომა 3500 კვ.მ, მათ შორის _ 1500 კვ.მ საკარმიდამო, 660 კვ.მ _E”ჭალის ტერიტორიაზე”, ხოლო _ 1400 კვ.მ _ “ჭალის ტერიტორიაზე”.

ხონის რაიონული სასამართლოს 2004წ. 6 სექტემბრის განჩინებით საქმეში მესამე პირებად რაფიელ, ზ. და გ. თ-ები და დ. მ-ე იქნენ ჩაბმული.

ხონის რაიონული სასამართლოს 2004წ. 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით ა. ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ა. ჩ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. საქმის განხილვის სტადიაზე ა. ჩ-მა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მიუთითა, რომ მისთვის 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთის მიზომვა რაფიელ, გ. და ზ. თ-ების, ასევე, დ. მ-ის უკანონო მფლობელობაში არსებული ნაკვეთების ხარჯზე უნდა მომხდარიყო.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 18 იანვრის განჩინებით გელა, ზ. და რ. თ-ები, ასევე, დ. მ-ე, ნაცვლად მესამე პირებისა, საქმეში მოპასუხეებად იქნენ ჩაბმული.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 1 თებერვლის გადაწყვეტილებით ა. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ხონის რაიონული სასამართლოს 2004წ. 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება, ა. ჩ-ის სარჩელზე მოპასუხეების _ რ. და ზ. თ-ების მიმართ მიწის ნაკვეთის ჩამორთმევისა და მათთვის გადაცემის შესახებ საქმის წარმოება შეწყდა.

ა. ჩ-ის სარჩელი ხონის გამგეობის, გ. თ-ისა და დ. მ-ის მიმართ მიწის ნაკვეთის ჩამორთმევისა და მისთვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ა. ჩ-ის სარჩელზე რაფიელ და ზ. თ-ების მიმართ ზედმეტი მიწის ნაკვეთის ჩამორთმევისა და მისთვის გადაცემის შესახებ არსებობს კანონიერ ძალაში შესული ხონის რაიონული სასამართლოს 1998წ. გადაწყვეტილება, რომლითაც ა. ჩ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილებით დადგენილი იყო, რომ რაფიელ თ-ს ბაღის ტერიტორიიდან გამოეყო 2251 მ2, ხოლო მის ვაჟს _ ზ. თ-ს _ 2738 მ2. გადაწყვეტილებითა და სხდომის ოქმით ირკვეოდა, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ ჩაატარა ადგილობრივი დათვალიერება, რის შემდეგადაც დადასტურდა, რომ აქტები სრულიად შეესაბამებოდა ფაქტობრივ მდგომარეობას, ე.ი. მოსარჩელის განმარტებით, რომ ისინი უკანონოდ ფლობენ მიწის ნაკვეთს, არ დადასტურდა.

სსკ-ის 106-ე მუხლის “ბ” პუნქტის თანახმად, დამტკიცებას არ საჭიროებს ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ.

სსკ-ის 272-ე მუხლის “ბ” პუნქტის თანახმად, საქმის წარმოება შეწყდება თუU არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლებით მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის მიღების ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ.

პალატამ ჩათვალა, რომ არსებობდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული (1998წ. 30 მარტის) გადაწყვეტილება, რომლითაც ა. ჩ-ს უარი ეთქვა სარჩელზე რაფიელ და ზ. თ-ებისთვის მიწის ნაკვეთის ჩამორთმევისა და მისთვის გადაცემაზე. რის გამოც აღნიშნული მოპასუხეების მიმართ საქმის წარმოება უნდა შემწყდარიყო.

