3კ/836-01 21 დეკემბერი, 2001 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე,ქ. გაბელაია
დავის საგანი: ქორწინების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
ე. ც-იანი 1958 წლის 20 ივნისს ქ. ტყვარჩელში ქორწინების რეგისტრაციაში გატარდა შ. ჩ-იასთან. ერთად ცხოვრების პერიოდში მეუღლეებს შეეძინათ სამი შვილი: მ., რი. და რ. ჩ-იები.
შა. ჩ-იამ მეორედ 1983 წელს იქორწინა რუსეთის ფედერაციის მაგანდანის ოლქის ქ. ანადორში მ. კ-ინასთან, რომელთანაც შეძინა შვილი ვ. ჩ-ია. მათ შორის ქორწინება შეწყდა 1987 წლის 28 აპრილს.
შ. ჩ-იამ ქ. თბილისში ¹... საბინაო-სამშენებლო კოოპერატივში აიშენა ოთხოთახიანი ბინა. 1983 წლის 17 ნოემბერს გაცემული ბინის ორდერში შ. ჩ-იასთან ერთად გათვალისწინებულ იქნენ შვილები: რ. და ვ. ჩ-იები.
განქორწინების შემდეგ მ. კ-ინა ქალიშვილთან ერთად ამოეწერა ბინიდან და დაბრუნდა რუსეთში საცხოვრებლად.
1989 წლის 19 აგვისტოს შ. ჩ-ია ქორწინების რეგისტრაციაში გატარდა ნ. ბ-იასთან. ეს უკანასკნელი ჩაეწერა მეუღლის სახელზე რიცხულ კოოპერატიულ ბინაში.
1993 წლის ივლისში შ. ჩ-ია ტრაგიკულად დაიღუპა ოჩამჩირის რაიონის სოფ. ... მის დაკრძალვას არ დასწრებიან ე. ც-იანი, რი., რ. და მ. ჩ-იები.
1994 წლის 14 სექტემბერს ნ. ბ-იამ რ. ჩ-იას წერილობითი თანხმობით მოახდინა ოთხოთაიანი ბინის პრივატიზება.
1995 წლის სექტემბერში რ. ჩ-იამ სარჩელი შეიტანა სასამართლოში ნ. ბ-იას მიმართ ბინაში შესახლების შესახებ. შეგებებული სარჩელით ნ. ბ-იამ მოითხოვა სადავო ბინის ფართზე რ. ჩ-იას უფლებადაკარგულად ცნობა. ე. ც-იანმა აღძრა სარჩელი შ. ჩ-იას და ნ. ბ-იას შორის ქორწინების ბათილად ცნობის, ბინის პრივატიზაიის ხელშეკრულებვის ბათილობის და ბინის მესაკუთრედ რ. ჩ-იას ცნობის შესახებ.
ქ.თბილისის გლდანის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით ე. ც-იანს უარი ეთქვა სარჩელზე. ასევე არ დაკმაყოფილდა ნ. ბ-იას სარჩელი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიამ 1996 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება რ. ჩ-იას ბინაში შესახლების, ბინის პაიზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე რაიონის სასამართლოს. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
ქ.თბილისის გლდანის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა რ. ჩ-იას სარჩელი. მოსარჩელე შესახლებულ იქნა ნ. ბ-იას სახელზე რიცხულ ბინაში, როგორც თანამესაკუთრე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1997 წლის 18 მარტის განჩინებით სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 30 ივლისის განჩინებით ე. ც-იანს უარი ეთქვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქორწინების ბათილად ცნობის საქმის წარმოების განახლების შესახებ.
სასამართლომ მიუთითა რომ ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის მმაჩის ორგანოს მიერ 1998 წლის 11 სექტემბერს გაცემული ქორწინების მოწმობა (განმეორებითი) იურიდიული ძალის არმქონეა და ვერ ჩაითვლება ახლად აღმოჩენილ გარემოებად.
