¹3კ/837-01 28 სექტემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,თ. კობახიძე
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. ბ-ოვა 1952 წლიდან მუშაობდა ყვარლის ხანძარსაწინააღმდეგო პოლიციის რაზმში უფროსი ........-ის თანამდებობაზე. 1996 წლის 6 მარტს იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, ყვარლის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილებით კი აღდგა ადრე დაკავებულ თანამდებობაზე.
1999 წლის 26 თებერვალს მ. ბ-ოვა ხელმეორედ გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან უდისციპლინობისა და დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის გამო შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის “ბ” და “გ” პუნქტების საფუძველზე.
მ. ბ-ოვამ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა და კუთვნილი ხელფასის ანაზღაურება შემდეგი საფუძვლით: მისი გათავისუფლება სამუშაოდან 34-ე მუხლის “გ” პუნქტის მიხედვით უდისციპლინობის გამო უსაფუძვლოა, რადგან იგი არ ასრულებდა ხელმძღვანელობის უკანონო მოქმედებებს. მიუხედავად იმისა, რომ ყვარლის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილებით იგი აღდგენილ იქნა სამუშაოზე, ხელმძღვანელობამ მას არ აუნაზღაურა იძულებითი განაცდური და ხელფასი 1998 წლის 7 აგვისტოდან 1 დეკემბრამდე, რაც უდრის 352 ლარს.
ყვარლის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ. ბ-ოვა აღდგა პირვანდელ თანამდებობაზე. სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი მოტივებით: სასამართლომ მიიჩნია, რომ მოწინააღმდეგე მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა მტკიცებულებები მ. ბ-ოვას მიერ შრომის შინაგანაწესის სისტემატური დარღვევის შესახებ და მის მიმართ შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის “ბ” და “გ” პუნქტების გამოყენება უკანონო იყო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ყვარლის რაიონის ხანძარსაწინააღმდეგო რაზმის ადმინისტრაციამ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ყვარლის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილება და გამოვიდა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ბ-ოვას უარი ეთქვა სამუშაოზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს გაშვებული ჰქონდა სასამართლოსათვის მიმართვის კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-ოვამ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 16 თებერვლის განჩინებით მ. ბ-ოვას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე პალატას. საკასაციო პალატამ განჩინება გამოიტანა შემდეგი მოტივებით: დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ბ-ოვას გაშვებული არ ჰქონდა სასამრათლოსათვის მიმართვის კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა. მოსარჩელე სამუშაოდან გათავისუფლდა 1999 წლის 26 თებერვალს, მან სასამართლოს სარჩელით მიმართა 1999 წლის 5 აპრილს, მაგრამ სარჩელი სასამართლოს მიერ დატოვებული იქნა უმოძრაოდ და მოსარჩელეს ხარვეზის გამოსასწორებლად მიეცა ვადა. პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში არ არსებობდა რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ მოსარჩელეს აღნიშნული განჩინება ჩაბარდა და ამიტომ სარჩელი შეტანილად ჩაითვალა 1999 წლის 5 აპრილს. პალატამ მიიჩნია, რომ საოლქო სასამართლოს პალატამ 2000 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებაში იმსჯელა მხოლოდ მ. ბ-ოვას მიერ სასარჩელო ვადის გაშვების შესახებ და არ გამოარკვია ფაქტობრივი გარემოებები _ ჰქონდა თუ არა ადგილი მ. ბ-ოვას მიერ შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის “ბ” და “გ” მუხლის მოთხოვნათა დარღვევას, რაც საფუძვლად დაედო მის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანებას და დაავალა საოლქო სასამართლოს პალატას აღნიშნული გარემოებების დადგენა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 6 ივნისის განჩინებით მ. ბ-ოვა აღდგენილ იქნა სამუშაოზე. მოპასუხეს დაევალა მისთვის გადაუხდელი ხელფასის გადახდა. პალატამ მიიჩნია, რომ მას გაშვებული არ ჰქონდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა.
საოლქო სასამართლოს 2001 წლის 6 ივნისის განჩინებაზე საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხე ორგანიზაციის წარმომადგენელმა გ. ზ-შვილმა და მოითხოვა აღნიშნული განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლით: სასამართლომ ობიქტურად არ შეისწავლა წარმოდგენილი საქმე, არ შეაფასა ფაქტები და მიიღო ზერელე გადაწყვეტილება, სასამართლოს შეკითხვაზე მ. ბ-ოვამ ფაქტობრივად აღიარა, რომ არაერთხელ იყო გაფრთხილებული შრომის შინაგანაწესის დარღვევის გამო, ამის გარდა მ. ბ-ოვას მოთხოვნა უსაფუძვლო და ხანდაზმულია.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის შინაარსი და თვლის, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს; უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 16 თებერვლის განჩინებით საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა საოლქო სასამართლოს იმავე პალატას მითითებით, რათა გამოეკვლია გაშვებული ჰქონდა თუ არა მ. ბ-ოვას სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, ასევე გამოეკვლია, ჰქონდა თუ არა ადგილი მ. ბ-ოვას მიერ სამუშაოს შესრულებისას შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის “ბ” და “გ” პუნქტების დარღვევას, კერძოდ, შრომის შინაგანაწესის სისტემატურ დარღვევას, რომლისთვისაც საყვედური ჰქონდა გამოცხადებული ადმინისტრაციის მიერ. საოლქო სასამართლოს 2001 წლის 6 ივნისის გასაჩივრებულ განჩინებაში საკასაციო პალატის აღნიშნული მითითება შესრულებული არ არის. განჩინებაში გამოკვლეული არ არის მ. ბ-ოვას სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლები, საუბარია მხოლოდ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ. მოცემულ ვითარებაში საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს ბაიანოვას სამუშაოდან დათხოვნის კანონიერების შესახებ, რის გამოც ხელახალი განხილვისათვის საქმე უნდა დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატაში.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. ზ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 6 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.