Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ/839 23 მაისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე, ბ. კობერიძე

დავის საგანი – შრომითი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით მუშაკის დაღუპვით გამოწვეული ხარჯების ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ვ. გ-შვილის მეუღლე ს. გ-შვილი მუშაობდა სააქციო საზოგადოება “ხ-ს” ოპერატიული სადისპეჩერო სამსახურის ოპერატიული გასასვლელი ბრიგადის ...ად. 1999 წლის აპრილში ს. გ-შვილი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოჰყვა მაღალი ელექტროძაბვის ქვეშ და მიღებული ელექტროდასახიჩრების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. ს. გ-შვილის ქვრივმა ვ. გ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში სს “ხ-ს” მიმართ და მოითხოვა ერთჯერადი დახმარება - 5040 ლარი, დაკრძალვის ხარჯები - 1617 ლარი, ყოველთვიური სარჩო - 33 ლარი და 60 თეთრი.

ხაშურის რაიონულმა სასამართლომ 2000 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი და სს “ხ-ს” დააკისრა ვ. გ-შვილის სასარგებლოდ 2000 წლის 1 მაისიდან ყოველთვიურად, მარჩენალის დაღუპვის გამო, 3 შვილის სარჩო, 8 ლარი და 40 თეთრი თითოეულ სულზე და სულ 33 ლარი და 60 თეთრი მდგომარეობის შეცვლამდე. ასევე, დაღუპული მეუღლის 10 წლის ხელფასი – 5040 ლარი ერთდროული დახმარების სახით, დაკრძალვის ხარჯი 528 ლარი, სულ - 5568 ლარი.

ვ. გ-შვილს კვების პროდუქტების ღირებულების გადახდაზე უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.

რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს. გ-შვილის დაღუპვა დაკავშირებულია მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან. საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 155-ე მუხლის თანახმად, საწარმოები მატერიალურად პასუხისმგებელნი არიან მუშების და მოსამსახურეებისათვის მიყენებული ზიანის გამო (მათი დასახიჩრება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი ვნება), რაც დაკავშირებულია შრომითი მოვალეობის შესრულებასთან. საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹ 48 ბრძანებულების “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის” მე-2 მუხლით გათვალისწინებულია მუშაკის ჯანმრთელობისთვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურება, ხოლო იმავე ბრძანებულების მე-4 მუხლის თანახმად, დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში ზიანის მიმყენებელმა, სარჩოს დაწესებით უნდა აუნაზღაუროს ზიანი იმ პირებს, რომელთა რჩენაც დაზარალებულს ევალებოდა. 39-ე მუხლით გათვალისწინებულია, რომ შრომითი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით მუშაკის დაღუპვის შემთხვევაში დაღუპულის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი დახმარება გარდაცვლილის 10 წლის სამსახურებრივი სარგოს ოდენობით, აგრეთვე, დაკრძალვის ხარჯები.

სასამართლოს აზრით, მართალია, ს. გ-შვილის დაღუპვას ხელი შეუწყო მისმა გაუფრთხილებელმა მოქმედებამაც, მაგრამ ზემოაღნიშნული ბრძანებულების მე-8 მუხლის თანახმად, შერეული პასუხისმგებლობა არ ვრცელდება ზიანის ანაზღაურებისას დამატებითი ხარჯებისა და ერთჯერად დახმარებაზე.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “ხ-მ”.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2000 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შეცვალა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 18 მაისის გადაწყვეიტლება სს “ხ-სთვის” 528 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა შუალედური გადაწყვეტილება: სს “ხ-ს” დაეკისრა ვ. გ-შვილის სასარგებლოდ დაკრძალვის ხარჯების გადახდა, რომლის მოცულობა განისაზღვრა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა I ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ს. გ-შვილის დავალების შესასრულებლად გაგზავნა გარკვეულ წილად სს “ხ-ს” ბრალზეც მიუთითებს და ამდენად, სახეზეა შერეული ბრალი. საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹ 48 ბრძანებულების მე-8 მუხლის თანახმად, შერეული პასუხისმგებლობა არ ვრცელდება ერთჯერად დახმარებაზე.

საქმეში არსებული ცნობის მიხედვით, ს. გ-შვილის ხელფასი შეადგენდა 42 ლარს, საიდანაც 10 წლის თანხამ შეადგინა 5040 ლარი. რაც შეეხება დაკრძალვის ხარჯებს, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ I ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში ვერ დარჩება უცვლელად, რადგან აღნიშნული ხარჯების ოდენობა დასაბუთებული არ არის. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 246-ე მუხლის თანახმად, აღნიშნულ საკითხზე შესაძლებელია წინასწარი (შუალედური) გადაწყვეტილების გამოტანა, რომლის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მას ექნება პრეიუდიცირებული ძალა სასამართლოს მეორე გადაწყვეტილებისთვის, რომელიც მოთხოვნის მოცულობას განსაზღვრავს.

