საქმე # 330100121004840417
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №939აპ-25 ქ. თბილისი
კ. მ. 939აპ-25 17 აპრილი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 6 აგვისტოს განაჩენზე მსჯავრდებულ მ. კ–ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ბ. ქ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მ. კ–ის, – პირადი ნომერი: ………., – მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
1.1. 2021 წლის 7 მარტს, დღის საათებში, ქ. თ–ში, ….. მე-… კილომეტრზე, …. ქუჩის N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე შენობის … სართულზე, მ. კ–მა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე დაზიანებები მიაყენა გ. გ–ეს. კერძოდ, ამ უკანასკნელს მუშტების გამოყენებით, სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენა დაზიანებები, აგრეთვე, მათ შორის, ბლაგვი საგნის დარტყმით გ. გ–ე გადააგდო შენობის ..სართულიდან. მ. კ–ის მიერ მიყენებული დაზიანებების შედეგად გ. გ–ე გარდაიცვალა.
1.2. აღნიშნული ქმედებებით მ. კ–მა ჩაიდინა – ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 დეკემბრის განაჩენით მ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
2.1. მ. კ–ს სასჯელი აეთვალა დაკავების დღიდან – 2021 წლის 9 მარტიდან.
3. აღნიშნული განაჩენი გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, კერძოდ:
3.1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნინო კეპულაძემ მოითხოვა მსჯავრდებულ მ. კ–ის მიმართ განსაზღვრული სასჯელის გამკაცრება;
3.2. მ. კ–მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ბ. ქ–ემ მოითხოვეს მ. კ–ის უდანაშაულოდ ცნობა.
4. სასამართლომ დაადგინა, რომ: 2021 წლის 7 მარტს, დღის საათებში, ქ. თ–ში, ….. მე-… კილომეტრზე, …. ქუჩის N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული შენობის ... სართულზე, მ. კ–მა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე დაზიანებები მიაყენა გ. გ–ეს, კერძოდ: ამ უკანასკნელს მუშტების გამოყენებით, სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენა დაზიანებები, მათ შორის, საგნის დარტყმით გ. გ–ე გადააგდო შენობის .. სართულიდან. მ. კ–ის მიერ მიყენებული დაზიანებების შედეგად გ. გ–ე გარდაიცვალა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 6 აგვისტოს განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 დეკემბრის განაჩენი, მსჯავრდებულ მ. კ–ის მიმართ, დარჩა უცვლელად.
6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ. კ–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ბ. ქ–ემ. კასატორები ითხოვენ მ. კ–ის უდანაშაულოდ ცნობას.
7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).
8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. კასატორი ითხოვს მსჯავრდებულ მ. კ–ის უდანაშაულოდ ცნობას.
9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ მ. კ–ს არ ჩაუდენია მსჯავრადშერაცხილი დანაშაული და ითვალისწინებს, რომ:
9.1. მოწმე ზ. ბ–ის ჩვენების თანახმად, იგი 2021 წლის 7 მარტს შეესწრო მსჯავრდებულ მ. კ–სა და დაზარალებულ გ. გ–ეს შორის მომხდარ ჩხუბს, რა დროსაც ისინი ერთმანეთისკენ იწევდნენ – ხელებს და ფეხებს იქნევდნენ (12:27:37). დაზარალებულს მსჯავრდებულის გარდა არავინ ურტყამდა (12:30:00). მ. კ–ი გამეტებით ურტყამდა მუშტებს გ. გ–ეს (12:32:02; 12:34:45). თავად გ. გ–ეს აკავებდა, ხოლო სხვა პირები (ქვისლი და ცოლის ძმა) – მ. კ–ს (13:21:14). როცა ჩათვალა, რომ სიტუაცია დამშვიდდა, დაზარალებულს, რომელიც იყო ნასვამი და თავდაპირველად არ ემორჩილებოდა, ხელი გაუშვა, იმავდროულად, წაბორძიკდა (თავად), რა დროსაც გ. გ–ე წავიდა ფანჯარასთან მდგომი მ. კ–ისკენ (13:24:00; 12:03:09). გ. გ–ემ ხელი მოუქნია მ. კ–ს, რომელმაც, თავის მხრივ, ,,რაღაც საგანი” შემოარტყა გ. გ–ეს. ეს უკანასკნელი ფანჯრის ღიობიდან გადავარდა (12:12:00).
