საქმე # 330100125010828839
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1038აპ-25 ქ. თბილისი
ბ-ძე პ, 1038აპ-25 6 აპრილი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 9 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა ცუცქირიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. პ. ბ-ს, - დაბადებულს ... წლის ... მაისს, - ბრალად ედება მუქარა, ესეიგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ორი ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120 ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2024 წლის 1 დეკემბერს, საღამოს საათებში, თ-ში, ლ-ის ქ.№..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე, პ. ბ-ძე ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ნ. კ-ს, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.
· 2024 წლის 8 დეკემბერს, საღამოს საათებში, თ-ში, გ-ის ქ.№...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, უსაფუძვლო მოტივით, პ. ბ-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ. კ-ს, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, კერძოდ, კისერში მოუჭირა ხელები, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2024 წლის 8 დეკემბერს, საღამოს საათებში, თ-ში, გ-ის ქ.№...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, უსაფუძვლო მოტივით, პ. ბ-ძე ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა ნ. კ-ს, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2025 წლის 16 ივლისის განაჩენით:
2.1. პ. ბ-ძე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 1 დეკემბრის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 8 დეკემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
2.2. პ. ბ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
2.3. პ. ბ-ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2025 წლის 16 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა ცუცქირიძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 9 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება, პ. ბ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა (ორი ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და შესაბამისი სასჯელის შეფარდება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მოთხოვნებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც პ. ბ-ის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა (ორი ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გამართლება განაპირობა.
7. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
8. დაზარალებულ ნ. კ-ის ჩვენებით, 2024 წლის 10 ნოემბრიდან პ. ბ-ან ერთად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას და ცხოვრობდნენ თ-ში, ლ-ის ქ.№..-ში. 2024 წლის 1 დეკემბერს, თ-ში, ლ-ის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში, მან და პ. ბ-მ ერთმანეთთან იკამათეს, რადგან პ. ბ-ძე მასზე ეჭვიანობდა და უმოწმებდა მობილურ ტელეფონს. ამ კამათის დროს პ. ბ-ძე მას დაემუქრა, რომ სახეზე შრამს დაადებდა და გამოსჭრიდა ყელს. მას შეეშინდა ამ მუქარის და წავიდა მეგობარ თ. ს-ნ, რომლის სახლშიც რამდენიმე დღით დარჩა. ამის შემდეგ ის და პ. ბ-იძე შერიგდნენ და 2024 წლის 7 დეკემბერს ქირით გადავიდნენ თ-ში, დ. გ-ის ქ.№..-ში. 2024 წლის 8 დეკემბერს მათ კიდევ იკამათეს აღნიშნულ ბინაში, რა დროსაც პ. ბ-ძე მას დაემუქრა, რომ შრამს დაადებდა სახეზე, დააინვალიდებდა, რის გამოც გაუჩნდა მისი აღსრულების შიში. ამავე დროს, პ. ბ-მ მას კისერში წაუჭირა ორივე ხელი. შედეგად, მან განიცადა ფიზიკური ტკივილი, თუმცა დაზიანება არ ჰქონია. ამის შემდეგ პ. ბ-მ გამოიტანა საპარსის პირი და გადაისერა ხელები. მან მიმართა პოლიციას ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რათა პ. ბ-ს შეშინებოდა.
9. ამდენად, დაზარალებულმა ნ. კ-მ ამხილა პ. ბ-ძე დანაშაულების ჩადენისათვის ბრალად წარდგენილ თითოეულ ეპიზოდში, თუმცა მისი ჩვენების სხვა მტკიცებულებით გადამოწმების შედეგად არ დასტურდება მათი ჩადენის უტყუარობა. ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ ნ. კ-მ თავადვე ახსნა, თუ რა მიზნით მიმართა მან სამართალდამაცავ ორგანოებს მის მიერ აღწერილი ძალადობისა და მუქარის ბოლო ფაქტიდან რამდენიმე დღის შემდეგ. მას სურდა პ. ბ-ის შეშინება.
10. მოწმე თ. ს-ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, რაც უდავოდ იქნა ცნობილი მხარეთა მიერ, 2024 წლის 1 დეკემბერს, ნ. კ-ან სტუმრად მისვლისას, მან გააცნო მეუღლე - პ. ბ-ძე. მისი იქ ყოფნის პერიოდში ნ-სა და პ-ეს შორის დაპირისპირება არ გასცდენია სიტყვიერ კონფლიქტს და აღნიშნული კონფლიქტისას პ-ს მხრიდან ნ-ს მისამართით რაიმე სახის მუქარას ან შანტაჟს ადგილი არ ჰქონია. აღნიშნული ფაქტიდან დაახლოებით ორ დღეში, მასთან სტუმრად მივიდა ნ. კ-ძე და დარჩა. აღნიშნულ დღეს მას რაიმე სახის შიში, დათრგუნვა ან უხასიათობა არ შეუმჩნევია, თუმცა უთხრა, რომ ის და მისი მეუღლე ვერ ეწყობოდნენ და მისი მეუღლე ხშირად ეჭვიანობდა, რის გამოც მოსდიოდათ ერთმანეთთან კამათი. ნ. კ-ძე მეორე დღეს წავიდა მისგან და მასთან აღარ დაბრუნებულა. შემდეგ, როდესაც მან მოიკითხა იგი, თუ რას შვრებოდა, ნ-ამ უპასუხა, რომ ის და მისი ქმარი - პ. ბ-ძე შერიგდნენ და ისევ ერთად გააგრძელეს ცხოვრება. აღნიშნულის შემდეგ მას და ნ-ს ერთმანეთთან კონტაქტი აღარ ჰქონიათ.
11. გარდა იმისა, რომ მოწმე თ. ს-მ გამორიცხა 2024 წლის 1 დეკემბერს მისი თანდასწრებით პ. ბ-ის მხრიდან ნ. კ-ის მიმართ მუქარა, დაზარალებულის ჩვენება მკვეთრად განსხვავდება მოწმის ჩვენებისგან არსებით საკითხებში, კერძოდ, თ. ს-ე, განმარტა, რომ 1 დეკემბერს ნ. კ-ან სტუმრობიდან დაახლოებით ორ დღეში მასთან სტუმრად მივიდა ნ. კ-ძე და წავიდა მეორე დღეს. ნ. კ-ის განმარტებით კი, 2024 წლის 1 დეკემბერსვე წავიდა თავის მეგობარ თ. ს-ან და დარჩა რამდენიმე დღით მასთან. ამგვარი წინააღმდეგობა ჩვენებათა შორის დაზარალებულის ნაამბობში დაეჭვების საფუძველს იძლევა. ისინი ვერ დაიძლია ვერც სხვა მტკიცებულებებით, ვინაიდან საქმეზე გამოკითხული მოწმეები არ ყოფილან მუქარისა და ძალადობის თუნდაც ერთი ფაქტის თვითმხილველი. გამომძიებელმა ი. ს-მ დაადასტურა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა კანონიერება და ავთენტურობა მოწმის სახით დაკითხვისას და უშუალოდ მუქარისა და ძალადობის ფაქტებზე სასამართლოსთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია.
12. სახელმწიფო ბრალმდებელი ანა ცუცქირიძე აპელირებს ნ. კ-ის შეტყობინებაზე, რომლის თანახმად, ინიციატორმა განაცხადა, რომ მისმა ყოფილმა შეყვარებულმა პ. ბ-მ 2024 წლის 8 დეკემბერს, თ-ში, დ. გ-ის ქ.№..-ში მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.
13. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული შეტყობინება არა მხოლოდ არაინფორმატიულია 2024 წლის 1 დეკემბრის ეპიზოდთან მიმართებით, იგი არ შეიცავს არც 2024 წლის 8 დეკემბრის ფაქტთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტიზაციას. შეტყობინების ინიციატორის ჩვენების სხვა მტკიცებულებით გადამოწმების შესაძლებლობა 2024 წლის 8 დეკემბრის ფაქტთან მიმართებით შეუძლებელია, მათი არარსებობის გამო. 2024 წლის 1 დეკემბერთან დაკავშირებით კი, ნ. კ-ის ჩვენება ეწინააღმდეგება მოწმე თ. ს-ის ჩვენებას.
14. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
15. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა პ. ბ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა (ორი ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
18. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა ცუცქირიძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 9 ოქტომბრის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ნ. სანდოძე