ე. ც-იანმა 2000 წლის აგვისტოში კვლავ შეიტანა განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, იმ საფუძვლით, რომ მის მიერ მოპოვებული იქნა ამონაწერი ქორწინების სააქტო ჩანაწერის შესახებ.
ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 7 თებერვლის განჩინებით (დადგენილება) უარი ეთქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე საქმის წარმოების განახლების შესახებ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 28 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ე. ც-იანის სააპელაციო საჩივარი და რაიონული სასამართლოს განჩინება დარჩა უცვლელად.
საკასაციო საჩივრით ე. ც-იანი ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ ე. ც-იანს და შ. ჩ-იას შორის ქორწინების მოწმობა არ არის შედგენილი სეპარატისტული ხელისუფლების მოქმედების პერიოდში. იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს და აფხაზეთის ა/რ კანონმდებლობას. გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის – ქორწინების რეგისტრაციის და გადაწყვეტილების შესახებ წარმოადგენდა ახლად აღმოჩენილ გარემოებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო პალატის განჩინება დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლოში წარდგენილ ქორწინების სააქტო ჩანაწერი აქტი 2000 წლის 5 აპრილს გაცემულია აფხაზეთის არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლის მიერ. მასზე დასვმულია ტყვარჩელის მმაჩის ორგანოს შტამპი და ბეჭედი.
საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 17 აპრილის დადგენილების “აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების შესახებ” შესაბამისად იურიდიული ძალის არმქონე და ბათილია სეპარატისტთა მიერ მიღებჯული ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუცია, პრეზიდენტის ინსტიტუტი, საკანონმდებლო აქტები, ხელშეკრულებები, შეთანხმებები უცხო ქვეყნების სტრუქტურებთან, აგრეთვე მმართველობის ყველა ორგანო და მათი გადაწყვეტილებები, სამოქალაქო სამართლებრივი გარიგებანი, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოსა და აფხაზეთის ა/რ კანონმდებლობას. ამდენად ორგანო, რომლის მიერაც გაცემულია კასატორის მიერ სასამართლოში წარდგენილი სააქტო ჩანაწერი საქართველოს ზემოთ მითითებული დადგენილებით გამოცხადებულია უკანონოდ, რის გამოც ასეთი ორგანოს მიერ გაცემული საბუთი ვერ გახდება კანონონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილბის გაუქმების საფუძველი.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ საქმის წარმოების განსაახლებლად მის მიერ სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტი შედგენილია არა სეპარატისტული ხელისუფლების მმართველობის პერიოდში, არამედ 1958 წელს. სასამართლომ იურიდიული ძალის არმქონედ ჩათვალა 1998 წლის 5 აპრილს შედგენილი ქორწინების ჩაწერის აქტი რომელიც დამოწმებულია არალეგიტიმიური მმაჩის ორგანოს მიერ.
ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 316-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს გადაწყვეტილება ფაქტის დადგენის შესახებ, რომელიც რეგისტრირებული უნდა იქნეს მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოში ან სხვა ორგანოში, წარმოადგენს საფუძველს ასეთი რეგისტრაციისა და გაფორმებისათვის, მაგრამ ვერ შეცვლის ამ ორგანოს მიერ გასაცემ დოკუმენტებს. ამავე კოდექსის 311-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ უდავო წარმოების წესით საქმის განხილვისას აღძივრის დავა ისეთი უფლებების შესახებ, რომლებიც სასამართლოს უწყებრივად ექვემდებარება, სასამართლო განცხადებას განუხილველად დატოვებს და დაინტერესებულ პირებს განუმარტავს, რომ მათ უფლება აქვთ წარმოადგინონ სარჩელი საერთო საფუძველზე.
პალატა თვლის, რომ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ გამოტანილი გადაწყვეტილება ვერ დაედება საფუძვლად სასარჩელო წესით განხილულ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას.
ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული ქორწინების აქტი ¹431, ასევე ვერ გახდება 1996 წლის 11 სექტემბერს გადაწყვეტილების გამოტანით დამთავრებული საქმის წარმოების განახლების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო დკოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ე. ც-იანის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილსის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 28 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.