საქმე # 010100124010227169
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №20აპ-26 ქ. თბილისი
თ. გ. 20აპ-26 20 აპრილი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 20 ოქტომბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილის – თორნიკე გოგეშვილის – საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. თ–ის, – პირადი ნომერი .........., – მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
1.1. 2024 წლის 27 აგვისტოს, დაახლოებით 01:50 საათზე გ. თ–ე მივიდა ქ. ბ–ში, …….ის ქუჩის N...-ში, ბინა N...-ში მდებარე ქ. კ–ის საცხოვრებელ სახლში და ოჯახის წევრთან – მეუღლე ქ. კ–სთან – დაამყარა არასასურველი კომუნიკაცია, ასევე, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ქალზე მესაკუთრული დამოკიდებულების გამო, – ვინაიდან ქ. კ–ემ გადაწყვიტა მასთან ურთიერთობის დასრულება, – მიაყენა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა, რითაც დაარღვია 2024 წლის 27 აგვისტოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა-ს ა. რ-ს პოლიციის დეპარტამენტის ქ. ბ-ს საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-.. განყოფილების დეტექტივის – რ. თ–ის – მიერ გამოცემული N.... შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.
1.1.1. აღნიშნული ქმედებით გ. თ–ემ ჩაიდინა – შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 10 ივლისის განაჩენით გ. თ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი.
3. სასამართლომ დაადგინა, რომ: 2024 წლის 27 აგვისტოს, დაახლოებით 01:50 საათზე გ. თ–ე მივიდა ქ. ბ–ში, ….ის ქუჩის N...-ში, ბინა N..-ში მდებარე ქ. კ–ის საცხოვრებელ სახლში და თავისი ოჯახის წევრთან – მეუღლე ქ. კ–ესთან – დაამყარა არასასურველი კომუნიკაცია, ასევე – ვინაიდან ქ. კ–ემ გადაწყვიტა მასთან ურთიერთობის დასრულება, მიაყენა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა, რითაც დაარღვია 2024 წლის 27 აგვისტოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა-ს ა. რ-ს პოლიციის დეპარტამენტის ქ. ბ-ს საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-.. განყოფილების დეტექტივის – რ. თ–ის მიერ გამოცემული N..... შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლაშა ლოლუამ. აპელანტმა მოითხოვა გ. თ–ის დამნაშავედ ცნობა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 10 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილემ თორნიკე გოგეშვილმა. კასატორი ითხოვს გ. თ–ის დამნაშავედ ცნობას ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლს, ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001).
8. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა მხოლოდ ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვს გ. თ–ის დამნაშავედ ცნობას ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის გამკაცრებას.
8.1. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანი არ არის გ. თ–ის მიერ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა; დავის საგანია – ჩაიდინა თუ არა აღნიშნული დანაშაული გ. თ–ემ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით და შეფარდებული სასჯელის კანონიერება.
9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ გ. თ–ემ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა ჩაიდინა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით და ითვალისწინებს, რომ:
9.1. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან/მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან მიმართებით.
9.2. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარე თავისი პოზიციის დასადასტურებლად უთითებს ერთადერთ მტკიცებულებაზე – დაზარალებულის გამოკითხვის ოქმზე (,,დაზარალებულის – ქ. კ–ის – მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაციით”). იმავდროულად, კასატორი არასწორად ახდენს დაზარალებულის მიერ გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაციის ინტერპრეტაციას, კერძოდ, საკასაციო საჩივარში მითითებულია, თითქოს დაზარალებულმა განმარტა, რომ: მსჯავრდებულთან ხშირად კამათობდა მის (მსჯავრდებულის) მიერ ალკოჰოლის მიღების გამო, რა დროსაც გ. თ–ე მას სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რადგან თვლიდა, რომ ქ. კ–ის, როგორც ქალის, გადასაწყვეტი არ იყო დალევდა თუ არა იგი; ასევე – განქორწინების მოთხოვნისას გ. თ–ემ განუმარტა, რომ მას არ სურდა განქორწინება, შესაბამისად, ისინი გააგრძელებდნენ თანაცხოვრებას, რადგან საბოლოო სიტყვა მამაკაცს ეკუთვნოდა, მაშინ როცა, აღნიშნული განმარტებები დაზარალებულ ქ. კ–ის გამოკითხვის ოქმში/ებში არ ფიქსირდება, დაზარალებულმა მსჯავრდებულის მიერ ალკოჰოლის მიღებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ: ,,გ–ი აიგნორებს ჩემს თხოვნას და არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი სრულიად უმიზეზოდ მაყენებს სიტყვიერ შურახყოფას”, ხოლო განქორწინებასთან დაკავშირებით უთითებს, რომ: ,,გ–მა განმიცხადა, რომ იგი არ აპირებდა ჩემთან ურთიერთობის გაწყვეტას და კვლავ მაყენებდა შეურაცხყოფას”.
9.2.1. ამდენად, დაზარალებული გამოკითხვის ოქმში (უდავო მტკიცებულება) არ უთითებს გ. თ–ის მიერ დანაშაულის ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენაზე. აღნიშნული არ არის მითითებული არც შემაკავებელი ორდერის ოქმში.
9.2.2. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხარეთა მიერ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება ცნობილი იყო უდავოდ, შესაბამისად, დაზარალებულიც არ იყო დაკითხული არსებით სასამართლო სხდომაზე.
9.3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ვერცერთი პირდაპირი მტკიცებულება/მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურდებოდა გ. თ–ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენა.
10. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას შეფარდებული სასჯელის გამკაცრების თაობაზე, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს: ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომს ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
11. სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები, ის გარემოება, რომ გ. თ–ემ ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, რაც აღიარა და მოინანია, დანაშაულის ჩადენის დროისათვის არ იყო ნასამართლევი, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას და განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და აკმაყოფილებს საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ გ. თ–ეს დაუნიშნა შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი.
12. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ სასჯელის პირობითად ჩათვლის და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა, რაც სასჯელის მიზნების მიღწევის დამატებით გარანტიას წარმოადგენს. შესაბამისად, მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის – პირობითად ჩათვლა არ გულისხმობს სასჯელის უსამართლობას და ვერ უგულებელყოფს მის როლს სასჯელის მიზნების მიღწევაში, მით უფრო, ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე ახალი მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.
13. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის N 1/7/851 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II- 7). პატიმრობის ultima racio ხასიათიდან გამომდინარე, ,,ვინაიდან თავისუფლების აღკვეთის საპირწონე არის შეზღუდული თავისუფლება, ის უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ მაშინ და მხოლოდ იმ ხანგრძლივობით, როდესაც და რამდენადაც ეს უკიდურესად აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-29).
14. საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელიც კასატორის აზრით უკანონოა, ხოლო განაჩენი უკანონოდ ითვლება, მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ „გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას“ (საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი). შესაბამისად, კანონმდებელი არ ითვალისწინებს მხოლოდ მიზანშეწონილობის კრიტერიუმიდან გამომდინარე სასჯელის გადასინჯვის უფლებამოსილებას (იხ. მაგ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2026 წლის 26 იანვრის N 987აპ-25, 2025 წლის 12 ნოემბრის N680აპ-25, 2025 წლის 2 ოქტომბრის N 401აპ-25).
15. ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას, რის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის გამკაცრება.
16. წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობის არსებობა, რის გამოც, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
17. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვებობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების კანონიერ მიზანს (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR, 14/04/2009; Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par. 76 ECtHR, 21/09/2017).
18. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილე თორნიკე გოგეშვილის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 20 ოქტომბრის განაჩენზე, გ. თ–ის მიმართ;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ლ. თევზაძე