9.1.1. მოწმემ დაადასტურა, რომ გ. გ–ე ფანჯრის ღიობიდან გადავარდა მ. კ–ის მიერ მოქნეული ხელის მოქნევისა და მოხვედრისთანავე (12:24:55; 12:57:30).
9.2. მოწმე ლ. თ–ს ჩვენების თანახმად, მ. კ–სა და დაზარალებულ გ. გ–ეს შორის ურთიერთშელაპარაკება გადაიზარდა ჩხუბში. ლ. თ–ასა და გ. ბ–ასთან, ასევე ადგილზე მისული ზ. ბ–თან ერთად ცდილობდა მსჯავრდებულისა და დაზარალებულის გაშველებას (12:55:48; 13:04:26). ჩხუბისას მ. კ–მა რაღაც საგანი მოიქნია, რასაც მოჰყვა დაზარალებულის ფანჯრიდან გადავარდნა. აღნიშნულის შემდეგ მსჯავრდებულმა თავი გადახარა ფანჯარასთან და საგანი, რომელიც ხელში ეჭირა, გადააგდო (12:58:34; 13:37:12). გ. გ–ეს მხოლოდ მსჯავრდებული ურტყამდა, სხვა – არავინ (13:27:47).
9.2.1. მოწმემ დაადასტურა, რომ მ. კ–ი და გ. გ–ე ხელებს ურტყამდნენ ერთმანეთს, რა დროსაც მსჯავრდებულმა გაურკვეველი საგანი მოუქნია გ. გ–ეს, რომელიც საგნის დარტყმის შემდეგ გადავარდა (13:04:45; 13:15:49; 13:28:17; 13:31:37; 13:38:23). ფანჯრის ტიხარი დაახლოებით წელს ქვემოთ მისწვდებოდა დაზარალებულს (13:39:30). მ. კ–ის მიერ საგნის მოქნევა და გ. გ–ის გადავარდნა კარგად დაინახა (13:46:34).
9.3. მოწმე გ. ბ–ას გამოკითხვის ოქმის (საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის შესაბამისად, გამოქვეყნდა სასამართლო სხდომაზე) თანახმად, 2021 წლის 7 მარტს, მეუღლის ძმას – ლ. თ–ას, ამ უკანასკნელის მეგობარ ლ. თ–ასთან ერთად ეხმარებოდა სარემონტო სამუშაოებში. მათთან ერთად ასევე მუშაობდა მ. კ–ი. შუადღეს მიირთვეს საკვები და დალიეს მცირე ოდენობით არაყი. მ. კ–ი დათვრა და დაიწყო ხმამაღლა უმისამართოდ გინება, რაზეც მას შენიშვნა მისცა უცნობმა მამაკაცმა. ისინი შელაპარაკდნენ და უცნობმა მამაკაცმა მ. კ–ს შეაგინა. აღნიშნულზე ნასვამი მ. კ–ი გახდა აგრესიული და მამაკაცს გამეტებით დაუწყო მუშტების დარტყმა თავისა და სახის არეში. ის და ლ. თ–ა ცდილობდნენ მ. კ–ის შეჩერებას. ამ დროს მათთან მივიდა ბინის მესაკუთრე, რომელიც ასევე ჩაერთო მოჩხუბრების გაშველებაში. რაღაც დროს გამშველებლები წაბორძიკდნენ, მ. კ–მა იხელთა დრო და უცნობ მამაკაცს ჩაარტყა რაღაც საგანი (რა საგანი აიღო, მას არ დაუნახავს). ამის შემდეგ დაინახა, რომ ზემოაღნიშნული უცნობი მამაკაცი ძირს ეგდო. უშუალოდ მისი ფანჯრიდან გადავარდნის მომენტი არ დაუნახავს. გავიდა გარეთ და დაინახა, რომ მამაკაცი გულაღმა იწვა და ოდნავ ინძრეოდა. მას სისხლი მოსდიოდა თავიდან. რამდენიმე წუთში წამოვიდა შემთხვევის ადგილიდან. ფიზიკური ძალადობა უცნობი მამაკაცის მიმართ განახორციელა მხოლოდ მ. კ–მა (ტ. N1; ს.ფ. 42-45).
