გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
¹3კ\841 23 იანვარი, 2001 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
თავმჯდომარე მ. წიქვაძე
მოსამართლეები: ლ. გოჩელაშვილი, მ. გოგიშვილი
დავის საგანი: სამეწარმეო რეესტრში ცვლილების რეგისტრაციისა და შპს “ა-ის” პარტნიორთა კრების 1999 წლის 6 იანვრის კრების ოქმის გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
1999 წლის 6 იანვარს შპს “ა-ში” აღნიშნული საზოგადოების კაპიტალის 25% წილის მფლობელ გ. კ-ის წარმომადგენელ მ. ჯ-ის მიერ ჩატარდა პარტნიორთა კრება, რომლის გადაწყვეტილებით პარტნიორობიდან გაირიცხა შპს “ა-ის” კაპიტალის 72,5%-ის მფლობელი თ. შ-ა, საზოგადოების დირექტორობიდან გათავისუფლდა თ. შ-ას ნდობით აღჭურვილი პირი გ. ნ-ე და სამეწარმეო რეესტრში ცვლილების შესატანად ოქმი წარდგენილ იქნა ქ. თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოში.
ქ. თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 8 იანვრის დადგენილებით პარტნიორობიდან თ. შ-ას გარიცხვისა და საზოგადოების დირექტორობიდან გ. ნ-ის გათავისუფლების შესახებ ცვლილებები იქნა შეტანილი სამეწარმეო რეესტრში.
მიუხედავად იმისა, რომ მითითებული დადგენილება ქ. თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლომ მიიღო 1999 წლის 8 იანვარს, იგი შეცდომით 1998 წლის 8 იანვრით დაათარიღა.
1999 წლის 6 იანვარსვე იმავე საკითხებთან დაკავშირებით შ.პ.ს “ა-ში” ჩატარდა პარტნიორთა კრება, რომელშიც მონაწილეობდნენ შპს “ა-ის” კაპიტალის 72,5% წილის მფლობელის წარმომადგენელი გ. ნ-ე, ამავე საზოგადოების კაპიტალის 2,5%-ის მფლობელი გ. რ-ა, კაპიტალის 25%-ის მფლობელი გ. კ-ის წარმომადგენელი მ. ჯ-ე და ა. ს-ე. პარტნიორთა ამ კრებაზე გადაწყდა პარტნიორობიდან გ. კ-ის გარიცხვა და პარტნიორთა კრების ოქმი სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების შესატანად ქ. თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს წარედგინა 1999 წლის 11 იანვარს.
1999 წლის 12 იანვარს თ. შ-ას წარმომადგენლის მიერ შეტანილ იქნა განცხადება სამეწარმეო რეესტრში შპს “ა-ის” 1999 წლის 8 იანვარს შეტანილი ცვლილებებისა და 1999 წლის 6 იანვრის კრების ოქმის გაუქმების შესახებ.
1999 წლის 15 იანვარს დიდუბის რაიონის სასამართლომ შეაჩერა თ. შ-ას მიერ შეტანილი განცხადების შესაბამისად სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების შეტანის რეგსიტრაციის საკითხი, 1999 წლის 8 იანვრის რეგისტრაციის ცვლილების და 1999 წლის 6 იანვრის შპს “ა-ის” პარტნიორთა კრების ოქმის გაუქმების შესახებ შეტანილი განცხადების საბოლოო განხილვამდე.
1999 წლის 28 იანვარს დიდუბის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა თ. შ-ას განცხადება, სამეწარმეო რეესტრში შეტანილი ცვლილებების ამოშლის შესახებ.
1999 წლის 3 მარტს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა თ. შ-ას საკასაციო საჩივარი და უცვლელად დატოვა ქ. თბილისის დიდუბის რაიონის 1999 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება.
1999 წლის 22 ნოემბერს, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, გაუქმდა 1999 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება. სასამართლომ მიუთითა, რომ დავა განხილულიყო საერთო სასარჩელო წარმოების გზით.
