გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ/843 5 იანვარი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ახალაძე, თ. კობახიძე
დავის საგანი: ყადაღისაგან ქონების გათავისუფლება.
პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2000 წლის 17 აპრილს შ. გ-ძემ სარჩელი აღძრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში მოპასუხე სს “.. ..-ის” მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, მისთვის ცნობილი გამხდარა, რომ 1998 წლის 3 ივლისს ქ. თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს განუხილავს სს “.. ..-ის” სარჩელი მოპასუხე გ. თ-ძის მიმართ, მისი ბინიდან გამოსახლების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულებისას ყადაღა დაედო ... მდებარე სადავო ბინას, ხოლო შემდეგ სარჩელის დაკმაყოფილების მიზნით იგი გადაეცა სს “.. ..-ს”.
მოსარჩელემ სარჩელში აღნიშნა, რომ აღსრულების მიმდინარეობისას აღმასრულებლის მიერ ყურადღება არ მიექცა იმ ფაქტს, რომ ქ. თბილისში ... მდებარე სახლი, ტექინვენტარიზაციის ბიუროს მაშინდელი მონაცემებითა და სახლის გეგმის მიხედვით, ირიცხებოდა ოთხ მესაკუთრეზე: სახლის ნახევარი (1/2) _ გ. და მ. ა-ძეებზე (1/4-1/4), სახლის მეორე ნახევრიდან (1/2) 1/4 ირიცხებოდა გ. თ-ძის სახელზე, ხოლო 1/4 _ წარმოადგენდა შ. გ-ძის საკუთრებას.
მოსარჩელის განმარტებით, აღსრულების პროცესში დაირღვა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მოთხოვნები და აღსრულებას დაექვემდებარა შ. გ-ძის საკუთრება, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებაში და შესაბამისად, სააღსრულებო ფურცელში არანაირი მითითება არ ყოფილა შ. გ-ძის შესახებ, როგორც აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებულ პირზე.
მოსარჩელემ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის თანახმად, მოითხოვა ქ. თბილისში, ... მდებარე სახლიდან მისი კუთვნილი წილის (1/4) ყადაღისაგან გათავისუფლება და ყადაღადადებული ქონების ამორიცხვა აღწერის სიიდან იმ მოტივით, რომ მოსარჩელეს აღსრულების საგანზე გააჩნდა კანონიერი საკუთრების უფლება, ხოლო გ. თ-ძესა და სს “.. ..-ს” შორის არსებულ ურთიერთობასთან მას არავითარი საერთო არ ჰქონდა.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; გაუქმდა სს “.. ..-ის” საკუთრება ქ. თბილისში, ... მდებარე სახლთმფლობელობის 1/4 ნაწილზე და იგი საკუთრებაში გადაეცა შ. გ-ძეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატაში საქმის განხილვისას მხარედ ჩაება გ. თ-ძე.
სააპელაციო სასამართლოს 2000 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს “.. ..-ის” სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება და შ. გ-ძეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
საკასაციო საჩივარში შ. გ-ძემ მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ.) 56-ე, 58-ე, 237-ე მუხლები, სამოქალაქო კოდექსის (1997 წ.) 489-ე, 494-ე მუხლები და არ იმსჯელა იმ ფაქტზე, რომ სს “.. ..” იყო არაკეთილსინდისიერი შემძენი.
გარდა ამისა, კასატორი აღნიშნავს, რომ საქმე განიხილა სასამართლოს არაკანონიერერმა შემადგენლობამ, რაც გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
საკასაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვის დროს სასამართლო შემადგენლობამ მხარეებს შესთავაზა საქმის მორიგებით დამთავრება, რაზეც მათ თანხმობა განაცხადეს და წარმოადგინეს წერილობითი შეთანხმება.
სასამართლო შემადგენლობის მიერ მხარეებს განემარტათ საქმის მორიგებით დამთავრების შედეგები, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმად, მორიგებით საქმის დამთავრებისა და მისი წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, არ შეიძლება.
პალატა თვლის, რომ მხარეთა შორის დადებული შეთანხმება არ ეწინააღმდეგება კანონს, ითვალისწინებს ორივე მხარის ინტერესებს და მისი პირობები არ არღვევს მესამე პირის კანონით დაცულ უფლებებს.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” პუნქტით, 273-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება და თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება.
დამტკიცდეს მხარეთა შორის 2001 წლის 5 იანვარს დადებული შეთანხმება, რომლის თანახმად შ. გ-ძე და გ. თ-ძე კისრულობენ ვალდებულებას, რომ სს “.. ..-ის” საკუთრებაში არსებულ, ქ. თბილისში, ... მდებარე სახლის 1\2 ნაწილს გამოისყიდიან 95 000 აშშ დოლარად 2001 წლის მაისის ბოლომდე შემდეგი გრაფიკით:
ბანკის სალაროში შეიტანენ:
2001 წლის 25 იანვარს _ 10 000 აშშ დოლარს;
2001 წლის 10 თებერვალს _ 21 250 აშშ დოლარს;
2001 წლის 10 მარტს _ 21 250 აშშ დოლარს;
2001 წლის 10 აპრილს _ 21 250 აშშ დოლარს;
2001 წლის 30 მაისს _ 21 250 აშშ დოლარს.
სს “.. ..” იღებს ვალდებულებას, რომ შ. გ-ძეს და გ. თ-ძეს გადაუფორმოს ქ. თბილისში, ... მდებარე სახლის 1\2 ნაწილი აღნიშნული თანხის _ 95 000 აშშ დოლარის სრულად გადახდის შემთხვევაში, რომლის საბოლოო ვადა არის 2001 წლის 30 მაისი.
იმ შემთხვევაში, თუ შ. გ-ძე და გ. თ-ძე დაარღვევენ გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში თანხების შემოტანას, მაშინ ბანკი შეუზღუდავად განახორციელებს თავის საკუთრებას შეთანხმებაში აღნიშნულ სახლზე, ხოლო შ. გ-ძისა და გ. თ-ძის მიერ ნაწილობრივ გადახდილი თანხა ჩაითვლება ბეს ანგარიშში.
მხარეთა მორიგების გამო, შეწყდეს საქმის წარმოება.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.