9.4. მოწმე ი. კ–ემ (შპს „...... სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრის“ რეანიმატოლოგი) განმარტა, რომ 2021 წლის 7 მარტს, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაზარალებული შეიყვანა სამედიცინო დაწესებულებაში (15:30:04). პაციენტს აღენიშნებოდა ხერხემლის სვეტის მთლიანობის დარღვევა, კისრის მესამე და მეოთხე მალების წვეტიანი მორჩების მოტეხილობა, C3 მალის ლისთეზი (2მმ.), სპინალური შოკი, შემდეგ განვითარდა შეშუპება და პოლიმერული უკმარისობა, რამაც გამოიწვია სიკვდილი (15:31:20). 2021 წლის 8 მარტს გადაიბარა პაციენტი და მას, როგორც რეანიმატოლოგს და მკურნალ ექიმს ევალებოდა სასიცოცხლო ფუნქციის მონიტორინგი და მართვა, თუმცა დაზარალებულთან მუშაობდა რამდენიმე ექიმი, ვინაიდან რეანიმაციაში პაციენტის მკურნალობა არის გუნდური პროცესი. პაციენტს შესაბამისი „გაიდლაინის“ გათვალისწინებით ჩაუტარდა მკურნალობა. იგი იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე, გააჩნდა არასტაბილური ჰემოდინამიკური მაჩვენებლები, რომლის კორექტირებაც განხორციელდა. ჩაუტარდა ანტიბიოტიკური თერაპია. გარდა ამისა, ვინაიდან განვითარდა თირკმლის უკმარისობა, პაციენტს ჩაუტარდა თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია (15:31:30). პაციენტის გადაბარებისას ყურადღება გაამახვილა მის უკიდურესად მძიმე მდგომარეობაზე (15:51:20). ზოგადად, პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით ხდება მისი ოპერაციისათვის მომზადება, მოცემულ შემთხვევაშიც, დრო – პაციენტის კლინიკაში შეყვანიდან ოპერაციამდე – სწორედ აღნიშნულს დაეთმო (15:39:00). ოპერაციის შემდეგ პაციენტი დაბრუნდა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და პაციენტს გაუგრძელეს მკურნალობა, თუმცა დინამიკაში დამძიმდა, დაიწყო პოლეორგანული უკმარისობა, თავის ტვინის შეშუპება (15:46:41).
9.5. მოწმე გ. გ–მ (შპს „..... სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის“ ნეიროქირურგიული განყოფილების გამგე) განმარტა, რომ კლინიკაში მიყვანილ იქნა მამაკაცი, რომელიც იყო მძიმე მდგომარეობაში. აღენიშნებოდა ტეტრაპლეგია, რაც ნიშნავს ოთხივე კიდურში მოძრაობის არარსებობას. როგორც კი მოხერხდა პაციენტს პირადად ჩაუტარა ოპერაცია ზურგის ტვინის დაზიანების გამო (11:53:11). დაზიანება იყო კისრის მესამე მალის დონეზე, წინა მიმართულებით. განვითარდა ზურგის ტვინის კომპრესია, ანუ ზეწოლა, რაც საჭიროებდა აუცილებელ ოპერაციას. პაციენტს ჩაუყენა კარბონის იმპლანტი (წინა ხერხემლის ფიქსაცია). სამედიცინო მანიპულაცია განხორციელდა პაციენტის ობიექტური შეფასების შემდეგ, დადგენილი პროტოკოლის შესაბამისად (11:54:55). ოპერაციის დასრულების შემდეგ გადაყვანილ იქნა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, სადაც გაგრძელდა მისი მკურნალობა. ტეტრაპლეგიის შემთხვევაში თითქმის ყოველთვის არის არასტაბილური ჰემოდინამიკა, რის გამოც, თითქმის, ყოველთვის საჭიროა გადაუდებელი მომზადება წინასაოპერაციოდ (12:01:03). აღნიშნულ პაციენტს ჩაუტარდა ოპერაცია – დისკის გამოცვლა, დისკის პროტეზირება, ხერხემლის ჩასწორება-ფიქსაცია (12:04:02). მსგავსი დაზიანებით პაციენტის გარდარჩენის შანსებთან დაკავშირებით, სტატისტიკური მონაცემებზე დაყრდნობით, მოწმემ განმარტა, რომ ხერხემლის კისრის რაც უფრო მაღალი სეგმენტია დაზიანებული, მით მაღალია – ლეტალური შედეგის შანსი, ეს ეხება, როგორც ადგილზე, ისე – შემდეგში სტაციონარში ან სტაციონარის შემდეგ, მეორადი გართულებით გარდაცვალებას. აღნიშნული ითვლება ჯანმრთელობის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ დაზიანებად (12:06:44).
