Facebook Twitter

საქმე # 330100124008759192

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №951აპ-25 ქ. თბილისი ფ-ა მ. ა-ა, 951აპ-25 3 აპრილი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ა-ა ფ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ – ი. ი-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით მ. ა-ა ფ-ა, დაბადებული .. წლის ... მარტს, ცნობილ იქნა დამნაშავედ:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 21 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა – 3 წლით; მ. ა-ა ფ-ანა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან გათავისუფლდა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2023 წლის 21 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა – 12 წლით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 22 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა – 3 წლით; მ. ა-ა ფ-ა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2023 წლის 22 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა – 12 წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2023 წლის 22 სექტემბრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2023 წლის 21 სექტემბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ. ა-ა ფ-ას სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა – 12 წლით;

მ. ა-ა ფ-ას სასჯელის ვადა აეთვალა დაკავებიდან – 2024 წლის 16 იანვრიდან;

მ. ა-ა ფ-ას ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, 5 წლით ჩამოერთვა – სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით – საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები; ხოლო 20 წლით – საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ა-ა ფ-ამ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგით:

2.1. 2023 წლის 21 სექტემბერს, თ-ში, ლ-ის ბაღის მიმდებარედ, მ. ა-ა ფ-მ, მის მიერ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილი და შენახული 0,07736 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ალფა-პვპ (aPVP)-ს“ შემცველი, უფერო, გამჭვირვალე პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებული თეთრი ნივთიერება, 200 ლარად უკანონოდ გაასაღა თავის ნაცნობ მ. თ-რ შ-ი ს-ზე, რაც იმავე დღეს ამოიღეს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა;

2.2. 2023 წლის 22 სექტემბერს, თ-ში, ლ-ის ბაღის მიმდებარედ, მ. ა-ა ფ-ამ, მის მიერ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილი და შენახული 0,13944 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ალფა-პვპ (aPVP)-ს“ შემცველი, უფერო, გამჭვირვალე პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებული თეთრი ნივთიერება, 320 ლარად უკანონოდ გაასაღა თავის ნაცნობ მ-ა თ-რ შ-რი ს-ზე, რაც იმავე დღეს ამოიღეს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივლისის განაჩენით:

მსჯავრდებულ მ. ა-ა ფ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ი-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 4 ოქტომბრის განაჩენი მ. ა-ა ფ-ას მიმართ, დარჩა უცვლელად.

4. კასატორი – მ. ა-ა ფ-ას ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. ი-ძე – ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად, გამამართლებელი გადაწყვეტილების მიღებას;

4.1. საკასაციო საჩივრის მიხედვით, მ. ა-ა ფ-ას მტკიცებით, მას არ უნახავს მისთვის გადაცემული ნივთის შიგთავსი და მან იმ კაცის თხოვნა შეასრულა, რომლის ფეხმძიმე მეუღლე საავადმყოფოში იწვა და სთხოვა, რომ ის მისულიყო მ-ა თ. შ-ი ს-ან შესახვედრად. შესაბამისად, იგი წინასწარ ვერ განჭვრეტდა, რომ ის ასაღებდა ნარკოტიკს. საქმეში არ არის წარმოდგენილი მსჯავრდებულსა და მ-ა თ-რ შ-ის შორის თავდაპირველი შეხვედრის ჩანაწერი. 2023 წლის 21 სექტემბრის ეპიზოდს უკავშირდება მხოლოდ ერთი, არასანდრო მოწმის, მ-ა თ. შ-ის ჩვენება. ანალოგიურად, მასალა, რომელიც ბრალდების მხარემ 2023 წლის 22 სექტემბრის ეპიზოდთან მიმართებით წარმოადგინა, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. შესაბამისად, საკასაციო პალატა მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა თანახმად განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

7. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს მხოლოდ დაცვის მხარე და ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

8. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ 2023 წლის 21 სექტემბერს, მ. ა-ა ფ-ამ, მის მიერ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეძენილი და შენახული 0,07736 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ალფა-პვპ (aPVP)-ს” შემცველი, უფერო, გამჭვირვალე პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებული თეთრი ნივთიერება, 200 ლარად უკანონოდ გაასაღა თავის ნაცნობ მ-ა თ. შ-ი სამარაზე; მანვე, 2023 წლის 22 სექტემბერს, მის მიერ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილი და შენახული 0,13944 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ალფა-პვპ (aPVP)-ს” შემცველი, უფერო, გამჭვირვალე პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებული თეთრი ნივთიერება, 320 ლარად უკანონოდ გაასაღა თავის ნაცნობ მ-ა თ. შ-ი ს-ზე.

9. ზემოხსენებულ ორივე შემთხვევაში, ნარკოტიკული საშუალებები იმავე დღეს ამოიღეს გამომძიებლებმა. მ-ა თ. შ-ი ს-ას ჩვენებით დადგენილია, რომ ნარკოტიკული საშუალებები ერთობლივად არ შეუძენიათ და შემდგომ არ გაუყვიათ. ამავე ჩვენებით ირკვევა, რომ მისმა ნაცნობმა მ. ა-ა ფ-ამ თავად შესთავაზა ნარკოტიკების მიყიდვა. მან იმავე დღეს მიიღო გადაწყვეტილება, მიემართა სამართალდამცავი ორგანოებისთვის და ეცნობებინა აღნიშნული შეთავაზების თაობაზე. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მ-ა თ-რ შ-რი ს-ამ ნებაყოფლობით ითანამშრომლა გამოძიებასთან და მონაწილეობა მიიღო ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში, აღიჭურვა ჩამწერი მოწყობილობით. მან მ. ა-ა ფ-ან ორჯერ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება.