1999 წლის 24 ნოემბერს თ. შ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს სამეწარმეო რეესტრში 1999 წლის 8 იანვარს შეტანილი ცვლილებების გაუქმების შესახებ. ამასთან, მოითხოვა მისი განცხადებით აღძრული შპს “ა-ის” პარტნიორთა კრების 1999 წლის 6 იანვრის ოქმის გაუქმების სამოქალაქო საქმის ამ საქმესთან გაერთიანება.
მოპასუხემ, შპს “ა-ის” წარმომადგენელმა მ. ჯ-ემ სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ პარტნიორთა კრება ჩატარებული იყო კანონის დაცვით.
2000 წლის 31 მარტს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა თ. შ-ას სარჩელი შპს “ა-ის” პარტნიორთა კრების 1999 წლის 6 იანვრის კრების ოქმის გაუქმების და სასამართლოს 1999 წლის 8 იანვრის დადგენილების რეგისტრაციაში ცვლილებების გაუქმების შესახებ.
თ. შ-ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე საქმე 2000 წლის 28 სექტემბერს განიხილა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ, რომელმაც უცვლელად დატოვა ამ საქმეზე ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
2000 წლის 16 ოქტომბერს თ. შ-ამ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა სააპელაციო სასამრთლოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლით:
კასატორს მიაჩნია, რომ 1999 წლის 6 იანვარს გ. კ-ის წარმომადგენელ მ. ჯ-ეს ფიზიკურად არ შეეძლო შპს “ა-ის” პარტნიორთა კრება ჩაეტარებინა 18 საათსა და 20 წუთის შემდეგ, მაგრამ ამ გარემოებას სააპელაციო სასამართლომ სათანადო შეფასება არ მისცა.
_ კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ, “მეწარმეთა შესახებ” კანონის 46.8-ე და 47.5-ე მუხლების მოთხოვნები და 1999 წლის 6 იანვარს ჩატარებული კრება შეცდომით მიიჩნია მეორე კრებად და ჩათვალა, რომ სავალდებულო არ იყო ქვორუმის არსებობა.
_ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი, მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებული მასალებით დადგენილია ფაქტობრივი გარმოებები იმის შესახებ, რომ გ. კ-ემ 1998 წლის 18 დეკემბერს განცხადებით მიმართა შპს “ა-ის” დირექტორ გ. ნ-ეს, რათა მას 1998 წლის 28 დეკემბრისათვის მოეწვია პარტნიორთა კრება, სხვა საკითხებთან ერთად, შემდეგი დღის წესრიგით:
სასამართლოს 1998 წლის 4 მაისის გადაწყვეტილების შესაბამისად საზოგადოების კაპიტალის 25%-იან წილში გ. კ-ის საზოგადოების პარტნიორად აღდგენა; დირექტორ გ. ნ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება; ახალი დირექტორის დანიშვნა; შპს “ა-ის” სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის შემოწმების ჩატარების შესახებ, პარტნიორთა კრების 1995 წლის 21 დეკემბრის უკანონო გადაწყვეტილებით გამოწვეული მატერიალური და მორალური ზარალის დადგენის მიზნით.
შპს “ა-ის” დირექტორმა ნ-ემ 1998 წლის 24 დეკემბერს პარტნიორთა კრების მოწვევაზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ მათი საზედამხედველო საჩივრის საფუძველზე შეჩერებული იყო სასამართლოს 1998 წლის 4 მაისის გადაწყვეტილების აღსრულება გ. კ-ის პარტნიორად აღდგენის შესახებ.
1998 წლის 28 დეკემბერს გ. კ-ემ კვლავ მიმართა შპს “ა-ის” დირექტორს 1999 წლის 6 იანვრისათვის რიგგარეშე პარტნიორთა კრების მოწვევის შესახებ შეცვლილი დღის წესრიგით: დღის წესრიგში დამატებით მითითებული იყო შპს “ა-ის” საზოგადოების პარტნიორის თ. შ-ას შესახებ საკითხის განხილვა.