9.6. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 30 ივნისის N... სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გ. გ–ის სიკვდილის მიზეზია კისრის დახურული ბლაგვი ტრავმა ზურგის ტვინის, კისრის ნაწილის დიფუზიური დაჟეჟილობით, შეშუპებით და დარბილებით – თავის ტვინის აღმავალი შეშუპებით, დარბილების და სისხლჩაქცევის კერების ფორმირებით ალაგ თავის ტვინის ჰემისფეროების და მოგრძო ტვინის ნივთიერებაში. წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად, გ. გ–ის სიკვდილი დადგა 2021 წლის 15 მარტს, 14:50 საათზე. გვამის სასამართლო-სამედიცინო გამოკვლევისას ნანახი გვამური ცვლილებები არ ეწინააღმდეგება აღნიშნულს. გ. გ–ის გვამზე არსებული დაზიანებები, სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად, კისრის III-IV მალის უკან წვეტიანი მორჩების მოტეხილობა, კისრის III მალის დორზალური ლისთეზი, კისრის III და IV მალთაშორისი დისკის ტრავმული რუპტურა დისკის სპინალურ არხში გადაადგილებით და ზურგის ტვინის კომპრესიით (სპინალური შოკით და ტეტრაპლეგიით), სისხლჩაქცევებით ხერხემლის არხის კისრის ნაწილში და კისრის რბილ ქსოვილებში, ზურგის ტვინის კისრის ნაწილის დიფუზური დაჟეჟილობა – განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, სიცოცხლის პერიოდში, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს (2021 წლის 7 მარტს), ცოცხალ პირთა ექსპერტიზისას, ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და იმყოფებიან მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან – სიკვდილთან.
9.6.1. გ. გ–ის გვამზე ასევე აღინიშნება ნაჭდევი შუბლის მიდამოში მარჯვნივ, გარშემო არაინტენსიურად გამოხატული წყვეტილი სისხლნაჟღენთი, მცირე ზომის ნაჭდევები შუბლის ქვედა მესამედში მარცხნივ, მარჯვენა წვივის წინა ზედაპირზე ზედა მესამედში და მარჯვენა მტევნის უკანა ზედაპირზე, – რომლებიც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით სიცოცხლის პერიოდში, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს (2021 წლის 7 მარტს). ცოცხალ პირთა ექსპერტიზისას იზოლირებულად აღებულნი, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს და არ იმყოფებიან უშუალოდ მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან – სიკვდილთან. გ. გ–ის გვამზე არსებული V ნეკნის მოტეხილობა, მარცხნივ ლავიწშუა ხაზზე, მის შესაბამისად სუბპლევრალურად ნეკნთაშორის კუნთებში მუქი მოწითალო ფერის წვრილკეროვანი სისხლჩაქცევით – განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით სიკვდილამდე წინა უახლოეს პერიოდში, ცოცხალ პირთა ექსპერტიზისას მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, არ იმყოფება მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან – სიკვდილთან. გ. გ–ის გვამზე არსებული V ნეკნის მოტეხილობა, მარცხნივ ლავიწშუა ხაზზე, მის შესაბამისად სუბპლევრალურად ნეკნთაშორის კუნთებში მუქი მოწითალო ფერის წვრილკეროვანი სისხლჩაქცევით – განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით სიკვდილამდე წინა უახლოეს პერიოდში, ცოცხალ პირთა ექსპერტიზისას მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, არ იმყოფება მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან – სიკვდილთან და არ არის გამორიცხული წარმოადგენდეს ჩატარებული რეამინაციული ღონისძიებების შედეგს (ტ. N1; ს.ფ.326-342).
