Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3კ/825 14 მარტი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე,მ. ცისკაძე

დავის საგანი _ დაუძლეველი ძალით გამოწვეული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის აღდგენა, სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება და მემკვიდრედ ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

მ. ლ-იას პაპა ი. შ-ია და მისი ძმები – მ. და რ. შ-იები 1919 წელს წალენჯიხის რაიონიდან საცხოვრებლად გადავიდნენ ქ. ზუგდიდში. მათ ქ. ზუგდიდში ამჟამად .... ქუჩაზე ააშენეს საცხოვრებელი სახლი; ასევე, შეიძინეს ქ. ზუგდიდში, .... ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლი.

მ. ლ-იას პაპას და მის ძმებს აღნიშნული საცხოვრებელი სახლები საკუთრებაში ჰქონდათ. ზუგდიდის სამაზრო აღმასკომმა აღნიშნული სახლები ი., მ. და რ. შ-იებს ჩამოართვა ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე და გახსნა საბავშვო ბაღი. ი. შ-იას ჰყავდა ერთი ქალიშვილი – ვ. ლ-ია (მ. ლ-იას დედა). იგი გარდაიცვალა 1983 წელს, მას დარჩა ვაჟი – მ. ლ-ია და ორი ქალიშვილი – გ. და ნ. ლ-იები. მ. ლ-იამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების: ზუგდიდის განათლების განყოფილების, ზუგდიდის ადგილობრივი მრეწველობის კომბინატის სააქციო საზოგადოება სამრეწველო კომერციული ფირმა “ჩ-ს” მიმართ და მოითხოვა 1923 წლის აპრილიდან სარჩელის წარდგენამდე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის შეჩერებულად ცნობა სამოქალაქო კოდექსის 132-ე მუხლის “ბ” პუნქტით, იმ საფუძვლით, რომ ი., მ. და რ. შ-იებს სარჩელის წარდგენა არ შეეძლოთ იმ დროისათვის ქვეყანაში შექმნილი უსამართლო კომუნისტური რეჟიმის გამო. მოითხოვა, ასევე, სამკვიდროს მიღების ვადის აღდგენა სამოქალაქო კოდექსის 1426-ე მუხლით და ი., მ. და რ. შ-იების დანაშთი საერთო საკუთრების ქონების მემკვიდრედ ცნობა იმავე კოდექსის 1336-ე მუხლის შესაბამისად. მოცემული დავა არაერთხელ იქნა განხილული სასამართლოების მიერ. ბოლოს, ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2000 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა სს “ჩ-ს” გენერალური დირექტორის ე. კ-იას სააპელაციო საჩივარი. გააუქმა ზუგდიდის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება. უსაფუძვლობის გამო არ დააკმაყოფილა მ. ლ-იას უფლებამონაცვლის ნ. ლ-იას სარჩელი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის შეჩერების, სამკვიდროს მისაღებად გაშვებული ვადის აღდგენისა და მემკვიდრედ ცნობის შესახებ. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: მოსარჩელემ დაარღვია სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქციით) 75-ე მუხლით გათვალისწინებული სამწლიანი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 123-ე, 1426-ე, 1336-ე მუხლები, რადგან არ დაასაბუთა იმავე კოდექსის 1507-ე მუხლზე მითითებით ამ მუხლების გამოყენება; პალატამ არასწორად მიიჩნია, უსამართლო კომუნისტური რეჟიმის გამო, გაშვებული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის აღდგენა, რადგან საქართველოში მართლმსაჯულების განხორციელება არ შეწყვეტილა.

ნ. ლ-იამ (მ. ლ-იას უფლებამონაცვლემ) საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: თავის დროზე ი., მ. და რ. შ-იები ითხოვდნენ დარღვეული საკუთრების უფლების აღდგენას, მაგრამ უშედეგოდ. მასობრივი რეპრესიების გამო შემდგომ აღარ უჩივლიათ. ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ სწორად გამოიყენა ახალი სამოქალაქო კოდექსის მუხლები, რადგან დავა უძრავ ქონებას შეეხება და სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ახალი წესებია დადგენილი. მართალია, 1990-1991 წლებში კომუნისტური რეჟიმი აღარ არსებობდა, მაგრამ ქვეყანაში არსებული დესტაბილიზაციის, მძიმე ოჯახური პირობების გამო ვერ შეძლო სარჩელის აღძვრა. ნ. ლ-ია საჩივარში მიუთითებს, ასევე, იმ გარემოებაზეც, რომელიც არ დაუყენებია სააპელაციო საჩივრის განხილვის დროს. კერძოდ იმას, რომ მ. ლ-ია II მსოფლიო ომის ინვალიდი იყო. 1995 წელს მას გაუკეთდა მძიმე ოპარაცია, ხოლო 1997 წელს გარდაეცვალა შვილიშვილი. გ. ლ-იას 1993 წელს აფხაზმა სეპარატისტებმა მოუკლეს შვილი, მას 1994 წელს გარდაეცვალა მეუღლე, ხოლო 1997 წელს _ ქალიშვილი. თვით კასატორს 1996 წელს გარდაეცვალა მეუღლე, თვითონ არის II ჯგუფის ინვალიდი და ხშირად ავადმყოფობს.

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ნ. ლ-იას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სამოტივაციო ნაწილი:

დადგენილია, რომ ნ. ლ-იას პაპას – ი. შ-იას და პაპის ძმებს – მ. და რ. შ-იებს სადავო სახლები ჩამოერთვათ 1923 წელს.

საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მ., ი. და რ. შ-იებმა თავის დროზე სასამართლოს მიმართეს დარღვეული უფლების დასაცავად. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად არ ჩაუთვალა 1923 წლის აპრილიდან სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა შეჩერებულად, რადგან ასეთი შეჩერების საფუძვლები საქმეში არ არის.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ნ. ლ-იას საჩივარში მითითებულ მძიმე ოჯახურ პირობებს გაშვებული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის საპატიო მიზეზად, იმის გამო, რომ 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ვერ შესძლო კასატორმა და მისმა წინაპარმა სასამართლოსათვის მიემართა დარღვეული უფლების დასაცავად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო პალატა თვლის, რომ ნ. ლ-იას არ წარმოუდგენია დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება, რის გამოც მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. ლ-იას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.