3კ/820-01 14 ნოემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ახალაძე,ქ. გაბელაია
დავის საგანი: შემოქმედებითი სახელოსნოდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
აწგარდაცვლილ ჰ. გ-შვილს, მოქანდაკესა და მხატვარს, ეკუთვნოდა ..... მდებარე ¹3 მშენებარე შემოქმედებითი სახელოსნო. მისი გარდაცვალების შემდეგ ვაკის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით სახელოსნოს ნაწილი მიეკუთვნა ჰ. გ-შვილის ქალიშვილს თ. გ-შვილს, პირველი ქორწინებიდან როგორც კანონიერ მემკვიდრეს.
ჰ. გ-შვილის ქვრივმა (მეორე ცოლმა) ზ. ბ-იამ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხე თ. გ-შვილის გამოსახლება შემოქმედებითი სახელოსნოდან. თ. გ-შვილმა შეიტანა შეგებებული სარჩელი სამემკვიდრეო უფლების აღიარებისა და დაკავებულ წილზე მესაკუთრედ ცნობის შესახებ.
ვაკე-საბურთლოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით ზ. ბ-იას უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო. დაკმაყოფილდა თ. გ-შვილის შეგებებული სარჩელი და იგი აღიარებულ იქნა ჰ. გ-შვილის სახელოსნოს 1/4 წილის მესაკუთრედ. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1558-ე მუხლით, რომლის თანახმადაც მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ თანასაკუთრებას, ასევე, 1339-ე მუხლით, რომლის ძალითაც ცოცხლად დარჩენილი მეუღლის მემკვიდრეობის უფლება არ ეხება ქონების იმ ნაწილს, რომელიც მას მეუღლეთა თანასაკუთრებიდან ეკუთვნის. გარდა ამისა, იმავე კოდექსის 1336-ე მუხლით პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეებს სამკვიდრო ქონებიდან თანასწორი წილის მიღების უფლება აქვთ. აქედან გამომდინარე, სასამართლომ სადავო სახელოსნოს 3/4 მიაკუთვნა ზ. ბ-იას, ხოლო ¼1/4 თ. გ-შვილს.
ზ. ბ-იამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს 2000 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება. თ. გ-შვილმა შეიტანა შეგებებული სააპელაციო საჩივარი იმავე გადაწყვეტილებაზე და მოითხოვა მისი საკუთრების უფლების ცნობა სადავო სახელოსნოს ნახევარზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივრები, გაუქმდა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ახალი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ბ-იას სარჩელი და თ. გ-შვილი გამოსახლებულ იქნა სახელოსნოდან. თ. გ-შვილს უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე, აღნიშნული სახელოსნოს მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობაზე. სასამართლომ იხელმძღვანელა შემდეგი მოტივით: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის თანახმად, თ. გ-შვილის შეგებებული სარჩელის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს სამკვიდროს გახსნის დროისათვის მოქმედი სამოქალაქო კოდექსი (1964 წ. რედაქცია). ამ კოდექსის 131-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი უძრავ ნივთზე საკუთრება წარმოიშობოდა რეგისტრაციის მომენტიდან. პალატამ მიიჩნია, რომ სადავო სახლოსნო არ წარმოადგენს პ. გ-შვილის საკუთრებას, რადან იგი მასზე რეგისტრირებული არ არის, აქედან გამომდინარე იგი ვერ შევა ჰ. გ-შვილის სამკვიდროში.
თ. გ-შვილმა საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება. კასატორის მოთხოვნა ემყარება იმ საფუძველს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა 1964 წლის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 544-ე, 556-ე მუხლები, რომლებიც უნდა გამოეყენებინა. სასამართლომ გამოიყენა ამავე კოდექსის 131-ე და 159-ე მუხლები, რომლებიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა მითითებული ნორმები.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1972 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა საქართველოს სსრ მხატვართა კავშირის შუამდგომლობა და კომპლექსური შემოქმედებითი სახელოსნოების ასაშენებლად გამოუყო მიწის ნაკვეთები ....... ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე. 1974 წლის 6 მაისის მიწის ნაკვეთის გამოყოფის აქტით ..... მდებარე ამჟამად სადავო სახელოსნოს მიწის ნაკვეთი სარგებლობაში გამოეყო მხატვართა კავშირის წევრს აწ გარდაცვლილ ჰ. გ-შვილს.
საქართველოს მხატვართა კავშირის გამგეობის სამდივნოს 1989 წლის 2 აგვისტოს სხდომის დადგენილებით დადასტურებულია, რომ ¹3 სახელოსნო, რომელიც ირიცხებოდა ჰ.გ-შვილის სახელზე, გადაფორმდა მისი მეუღლის ზ. ბ-იას სახელზე. ამავე დადგენილებით ზ. ბ-იაზე გადაფორმდა ...... ქუჩაზე მდებარე სახელოსნო და ამ უკანასკნელს დაევალა ...... ქუჩაზე მდებარე სახელოსნოს მხატვართა კავშირზე ჩაბარება ....... ქუჩაზე სახელოსნოს მშენებლობის დამთავრების შემდეგ.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სადავო სახელოსნო არ წარმოადგენდა აწ გარდაცვლილ ჰ. გ-შვილის სამემკვიდრეო დანაშთ ქონებას. იგი მასზე, როგორც მესაკუთრეზე ტექაღრიცხვის ბიუროში რეგისტრირებული არ ყოფილა და ამდენად სამკვიდრო მასაში არ შედის; ბუნებრივია ვერც კანონისმიერი და ვერც ანდერძისმიერი მემკვიდრე ვერ მიიღებს ქონებას, რომელიც სამკვიდრო ქონებას არ მიეკუთვნება და იგი არ შეიძლება იყოს მემკვიდრეებს შორის დავის საგანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულედ ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
კასატორის მიერ დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ არის წამოყენებული.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება სამართლებრივად სწორადაა დასაბუთებული და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების იურიდიული საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
თ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.