Facebook Twitter

3კ/831-01 17 ოქტომბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი,რ. ნადირიანი

სარჩელის საგანი: ვალის დაბრუნება.

შეგებებული სარჩელის საგანი: ვალის გაქვითვა.

აღწერილობითი ნაწილი:

2000 წლის 9 მარტს ნ. ა-ევამ სპს “შ. ვ-ის” წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ მან 1998 წლის 19 ივლისს სპს “შ. ვ-ესთან” გააფორმა სალომბარდო ხელშეკრულება სესხის შესახებ. ა. ა-ევამ შეიტანა 10000 აშშ დოლარი 35 დღის ვადით 7% დარიცხვით. 1998 წლის 25 სექტემბერს 5000 აშშ დოლარი, ხოლო 1999 წლის 1 იანვარს 3000 აშშ დოლარი 30-30 დღის ვადით 7% დარიცხვით.

მოპასუხე 1999 წლის ივლისის თვის ჩათვლით კეთილსინდისიერად უხდიდა პროცენტს, მაგრამ მითითებული დროიდან სარჩელის შეტანამდე პროცენტი არ გადაუხდია. 1999 წლის ნოემბერში ძირითადი ვალიდან 3000 აშშ დოლარის გაქვითვის მიზნით მოპასუხემ მას გადასცა ავტომანქანა. საბოლოოდ ძირითადი თანხის და პროცენტის ჩათვლით მოსარჩელემ მოითხოვა 23100 აშშ დოლარის დაბრუნება.

2000 წლის 11 აპრილს მოცემული საქმე განსჯადობის მიხედვით განსახილველად გადაეზგავნა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს.

2000 წლის 8 მაისს ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ ნ. ა-ევას სარჩელი განუხილველად დატოვა მხარეთა გამოუცხადებლობის გამო.

2000 წლის 5 ივლისს ნ. ა-ევამ ახალი სარჩელით, მაგრამ იგივე მოთხოვნით მიმართა სასამართლოს.

რაიონული სასამართლოს 2000 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაეკისრა 22680 აშშ დოლარის გადახდა.

მოპასუხის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე საქმე 2000 წლის 1 სექტემბერს განიხილა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ, რომელმაც თავისი გადაწყვეტილებით შეცვალა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მოპასუხეს გადასახდელად დააკისრა 10000 აშშ დოლარი.

მოსარჩელის საკასაციო საჩივრის საფუძველზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2001 წლის 9 თებერვალს გააუქმა ამ საქმეზე უმაღლესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნა იმავე სასამართლოს.

საქმის უმაღლეს სასამართლოში განხილვის დროს მოპასუხემ შეიტანა შეგებებული სარჩელი.

შეგებებული სარჩელით მოპასუხემ მოითხოვა მოსარჩელის მიერ ზედმეტად მიღებული თანხის გაქვითვა.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით შეიცვალა ამ საქმეზე რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და მოპასუხეს გადასახდელად დაეკისრა 8848 ლარი.

უმაღლესმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1998 წლის 19 ივლისს სპს “შ. ვ-ემ” სალომბარდო ხელშეკრულებით მიიღო ნ. ა-ევასგან 35 დღის ვადით 10000 აშშ დოლარი 7% სარგებლით, იმავე წლის 25 სექტემბერს 5000 აშშ დოლარი 30 დღით 7% დაქვითვით, ხოლო 1999 წლის 1 იანვრის 3000 აშშ დოლარი 30 დღის ვადით 7% დაქვითვით.

1999 წლის ივლისის თვის ჩათვლით სპს-მ სარგებელი კეთილსინდისიერად გადაიხადა. 1999 წლის ნოემბერში ძირითადი ვალის ნაწილის გაქვითვის მიზნით 3000 აშშ დოლარში გადასცა ავტომანქანა. 1999 წლის ივლისიდან სპს-ს მოსარჩელისათვის არც პროცენტი გაუცია და 1999 წლის დეკემბრიდან არც ძირითადი ვალი 15000 აშშ დოლარი დაუბრუნებია.

