Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-349-333(კ-06) 1 ნოემბერი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნ. სხირტლაძე,

ნ. ქადაგიძე

სარჩელის საგანი: სამუშაოზე აღდგენა, იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2005წ. 23 აგვისტოს ი. გ-ემ სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქ. ფოთის საგამოფენო დარბაზის მიმართ და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ქ. ფოთის საგამოფენო დარბაზში მუშაობდა 1991 წლიდან გამყიდველად, ხოლო 1998 წლიდან _ ..... 2005წ. აპრილიდან მოსარჩელე გავიდა უხელფასო შვებულებაში, რადგან უფროსმა სიტყვიერად აუხსნა, რომ სალონი იხურებოდა დროებით _ ახალი დებულების დამტკიცებამდე და პროცესი, სავარაუდოდ, ერთი თვე ან თვე-ნახევარი გასტანდა. ი. გ-ე პერიოდულად აკითხავდა სამსახურს, მაგრამ სალონის მუშაობის განახლების შესახებ ვერანაირი პასუხი მიიღო და 2005წ. 12 ივლისს წერილობით მიმართა სამსახურის დირექტორს, რათა მისთვის განემარტათ, თუ «რა მდგომარეობა იყო მის სამუშაო ადგილთან დაკავშირებით». ქ. ფოთის საგამოფენო დარბაზიდან 2005წ. 24 ივლისს მოსარჩელემ მიიღო პასუხი და 2004წ. 1 ნოემბრის ¹30 ბრძანებიდან ამონაწერი, რომლის მიხედვითაც, ი. გ-ე სამსახურიდან იყო გათავისუფლებული 2004წ. 1 ნოემბრიდან ისე, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა, უფრო მეტიც, 2005წ. 1 აპრილამდე ჩვეულებრივად მუშაობდა. აღნიშნულის შესახებ მოსარჩელემ წერილით მიმართა კულტურის სამსახურის უფროსს, ვინაიდან საგამოფენო დარბაზი კულტურის სამსახურის დაქვემდებარებაში იყო, აგრეთვე _ კულტურის, სპორტისა და ტურიზმის დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარეს. ქ. ფოთის საგამოფენო დარბაზიდან მოსარჩელეს გაუგზავნეს შრომის წიგნაკი, სადაც არ იყო მითითებული მიზეზი, თუ რის გამო გაათავისუფლეს იგი, რაც აუცილებლად უნდა ყოფილიყო აღნიშნული შრომის კანონთა კოდექსის 41-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად. მოსარჩელისათვის გაუგებარი იყო, თუ სამსახურიდან 2004წ. 1 ნოემბერს გაათავისუფლეს, რატომ არ შეატყობინეს ამის შესახებ იმავე კოდექსის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად და რატომ არ გააცნეს ბრძანება, რომლის საფუძველზეც გათავისუფლდა სამსახურიდან. აქედან გამომდინარე, მოსარჩელემ მიიჩნია, რომ იგი შრომის კანონთა კოდექსის 41-ე, 422-ე და 423-ე მუხლების დარღვევით იქნა გათავისუფლებული სამუშაოდან, რითაც დაირღვა მისი უფლებები.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან არ არსებობდა მის მიერ ადრე დაკავებული თანამდებობა და, შესაბამისად, შეუძლებელი იყო მისი იმავე თანამდებობაზე აღდგენა; ი. გ-ეს განემარტა, რომ სალონში საქონელმცოდნის შტატის დაშვების შემთხვევაში, მას ჰქონდა უპირატესი დანიშვნის უფლება, ვინაიდან ის გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან შრომის კანონთა კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. გ-ემ და მოითხოვა ხსენებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება, ასევე მოწინააღმდეგე მხარისათვის იურიდიული მომსახურების თანხის _ 200 ლარის დაკისრება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006წ. 17 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ი. გ-ის სააპელაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 10 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. გ-ე, ქ. ფოთის საგამოფენო დარბაზ-სალონის ....., შვებულებაში იმყოფებოდა 2004წ. 14 მარტის ბრძანებით. 2004წ. 24 ოქტომბრის ბრძანებით იგი გამოძახებულ იქნა შვებულებიდან, 2004წ. 1 ნოემბრის ბრძანებით კი, არადამაკმაყოფილებელი ფინანსური მდგომარეობის გამო, დაიხურა სალონი და დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა. აღნიშნული ბრძანებიდან გამომდინარე, მოხდა სალონის ლიკვიდაცია. «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან დაწესებულების ლიკვიდაციის გამო. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სალონი რომ დახურული იყო, ეს თვით სარჩელიდან და სააპელაციო საჩივრიდან დასტურდებოდა _ ი. გ-ე პერიოდულად აკითხავდა სამსახურს, თუ როდის განახლდებოდა სალონის მუშაობა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006წ. 17 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. გ-ემ და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება, აგრეთვე, იურიდიული მომსახურების თანხის _ 200 ლარის ანაზღაურება.

კასატორი არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, იგი შეიძლებოდა გაეთავისუფლებინათ სამსახურიდან დაწესებულების ლიკვიდაციის გამო, ვინაიდან საგამოფენო დარბაზ-სალონის ლიკვიდაცია არ მომხდარა და, შესაბამისად, ლიკვიდაციის გამო მისი გათავისუფლება უსაფუძვლოა, რასაც მოწმობს თუნდაც ის გარემოება, რომ 2005წ. 24 თებერვალს სალონში შეტანილ იქნა სუვენირები გასაყიდად. გასაჩივრებული განჩინების სამოტივაციო ნაწილში მითითებულია, თითქოს 2004წ. 14 მარტიდან 2004წ. 24 ოქტომბრამდე ი. გ-ე იმყოფებოდა უფასო შვებულებაში, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან კასატორი და სალონის გამყიდველი აწარმოებდნენ საქონლის როგორც მიღებას, ასევე _ მის რეალიზაციას. აღნიშნული ბრძანების შესახებ მოსარჩელე არ იყო ინფორმირებული და რატომღაც სასამართლო პროცესზე იქნა იგი წარდგენილი. გაუგებარია 8 თვის განმავლობაში საჯარო მოხელის უფასო შვებულებაში ყოფნაც. გარდა ამისა, სასამართლო პროცესზე წარდგენილ იქნა 2004წ. 1 ნოემბრის ბრძანება მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ, რომელიც აშკარად უკანონოა, რადგანაც იგი მუშაობდა საგამოფენო დარბაზ-სალონში და აწარმოებდა საქონლის მიღებას და რეალიზაციას. თუ სალონი 2004წ. 1 ნოემბრიდან დახურული იყო, მაშინ როგორ შეეძლო დახურული სალონის არარსებულ ... მიეღო სალონში გასაყიდად შეტანილი სუვენირები 2005წ. 24 თებერვალს. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განჩინებაში არასწორად მიუთითა, რომ ი. გ-ე სამსახურს აკითხავდა პერიოდულად იმ მიზნით, რომ გაეგო, თუ როდის განაახლებდა დარბაზ-სალონი მუშაობას, ვინაიდან, კასატორის მტკიცებით, იგი სამსახურს აკითხავდა 2005წ. აპრილის შემდეგ და არა მანამდე. კასატორის განმარტებით, მის მიმართ დაირღვა შრომის კანონთა კოდექსის 41-ე მუხლის მე-4 ნაწილი და 422-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006წ. 7 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი. გ-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2006წ. 7 ივლისის განჩინების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2006წ. 27 სექტემბრამდე.

