გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ/832 21 მარტი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე, მ. ცისკაძე
დავის საგანი - მემკვიდრედ ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
ალ. და ლ. ბ-ძეები არიან მეუღლეები. მათ ჰყავდათ ვაჟი _ ან. ბ-ძე. ან. ბ-ძე ფაქტობრივ ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში იყო დ. რ-ძესთან. ან. ბ-ძის სახელზე ირიცხებოდა თერჯოლის რაიონის სოფ. ... 1985 წელს აშენებული საცხოვრებელი სახლი, იგი რეგისტრირებული იყო ცალკე კომლად. 1996 წლის იანვარში ან. ბ-ძე გარდაიცვალა. 1996 წლის აპრილში შეეძინა ვაჟი _ ანრ. ბ-ძე. გარდაცვლილ ან. ბ-ძის დანაშთ ქონებაზე მემკვიდრეობა მიიღეს დ. რ-ძემ და ანრ. ბ-ძემ. მშობლებმა - ალ. და ლ. ბ-ძეებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში დ. რ-ძის მიმართ და მოითხოვეს შვილის დანაშთი ქონების 1/2 ნაწილზე მემკვიდრედ ცნობა, რადგან სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ფაქტობრივად შეუდგნენ სამკვიდროს ფლობას.
თერჯოლის რაიონულმა სასამართლომ 2000 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით ლ. და ალ. ბ-ძეების სარჩელი არ დააკმაყოფილა უსაფუძვლობის გამო. რაიონული სასამართლო გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სასამართლომ სადავო ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოიყენა ახალი სამოქალაქო კოდექსი, რადგან სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, მხარეებს სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა მოაწესრიგონ ამ კოდექსით. თერჯოლის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი იმის შესახებ, რომ ანრ. ბ-ძის მამად ცნობილ იქნა გარდაცვლილი ან. ბ-ძე; იმავე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ დ. რ-ძე იმყოფებოდა ან. ბ-ძის კმაყოფაზე. სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე თერჯოლის რაიონის სოფ. ... საკრებულომ 1996 წლის ივლისში ჩაწერა დ. რ-ძე და ანრ. ბ-ძე ან. ბ-ძის კომლში. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ან. ბ-ძის გარდაცვალებისთანავე მისი მშობლები შეუდგნენ სამკვიდროს ფლობას და ფაქტობრივად დაეუფლნენ ქონებას. რაიონულმა სასამართლომ მოსარჩელეთა მოთხოვნა სამემკვიდრეო მოწმობაში ცვლილებების შეტანის შესახებ არ დააკმაყოფილა იმ საფუძვლით, რომ ასეთი მოწმობა ან. ბ-ძის ქონებაზე არ არის გაცემული, ხოლო მეორე მოთხოვნა სამკვიდროს 1/2 ნაწილზე მემკვიდრედ ცნობის შესახებ არ დააკმაყოფილა იმის გამო, რომ მათ ფაქტობრივად მიიღეს სამკვიდრო ქონება და, ამდენად, მათი უფლება არ არის დარღვეული. რაიონული სასამართლო გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ. და ალ. ბ-ძეებმა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2000 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა ლ. და ალ. ბ-ძეების სააპელაციო საჩივარი. გააუქმა მოცემულ საქმეზე თერჯოლის რაიონის სასამართლოს 2000 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება და გამოტანილ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ლ. და ალ. ბ-ძეების სარჩელი თერჯოლის რაიონის სოფ. ... მდებარე ან. ბ-ძის დანაშთ საცხოვრებელ სახლზე მემკვიდრედ ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: თერჯოლის რაიონის სოფ. ... ან. და ალ. ბ-ძეები ცალ-ცალკე კომლად იყვნენ რეგისტრირებულნი. ვინაიდან ან. ბ-ძე გარდაიცვალა 1996 წლის იანვარში, გამოყენებული უნდა იქნეს იმ დროისათვის მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქციით) ნორმები; მით უფრო, რომ დ. რ-ძეც მოითხოვს სამოქალაქო სამართლის კოდექსის შესაბამისად დავის გადაწყვეტას. სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ ან. ბ-ძე არ იყო კომლის ბოლო წევრი, რის გამოც მისი გარდაცვალების შემდეგ, სამოქალაქო სამართლის კოდექსის 569-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კომლში მემკვიდრეობა არ გაიხსნა. ამიტომ აპელანტების მიერ სამკვიდროს დაუფლება არ წარმოადგენს მემკვიდრედ ცნობის საფუძველს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ლ. და ალ. ბ-ძეებმა, მოითხოვეს ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი მოტივებით: სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო სამართლის კოდექსის 556-569-ე მუხლები. ვინაიდან ან. ბ-ძე საკოლმეურნეო კომლს არ მიეკუთვნებოდა, მის ქონებაზე მემკვიდრეობა ჩვეულებრივი საფუძვლით უნდა გახსნილიყო. მას დარჩა პირველი რიგის მემკვიდრეები: შვილი და მშობლები. მათ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლებით მიიღეს მემკვიდრეობა.
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოტივაციო ნაწილი:
დადგენილია, რომ ან. ბ-ძე თერჯოლის რაიონის სოფ. ... რეგისტრირებული იყო ცალკე კომლად, ხოლო ალ. ბ-ძე ასევე ცალკე კომლად. მართალია, მარტო ან. ბ-ძე იყო რეგისტრირებული კომლში გარდაცვალების დროისათვის, მაგრამ საქმეში წარმოდგენილია თერჯოლის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი იმის შესახებ, რომ ანრ. ბ-ძის მამა იყო აწ. გარდაცვლილი ან. ბ-ძე; ასევე დადგინდა, რომ დ. რ-ძე იმყოფებოდა აწ გარდაცვლილი მისი მეუღლის ან. ბ-ძის კმაყოფაზე. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე თერჯოლის რაიონის სოფ. ... საკრებულოს გამგეობამ დ. რ-ძე და ანრ. ბ-ძე ჩაწერა აწ გარდაცვლილი ან. ბ-ძის კომლში. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ კომლში ჩაწერა არ წარმოადგენს კომლის წევრობის იურიდიულ საფუძველს; დ. რ-ძე 1994 წლიდან ცხოვრობდა აწ გარდაცვლილი ან. ბ-ძის კომლში, ეწეოდა საოჯახო მეურნეობას, იხდიდა გადასახადებს. ამის გამო, სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო სამართლის კოდექსის 569-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, კომლის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში კომლის ქონებაში მემკვიდრეობა არ წარმოიქმნება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო პალატა თვლის, რომ ალ. და ლ. ბ-ძეებს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენიათ.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ალ. და ლ. ბ-ძეების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელი.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.