სს “ხ-მ” საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ ს. გ-შვილმა დაარღვია ელექტროდანადგარების ექსპლუატაციის უსაფრთხოების წესები. კერძოდ, ელექტროდანადგარების დენგამტარ ნაწილებთან დასაშვებ მანძილზე ახლოს მისვლა, დათვალიერების დროს რაიმე აღდგენითი და სარემონტო საუშაოების ჩატარების დაუშვებლობა, სამუშაოს თვითნებური წარმოება და სხვა წესები.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, მხარეთა განმარტებების მოსმენის და საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ სააქციო საზოგადოება “ხ-ს” საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

დადგენილია, რომ მოსარჩელე ვ. გ-შვილის მეუღლე ს. გ-შვილი მუშაობდა სს “ხ-ს” ოპერატიულ სადისპეჩერო სამსახურის ოპერატიული გამსვლელი ბრიგადის ელექრომონტიორად. იგი 1999 წლის 17 აპრილს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული ტრავმის შედეგად გარდაიცვალა. ამ ფაქტთან დაკავშირებით შედგენილი იქნა უბედური შემთხვევის აქტი - ფორმა ტ-I, რომელშიც აღინიშნა, რომ ს. გ-შვილმა დაარღვია “უსაფრთხოების ტექნიკის წესების” 3.1.2 და 3.2.2. პუნქტები. დადგენილ იქნა ისიც, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ს. გ-შვილი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ტრავმის შედეგად გარდაიცვალა. მისი ხელფასი თვეში შეადგენდა 42 ლარს, ს. გ-შვილს კმაყოფაზე ჰყავდა მეუღლე და სამი შვილი. სს “ხ-ს” დირექტორის 2000 წლის 10 მარტის ¹ 4 ბრძანებით აწ გარდაცვლილი ს. გ-შვილის ოჯახს დაენიშნა მარჩენალის დაკარგვის გამო პენსია, თითოეულს - თვეში 10 ლარი და 73 თეთრი. ვ. გ-შვილმა მოითხოვა მოპასუხე ორგანიზაციისაგან ერთჯერადი დახმარება - 5040 ლარი, დაკრძალვის ხარჯები და ყოველთვიური სარჩო. სააპელაციო პალატამ სწორად გამოიყენა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვალს ¹ 48 ბრძანებულებით დამტკიცებული “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესების” 39-ე პუნქტი, რომლის თანახმად, შრომითი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით მუშაკის დაღუპვის შემთხვევაში დაღუპულის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი დახმარება გარდაცვლილის 10 წლის სამსახურებრივი სარგოს ოდენობით, აგრეთვე - დაკრძალვის ხარჯები.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ მოსარჩელის ოჯახის წევრების მიმართ არ შეიძლება გავრცელდეს “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესების” 39-ე პუნქტი, რადგან ს. გ-შვილი სამსახურებრივ მოვალეობას ნასვამ მდგომარეობაში ასრულებდა, სააპელაციო პალატამ დადგენილად ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში შერეული ბრალს აქვს ადგილი, რადგან მოპასუხე ორგანიზაციამ იცოდა, რომ აწგარდაცვლილი ს. გ-შვილი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და იგი მაინც გაუშვა სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო პალატა თვლის, რომ სს “ხ-ს” ასეთი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია. სააპელაციო პალატამ სწორად გამოიყენა, ასევე, “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესების” მე-8 პუქტი, რომლის თანახმად, შერეული პასუხისმგებლობა არ ვრცელდება ერთჯერად დახმარებაზე.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიტანა დაკრძალვის ხარჯების მოპასუხე ორგანიზაციისათვის დაკისრების ნაწილში შუალედური გადაწყვეტილება, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდესის 246-ე მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულია, რომ წინასწარი (შუალედური) გადაწყვეტილება შეიძლება გამოტანილი იქნეს იმ შემთხვევაში, თუ სადავოა სასარჩელო მოთხოვნის როგორც ფაქტობრივი საფუძველი, ისე ამ მოთხოვნის მოცულობა (ოდენობა); სასამართლოს შეუძლია წინასწარი გადაწყვეტილება გამოიტანოს სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლის შესახებ. იმის გამო, რომ დაკრძალვის ხარჯების ოდენობის ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ, არ მიიჩნია დასაბუთებულად შუალედური (წინასწარი) გადაწყვეტილების გამოტანის ნაცვლად უნდა ემსჯელა ამ ხარჯების მოცულობის დადგენაზე. ამიტომ ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სააქციო საზოგადოება “ხ-ს” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 2 ოქტომბრის “შუალედური გადაწყვეტილება” მოპასუხე ორგანიზაციისათვის ვ. გ-შვილის სასარგებლოდ დაკრძალვის ხარჯების გადახდის ნაწილში გაუქმდეს და ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

დანარჩენ ნაწილში თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.