უმაღლესმა სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის გამოყენებით ვინაიდან სესხზე სარგებლის პროცენტი გონივრულ შესაბამისობაში არ იყო ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე დაფიქსირებული პროცენტის ზღვრულ ოდენობასთან (ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე პროცენტის ოდენობა იმ პერიოდისათვის 3% შეადგენდა), ამ ნაწილში ხელშეკრულება ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი. სესხის პროცენტად უნდა დაანგარიშებულიყო 3%. ამის შესაბამისად 1999 წლის ივლისისათვის მოსარჩელის მიერ პროცენტის სახით ზედმეტად მიღებული თანხა 8005 აშშ დოლარი გამოკლებოდა ძირითად დავალიანებას და დარჩენილ ძირითად დავალიანებაზე 1998 წლის 1 მარტამდე მდგომარეობის ჩათვლით სარგებლის 3% ოდენობით გავრცელებით მოპასუხეს საერთო ჯამში გადასახდელად უნდა დაკისრებოდა 8848 აშშ დოლარი.

2001 წლის 18 ივლისს მოსარჩელემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

მოსარჩელემ მოითხოვა ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დამაყოფილება შემედგ გარემოებათა გამო:

კასატორს მიაჩნია, რომ უმაღლესმა სასამართლომ არასწორად გამოიყენა კანონი. მისი მოსაზრებით, აღნიშნული იმაში გამოიხატა, რომ მართალია, სასამართლოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად უფლება ჰქონდა პროცენტის გაანგარიშება მოეხდინა ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე დაფიქსირებული პროცენტის შესაბამისად და სარგებლის ოდენობა განესაზღვრა 3%, მაგრამ სესხის ხელშეკრულებაში შესრულებულისათვის უკუმოთხოვნის უფლება კანონით განსაზღვრული არ არის, რადგან სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლი არაფერს მიუთითებს პროცენტის სახით გაცემული თანხის უკან დაბრუნების აუცილებლობაზე.

კასატორს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის შესაბამისად მიაჩნია, რომ მას სარგებლის სახით 7% მოთხოვნის უფლებაც ჰქონდა, რადგან მოვალე ფულადი თანხის გადახდის ვადის დარღვევისას ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს კანონით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს სხვა საფუძვლიდან გამომდინარე უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ ამ საქმეზე უმაღლესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და გამოტანილ იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

უმაღლესმა სასამართლომ საქმეზე სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები. ამასთან, სწორად მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად სესხზე სარგებლის სახით 7% დაწესება გონივრულ შესაბამისაობაში არ იყო ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონის მიერ დაწესებული პროცენტის ზღვრულ ოდენობასთან (ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე დაფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 3%), ამიტომ პროცენტის სახით მოსარჩელეს 1999 წლის ივლისის ჩათვლით ზედმეტად ჰქონდა მიღებული 8005 აშშ დოლარი. პალატას მიაჩნია, რომ უმაღლეს სასამართლოს ზედმეტად აღებული სარგებლით ვალის საერთო რაოდენობა კი არ უნდა შეემცირებინა, არამედ, ზედმეტად დარიცხული სარგებლით უნდა გაექვითა დანარჩენი პერიოდისათვის მიუღებელი სარგებელი 3% ფარგლებში და პროცენტის გაანგარიშება ეწარმოებინა ძირითადი თანხიდან, რომელიც 1999 წლის აგვისტოდან ამავე წლის ნოემბრის ჩათვლით 18000 აშშ დოლარს, ხოლო 1999 წლის დეკემბრიდან (როცა ძირითადი ვალის ნაწილის გაქვითვის მიზნით მოსარჩელემ მოვალისაგან 3000 აშშ დოლარად მიიღო ავტომანქანა) 15000 აშშ დოლარს შეადგენდა.