ი. გ-ემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარადგინა მოსაზრება საკასაციო საჩივრის დასაშვებობაზე და აღნიშნა, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006წ. 27 სექტემბრის განჩინებით ი. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა 2006წ. 1 ნოემბერს მხარეთა დასწრების გარეშე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ი. გ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ ქ. ფოთის საგამოფენო დარბაზის დირექტორის 2004წ. 1 ნოემბრის ბრძანებით, არადამაკმაყოფილებელი ფინანსური მდგომარეობის გამო, დაიხურა აღნიშნული დარბაზ-სალონი და მოხდა მისი ლიკვიდაცია, რის გამოც მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან სწორედ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დაწესებულების ლიკვიდაციის გამო, გათავისუფლდა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, როგორც ზემოხსენებული ბრძანებიდან ირკვევა, მოხდა ქ. ფოთის საგამოფენო დარბაზის არა ლიკვიდაცია, არამედ მისი რეორგანიზაცია, რის შესახებაც პირდაპირ არის მითითებული ამავე ბრძანებაში, კერძოდ, ჩაწერილია, რომ აღნიშნულ სალონში გათვალისწინებული იყო რეორგანიზაცია და ახალი დებულების შექმნა, ანუ მისი ლიკვიდაციის შემთხვევაში აღარ იქნებოდა საჭირო ხსენებული დებულების შექმნა, რაც ადასტურებს იმას, რომ აღნიშნული სალონი დაიხურა და მისი მუშაობა შეჩერდა დროებით, ამასთან, მოცემულ საქმეში წარმოდგენილია ქ. ფოთის საგამოფენო დარბაზის დირექტორის მოხსენებითი ბარათი ქ. ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის კულტურის სამსახურის უფროსისადმი, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ ი. გ-ეს ეცნობა საქმის ვითარება, ხოლო ახალი დებულების შექმნის შემდეგ მას შეატყობინებდნენ აღნიშნულის თაობაზე. ამდენად, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ განხორციელდა ქ. ფოთის საგამოფენო დარბაზ-სალონის ლიკვიდაცია და, შესაბამისად, არ არსებობდა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი ი. გ-ის სამუშაოდან გათავისუფლებისათვის.

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შრომის კანონთა კოდექსის 41-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამუშაოდან გათავისუფლების მიზეზის შესახებ ჩანაწერი შრომის წიგნაკში უნდა გაკეთებულიყო მოქმედი კანონმდებლობის ფორმულირების ზუსტი შესაბამისობით და მითითებული უნდა ყოფილიყო შესაბამისი კანონის მუხლი და პუნქტი, რასაც ი. გ-ესთან მიმართებაში ადგილი არ ჰქონია. აღნიშნული კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ მუშაკისთვის პერსონალურად უნდა ეცნობებინათ ერთი თვით ადრე მაინც, ხოლო აღნიშნული შეტყობინება მუშაკს უნდა დაედასტურებინა ხელმოწერით. მოცემული საქმის მასალებით არ დასტურდება ი. გ-ის გაფრთხილება მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ.

ამდენად, ი. გ-ის სამუშაოდან გათავისუფლებისას დაირღვა სადავო ურთიერთობის წარმოშობის პერიოდში მოქმედი შრომის კანონთა კოდექსის მთელი რიგი ზემოთ მითითებული ნორმების იმპერატიული მოთხოვნები, რის გამოც მისი გათავისუფლება მოხდა უკანონოდ.

ამასთან, ი. გ-ის საკასაციო საჩივარზე საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილ შესაგებელში ქ. ფოთის საგამოფენო დარბაზის დირექტორი აღნიშნავს, რომ დარბაზ-სალონი დღემდე არ ფუნქციონირებს, რადგანაც ქ. ფოთის ადგილობრივ თვითმმართველობას ჯერ არ დაუმტკიცებია შესაბამისი დებულება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში აღნიშნულ საკითხზე საერთოდ არ უმსჯელია.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია და მოცემული საქმის მასალების მიხედვით არ ირკვევა, არსებობს თუ არა ამჟამად ი. გ-ის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული საქონელმცოდნის თანამდებობა რეალურად.

სსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამავე კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი, ვინაიდან მისი დასკვნა არ გამომდინარეობს მოცემულ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან. აღნიშნული გარემოება კი, ხსენებული კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, ვინაიდან არსებობს ი. გ-ის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ქ. ფოთის საგამოფენო დარბაზის დირექტორის 2004წ. 1 ნოემბრის ¹30 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი, შესაბამისად, ი. გ-ე უფლებამოსილი იყო, მისი სააპელაციო საჩივრის განხილვისას სააპელაციო სასამართლოში მოეთხოვა იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება ხსენებული ბრძანების გამოცემის თარიღიდან, ანუ ფაქტობრივად, დაეზუსტებინა აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა.

ამდენად, მოცემული საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რეალურად არსებობს თუ არა ქ. ფოთის საგამოფენო დარბაზ-სალონში ი. გ-ის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული საქონელმცოდნის თანამდებობა, აგრეთვე, ზუსტად გაარკვიოს ქ. ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ხსენებული დარბაზ-სალონის დებულების დამტკიცების საკითხი და მიიღოს კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ი. გ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006წ. 17 თებერვლის განჩინება და მოცემული საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.