გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3კ\827 7 მარტი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მ. წიქვაძემოსამართლეები: ლ. გოჩელაშვილი, რ. ნადირიანი
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ლ. ლ-იას საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 20 სექტემბრის განჩინებაზე. პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ლ. ლ-იამ განცხადებით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ოჯახის წევრებთან ერთად (მეუღლე და შვილები) აღიარებულ იქნეს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად, რადგან ისინი 1989 წლის 9 აპრილის აქციის დარბევის შედეგად დაზარალდნენ.
თბილისის კრწანისი-მთაწმინიდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით განცხადება არ დაკმაყოფილდა.
ლ. ლ-იამ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრით.
თბილისის საოლქო სასამრათლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 20 სექტემბრის განჩინებით უცვლელი დარჩა კრწანისი-მთაწმინიდს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.
საკასაციო საჩივრის ავტორი მოითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 20 სექტემბრის განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ იგი არის უკანონო, რადგან სასამართლომ საქმის განხილვისას არ გამოიყენა 1997 წლის 11 დეკემბრის კანონი “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოების გამო:
საქართველოს კანონი “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის” შესახებ ადგენს პოლიტიკური რეპრესიის და პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის ცნებებს და არეგულირებს მსხვერპლად აღიარების წესსა და სოციალური დაცვის გარანტიებს. აღნიშნული კანონის მეორე მუხლში მოცემულია პოლიტიკური რეპრესიის დეფინიცია, რომლითაც პოლიტიკურ რეპრესიად მიიჩნევა იძულების სხვადასხვა ფორმა (სიცოცხლის ხელყოფა, ჯანმრთელობის დაზიანება და სხვ.), რომელიც სახელმწიფომ განახორციელა პოლიტიკური მოტივით სასამართლოს ან სხვა სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებით და დაკავშირებული იყო დანაშაულის ჩადენაში ყალბ ბრალდებასთან, პირის პოლიტიკურ შეხედულებასთან ან არსებული პოლიტიკური რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ წინააღმდეგობის გაწევასთან, სოციალურ, წოდებრივ ან რელიგიურ კუთვნილებასთან. პოლიტიკურ რეპრესიად მიიჩნევა აგრეთვე, ამავე კანონის მე-4 მუხლში ჩამოთვლილი სახელმწიფოს მიერ განხორციელებული იძულების ფორმები. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ განმცხადებელს სწორად უთხრა უარი რეპრესირებულად ცნობაზე, რადგან საქმეში არსებული მასალები არ აკმაყოფილებს მითითებული კანონის მე-2 და მე-4 მუხლის მოთხოვნებს. რაც შეეხება 1989 წლის 9 აპრილის აქციაში მონაწილე პირებს, მათი სოციალური დაცვის გარანტიებს არეგულირებს საქართველოს კანონი “ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა აღიარებისა და მათი სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ”. ეს კანონი არ ითვალისწინებს აქციის მონაწილეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 20 სექტემბრის განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ. ლ-იას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. ძალაში დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 20 სექტემბრის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეს.