Facebook Twitter

¹3კ/848-01 19 ოქტომბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა შემადგენლობა:

ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,თ. კობახიძე

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

ზ. ზ-ძე 1997 წლის ნოემბრიდან მუშაობდა საქართველოს შს სამინისტროს სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის რკინიგზაზე საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტზე უმნიშვნელოვანესი ობიექტებისა და ტვირთების დაცვის სამმართველოს მეორე ათასეულის მეორე ასეული მეთაურად სამსახურებრივი დასკვნის საფუძველზე, 1998 წლის 25 სექტემბერს სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის ¹ 40 პ/შ ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, შინაგან საქმეთა ორგანოში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების 67-ე მუხლის “დ” პუნქტით. 1998 წლის ბოლოს ზ. ზ-ძემ მიმართა შს სამინისტროს მისი გათავისუფლების კანონიერების დასადგენად.

1999 წლის იანვარში შს სამინისტროს სამსახურებრივი დასკვნის თანახმად, ზ. ზ-ძე ხელახლა იქნა მიღეუბლი შს ორგანოებში სამუშაოდ, ზ. ზ-ძემ 2000 წლის 1 აგვისტოს სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის 21 თვის ხელფასის ანაზღაურება. მოსარჩელე თვლის, რომ იგი არაკანონიერად გაათავისუფლეს სამსახურიდან. მისთვის არ უცნობებიათ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ერთი თვით ადრე, რითაც დარღვეულია “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 108-ე მუხლის “თ” პუნქტი.

მოპასუხე ორგანიზაციამ, შს სამინისტროს წარმომადგენელმა თ. შ-შვილმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ზ. ზ-ძე სამსახურიდან დათხოვილ იქნა 1998 წლის 25 სექტემბერს სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით. ზ. ზ-ძეს “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის I ნაწილის და შრომის კანონთა კოდექსის მიხედვით მისი უფლებების დარღვევიდან ერთი თვის ვადაში უნდა მიემართა სასამართლოსათვის. ზ. ზ-ძემ კი სასამართლოს სარჩელით მიმართა მხოლოდ 2000 წლის 1 აგვისტოს.

თბილისის დიდუბე-ჩუღურების რაიონული სასამართლოს 2000 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ზ. ზ-ძის სარჩელი და იგი აღდგენილ იქნა დაკავებულ თანამდებობაზე _ საქართველოს შს სამინისტროს სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის რკინიგზაზე საჰაერო და საზღვაო ტრანპორტზე უმნიშვნელოვნესი ობიექტებისა და ტვირთების დაცვის სამმართველოს მეორე ათასეულის მეორე ასეულის მეთაურის თანამდებობაზე ან მის თანაბარ თანამდებობაზე. ამავე გადაწყვეტილებით ზ. ზ-ძეს აუნაზღაურდა 4 თვის განაცდური, რაც შეადგენს 440 ლარს და 27 თეთრს.

მოპასუხე ორაგნიზაციამ, შს სამინისტროს სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტმა, სააპელაციო საჩივრით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას და მოითხოვა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელეს გაშვებული აქვს სასამართლოსათვის მიმართვის კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა, ამასთან გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქლაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შს სამინისტროს სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება და გამოტანილ იქნა ახალი გადაწყვეტილება. უარი ეთქვა ზ. ზ-ძეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის გასვლის გამო.

ზ. ზ-ძემ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინებაზე შეიტანა საკასაციო საჩივარი, რომლითაც ითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი საფუძვლით: მას არ გაუშვია სასამართლოსათვის მიმართვის სასარჩელო ხანდაზმულობის ერთთვიანი ვადა. მის მიმართ უნდა გამოყენებულიყო არა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლი, არამედ შრომის კანონთა კოდექსის 204-ე მუხლის პირველი ნაწილი, რადგან საჯარო სამსახურის შესახებ მე-11 მუხლის მე-2 ნაწილით, ამ კანონის მოქმედება ამ პუნქტში ჩამოთვლი მოსამსახურეებზე და მათ შორის პოლიციის თანამშრომლებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, შრომის კანონთა კოდექსის 204-ე მუხლის 1 ნაწილით კი, მოსამსახურემ სამუშაოდან დათხოვნის საქმეთა გამო, სასამართლოს უნდა მიმართოს დათხოვნის ბრძანების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში. მას კი დათხოვნის ბრძანება არ ჩაუბარებია ხელის მოწერით. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია მთელი რიგი კანონის მოთხოვნები, კერძოდ, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 108-ე მუხლის “თ” მოთხოვნა, რომლის თანახმად, ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სამსაუხრის ერთი თვით ადრე არ უცნობებია, ატესტაცია კი საერთოდ არ გაუვლია და მის დასკვნას არ გაცნობია.

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის შინაარსი და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოტივაციო ნაწილი:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად არის მიიჩნეული, ფაქტობრივი გარემოება, რომ ზ. ზ-ძე საქართველოს შს სამინისტროს სატრანსპორტო დეპარტამენტის თავმჯდომარის 1998 წლის ¹40 პ\შ ბრძანებით განთავისუფლდა სამუშაოდან საქართველოს შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების 67-ე მუხლის “დ” პუნქტის საფუძველზე “სამსახურებრივი შეუფერებლობის გამო საატესტაციო წესით”. ზ. ზ-ძემ სასამართლოს, სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე მიმართა 2001 წლის 1 აგვისტოს.

პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული ურთიერთობაზე უნდა გავრცელდეს “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მიერ დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები, რადგან პოლიციის თანამშრომელი არის საჯარო მოსამსახურე. აღნიშნული კანონის 127-ე მუხლის I ნაწილის თანახმად “მოხელეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთი თვის ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, აგრეთვე მოქმედება”. ასეთ პირობებში პალატას მიაჩნია, რომ ზ. ზ-ძის მიერ გაშვებული სასამართლოსათვის მიმართვის სასარჩელო ხანდაზმულობის ერთთვიანი ვადა, რადგან მოსარჩელემ სასამართლოს მიმართა სამუშაოდან დათხოვნიდან ერთი წლისა და 11 თვის შემდეგ.

დადგენილია, აგრეთვე, რომ ზ. ზ-ძის საჩივრის საფუძველზე 1999 წლის იანვრის დასკვნით, ზ. ზ-ძე ხელახლა იქნა მიღებული შს ორგანოებში. შინაგან საქმეთა სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელზე დაწერილი 1999 წლის 30 დეკემბრის განცხადებით იგი დაეთანხმა შს ორგანოებში ხელახლა მიღებას და არ განუცხადებია პრეტენზია პირვანდელ თანამდებობაზე აღდგენის შესახებ, რის გამოც პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ათვლა ამ პერიოდიდან უნდა დაწყებულიყო. პალატას, რომც გაეზიარებინა ზ. ზ-ძის მოსაზრება და ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაეწყო 1999 წლის იანვრიდან, სამუშაოზე ხელახლა მიღების დასკვნის გამოტანის დღიდან, მას მაინც დარღვეული აქვს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები, რადგან ასეთ შემთხვევაში სარჩელი უნდა აღეარა არაუგვიანეს 1999 წლის თებერვალში. მან კი სასარჩელო განცხადებით სასამართლოს მიმართა 2000 წლის 1 აგვისტოს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს საკასაციო საჩივარში მითითებული კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ზ. ზ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.