Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ/847 10 იანვარი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

მ. ახალაძე, ბ. კობერიძე

დავის საგანი: სარჩელში _ ნოტარიუსის დადგენილების გაუქმება; სამკვიდრო ქონებაზე ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის გაცემა;

შეგებებულ სარჩელში _ 1993 წლის 19 მარტის ანდერძის ბათილად ცნობა; 1995 წლის 14 მარტის ანდერძის კანონიერად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

1998 წლის 3 აპრილს ქ. ბათუმის სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ. ძ-ძემ მოპასუხეების _ ნ. ს-ძისა და ქ. ბათუმის ¹ ... სანოტარო კანტორის მიმართ.

მოსარჩელემ სარჩელს საფუძვლად დაუდო შემდეგი გარემოებები:

აწ გარდაცვლილმა ე. ს-ძემ ქ. ბათუმის ¹... სანოტარო კანტორაში 1993 წლის 19 მარტს დამოწმებული ანდერძით მთელი თავისი ქონება, მათ შორის ქ. ბათუმში, ... მდებარე ბინა, უანდერძა ნ. ძ-ძეს.

ე. ს-ძე გარდაიცვალა 1995 წლის 19 ოქტომბერს. მისი გარდაცვალებიდან ექვსთვიან ვადაში მოსარჩელემ განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის ¹ ... სანოტარო კანტორას, აწ გარდაცვლილი ე. ს-ძის დანაშთ ქონებაზე ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის გაცემის თაობაზე.

ქ. ბათუმის ¹ ... სანოტრო კანტორის 1996 წლის 25 აპრილის დადგენილებით ნ. ძ-ძეს უარი ეთქვა ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის გაცემაზე იმ მოტივით, რომ აწ გარდაცვლილ ე. ს-ძეს 1995 წლის 14 მარტს ქ. ბათუმის ¹ ... საავადმყოფოში შეუდგენია მეორე ანდერძი, რომელიც დაამოწმა მორიგე ექიმმა ა. ზ-შვილმა. ამ ანდერძით მთელი თავისი ქონება ა. ს-ძემ უანდერძა მოპასუხე ნ. ს-ძეს.

მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ანდერძი არ არის შედგენილი საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ.) 552-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნათა დაცვით და სანოტარო წესით დამოწმებულ ანდერძთან მისი გათანაბრება უკანონოა.

მოსარჩელემ სარჩელში მოითხოვა ქ. ბათუმის ¹ ... სანოტარო კანტორის 1996 წლის 25 აპრილის დადგენილების გაუქმება და მასზე ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის გაცემა იმ საფუძვლით, რომ იგი არის აწ გარდაცვლილი ე. ს-ძის ერთადერთი ანდერძისმიერი მემკვიდრე.

ქ. ბათუმის სასამართლოში შეგებებული სარჩელი აღძრა ნ. ს-ძემ ნ. ძ-ძის მიმართ და მოითხოვა აწ გარდაცვლილი ე. ს-ძის მიერ 1993 წლის 19 მარტს ნ. ძ-ძის სახელზე შედგენილი ანდერძის ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ იგი ძალადაკარგულია, რადგანაც აწ გარდაცვლილი ე. ს-ძის მიერ 1995 წლის 14 მარტს გაცემული ანდერძი აკმაყოფილებს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ.) 552-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნებს და იგი გაფორმდა კანონის სრული დაცვით.

საქმე რამდენჯერმე იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ნ. ძ-ძის სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე; დაკმაყოფილდა ნ. ს-ძის შეგებებული სარჩელი, კერძოდ, გაუქმდა აწ გარდაცვლილი ე. ს-ძის მიერ 1993 წლის 19 მარტს ნ. ძ-ძეზე შედგენილი ანდერძი და კანონიერად იქნა ცნობილი მის მიერ 1995 წლის 14 მარტს ნ. ს-ძის სახელზე გაცემული ანდერძი.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ. ძ-ძის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება; გაუქმდა ბათუმის ნოტარიუსის 1996 წლის 25 აპრილის დადგენილება ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის გაცემაზე ნ. ძ-ძისათვის უარის თქმის შესახებ; ნოტარიუსს დაევალა ქ. ბათუმში, აწ გარდაცვლილი ე. ს-ძის დანაშთ ქონებაზე, მათ შორის ... მდებარე სახლთმფლობელობაზე, ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის გაცემა ნ. ძ-ძის სახელზე. აღნიშნული ქონება ჩაითვალა ნ. ძ-ძის საკუთრებად.

ამასთან, ნ. ს-ძის შეგებებულ სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.

საკასაციო საჩივარში ნ. ს-ძის წარმომადგენელმა _ ვ. გ-ემ მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ იგი არ არის იურიდიულად საკმაოდ დასაბუთებული, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.

კასატორი მიუთითებს, რომ ე. ს-ძის მიერ ხელმოწერილი, 1993 წლის 19 მარტს შედგენილი ანდერძი იყო მასზე ზეწოლის შედეგი და იმ დროს მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ.) 56-ე მუხლის თანახმად, იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

კასატორმა მოითხოვა ახალი გადაწყვეტილებით მისი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება და ნ. ძ-ძისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეამოწმა გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას იმასთან დაკავშირებით, რომ სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ.) 552-ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებულია საავადმყოფო ან სხვა სტაციონალურ სამკურნალო დაწესებულებაში სამკურნალოდ მყოფი პირის მიერ შედგენილი ანდერძის დამოწმების წესი, რომელიც უთანაბრდებოდა ნოტარიულად დადასტურებულ ანდერძს. საქმის მასალებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სწორად ჩათვალა, რომ აწ გარდაცვლილი ე. ს-ძე 1995 წლის 14 მარტს, ანდერძის შედგენისას, საავადმყოფოში სტაციონალურ მკურნალობას არ გადიოდა. მითითებული სამართლის ნორმა კი, ამბულატორიული მკურნალობის პერიოდში ანდერძის დამოწმებას საავადმყოფოს მთავარი ექიმის ან მორიგე ექიმის მიერ, არ ითვალისწინებდა.

ამდენად, პალატა თვლის, რომ აწ გარდაცვლილი ე. ს-ძის მიერ 1995 წლის 14 მარტს შედგენილი ანდერძი ეწინააღმდეგება სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ.) 552-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს.

პალატა იზიარებს კასატორის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია, რადგანაც სააპელაციო სასამართლომ ისე უთხრა უარი დაკმაყოფილებაზე ნ. ს-ძის შეგებებულ სარჩელს, რომ მის საფუძვლებზე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში საერთოდ არ იმსჯელა.

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში შეუძლებელია დაუსაბუთებლობის გამო, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად, მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ნ. ს-ძის წარმომადგენელ ვ. გ-ის საკასაციო საჩივარი.

გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.