9.7. ექსპერტმა ნ. ჯ-მ მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 30 ივნისის N..... სასამართლო-სამედიცნო ექსპერტიზის დასკვნა და დამატებით განმარტა, რომ მან გამოიკვლია გვამი, რის შედეგადაც, დადგინდა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის, სიკვდილთან მიზეზობრივ კავშირში მყოფი დაზიანებები, კერძოდ: კისრის მალის მოტეხილობა, მალთაშორისი დისკის ტრავმული რუპტურა დისკის სპინალურ არხში გადაადგილებით და ზურგის ტვინის კომპრესიით (სპინალური შოკით და ტეტრაპლეგიით), სისხლჩაქცევებით ხერხემლის არხის კისრის ნაწილში და კისრის რბილ ქსოვილებში, ზურგის ტვინის კისრის ნაწილის დიფუზური დაჟეჟილობა, – როდესაც გახსნა ზურგის ტვინი, კისრის ნაწილში, დიფუზიურად სულ სისხლჩაქცევა იყო (11:40:40). მისი შეფასებით, ტექნიკურად ოპერაცია კარგად იყო ჩატარებული, თუმცა დაზიანების მექანიზმის დასადგენად ინიშნება სამედიცინო ექსპერტიზა საქმის მასალებით, თავად გვამი გამოიკვლია სამედიცინო დოკუმენტების გათვალისწინებით (11:41:40). შესაბამისად, მკურნალობის ხარისხს თავად ვერ შეაფასებს, აღნიშნული კომისიური ექსპერტიზის მსჯელობის საგანია (11:46:07). ზოგადად, ნებისმიერი ტრავმა, რომელიც მიყენების მომენტში არის სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის, მათ შორის, კისრის მალის მოტეხილობა, ზურგის ტვინის კომპრესიით და ზურგის ტვინის კისრის დაჟეჟილობით, თუნდაც პაციენტი არ იქნეს კლინიკაში გადაყვანილი, მიყენების მომენტში არის სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის, ვინაიდან, სწორედ ეს შედეგი არის მოსალოდნელი. შედეგი, დადგება თუ არა, დამოკიდებულია რამდენად გაუმართლებს პაციენტს (11:46:52).
10. საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლი ადგენს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისათვის, რაც შეიძლება განხორციელდეს, როგორც მოქმედებით, ისე – უმოქმედობით, და მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან – ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებასთან. ბრალის ფორმის მიხედვით, აღნიშნული დანაშაული განზრახია და იგი შეიძლება ჩადენილ იქნეს როგორც პირდაპირი, ისე – არაპირდაპირი განზრახვით.
10.1. საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული გულისხმობს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების განზრახ ჩადენას, რაც იწვევს თანამდევ შედეგს – გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას.
10.2. საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.