10. 2023 წლის 21 სექტემბრისა და 2023 წლის 22 სექტემბრის ფულადი თანხის გადაცემის და დათვალიერების შესახებ ოქმებით ირკვევა, რომ მ. თ-რ შ-რი ს-ას გამომძიებელმა ორჯერ გადასცა თანხა საკონტროლო შესყიდვის მიზნით.

11. ფაქტს, რომ მ. თ-რ შ-ი ს-ამ მ. ა-ა ფ-ან შეიძინა ნარკოტიკული საშუალება, ადასტურებს 2023 წლის 22 სექტემბრის 19:21:36 საათიდან 19:24:05 საათამდე, მათ შეხვედრასა და საუბარზე ჩატარებული ფარული აუდიო/ვიდეო ჩანაწერი და გაშიფრული კრებსები.

12. მ. თ-რ შ-რი ს-ას მიერ 2023 წლის 21 სექტემბერსა და 2023 წლის 22 სექტემბერს, ორივე შემთხვევაში, მ. ა-ა ფ-ან საკონტროლო შესყიდვის დროს შეძენილი ნარკოტიკული საშუალებები გამომძიებელმა ი. ს-მ, თარჯიმნისა და დეტექტივ დ. ბ-ის (2023 წლის 22 სექტემბერს) მონაწილეობით, დაუყოვნებლივ ამოიღო კანონმდებლობით დადგენილი წესით, რომელიც ადგილზევე დაილუქა და დალუქულ მდგომარეობაში, ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, გადაეცა საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს.

13. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედების ოქმების შინაარსით, რომელთა კანონიერებაც დადასტურებულია სასამართლოს განჩინებით და საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების მიერ სასამართლოში გაკეთებული განმარტებებით.

14. ქიმიური ექსპერტიზის №... №.... და №.... დასკვნების თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ნივთიერებები შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ,,ალფა-პვპ (aPVP)-ს.“ საკონტროლო შესყიდვის გარემოებები დასტურდება მოწმე პოლიციელთა სასამართლოში მიცემული ჩვენებებითაც. საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, მ. თ-რ შ-ი ს-ასა და მოწმე პოლიციელების: შ. პ-ის, დ. ბ-ის, გ. ქ-ის ჩვენებები არის თანმიმდევრული და მათ ჩვენებაში არსებითი ხასიათის წინააღმდეგობა არ იკვეთება. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმე პოლიციელების სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებებით, იკვეთება 2023 წლის 21 სექტემბერსა და 2023 წლის 22 სექტემბერს მ. ა-ა ფ-ან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის დეტალები. აღნიშნული ჩვენებები თანხვდენილია მ-ა თ. შ-ი ს-ას ჩვენებასთან.

15. საკონტროლო შესყიდვის დროს, მ. თ-რ შ-რი ს-ას შორი-ახლოს უცდიდნენ პოლიციის თანამშრომლები – გამომძიებელი ი. ს-ია და დეტექტივები: შ. პ-ი და დ. ბ-ი. მოწმეებმა საქმის არსებითი განხილვის დროს ჩვენების მიცემისას დაადასტურეს, რომ მ. თ-რ შ-ი ს-ა ნებაყოფლობით მონაწილეობდა საგამოძიებო მოქმედებაში; მან 2023 წლის 21 სექტემბერსა და 2023 წლის 22 სექტემბერს მ. ა-ა ფ-ან შესყიდული ნარკოტიკული საშუალებები ნებაყოფლობით წარმოადგინა, რაც გამომძიებლებმა ამოიღეს.

16. დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ – მ. თ-რ შ-ი ს-ა ტყუილად აბრალებს მ. ა-ა ფ-ას დანაშაულის ჩადენას, – სააპელაციო სასამართლომ არგუმენტირებულად გასცა პასუხი, რასაც საკასაციო პალატაც იზიარებს. 2023 წლის 22 სექტემბრის 19:21:36 საათიდან 19:24:05 საათამდე პერიოდში, მ. თ-რ შ-ი ს-სა და მ. ა-ა ფ-ას შეხვედრისა და საუბრის შინაარსით (ფარული საგამოძიებო მოქმედება), ცალსახად დასტურდება, რომ მ. ა-ა ფ-ამ იცოდა, თანხის მიღების სანაცვლოდ, მ. თ-რ შ-რი ს-ას ნარკოტიკული საშუალება რომ გადასცა, რა დროსაც მ. ა-ა ფ-ნა იჩენს სიფრთხილეს და ეუბნება მ. თ-რ შ-რი ს-ას – „დაკეტე, დაკეტე, დაკეტე! ,,მალე!“ (იხედება აქეთ-იქით) .... ,,რა გჭირს? შეინახე“ .... ,,ნატეხებია, ქვებია .... სახეობა ამისგან განსხვავებულიცაა.“

17. ამდენად, დაცვის მხარის არგუმენტები მ. ა-ა ფ-ას გამართლების თაობაზე, არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, მათზე სააპელაციო სასამართლოს გაცემული აქვს პასუხები, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს; ამასთან, საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა, ადასტურებს მ. ა-ა ფ-ას მიერ მსჯავრად შერაცხილ დანაშაულთა ჩადენას; შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის საჩივარი მისი უსაფუძვლობის გამო, არ უნდა დაკმაყოფილდეს. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, ,,როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ არ არსებობს საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლები, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით“ (,,ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ“ (Kuparadze v. Georgia), N30743/09, 21/09/2017, §76); სხვა საქმეში ევროპულმა სასამართლომ აგრეთვე მიუთითა: ,,იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა, ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული დაუსაბუთებლად და სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად“ (Tortladze v. Georgia, ,,თორთლაძე საქართველოს წინააღმდეგ,“ N42371/08, 18/03/2021, §77).

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ მ. ა-ა ფ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ – ი. ი-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივლისის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე – ლ. თევზაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ნ. სანდოძე