რაც შეეხებოდა ა. ჩ-ის სასარჩელო მოთხოვნას დ. მ-ისა და გ. თ-ისთვის ზედმეტი მიწის ნაკვეთის ჩამორთმევისა და მისთვის გადაცემის შესახებ, პალატამ ჩათვალა, რომ მოთხოვნა უსაფუძვლო იყო და იგი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. პალატამ მიუთითა, რომ ა. ჩ-ს რეფორმით გათვალისწინებული ზღვრული ნორმის ფარგლებში გამოეყო საკარმიდამო ნაკვეთის გარდა, 1000მ2 _ “ბაღის” ტერიტორიაზე და 1500მ2 _ “ჭალაში”. მოუსავლიანობის გამო, მან მიატოვა “ჭალაში” გამოყოფილი მიწის ნაკვეთი და ითხოვდა მისი საკარმიდამო ნაკვეთის მიმდებარედ არსებული, ფაქტობრივად მოპასუხეების _ გ. თ-ისა და დ. მ-ის სარგებლობაში არსებული მიწის ფართიდან სანაცვლო ნაკვეთის გამოყოფას 1500მ2-ის ოდენობით. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 28 ივნისის ¹503 დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, მიწის მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენს მიწათსარგებლობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო აქტის გაცემის ერთადერთ საფუძველს. საქმეში არ მოიპოვება “ჭალის” ნაკვეთის (1500 მ2-ის ოდენობით) ა. ჩ-ისთვის კანონით დადგენილი წესით გამოყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი, არ არის გაცემული მიწის მიღება-ჩაბარების აქტი, არ იხდის აღნიშნულ ნაკვეთზე გადასახადს, რის გამოც პალატამ ჩათვალა, რომ 1500 კვ.მეტრი ნაკვეთი ა. ჩ-ს, როგორც მეორე კატეგორიის კომლს, არ გამოჰყოფია და ფლობდა მხოლოდ 2000 კვ.მ-ს. სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ მას ეკუთვნოდა დამატებით 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთი და უნდა შევსებოდა იგი თავისუფალი მიწის ნაკვეთის ხარჯზე, მაგრამ აპელანტის მოთხოვნა კონკრეტული პირების (მოპასუხეების _ გ. თ-ისა და დ. მ-ის) მფლობელობაში არსებული ნაკვეთების ჩამორთმევისა და მისთვის გადაცემის თაობაზე უსაფუძვლო იყო, რადგან ნორმის ზევით არსებული მიწის ნაკვეთის ჩამორთმევის მოთხოვნის უფლება აქვს ადგილობრივი მმართველობის ორგანოს, როგორც სახელმწიფო მიწის მესაკუთრეს. იმავე ორგანოს გადაწყვეტილებით უნდა მოხდეს ნაკვეთის შერჩევა და გადაცემა კონკრეტული პირისთვის. მართალია, ქ. ხონის გამგეობის პასუხებით აკ. ჩ-ისადმი გამგეობა აღიარებს, რომ მოპასუხეების _ გ. თ-ისა და დ. მ-ის ფაქტობრივ მფლობელობაში არის ზედმეტი მიწის ნაკვეთი, შესაბამისად _ 500 კვ.მ და 400 კვ. მეტრი. მაგრამ გამგეობას, როგორც მესაკუთრეს, არ შეუტანია სარჩელი მათთვის აღნიშნული ნაკვეთების ჩამორთმევის მოთხოვნით.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ კასატორ ა. ჩ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 1 თებერვლის გადაწყვეტილება ა. ჩ-ის სარჩელის არდაკმაყოფილების ნაწილში ქ. ხონის გამგეობის, გ. თ-ისა და დ. მ-ის მიმართ მიწის ნაკვეთის ჩამორთმევისა და მისთვის გადაცემის შესახებ და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას რაფიელ და ზ. თ-ებისთვის მიწის ჩამორთმევისა და მისთვის გადაცემის შესახებ და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად შეწყვიტა ამ ნაწილში საქმის წარმოება სსკ-ის 272-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე. კანონიერ ძალაში შესული ხონის რაიონის სასამართლოს 1998წ. 30 მარტის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ა. ჩ-ის სარჩელი რაფიელ და ზ. თ-ების მიმართ მიწის ნაკვეთის ჩამორთმევისა და მოსარჩელისთვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ იმ მოტივით, რომ სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა ცნობილი ფაქტობრივი გარემოება თითოეული მოპასუხის საკუთრებაში 3500 მ2 მიწის ნაკვეთის გადაცემისა და ზედმეტი მიწის ფართობის არფლობის თაობაზე. აღნიშნული 272-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო თავისი ინიციატივით ან მხარეთა განცხადებით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლებით მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის მიღების ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ. კასატორის მიერ მითითებული ხონის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს 2004წ. ¹17 და ¹37 წერილები კანონიერ ძალაში შესული ხონის რაიონის სასამართლოს 1998წ. 30 მარტის გადაწყვეტილების მიმართ ახლად აღმოჩენილ გარემოებებს წარმოადგენს და კასატორს ამ კუთხით უნდა ედავა რაფიელ და ზ. თ-ების მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით. ამასთან, საკასაციო პალატა განუმარტავს კასატორს, რომ სსკ-ის 426-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ.

ამავე დროს საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება ქ. ხონის გამგეობის, გ. თ-ისა და დ. მ-ის მიმართ მიწის ნაკვეთის ჩამორთმევის და მოსარჩელისათვის გადაცემის ნაწილში დაუსაბუთებელია. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ მოსარჩელე აკ. ჩ-ი ფლობს მხოლოდ 2000 კვ.მ მიწის ფართს და მას ეკუთვნის დამატებით 1500 მ2, ხოლო გამგეობა აღიარებს, რომ მოპასუხეებს _ გ. თ-სა და დ. მ-ეს ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ ზედმეტი მიწის ნაკვეთები, შესაბამისად _ 500 და 400 კვ.მ-ის ოდენობით. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას იმ მოტივით, რომ ქ. ხონის გამგეობას, როგორც სადავო მიწის ნაკვეთების მესაკუთრეს, სარჩელი არ აქვს შეტანილი ამ ნაკვეთების ჩამორთმევის მოთხოვნით, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს. საქმეში წარმოდგენილი ქ. ხონის გამგეობის 2004წ. 7 ივნისის ¹76 წერილით გამგეობა აკ. ჩ-ს აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად სასამართლო ინსტანციებისთვის მიმართვას ურჩევს, რადგან მას ამ საკითხის გადაჭრის უფლება არ გააჩნდა. შესაბამისად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლო ვალდებულია, არსებითად იმსჯელოს და გადაწყვიტოს სადავო მიწის ნაკვეთების საკითხი საქმეში არსებული მასალების საფუძველზე და საქმეზე მიიღოს არსებითი გადაწყვეტილება.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ქ. ხონის გამგეობის, გ. თ-ისა და დ. მ-ის მიმართ მიწის ნაკვეთის ჩამორთმევისა და მოსარჩელე ა. ჩ-ისთვის გადაცემის თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში იურიდიულად დაუსაბუთებელია, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 1 თებერვლის გადაწყვეტილება ზემომითითებულ ნაწილში და ამ ნაწილში აღნიშნული მითითებით საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კასატორ ა. ჩ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 1 თებერვლის გადაწყვეტილება ქ. ხონის გამგეობის, გ. თ-ისა და დ. მ-ის მიმართ მიწის ნაკვეთის ჩამორთმევისა და მოსარჩელე ა. ჩ-ისთვის გადაცემის შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;

4. მხარეთათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.