Facebook Twitter

¹ 3კ/834-01 28 ნოემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ქ. გაბელაია (თავმჯდომარე)

მ. ახალაძე,თ. კობახიძე

დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. თბილისში ... საუწყებო სახლი 1995 წლის 2 მარტის დადგენილებით გადაეცა თბილისის მერიის საბინაო ფონდს, რომლის საფუძველზე საქართველოს ... სამსახურს უფლება მიეცა გაენაწილებინა თავისუფალი საცხოვრებელი ფართი სამსახურის თანამშრომლებზე. 1996 წლის 16 ივლისს უწყების ადმინისტრაციამ მოახდინა ბინების თავის თანამშრომლებზე, კერძოდ ს. კ-იანზე, ქ. ჯ-ელზე და ნ. რ-შვილზე განაწილება. მათ შესაბამისად გამოეყოთ ¹3, ¹4-5 და ¹10-11 საცხოვრებელი ოთახები.

იძულებით ადგილნაცვალმა პირებმა გ. ხ-ძემ, ც. რ-შვილმა და გ. ბ-იამ ჯერ კიდევ გაუნაწილებელი ოთახები დაიკავეს და დღემდე ცხოვრობენ აღნიშნულ მისამართზე.

საქართველოს ... სამსახურმა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა იძულებით ადგილნაცვალი პირების სადავო ფართიდან გამოსახლება.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სარჩელი, მოპასუხეები გამოსახლებულ იქნენ სადავო ფართიდან.

გ. ხ-ძემ, ც. რ-შვილმა და გ. ბ-იამ სააპელაციო საჩივარი შეიტანეს თბილისის საოლქო სასამართლოში და მოითხოვეს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

აპელანტების განცხადებით საქართველოს ... სამსახური აღნიშნულ საქმეში წარმოადგენს არასათანადო მოსარჩელეს, რადგან სადავო ფართი ირიცხება დიდუბის რაიონის გამგეობის ბალანსზე. სასამართლომ კი დასკვნა გააკეთა არაზუსტი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის საფუძველზე.

საქმეში მესამე პირებად ჩართულ თანამშრომლებზე სადავო ფართის განაწილება მოხდა ბინებში აპელანტების შესახლების შემდეგ. მანამდე კი ისინი აღნიშნულ საცხოვრებელ ბინებში ჩაწერილი არ ყოფილან და არც უცხოვრიათ;

აპელანტებმა განაცხადეს, რომ ისინი მუშაობდნენ საქართველოს ... სამსახურში და მათაც ჰქონდათ უფლება მიიეღოთ ამ სისტემიდან საცხოვრებელი ფართი. სადავო ბინებში იძულებით ადგილნაცვალი პირების შესახლება მოხდა ორგანიზებულად, საერთო საცხოვრებლის ადმინისტრაციის თანხმობითა და ნებართვით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა გ. ხ-ძის, ც. რ-შვილისა და გ. ბ-იას სააპელაციო საჩივარი გაუქმდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება და გამოტანილ იქნა ახალი გადაწყვეტილება; უარი ეთქვა საქართველოს ... სამსახურს სარჩელის დაკმაყოფილებაზე გ. ხ-ძის, ც. რ-შვილისა და გ. ბ-იას საცხოვრებელი სადგომიდან გამოსახლების შესახებ; მოსარჩელეს დაეკისრა სახელმწიფო ბადის გადახდა 30 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ არასწორად გამოიყენა ძველი სამოქალაქო კოდექსის ნორმები, სამართლებრივი შეფასება არ მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და არ გაითვალისწინა სახელმწიფოს ვალდებულება საკუთარი მოქალაქეების მიმართ, რაც გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი გახდა.