შპს “ა-ის” დირექტორმა გ. ნ-ემ, რომელიც ამავე დროს თ. შ-ას წარმოდგენელიცაა, დააკმაყოფილა გ. კ-ის განცხადება და 1999 წლის 6 იანვარს 14 საათისათვის მოიწვია პარტნიორთა კრება იმავე დღის წესრიგით, ერთი საკითხის _ “გ. კ-ის შესახებ” _ დამატებით.
საქმეში მოიპოვება შპს “ა-ის” პარტნიორთა კრების ორი ოქმი. პირველი, რომელიც ჩატარებულია შპს “ა-ის” ყველა პარტნიორის მონაწილეობით ისე, რომ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი გ. კ-ის პარტნიორად აღდგენის შესახებ არ განიხილა, პარტნიორთა რიგებიდან გარიცხა გ. კ-ე და მეორე _ რომელიც ჩატარებულია მხოლოდ კაპიტალის 25%-ის მფლობელი ერთი პარტნიორის _ გ. კ-ის წარმომადგენლის მიერ, რომელმაც პარტნიორობიდან გარიცხა კაპიტალის 72,5%-ის მფლობელი თ. შ-ა და დირექტორობიდან გაათავისუფლა გ. ნ-ე.
პარტნიორთა კრების აღნიშნული ოქმი 1999 წლის 8 იანვარს რეგისტრაციაში გაატარა ქ. თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლომ და ამავე თარიღით მიღებული თავისი დადგენილებით პარტნიორობიდან გარიცხა თ. შ-ა, ხოლო დირექტორობიდან გაათავისუფლა გ. ნ-ე.
1999 წლის 6 იანვრის პარტნიორთა კრების ოქმი, რომელიც ყველა პარტნიორის მონაწილეობით ჩატარდა და რომლითაც პარტნიორობიდან გარიცხულ იქნა გ. კ-ე, სასამართლოში წარდგენილ იქნა 1999 წლის 11 იანვარს, მაგრამ მის შესაბამისად რეესტრში ცვლილება არ შესულა. ქ. თბილისის დიღომის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 15 იანვრის დადგენილებით, ამ საკითხთან დაკავშირებით შეტანილი განცხადების განხილვა შეჩერდა 1999 წლის 8 იანვარს ჩატარებული რეგისტრაციის გაუქმების შესახებ შეტანილ განცხადებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
ამრიგად, დადგენილია, რომ თ. შ-ა შპს “ა-ის” პარტნიორობიდან გაირიცხა, ხოლო გ ნ-ე შპს “ა-ის” დირექტორობიდან გათავისუფლდა 1999 წლის 6 იანვრის კრების ოქმის საფუძველზე (კრება ჩაატარა შპს “ა-ის” კაპიტალის 25%-იანი წილის მფლობელი პარტნიორის წარმომადგენელმა მ. ჯ-ემ), ქ. თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 8 იანვრის დადგენილების შესაბამისად, რაც ასახული იქნა სამეწარმეო რეესტრში.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პარტნიორთა 1999 წლის 6 იანვრის ზემოთ მითითებული კრების ოქმი და ასევე, ქ. თბილისის დიდუბის სასამართლოს დადგენილება, პარტნიორობიდან თ. შ-ას გარიცხვის და შპს-ს დირექტორობიდან გ. ნ-ის განთავისუფლების შესახებ, უკანონოა შემდეგი სამართლებრივი საფუძვლებით:
“მეწარმეთა შესახებ” კანონის 46.8-ე მუხლის შესაბამისად, პარტნიორები, რომელთა წილი ერთად შეადგენს საწესდებო კაპიტალის მეოცედ ნაწილს, უფლებამოსილნი არიან მოითხოვონ კრების მოწვევა ამ კრების მიზნისა და საფუძვლების მითითებით. თუ ამ მოთხოვნას არ გამოეხმაურებიან ან საერთოდ არ არსებობენ ის პირები, ვის მიმართაც არის ეს მოთხოვნა გათვალისწინებული, მაშინ პარტნიორებს საქმის გარემოებიდან გამომდინარე, შეუძლიათ თვითონ მოიწვიონ იგი.