11. სასამართლო ითვალისწინებს: მოწმეთა (მათ შორის, ზ. ბ–ი, ლ. თ–ა, გ. ბ–ა) ჩვენებებს/გამოკითხვის ოქმს, რომ გ. გ–ე სწორედ მაშინ გადავარდა ფანჯრის ღიობიდან, როდესაც მ. კ–მა დაარტყა, ასევე, –სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რომელთა თანახმადაც შემთხვევის დროს გ. გ–ე იყო ნასვამი (კერძოდ, მათ შორის, მოწმე ზ. ბ–მა განმარტა, რომ კონფლიქტის მონაწილეებს უთხრა მომხდარის შესახებ მეორე დღეს ესაუბრათ, ვინაიდან ნასვამები იყვნენ; მოწმე ლ. თ–ამ განმარტა, რომ შუადღეს დალიეს არაყი. გასინჯვის ფურცელი ER9-ის (ტ. N1; ს.ფ. 204) თანახმად, გ. გ–ეს პირიდან ამოსდიოდა ალკოჰოლის სუნი); ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 30 ივნისის N........ სასამართლო-სამედიცნო ექსპერტიზის დასკვნას (გ. გ–ის სიკვდილის მიზეზია კისრის დახურული ბლაგვი ტრავმა ზურგის ტვინის, კისრის ნაწილის დიფუზიური დაჟეჟილობით, შეშუპებით და დარბილებით – თავის ტვინის აღმავალი შეშუპებით, დარბილების და სისხლჩაქცევის კერების ფორმირებით ალაგ თავის ტვინის ჰემისფეროების და მოგრძო ტვინის ნივთიერებაში; გ. გ–ის გვამზე არსებული დაზიანებები, სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად, კისრის III-IV მალის უკან წვეტიანი მორჩების მოტეხილობა, კისრის III მალის დორზალური ლისთეზი, კისრის III და IV მალთაშორისი დისკის ტრავმული რუპტურა დისკის სპინალურ არხში გადაადგილებით და ზურგის ტვინის კომპრესიით (სპინალური შოკით და ტეტრაპლეგიით), სისხლჩაქცევებით ხერხემლის არხის კისრის ნაწილში და კისრის რბილ ქსოვილებში, ზურგის ტვინის კისრის ნაწილის დიფუზური დაჟეჟილობა – განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, სიცოცხლის პერიოდში, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს (2021 წლის 7 მარტს), ცოცხალ პირთა ექსპერტიზისას, ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და იმყოფებიან მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან), ექსპერტი ნ. ჯ–ს განმარტებას მსგავსი დაზიანებისას მოსალოდნელი შედეგის თაობაზე (კისრის მალის მოტეხილობა, ზურგის ტვინის კომპრესიით და ზურგის ტვინის კისრის დაჟეჟილობით, მიყენების მომენტში არის სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის, ვინაიდან, სწორედ ეს შედეგი არის მოსალოდნელი), რეანიმატოლოგ ი. კ–ის ჩვენებას (პაციენტს „გაიდლაინის“ გათვალისწინებით ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა. მკურნალობისას ყურადღება გაამახვილა მის უკიდურესად მძიმე მდგომარეობაზე. იგი იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე, გააჩნდა არასტაბილური ჰემოდინამიკური მაჩვენებლები. პაციენტის კლინიკაში შეყვანიდან ოპერაციაზე გაყვანამდე დრო გადაუდებლად ჩასატარებელი ოპერაციისათვის მის მომზადებას დაეთმო), დანაშაულის ჩადენის ვითარებას, მიზეზს, მოვლენათა განვითარების დინამიკას, იმ გარემოებას, რომ მოწმეთა ჩვენებების თანახმად, მ. კ–ი იყო ერთადერთი პირი, ვისთანაც შემთხვევის დღეს გ. გ–ეს ჰქონდა ფიზიკური დაპირისპირება/კონფლიქტი და სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მ. კ–ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენას.
12. მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარე სადავოდ მიიჩნევს არა მხოლოდ დაზიანების მიყენების მექანიზმს, არამედ – გ. გ–ის გარდაცვალების მიზეზსა და გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხსაც.
12.1. კასატორის მტკიცებით, დაცვის მხარემ არაერთხელ მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოთხოვნით, დაწყებულიყო მოკვლევა გ. გ–ის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, რათა გარკვეულიყო, რატომ ჩაუტარდა პაციენტს ოპერაცია კლინიკაში მიყვანიდან მეორე დღეს და არა – დაუყონებლივ. დაცვის მხარის მტკიცებით, დაცვის მხარემ მის მოთხოვნაზე მიიღო პასუხი, რომ: ,,სარეცენზიო მომსახურების შესყიდვაზე ხელშეკრულების ვადის ამოწურვის გამო, ვერ ხერხდება დარგის ექიმ-სპეციალისტების კონსილიუმის ორგანიზება და სადავო საკითხის შესწავლა”.
