Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ნ ა

¹ 3კ/833 5 იანვარი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე, მ. ახალაძე

დავის საგანი: ბინაში შესახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

ი. მ-ძემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ბათუმში, ... ბინაში შესახლება და სარგებლობის წესის განსაზღვრა, იმ მოტივით, რომ აღნიშნული ბინის პრივატიზაცია გააკეთა მამამისმა რ. მ-ძემ, რომელიც 1994 წელს გარდაიცვალა; 1995 წელს მოსარჩელე ი. მ-ძე, რომელიც სწავლასთან დაკავშირებით დროებით ამოწერილი იყო ბინიდან დაბრუნდა. დედინაცვალი თ. ი-ძე, რომელიც ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს, არ უშვებს ბინაში და არ აძლევს ბინით სარგებლობის საშუალებას, მას კი სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია;

თ. მ-ძემ შეგებებული სარჩელით მოითხოვა სადაო ბინის გაყოფა რ. მ-ძის მემკვიდრეებს შორის:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: ი. მ-ძე შესახლებულ იქნა ბათუმში, ... მდებარე ბინაში საერთო ფართზე სარგებლობის უფლებით: მოპასუხე თ. ი-ძემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე უარი განაცხადა შეგებებულ სარჩელზე.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 22 სექტემბრის განჩინებით თ. ი-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და მან საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო პალატის განჩინება.

კასატორი თ. ი-ძე-მ-ძე განმარტავს, რომ სადავო ბინა თანაბარ წილად ეკუთვნის როგორც მას და მის ორ მცირეწლოვან შვილს, ისე ი. მ-ძეს; გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილებით ბინაში შესახლებული ი. მ-ძე სარგებლობს მთელი ფართისა და დამხმარე სათავსოების შეუზღუდავი სარგებლობის უფლებით; მოითხოვს ახალი გადაწყვეტილებით ბინის ფართით სარგებლობის წესის დადგენას და აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სააპელაციო პალატის განჩინება დარჩეს უცვლელი.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს გასატორის მოტივაციას, რომ ი. მ-ძის სასარჩელო მოთხოვნა ბინაში შესახლების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ი. მ-ძე ბინის პრივატიზაციის დროს და მამის გარდაცვალების მომენტში არ იმყოფებოდა საქართველოში, იგი რუსეთში სასწავლებლად წასვლამდე ცხოვრობდა სადავო ბინაში; ადრე მოქმედი საბინაო კოდექსის 62-ე მუხლის შესაბამისად სადავო ბინის სარგებლობის უფლება მოპოვებული ჰქონდა და მას იგი არ დაუკარგავს. საბინაო კოდექსის 69-ე მუხლის თანახმად სტუდენტებს საცხოვრებელი სადგომი ენახებათ სწავლის მთელ პერიოდში და სწავლის დამთავრებიდან 6 თვის განმავლობაში. ამდენად, ი. მ-ძეს სადავო ბინაზე უფლება არ დაუკარგავს, მას სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია. კასატორი არ უარყოფს, რომ შვილს ი. მ-ძეს მამის ბინიდან წილი ეკუთვნის, როგორც მემკვიდრეს, ე.ი. ამით არაპირდაპირ აღიარებს მოწინააღმდეგე მხარის უფლებას იცხოვროს სადავო სახლში.

საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს თ. ი-ძე-მ-ძის მოთხოვნის, ბინის სარგებლობის წესის განსაზღვრის შესახებ, ვინაიდან კასატორს ასეთი მოთხოვნა სააპელაციო სასამართლოში არ დაუყენებია.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორადაა გამოყენებული საბინაო კოდექსის ნორმები, გადაწყვეტილება სამართლებრივად დასაბუთებულია და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. ი-ძე-მ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 22 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.