“მეწარმეთა შესახებ” კანონის 47.5-ე მუხლის შესაბამისად, კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მასში მონაწილეობენ ის პარტნიორები, რომლებსაც აქვთ ხმების უმრავლესობა. თუ კრება გადაწყვეტილებაუნარიანი არ არის, მაშინ კრების მომწვევს შეუძლია იმავე დღის წესრიგით კვლავ მოიწვიოს კრება. მეორე კრება გადაწყვეტილებაუნარიანია მაშინაც, თუ არ გამოცხადდება პარტნიორთა უმრავლესობა. მოცემულ შემთხვევაში გ. კ-ე კანონით უფლებამოსილი იყო, 1998 წლის 18 დეკემბერს განცხადებით მიემართა საზოგადოების დირექტორისათვის საზოგადობის კრების მოწვევის შესახებ.
24 დეკემბერს, როცა საზოგადოების დირექტორმა არ დააკმაყოფილა გ. კ-ის განცხადება კრების მოწვევის შესახებ, გ. კ-ეს თვითონ შეეძლო მოეწვია კრება, მაგრამ მას ეს არ გაუკეთებია და 1998 წლის 28 დეკემბერს კვლავ მიმართა საზოგადოების დირექტორს პარტნიორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ 1999 წლის 6 იანვრისათვის, შეცვლილი დღის წესრიგით, რაც დირექციის მიერ დაკმაყოფილებულ იქნა. გ. კ-ის მიერ მითითებულ დღის წესრგიში ჩამატებულ იქნა ერთი საკითხი, რომლის უფლებაც დირექტორს, როგორც საზოგადოების პარტნიორი თ. შ-ას წარმომადგენელს, ჰქონდა, ანუ 1999 წლის 6 იანვარს მოწვეულ იქნა პარტნიორთა რიგგარეშე პირველი კრება. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “ა-ის” პარტნიორთა რიგგარეშე კრების ოქმი, რომელიც ჩატარდა შპს “ა-ის” საწესდებო კაპიტალის 25%-ის მფლობელის წარმომადგენლის მიერ, ბათილია, რადგანაც საზოგადოების პარტნიორთა კრება, რომელმაც გადაწყვიტა პარტნიორ თ. შ-ას გარიცხვა და საზოგადოების დირექტორ გ. ნ-ის გათავისუფლება, წარმოადგენდა პირველ რიგგარეშე კრებას და გადაწყვეტისუნარიანი არ იყო იმიტომ, რომ მას არ ესწრებოდნენ ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორები.
მითითებული კრება მხოლოდ მაშინ შეიძლება ყოფილიყო გადაწყვეტილებაუნარიანი, თუ პირველ კრებაზე არ გამოცხადდებოდნენ ხმების უმრავლესობის მქონე პირები, რის გამოც სათანადო წესის დაცვით მოიწვეოდა მეორე კრება. მეორე კრებისთვის მნიშვნელობა არ ექნებოდა პარტნიორთა უმრავლესობის გამოუცხადებლობას. კრება გადაწყვეტილებაუნარიანი იქნებოდა მაშინაც, თუ მასში მონაწილე-ობას მიიღებდა პარტნიორთა ნახევარზე ნაკლებიც. მოცემულ შემთხვევაში ასეთ მდგომარეობას, ანუ მეორე კრების მოწვევას ან ჩატარებას, ადგილი არ ჰქონია.
მართალია, შპს “ა-ის” წესდების 8.3-ე მუხლის “რ” პუნქტი ითვალისწინებს საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვის წესს და ასეთი დასაშვებად მიაჩნია პარტნიორთა კრების მონაწილეთა ხმების 1\3-ის არსებობის შემთხვევაში, მაგრამ ამავე წესდების შესაბამისად, აღნიშნული დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ კრება გადაწყვეტილებაუნარიანი იქნება ამავე წესდების 8.7-ე მუხლის შესაბამისად, რაც მოცემულ შემთხვევაში სადავო კრების ჩატარების დროს დაცული არ იყო.
