საქმე # 330141313012460647
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№131-26 8 აპრილი, 2026 წელი
მ-ი მ, 131-26 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე)
მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ჩ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 6 სექტემბრის განაჩენითა და ამ განაჩენში არსებული ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 7 ნოემბრის განჩინების თანახმად, მ. მ-ი (მის დაუსწრებლად), – დაბადებული ... წლის .... ნოემბერს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2008 წლის 17 მარტის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა – 7 წლით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ დაეკისრა ჯარიმა – 3500 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2008 წლის 4 მარტის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა – 7 წლით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ დაეკისრა ჯარიმა – 3500 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2008 წლის 4 მარტის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა – 2 წლით; დანიშნული სასჯელი „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, გაუნახევრდა და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 1 წლით.
საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2008 წლის 17 მარტის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა – 2 წლით; დანიშნული სასჯელი „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, გაუნახევრდა და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 1 წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და მ. მ-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 16 წლით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმა – 7000 ლარი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 თებერვლის განჩინებით: ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაკა გაგიევის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 6 სექტემბრის განაჩენი შეიცვალა:
2.1. მ. მ-ი „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე, გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) დანიშნული სასჯელებისგან.
2.2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, მ. მ-ს ¼-ით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულებისათვის დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2008 წლის 17 მარტის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა – 5 წლითა და 3 თვით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ დაეკისრა ჯარიმა – 3500 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2008 წლის 4 მარტის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა – 5 წლითა და 3 თვით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ დაეკისრა ჯარიმა – 3500 ლარი.
3. მსჯავრდებულ მ. მ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა –კ. ჩ-მ – საჩივრით მოითხოვა, რომ გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 თებერვლის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 6 სექტემბრის განაჩენი და მ. მ-ის მიმართ გავრცელდეს 2012 წლისა და მას შემდგომ მიღებული ამნისტიების კანონები (მათ შორის, 2024 წლის 17 სექტემბრისა).
3.1. ადვოკატი აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 თებერვლის განჩინება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გამოყენების თაობაზე, მათთვის მხოლოდ 2026 წლის 11 მარტს გახდა ცნობილი. განსახილველ შემთხვევაში, მ. მ-მა შეძლო და ყველა დაზარალებულთან მოაგვარა ფინანსური საკითხი, კერძოდ, შ. გ-ის მემკვიდრემ, გ. გ-მ, ვ. მ-მა, ი. კ-მ, ი. ვ-მ (განქორწინებამდე ი. ჩ-მ) და დ. ჯ-მა წერილობით, ნოტარიულად განაცხადეს, რომ ზიანი აუნაზღაურდათ და ეთანხმებიან მსჯავრდებულის მიმართ კანონით დადგენილი შეღავათის გამოყენებას. 2011 წლის მდგომარეობით, მ. მ-ი ნასამართლევი არ ყოფილა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
2. მოცემულ შემთხვევაში, მ. მ-ი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 6 სექტემბრის განაჩენით (მისი მონაწილეობის გარეშე) მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი); თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 თებერვლის განჩინებით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე, მ. მ-ი საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) დანიშნული სასჯელების მოხდისაგან სრულად გათავისუფლდა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) დანიშნული სასჯელები კი შეუმცირდა ¼-ით, რადგან განჩინების თანახმად, კონკრეტულმა დაზარალებულებმა უარი განაცხადეს ამნისტიის გამოყენებაზე.
3. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ საჩივარში ადვოკატი აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული განჩინება, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გამოყენების თაობაზე, მათთვის მხოლოდ 2026 წლის 11 მარტს გახდა ცნობილი. იგი მიუთითებს, რომ შ. გ-ის მემკვიდრემ, გ. გ-მ, ვ. მ-მა, ი. კ-მ, ი. ვ-მ (განქორწინებამდე ი. ჩ-მ) და დ. ჯ-მა წერილობით, ნოტარიულად განაცხადეს, რომ ზიანი აუნაზღაურდათ და ეთანხმებიან მსჯავრდებულის მიმართ კანონით დადგენილი შეღავათის გამოყენებას.
4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილ ხელწერილებსა და მასალებში როგორც აღნიშნულია, შ. გ-ის მემკვიდრე, გ. გ-ძე, ვ. მ-ანი, ი. კ-ძე, ი. ვ-ძე (განქორწინებამდე ი. ჩ-ა) და დ. ჯ-ი პრეტენზიას არ აცხადებენ მ. მ-ის მიმართ; თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, ადვოკატს არ წარმოუდგენია მასალა, რომელიც დაადასტურებდა შ. გ-ის გარდაცვალების ფაქტს, გ. გ-ის მასთან ნათესაური კავშირის სტატუსს (მაგალითად, არის შვილი, შვილიშვილი თუ სხვა); ასევე, განცხადებაში არ არის მითითებული ზოგადად, შ. გ-ის საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომლებიც სასამართლოს საქმის მასალებთან მისი შედარების შესაძლებლობას მისცემდა.
5. ამასთან, ერთ-ერთ ხელწერილს ადასტურებს ი. ვ-ძე, რომელიც აღნიშნავს, რომ განქორწინებამდე იყო გვარად ჩ-ა; საქმეში გვარის ცვლილების ამსახველი დოკუმენტი არ წარმოდგენილა, მაშინ როდესაც ბრალდებისა და დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებებში დაზარალებულის სახით მოხსენიებულია არა ხელწერილზე ხელმომწერი გვარი –,,ვ-ძე,“ არამედ ,,ჩ-ა.“
6. შესაბამისად, იმ ამნისტიების, წინაპირობები, რომლებიც შეღავათის გასავრცელებლად მოითხოვენ თითოეული დაზარალებულის თანხმობის არსებობას, მოცემულ შემთხვევაში, უტყუარად იდენტიფიცირებადი ფორმით წარმოდგენილი არ არის (იგულისხმება: „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი).
7. რაც შეეხება, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტს (1/6-ით სასჯელის შემცირების წესი, გარდა ამავე კანონით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა), მოცემული დანაწესი აგრეთვე ვერ გავრცელდება მ. მ-ზე, ვინადან, მოცემული კანონის მე-12-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, ,,ძებნილმა მსჯავრდებულმა, რომლის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოება დასრულებულია ან რომლის მიმართ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოში არ გასაჩივრებულა, მის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით, უშუალოდ ან ადვოკატის მეშვეობით, ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უნდა მიმართოს შესაბამის პროკურორს. პროკურორი აღნიშნულ პირზე ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების მიზნით, ამავე კანონით დადგენილი წესით, 3 კვირის ვადაში მიმართავს თავდაპირველი განაჩენის გამომტან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს.“ ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, პროკურორის მიმართვა თავდაპირველი განაჩენის გამომტან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში წარმოდგენილი მასალებით არ გამოკვეთილა.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადვოკატის საჩვარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ მ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ჩ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ნ. სანდოძე