Facebook Twitter

3კ/839-01 21 დეკემბერი, 2001 წ. , ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე, ქ. გაბელაია

სარჩელის საგანი: დაკავებული ფართიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

დიღმის მასივში ... მდებარე საცხოვრებელი ბინა არის ... სამსახურის საკუთრებაში.

... სამსახურმა სარჩელი აღძრა სასამართლოში იძულებით გადაადგილებული პირის ე. კ-ძის მიმართ დაკავებული ფართიდან იმ საფუძვლით, რომ ე. კ-ძე უნებართვოდ შეიჭრა დიღმის მასივის ... მდებარე მათ საკუთრებაში არსებულ ბინაში, რომელიც განაწილებულია მ. თ-შვილზე.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ე. კ-ძე გამოსახლებულ იქნა სადავო ფართიდან. სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი მოტივებით: მიიჩნია, რომ ე. კ-ძე სადავო ბინაში შეჭრილი იყო უნებართვოდ და არ გააჩნდა ბინაში შესახლების არანაირი კანონიერი საფუძველი.

... სამსახური სსსკ-ის 146-ე მუხლის თანახმად უფლებამოსილი იყო გაენაწილებინა მის განმგებლობაში არსებული საბინაო ფონდი და გამოეთხოვა იგი უკანონო მფლობელობიდან.

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. კ-ძემ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და გამოვიდა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ... სამსახურის სარჩელი ბინიდან გამოსახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი მოტივებით: მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ არასწორად გამოიყენა ძველი სამოქალაქო კოდექსი. ბინის მ. თ-შვილზე განაწილების პერიოდისათვის, მოქმედი საბინაო კოდექსის თანახმად დასაშვები იყო მხოლოდ თავისუფალ მდგომარეობაში მყოფი ბინის განაწილება, აღნიშნული ბინა კი უკვე იმყოფებოდა ე. კ-ძის მფლობელობაში. სასამართლომ მიიჩნია, რომ ე. კ-ძე არ არის ფართში უნებართვოდ შეჭრილი პირი, არამედ წარმოადგენს აღნიშნული ფართის კეთილსინდისიერ მფლობელს, რადგან მისი ბინაში შესახლება მოხდა საგამომცემლო საქმეთა დეპარტამენტთან შეთანხმებით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს ... სამსახურმა, რომლითაც მოითხოვა განჩინებით გაუქმება შემდეგი საფუძვლით: გადაწყვეტილება გამოტანილია პირადი შეხედულებებისა და ემოციების ზეგავლენით და არა კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე. გადაწყვეტილებით შეილახა მათი, როგორც მესაკუთრეთა, კონსტიტუციური უფლებები. ე. კ-ძის სადავო ფართში შესახლება შეთანხმებული არ ყოფილა მათთან, აღნიშნული ფართი დღესდღეისობით განაწილებულია მ. თ-შვილზე, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ ე. კ-ძე უკანონოდ მიიჩნია სადავო ფართის კეთილსინდისიერ მფლობელად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები. თვლის, რომ კასაცია არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო პალატამ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტების თანახმად წარმოადგენს სამართლის ნორმის დარღვევას და განჩინების გაუქმების საფუძველია.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ე. კ-ძე არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი; მოპასუხე თავისი საცხოვრებელი ადგილიდან განდევნილ იქნა აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის მიერ. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას თავისი ქვეყნის როგორც მთლიანობა ისე მოსახლეობის უფლებები ქვეყნის ნებისმიერ კუთხეში. ამიტომაც სახელმწიფომ აიღო ვალდებულება იძულებით გადაადგილებულ პირთა საყოფაცხოვრებო და სოციალური პირობების უზრუნველყოფაზე; საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 31 დეკემბრის ¹900 დადგენილებით დაევალა ლტოლვილთა და განსახლების კომიტეტს, უწყებებს, ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს უზრუნველეყოთ იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური მოწყობა; ანალოგიური დავალება მიეცა შესაბამის სახელმწიფო უწყებებს საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 25 სექტემბრის ¹643 ბრძანებულებით. აღნიშნულ ბრძანებულებაში მითითებულია, რომ სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს, ქალაქების მერებსა და რაიონების გამგებლებს აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მორალური და სოციალური დაცვის მიზნით კონფლიქტის საბოლოო მოწესრიგებამდე დაევალათ დროებით თავისუფალ, უმოქმედო შენობებში (საბავშვო ბაღები, პროფსასწავლებლები და სხვ.) კერძო სექტორში განთავსებულ დევნილთა განსახლების უზრუნველყოფა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ე. კ-ძე თვითნებურად არ შეჭრილა მის მიერ დაკავებულ ბინაში, ვინაიდან 1993 წლის აპრილიდან ცხოვრობს აღნიშნულ სახლში და ადმინისტრაციას 2000 წლამდე არ დაუყენებია მისი გამოსახლების საკითხი; საცხოვრებელი ფართის დაკავებისას სადავო ბინა თავისუფალი იყო; 1996 წელს იგი გაანაწილეს ორგანიზაციის თანამშრომელზე, რომლებიც მართალია საჭიროებდნენ საბინაო პირობების გაუმჯობესებას, მაგრამ არც ცხოვრობდნენ საერთო საცხოვრებელში და არც ჩაწერილნი ყოფილან. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მოპასუხემ სადავო ბინა თვითნებურად დაიკავა.

პირობა, კონფლიქტის მოგვარება, რომლითაც სახელმწიფომ უზრუნველყო დევნილთა განსახლება დღეისათვის შესრულებული არ არის. მოპასუხე მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მოკლებულია საშუალებას დაბრუნდეს თავის საცხოვრებელ ადგილს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ შენობა, რომელშიც განლაგებულია სადავო ოთახები მოპასუხის შესახლების დროსაც იყო და დღეისთვისაც არის სახელმწიფოს საკუთრება, იგი მართვა-გამგეობაში გადაცემული აქვს კასატორს საქართველოს ... სამსახურს, რომელიც არის სახელმწიფო მმართველობის ორგანო. აღნიშნულიდან გამომდინარე მას უფლება არა აქვს სხვა დროებითი საცხოვრებელი ფართობის მიუცემლად შესახლების პირობის ანუ აფხაზეთში დაბრუნებამდე მოითხოვოს მოპასუხის სადავო ფართობიდან გამოსახლება.

ე. კ-ძე სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, არის სადავო ფართობის მფლობელი სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულების საფუძველზე; მართლზომიერად ფლობს სადავო ფართობს და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დაუშვებელია მისი ამ ფართობიდან გამოსახლება (მფლობელობის შეწყვეტა).

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე სწორად გადაწყვიტა მხარეთა შორის წარმოშობილი დავა და არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების კანონიერი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საქართველოს ... სამსახურის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.