Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №998აპ-25 23 მარტი, 2026 წელი

ჩ. ო., №998აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 24 ივლისის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ირაკლი გაჩეჩილაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ჩ. ო–ს ბრალად ედებოდა:

1.1.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

1.1.2. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის და ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (სამი ეპიზოდი).

1.2. ჩ. ო–ის ქმედება გამოიხატა შემდეგით:

1.2.1. 2024 წლის 21 ოქტომბერს, საღამოს საათებში, ბ–ში, ....ას ქუჩის №.., ბინა №..-ში, ჩ. ო–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის ოჯახის წევრს, წინასწარი შეცნობით ორსულ, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ხ. ც–ეს, კერძოდ, რამდენჯერმე ძლიერად ჩაარტყა მუშტი თავსა და მუცელში, რის შედეგადაც ხ. ც–ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.2.2. 2024 წლის 30 ოქტომბერს, დაახლოებით, 02:00 საათზე, ბ–ში, ...ს ქუჩის №.., ბინა №..-ის მიმდებარედ, ჩ. ო–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის ოჯახის წევრს, წინასწარი შეცნობით ორსულ, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ხ. ც–ეს, კერძოდ უთხრა, რომ გამოსჭრიდა ყელს, რაც ხ. ც–ემ აღიქვა რეალურად, გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

1.2.3. 2024 წლის 3 ნოემბერს, დაახლოებით, 00:00 საათზე, ბ–ში, ....ას ქუჩის №.., ბინა №..-ის მიმდებარედ, ჩ. ო–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის ოჯახის წევრს, წინასწარი შეცნობით ორსულ, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ხ. ც–ეს, კერძოდ უთხრა, რომ მოკლავდა, გამოსჭრიდა ყელს, ასევე – მშობლებს მიაყენებდა ზიანს, რაც ხ. ც–ემ აღიქვა რეალურად, გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

1.2.4. 2024 წლის 23 ნოემბერს, დაახლოებით, 01:00 საათზე, ბ–ში, ...ას ქუჩის №..., ბინა №..-ის მიმდებარედ, ჩ. ო–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის ოჯახის წევრს, წინასწარი შეცნობით ორსულ, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ხ. ც–ეს, კერძოდ უთხრა, რომ მოკლავდა, მუცელში დაარტყამდა დანას, რაც ხ. ც–ემ აღიქვა რეალურად, გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 3 აპრილის განაჩენით, ჩ. ო–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (სამი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში და იგი სასამართლო სხდომის დარბაზიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან. სასამართლოს შეფასებით, ბრალდების მხარემ სასამართლო სხდომაზე ვერ წარმოადგინა აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ჩ. ო–ის მიერ მისთვის ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენას.

2.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ანი ბორჩაშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ჩ. ო–ის დამნაშავედ ცნობა წარდგენილ ბრალდებებში და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

2.3. პროკურორის სააპელაციო საჩივრის საპასუხოდ, ჩ. ო–ის ადვოკატმა – გ. მ–ემ – წარადგინა შესაგებელი, რომლითაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 24 ივლისის განაჩენით, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ბორჩაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 3 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი – ირაკლი გაჩეჩილაძე – საკასაციო საჩივრით ითხოვს ჩ. ო–ის დამნაშავედ ცნობას წარდგენილ ბრალდებებში და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, რადგან, დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად, საქმეში არსებული მტკიცებულებები, ბრალადწარდგენილ ყველა ეპიზოდთან მიმართებით, ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ჩ. ო–ის გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, შემდეგ გარემოებათა გამო:

4.3. საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. მოცემულ საქმეზე დაზარალებულმა – ხ. ც–მ – ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის – ჩ. ო–ის – წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. შესაბამისად, რამდენადაც საპროცესო უფლებით სარგებლობა იძულებით, მუქარით, ძალადობით ან სხვაგვარი უკანონო ქმედებით არ განპირობებულა, შეუძლებელია აღნიშნული პირის მიერ გამოძიების ეტაპზე, გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება და, მით უფრო – მასზე განაჩენის დაფუძნება.