12.2. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს: სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმინობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის მოადგილე – გ. გ–ს 2022 წლის 15 ივლისის (სააგენტომ შეისწავლა პაციენტ გ. გ–ისათვის გაწეული სამედიცინო დახმარების საკითხი და სრულყოფილი შესწავლის მიზნებისათვის დოკუმენტაცია გადაიგზავნა შესაბამისი დარგის ექიმ-სპეციალისტებთან კლინიკური შეფასებისათვის); 2023 წლის 11 იანვრის, 2023 წლის 2 თებერვლისა და 2023 წლის 31 მარტის (სააგენტო სწავლობს შპს ,,.... სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრში“ პაციენტ გ. გ–ისათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხს. კლინიკაში სააგენტოს კომისიის მიერ, ადგილზე, განხორციელდა პაციენტ გ. გ–ისათვის გაწეული სამედიცინო დახმარების საკითხის შესწავლა. ამჟამად, სარეცენზიო მომსახურების შესყიდვის ხელშეკრულების ვადის ამოწურვის გამო, 2023 წლის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, პაციენტ გ. გ–ის სამედიცინო დოკუმენტაცია, კლინიკური შეფასებისათვის, სარეცენზიოდ, განმეორებით გადაიგზავნა შესაბამისი დარგის ექიმ-სპეციალისტთან. საკითხის დასრულების შემდეგ, შედეგების თაობაზე, გეცნობებათ წერილობით) წერილებს (ტ. N6; ს.ფ.99, 138, 139,160);
12.3. შეჯიბრებით სამართალწარმოებაში (იხ. საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლი) მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა (საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლი), მხარე თავად განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა წრეს, რომელთა წარდგენაც სასამართლოში საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად მიაჩნია საჭიროდ (საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლი);
12.4. მოცემულ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი კომისიური ექსპერტიზის ან/და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირის/ორგანიზაციის დასკვნა/ცნობა, რომელიც დაადასტურებდა ან სულ მცირე ეჭქვეშ დააყენებდა სასამართლო სხდომაზე დაკითხული ექიმების/ექსპერტის ჩვენებას გ. გ–ის გარდაცვალების მიზეზსა და ჩატარებული მკურნალობის ხარისხთან (სწორი/ადეკვატური/დროული) დაკავშირებით. იმავდროულად, სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ დგინდება და კასატორიც არ უთითებს, რომ დაცვის მხარეს არ მიეცა, მათ შორის, ალტერნატიული/კომისიურ ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობა (იხ. უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 8 იანვრის N951აპ-20 განჩინება; 2021 წლის 4 იანვრის N925აპ-20 განჩინება; 2020 წლის 17 ივლისის N30აპ-20 განჩინება; 2021 წლის 9 ივლისის განაჩენი N669აპ-20, II-56).
12.5. პაციენტ გ. გ–ისათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შესაბამისი სტრუქტურის/დარგის ექიმ-სპეციალისტის მიერ სრულყოფილი შესწავლის/კლინიკური შეფასების/დასკვნის წარმოდგენის შემდეგ, მხარეს (მათ შორის, დაცვის მხარე) უფლება აქვს მოითხოვოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის/ების არსებობის შემთხვევაში (მათ შორის, მაგალითად, თუ დასკვნით დადასტურდება, რომ გ. გ–ის გარდაცვლაების მიზეზი იყო არაჯეროვანი სამედიცინო დახმარება, რაზეც უთითებს კასატორი).
13. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვებობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების კანონიერ მიზანს (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR, 14/04/2009; Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par. 76 ECtHR, 21/09/2017).
14. „საქართველოს უზენაესი სასამართლოს განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით“ (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017) და „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par. 175, ECtHR, 14/05/2020).
15. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც სხვა რომელიმე საფუძვლის არსებობა. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
16. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ მ. კ–ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ბ. ქ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 6 აგვისტოს განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე