გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ/853 21 თებერვალი, 2001, წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე, მ. ცისკაძე
დავის საგანი: საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთით სარგებლობის წესის განსაზღვრა.
აღწერილობითი ნაწილი:
1999 წლის 19 ოქტომბერს ვ. გ-ძემ სარჩელი აღძრა ქუთაისის საოლქო სასამართლოში მოპასუხეების: ა. გ-ძისა და გ. შ-იას მიმართ.
სარჩელში აღნიშნულია, რომ ქ. ქუთაისში, ... მდებარე სახლი ეკუთვნით გ. შ-იას, ა. გ-ძეს, ვ. გ-ძეს, გ. გ-შვილს და იგი განთავსებულია 1178 კვ.მ. ფართის საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთზე.
გ. გ-შვილს დიდი ხნის წინ გამოეყო მიწის ნაკვეთის ნაწილი დამოუკიდებელი სარგებლობისათვის, რაზეც მხარეები არ დავობენ.
ვ. გ-ძე, ა. გ-ძე და გ. შ-ია სარგებლობდნენ ეზოს მეორე გამოყოფილი ნაწილით, როგორც საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთით, მაგრამ მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეთა მხრიდან ეზოში თვითნებურად აშენებული ღობეების, ბეტონის სხმულებისა და ნაგებობების გამო, იგი შეზღუდული იყო ესარგებლა მიწის ნაკვეთით.
აღნიშნულ ეზოს აქვს ორი შესასვლელი: ... ქუჩის მხრიდან და ... ჩიხიდან.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ საცხოვრებელი სახლის მისი კუთვნილი ნაწილი მდებარეობს ისე, რომ ... ქუჩიდან იგი ეზოში შედიოდა გ. შ-იას სახლის ნაწილის გავლით, ხოლო ... ჩიხის მხრიდან _ ა. გ-ძის კუთვნილი სახლის ნაწილის გავლით.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეები არ აძლევდნენ საშუალებას, ეზოში შეეყვანა მისი კუთვნილი ავტომანქანა იმ მოტივით, რომ მათ აწუხებდათ გამონაბოლქვი. გარდა ამისა, ორივე მხრიდან ეზოში შექმნილი იყო ხელოვნური დაბრკოლებები, რაც ხელს უშლიდა მანქანის შეყვანას. კერძოდ, ა. გ-ძეს აგებული ჰქონდა უნებართვო ღობე, აგრეთვე, მისი მხრიდან ჩახერგილი იყო საერთო სარგებლობის აივნის ქვეშ გასასვლელი. რაც შეეხება გ. შ-იას, მას აღმართული ჰქონდა ბეტონის სხმულები, რაც ეზოს ნაწილის გამოყენების შესაძლებლობას მოსარჩელეს არ აძლევდა.
ვ. გ-ძე სარჩელში აღნიშნავდა, რომ მას ჰქონდა უფლება შეუზღუდავად ესარგებლა საერთო სარგებლობის ეზოთი, მაგრამ მოპასუხეები ხელს უშლიდნენ.
მოსარჩელემ სარჩელში მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 171-ე, 174-ე, 175-ე მუხლების თანახმად, მოპასუხეების მიერ, მათივე ხარჯით, უნებართვო ღობის, ბეტონის სხმულების აღება და აივნის ქვეშ ჩახერგილი გზის გათავისუფლება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სარჩელი. დადგენილ იქნა მიწის ნაკვეთის სარგებლობის შემდეგი წესი: მოსარჩელე ვ. გ-ძესა და მოპასუხე ა. გ-ძეს დარჩათ როგორც ავტომობილით, ისე ფეხით სარგებლობისათვის შესასვლელი ... ჩიხის მხრიდან, ხოლო ... ქუჩის მხრიდან მათ დარჩათ შესასვლელი მხოლოდ ფეხით სარგებლობისათვის. მოსარჩელე ვ. გ-ძისათვის, ავტომანქანის სადგომად განისაზღვრა მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის წინ, ხოლო მოპასუხე ა. გ-ძისათვის _ მისი საკუთარი სახლის წინ განლაგებული გადახურულის ქვეშ. გათავისუფლებულ იქნა საერთო სარგებლობის აივნის ქვეშ ჩახერგილი გზა. ვ. გ-ძეს უარი ეთქვა თვითნებურად აგებული ღობეებისა და ბეტონის სხმულების აღებაზე.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით მთლიანად დაკმაყოფილდა ვ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი, ხოლო ა. გ-ძისა და გ. შ-იას სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილება თვითნებურად აგებული ღობეებისა და ბეტონის სხმულების აღებაზე უარის თქმისა და სავალი გზით სარგებლობის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად. დაკმაყოფილდა ვ. გ-ძის სარჩელი. დადგინდა თვითნებურად აგებული ღობეებისა და ბეტონის სხმულების აღება. სავალი ნაწილით სარგებლობის წესი დარჩა უცვლელად ქუთაისის სახალხო სასამართლოს 1976 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით დადგენილი წესის შესაბამისად, რაც ნიშნავს მხარეთა მიერ სავალი ნაწილით თანაბრად სარგებლობას.
გ. შ-ია საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ მხარეთა შორის სადავო ურთიერთობა წარმოიშვა ახალი სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლამდე, ამიტომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ.) ნორმები. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ თითქოს მან თანხმობა განაცხადა ახალი სამოქალაქო კოდექსის (1997 წ.) ნორმების გამოყენებაზე, კასატორის განმარტებით, სიმართლეს არ შეეფერება.
გ. შ-ია საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ ბეტონის სხმულებისა და ღობის აღების შესახებ მოთხოვნაზე მოსარჩელეს გაშვებული აქვს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, რომელიც, სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ.) 75-ე მუხლის თანახმად, შეადგენს 3 წელს.
გარდა ამისა, კასატორი განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საპროცესო ნორმებიც, ვინაიდან სხდომის ოქმში იგი მითითებულია მესამე პირად, მაშინ, როცა პროცესუალურად წარმოადგენდა მხარეს. გ. შ-ია გადაწყვეტილებაშიც მოხსენებულია მხარედ. ამდენად, სხდომის ოქმი და გადაწყვეტილება არ შეესაბამება ერთმანეთს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, როგორც დაუსაბუთებელი.
კასატორი საკასაციო საჩივარში ითხოვს სააპელაციო სასამართლოს 2000 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას, ღობეებისა და ბეტონის სხმულების აღების, აგრეთვე, სავალი გზით სარგებლობის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების გამოტანას, რომლითაც არ დაკმაყოფილდება ვ. გ-ძის სარჩელი.
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილი და სადავო ურთიერთობა განიხილა ახალი სამოქალაქო კოდექსის (1997 წ.) თანახმად.
მართალია, საქმის მასალებიდან არ ირკვევა, რომ მხარეები შეთანხმდნენ მათ შორის ურთიერთობა მოწესრიგებულიყო ახალი სამოქალაქო კოდექსით (1997 წ.), მაგრამ ამ კოდექსის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კონკრეტულ შემთხვევაში უძრავი ნივთების შესახებ დავის დროს ახალი წესებია გათვალისწინებული და გამოიყენება სამოქალაქო კოდექსის (1997 წ.) ნორმები.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. ქუთაისში, ... მდებარე სახლთმფლობელობა თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნით მოდავე მხარეებს, ხოლო მიწის ნაკვეთი არის საერთო სარგებლობაში.
ქუთაისის სახალხო სასამართლოს 1976 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით მხარეებს შორის დადგენილი იქნა საერთო სარგებლობის წესი ეზოზე, რაც არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაშია.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ ვ. გ-ძეს სასამართლო ხანდაზმულობის ვადა არ ჰქონდა გაშვებული.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბეტონის სხმულები აგებულ იქნა თანამოსარგებლეთა, ამჟამად, თანამესაკუთრეთა თანხმობის გარეშე, რაც პალატას მათი უფლებების დარღვევად მიაჩნია.
სამოქალაქო კოდექსის 953-ე მუხლის თანახმად, თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება საზიარო უფლებების მომწესრიგებელი ნორმები. მოცემულ შემთხვევაში სადავო მიწის ნაკვეთი არის საერთო სარგებლობის. სამოქალაქო კოდექსის 955-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თითოეულ მოწილეს უფლება აქვს ისარგებლოს საზიარო საგნით ისე, რომ ზიანი არ მიადგეს დანარჩენ მოწილეთა სარგებლობას.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა ახალი სამოქალაქო კოდექსის ნორმები და მიიჩნია, რომ აღნიშნული ბეტონის სხმულების და ღობეების არსებობით ილახებოდა თანამოზიარე ვ. გ-ძის ინტერესები.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის განმარტებას, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საპროცესო ნორმები. მართალია, სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმში გ. შ-ია მითითებულია მესამე პირად, მაგრამ ამით, მისი საპროცესო უფლება არ დარღვეულა, რადგანაც სააპელაციო სასამართლოში მიღებული და განხილული იქნა გ. შ-იას შეგებებული სააპელაციო საჩივარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო სასამართლოს ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე სწორი გადაწყვეტილება გამოიტანა და საპროცესო ნორმები რომც ყოფილიყო დარღვეული, გადაწყვეტილების გაუქმების კანონიერი საფუძველი მაინც არ იარსებებდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
არ დაკმაყოფილდეს გ. შ-იას საკასაციო საჩივარი.
უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.