4.4. რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, კერძოდ, შემაკავებელ ორდერსა და შემაკავებელი ორდერის ოქმს, აღნიშნული დოკუმენტები შედგენილია დაზარალებულ ხ. ც–ის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ დაზარალებული სასამართლოში არ დაკითხულა და ზემოაღნიშნულ დოკუმენტებში მითითებული ინფორმაცია არ დაუდასტურებია, შეუძლებელია ისინი მიჩნეულ იქნეს იმგვარ წონად მტკიცებულებად, რომელსაც, სხვა პირდაპირ მტკიცებულებათა არარსებობის პირობებში, გამამტყუნებელი განაჩენი დაეფუძნება. გარდა ამისა, საკასაციო პალატა ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ შემაკავებელი ორდერის ოქმში ფიზიკური ძალადობის თარიღად მითითებულია 2024 წლის 21 სექტემბერი, მაშინ, როდესაც ბრალდების მხარე ჩ. ო–ს ედავება 2024 წლის 21 ოქტომბერს ჩადენილ ძალადობას. აღნიშნული გარემოება ძალადობის ეპიზოდის ბრალდების დამაჯერებლობას მნიშვნელოვნად ამცირებს.

4.5. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მოწმე გ. მ–ს გამოკითხვის ოქმი, რამდენადაც აღნიშნული პირი დანაშაულებრივი ფაქტის უშუალო თვითმხილველი არ ყოფილა, შეიცავს მხოლოდ ირიბ ინფორმაციას და მისი გამოყენებაც, პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხის გათვალისწინებით, „...დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-52).

4.6. საკასაციო პალატა ვერც სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას მიიჩნევს ჩ. ო–ის მიმართ წარდგენილი ბრალდების დამადასტურებლად, რადგან აღნიშნული დასკვნის თანახმად, დაზარალებულს ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება. დანაშაულის და დამნაშავის შესახებ ინფორმაციას არც ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალიდან ამოღებული სამედიცინო დოკუმენტაცია შეიცავს.

4.7. აღსანიშნავია, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში დაზარალებულმა ექსპერტს განუცხადა მეუღლის მხრიდან განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შესახებ, თუმცა ძალადობის შედეგად განცდილი ტკივილის შესახებ არაფერი უთქვამს. დაზარალებულს ექსპერტთან ასევე არ უსაუბრია მეუღლის მხრიდან განხორციელებულ მუქარასა და შედეგად განცდილ შიშზეც. აღნიშნული გარემოებები ობიექტურ დამკვირვებელს უჩენს კითხვებს ჩ. ო–ის მიმართ წაყენებული ბრალდებების საფუძვლიანობის შესახებ.

4.8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცებულებითი სტანდარტი ოჯახური დანაშაულის ბრალდების საქმეებზე ითვალისწინებს ოჯახური დანაშაულების სპეციფიკურ კონტექსტსა და მსხვერპლთა დაცვის განსაკუთრებულ საჭიროებას. ამასთან, მოითხოვს დაცული იქნეს სამართლიანი სასამართლოს უფლება და უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი, რაც „მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში. იმ შემთხვევაში, თუ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ობიექტური დამკვირვებლისთვის გონივრულ ეჭვს იწვევს პირის უდანაშაულობის თაობაზე, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ აღნიშნული ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყდეს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილება გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-77).

4.9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 24 ივლისის განაჩენი ჩ. ო–ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების ნაწილში კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია. ამასთან, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

4.10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, ამ შემთხვევაში, მცირე დასაბუთებამაც კი შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება Jaczkó v. Hungary, განაცხადი №40109/03, §29).

4.11. ამდენად, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ირაკლი გაჩეჩილაძის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

ლ. თევზაძე