სამოქალაქო კოდექსის 626-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად სესხის დროს, თუ პროცენტები არ არის შეპირებული, მოვალეს შეუძლია ვალი დააბრუნოს ვადამდე. პროცენტიანი სესხის ვადამდე დაბრუნება დასაშვებია მხოლოდ მხარეთა წინასწარი შეთანხმებით.

ამავე მუხლის მესამე ნაწილის მეორე წინადადების შესაბამისად, თუ სესხი წინასწარ არის ვადით განსაზღვრული, მაშინ ვალიც და პროცენტიც გადახდილი უნდა იქნეს ვადის დადგომისას.

მოცემულ შემთხვევაში სესხი წინასწარ იყო ვადით განსაზღვრული. მხარეები ძირითადი ვალის ნაწილის დაფარვის, 3000 აშშ დოლარის გაქვითვის მიზნით შეთანხმდნენ მხოლოდ ავტომანქანის გადაცემაზე. ძირითადი ვალის გაქვითვის სხვა წესზე მხარეები არ შეთანხმებულან. (მხარეები არ შეთანხმებულან, რომ ზედმეტი პროცენტით გაქვითულიყო ძირითადი ვალი). ვინაიდან ზემოთ მითითებული კანონის შესაბამისად მოვალე ვალდებული იყო, ვალიც და პროცენტიც ერთად დაებრუნებინა მოსარჩელისათვის, სასმართლოს უფლება არ ჰქონდა მხარეთა შეთანხმების გარეშე კრედიტორის მიერ ზედმეტად მიღებული სარგებლით (მაშინ, როცა მოვალეს არც ვალი ჰქონდა გასტუმრებული და არც პროცენტი), გაექვითა ვალი და ამის ხარჯზე შეემცირებინა ვალისა და სარგებლის ოდენობა.

სამოქალაქო კოდექსის 404-ე მუხლის შესაბამისად კრედიტორს უფლება აქვს, მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ვადის გადაცილებით გამოწვეულ ზიანში სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად იგულისხმება მიუღებელი შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებილიყო. აქედან გამომდინარე, სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის შესაბამისად მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს გადაცილებული დროისათვის კანონით განსაზღვრული პროცენტი.

ამრიგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ 1999 წლის აგვისტოდან 1999 წლის ნოემბრის ჩათვლით, ანუ 4 თვეში ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის მიერ დაწესებული პროცენტის ზღვრული 3% 18000 აშშ დოლარზე დარიცხვის შემდეგ მოსარჩელეს სარგებლის სახით უნდა მიეღო 2160 აშშ დოალრი. 1999 წლის დეკემბრიდან 2001 წლის 18 ივნისამდე, ანუ 19 თვის განმავლობაში 15000 აშშ დოლარზე პროცენტის სახით უნდა მიეღო 8550 აშშ დოლარი, სულ _ 10710 აშშ დოლარი. პალატას მიაჩნია, რომ მითითებულ თანხას უნდა გამოაკლდეს ზედმეტად დარიცხული პროცენტით მიღებული თანხა _ 8005 აშშ დოლარი და პროცენტების სახით უმაღლესი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს გადასახდელად დარჩება სულ 2705 აშშ დოლარი, რასაც დაემატება ძირითადი ვალი _ 15000 აშშ დოლარი და მოპასუხეს საერთო ჯამში გადასახდელად დაეკისრება 17705 აშშ დოლარი.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმის გარემოებები უმაღლესი სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

ნ. ა-ევას საკასციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ამ საქმეზე აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

ნ. ა-ევას სარჩელი და სპს “შ. ვ-ის” შეგეგებული სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

სპს “შ. ვ-ეს” ნ. ა-ევას სასარგებლოდ დაეკისროს 17705 აშშ დოლარის გადახდა.

სპს “შ. ვ-ეს” სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელად დაეკისროს 3314 ლარი, რომლის 70%, ანუ 2318,4 ლარი ჩაირიცხოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ¹ 000141107 ანგარიშზე, ხოლო დანარჩენი 995,6 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში.

გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.