აქედან გამომდინარე, რადგანაც 1999 წლის 6 იანვრის პარტნიორთა კრება (რომელიც ჩაატარა შპს “ა-ის” კაპიტალის 25%-ის მფლობელმა პარტნიორი გ. კ-ის წარმომადგენელმა მ. ჯ-ემ)თავისი შედეგებით ბათილია და არ შეიძლება საფუძვლად დადებოდა პარტნიორის გარიცხვას და რეგისტრაციაში ცვლილების შეტანას.
“მეწარმეთა შესახებ” კანონის შესაბამისად საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვის წინაპირობა არის საზოგადოების პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება გარიცხვის შესახებ. გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს ხმათა უმრავლესობით. გასარიცხ პარტნიორს ამ დროს ხმის უფლება არა აქვს. პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება პარტნიორის გარიცხვის შესახებ პირდაპირ არ იწვევს საზოგადოებიდან მის გარიცხავს. ეს შეიძლება იყოს საფუძველი, რათა საზოგადოებამ სარჩელით მიმართოს სასამართლოს პარტნიორის გარიცხვის თაობაზე. გადაწყვეტილებას პარტნიორის საზოგადოებიდან გარიცხვის შესახებ იღებს სასამართლო.
პარტნიორის გარიცხვის შესახებ საზოგადოების კრების გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს “მეწარმეთა შესახებ”კანონის 47.3-ე მუხლის “ლ” პუნქტი.
საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვის გამო წარმოშობილ დავაში მოსარჩელე არის საზოგადოება, ხოლო მოპასუხე _ გასარიცხი პირი. გარიცხვის გამო გამართულ პროცესში საზოგადოებას წარმოადგენენ დირექტორები.
მოცემულ შემთხვევაში პარტნიორთა 1999 წლის 6 იანვრის რიგგარეშე კრება (რომელიც ჩაატარა კაპიტალის 25%-ის მფლობელი პარტნიორის წარმომადგენელმა) თუნდაც გადაწყვეტილებაუნარიანი ყოფილიყო, ქ. თბილისის დიდუბის სასამართლო უფლებამოსილი არ იყო 1999 წლის 8 იანვარს პარტნიორობიდან გაერიცხა თ. შ-ა იმიტომ, რომ საზოგადოების ახლად დანიშნულ დირექტორს სარჩელით არ მიუმართავს სასამართლოსათვის თ. შ-ას პარტნიორობიდან გარიცხვის შესახებ და ამ საკითხთან დაკავშირებით არ შემდგარა სასამართლო პროცესი. აღნიშნული საკითხის, ანუ პარტნიორის გარიცხვის საკითხის უდავო წარმოების წესით გადაწყვეტა დაუშვებელია. პარტნიორის გარიცხვა შესაძლებელია მხოლოდ სასარჩელო წარმოების გზით, რასაც მოცემულ შემთხვევაში არც საზოგადოების ახალი დირექტორის (საზოგადოების ახალ დირექტორს სარჩელი არ შეუტანია) და არც სასამართლოს მხრიდან (სასამართლოს სასარჩელო წარმოების გზით არ განუხილავს თ. შ-ას პარტნიორობიდან გარიცხვის საკითხი) ადგილი არ ჰქონია.
ამრიგად თ. შ-ას შპს “ა-ის” პარტნიორობიდან გარიცხვა უკანონოა.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
თ. შ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 28 სექტემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
თ. შ-ას სარჩელი დაკმაყოფილდეს. ბათილად იქნეს ცნობილი შპს “ა-ის” პარტნიორთა რიგგარეშე 1999 წლის 6 იანვარს გ. კ-ის წარმომადგენლის მ. ჯ-ის მიერ ჩატარებული კრების ოქმის შედეგები; გაუქმდეს ამ ოქმის საფუძველზე ქ. თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 8 იანვრის (1998 წლის 8 იანვრით დათარიღებული) დადგენილება შპს “ა-ის” პარტნიორობიდან თ. შ-ას გარიცხვის შესახებ და სამეწარმეო რეესტრში ჩანაწერები აღდგენილი იქნეს 1999 წლის 8 იანვრამდე არსებული მდგომარეობით.
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.