Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ/850 31 იანვარი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

მ. ახალაძე, თ. კობახიძე

დავის საგანი: ბინის ქირის დაკისრება, ბინიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. თბილისში ... მდებარე ორსართულიანი სახლი საკუთრების უფლებით ეკუთვნოდათ ლ. კ-შვილის წინაპრებს; ქ. თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს 1993 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით აღნიშნული სახლის 1/3 ნაწილზე მემკვიდრეებად თანაბარი წილის უფლებით ცნობილ იქნენ გ. კ-შვილი, ე. კ-შვილი და ლ. კ-შვილი.

1993 წლის 20 დეკემბრის ხელშეკრულებით მემკვიდრეებს შორის რეალურად გაიყო დასახელებული სახლი; ლ. კ-შვილს მიეკუთვნა პირველ სართულზე მდებარე ერთი საცხოვრებელი ¹ 1 ოთახი 14,30 კვ.მ ფართით, მის წინ მდებარე დამხმარე ფართი 7,64 კვ.მ მეორე სართულზე ერთი საცხოვრებელი ¹ 4 ოთახი 15,30 კვ.მ ფართობით, მის წინ მდებარე დამხმარე სათავსო 7,04 კვ.მ და ეზოში ცალკე არსებული ლიტ. “ბ” 11,04 კვ.მ.

მ. გ-შვილი დაბადებიდან ცხოვრობს ლ. კ-შვილის საკუთრებაში მყოფ პირველ სართულზე განლაგებულ 14,30 კვ.მეტრ ფართობის საცხოვრებელ ოთახში მდგმურის უფლებით;

მოსარჩელე ლ. კ-შვილმა სარჩელით მოითხოვა მ. გ-შვილის გამოსახლება მის მიერ დაკავებული ფართობიდან და 1993 წლიდან გადაუხდელი ბინის ქირის დაკისრება;

ისან-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნას მ. გ-შვილის გამოსახლების შესახებ, ამ უკანასკნელს დაეკისრა მის მიერ ... მდებარე სახლში მდგმურის უფლებით დაკავებული ფართობის ბინის ქირის ერთობლივად 73 ლარისა და 80 თეთრის ოდენობით, ხოლო 2000 წლის 1 ივლისიდან ყოველდღიურად 2 ლარისა და 60 თეთრის გადახდა;

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 19 სექტემბრის განჩინებით ლ. კ-შვილს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად იქნა დატოვებული ქ. თბილისის ისან-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება.

კასატორი ლ. კ-შვილი მოითხოვს საოლქო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გაუქმებას, იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი; კასატორის განმარტებით, სასამართლოს 1998 წლის 25 ივნისის კანონის “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” შესაბამისად მან მოწინააღმდეგე მხარეს შესთავაზა კომპენსაციის სახით საცხოვრებელი ფართი, ისნის რაიონში 19 კვ.მ ფართით, სამზარეულოთი, იმ საფუძვლით, რომ პირადად ესაჭიროება საკუთრება;

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოტივაციას და მოთხოვნას მ. გ-შვილის ბინიდან გამოსახლებაზე იმ საფუძვლით, რომ 1998 წლის 25 ივნისის კანონის “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” მე-5 მუხლის პირველი და მეორე ნაწილის შესაბამისად სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა შესაბამისი ფართის საცხოვრებელი ბინის შეთავაზების გამო მოპასუხე მ. გ-შვილის ბინიდან გამოსახლებაზე; საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას აპელანტი ლ. კ-შვილი თვლიდა, რომ მასსა და მ. კ-შვილს შორის ურთიერთობა უნდა მოწესრიგებულიყო არა საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ კანონით, არამედ ქირავნობის შესახებ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმებით; სწორედ ამ ნორმაზე ე.ი. დამქირავებლის მიერ ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო მოითხოვდა იგი გ-შვილის ბინიდან გამოსახლებას; სააპელაციო სასამართლომ სწორად დააკვალიფიცირა მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობა, როგორც საცხოვრებელი სადგომის დათმობის საფუძველზე წარმოშობილი მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის და გადაწყვეტილებით უარი უთხრა გამოსახლებაზე; ლ. კ-შვილის მიერ მ. გ-შვილისათვის სხვა საცხოვრებელი ფართის შეთავაზების ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდება და სააპელაციო სასამართლოს ამ საკითხზე არ უმსჯელია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 406-ე მუხლის თანახმად დავის საგნის შეცვლა ან გადიდება საკასაციო სასამართლოზე დაუშვებელია. მოცემულ შემთხვევაში კი კასატორი ცვლის დავის საგანს _ თუ ადრე მოითხოვდა ქირავნობის ხელშეკრულების მოშლას ქირის გადახდევინების გამო, ამჟამად, იგი მოითხოვს დათმობის ურთიერთობიდან გამომდინარე სარჩელის დაკმაყოფილებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ლ. კ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 19 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.