საქართველოს ... სამსახურმა საკასაციო საჩივარი შეიტანა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებაზე და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განცხადებით სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ, მან გადაწყვეტილება გამოიტანა არა კანონის, არამედ მორალური და ემოციური შეფასების საფუძველზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი სასამართლოს “არა აქვს უფლება უარი თქვას კანონის გამოყენებაზე იმ მოტივით, რომ მას კანონის ნორმა უსამართლოდ ან არაზნეობრივად მიაჩნია”.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები. თვლის, რომ კასაცია არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო პალატამ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტების თანახმად წარმოადგენს სამართლის ნორმის დარღვევას და განჩინების გაუქმების საფუძველია.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხეები გ. ხ-ძე, გ. ბ-ია და ც. რ-შვილი ოჯახის წევრებთან ერთად არიან აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები; მოპასუხეები თავიანთი საცხოვრებელი ადგილიდან განდევნილნი იქნენ აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის მიერ. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას თავისი ქვეყნის როგორც მთლიანობა ისე მოსახლეობის უფლებები ქვეყნის ნებისმიერ კუთხეში. ამიტომაც სახელმწიფომ აიღო ვალდებულება იძულებით გადაადგილებულ პირთა საყოფაცხოვრებო და სოციალური პირობების უზრუნველყოფაზე; საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 31 დეკემბრის ¹900 დადგენილებით დაევალა ლტოლვილთა და განსახლების კომიტეტს, უწყებებს, ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს უზრუნველეყოთ იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური მოწყობა; ანალოგიური დავალება მიეცა შესაბამის სახელმწიფო უწყებებს საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 25 სექტემბრის ¹643 ბრძანებულებით. აღნიშნულ ბრძანებულებაში მითითებულია, რომ სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს, ქალაქების მერებსა და რაიონების გამგებლებს აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მორალური და სოციალური დაცვის მიზნით კონფლიქტის საბოლოო მოწესრიგებამდე დაევალათ დროებით თავისუფალ, უმოქმედო შენობებში (საბავშვო ბაღები, პროფსასწავლებლები და სხვ.) კერძო სექტორში განთავსებულ დევნილთა განსახლების უზრუნველყოფა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ხ-ძე, ბ-ია და რ-შვილი თვითნებურად არ შეჭრილან მათ მიერ დაკავებულ ბინებში, ვინაიდან 1993 წლის აპრილიდან ცხოვრობენ აღნიშნულ სახლში და ადმინისტრაციას 2000 წლამდე არ დაუყენებია მათი გამოსახლების საკითხი; საცხოვრებელი ფართის დაკავებისას სადავო ბინები თავისუფალი იყო; 1996 წელს ისინი გაანაწილეს თანამშრომლებზე, რომლებიც მართალია საჭიროებდნენ საბინაო პირობების გაუმჯობესებას, მაგრამ არც ცხოვრობდნენ საერთო საცხოვრებელში და არც ჩაწერილნი ყოფილან. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მოპასუხეებმა სადაო ბინა თვითნებურად დაიკავეს.

პირობა, კონფლიქტის მოგვარება, რომლითაც სახელმწიფომ უზრუნველყო დევნილთა განსახლება დღეისათვის შესრულებული არ არის. მოპასუხეები მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მოკლებულნი არიან საშუალებას დაბრუნდნენ საცხოვრებელ ადგილებში.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ შენობა, რომელშიც განლაგებულია სადავო ოთახები მოპასუხეთა შესახლების დროსაც იყო და დღეისთვისაც არის სახელმწიფოს საკუთრება, იგი მართვა-გამგეობაში გადაცემული აქვს კასატორს _ საქართველოს ... სამსახურს, რომელიც არის სახელმწიფო მმართველობის ორგანო. აღნიშნულიდან გამომდინარე მას უფლება არა აქვს სხვა დროებითი საცხოვრებელი ფართობის მიუცემლად შესახლების პირობის ანუ აფხაზეთში დაბრუნებამდე მოითხოვოს მოპასუხეთა სადავო ფართობიდან გამოსახლება.

გ. ხ-ძე, გ. ბ-ია და ც. რ-შვილი სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, არიან სადავო ფართობის მფლობელები სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულების საფუძველზე; მართლზომიერად ფლობენ სადავო ფართობს და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დაუშვებელია მათი ამ ფართობიდან გამოსახლება (მფლობელობის შეწყვეტა).

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე სწორად გადაწყვიტა მხარეთა შორის წარმოშობილი დავა და არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების კანონიერი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საქართველოს ... სამსახურის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.