გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
¹ 3კ/855 8 ივნისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართბლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
მ. გოგიშვილი, რ. ნადირიანი
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
სს “აზოტმა” სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიას. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ სს “აზოტს” გერმანულ ფირმა ,,ჰერეუსთან” დადებული ხელშეკრულების შესაბამისად გადასამუშავებლად უნდა გაეგზავნა საწარმოო ციკლში გამოყენებული ძვირფასი ლითონის კატალიზატორის ბადეები ახალი ბადეების დასამზადებლად. 2000 წლის 7 მარტს სს “აზოტმა” შპს “თბილისი კარგო სერვისთან” და სს “აირზენა საქართველოს ავიახაზებთან” დადო ხელშეკრულება ძვირფასი ლითონების გადაზიდვის შესახებ, რაზედაც გაფორმდა შესაბამისი ზედნადები. სს “აზოტის” მიერ ზედნადების შევსებისას სრულად იქნა დაცული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 674-ე მუხლის I ნაწილის მოთხოვნები და გადამზიდველს ამავე კოდექსის 679-ე მუხლის მიხედვით მიეწოდა ყველა აუცილებელი ინფორმაცია.
იმის გამო, რომ საქმე ეხებოდა ძვირფას ლითონებს, სს “აზოტის” მიერ გადახდილი იქნა დანამატი ორმაგი ტარიფის სახით (346.03 ლარი), რითაც სამოქალაქო კოდექსის 674-ე მუხლის შესაბამისად მან გამოხატა განსაკუთრებული დაინტერესება.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ გადამზიდველის მიერ მისგან გადაცემული ტვირთი საბუთების მიხედვით არ იქნა განცხადებული, როგორც ძვირფასი ტვირთი და კარგო მანიფესტის მიხედვით იგი გაფორმდა რიგით ტვირთად. ტვირთი დღემდე დანიშნულებისამებრ არაა მისული, სახეზეა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 689-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები, ანუ ტვირთი ითვლება დაკარგულად.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ ფირმა “ჰერეუსმა”, რომელსაც უკვე დაწყებული ჰქონდა კატალიზატორის ბადეების დამზადება, აცნობა მას ამ ბადეების დამზადებაზე ხარჯების გაზრდის შესახებ. ძვირფასი ლითონების დროულად მიუწოდებლობის გამო ფირმა იძულებული ხდება შეიძინოს მეტალები გაზრდილი ფასებით. ამიტომ “აზოტი” იძულებულია გადაუხადოს ფირმას გაზრდილი თანხებით.
ამასთან, მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ კატალიზატორების მიუწოდებლობის გამო გაჩერდა “აზოტის” ერთ-ერთი ძირითადი საამქრო. გაჩერების შედეგად “აზოტი” განიცდის მატერიალურ ზარალს.
აღნიშნულის გათვალისწინებით მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეებისათვის, შპს “თბილისი კარგო სერვისისათვის” და სს “აირზენა საქართველოს ავიახაზებისათვის” ტვირთის ღირებულების 347409,84 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, გადაზიდვის ღირებულების 346,04 ლარის, საბაჟო მოსაკრებლის 1016,18 ლარის, ფირმა “ჰერეუსისათვის” მეტალის გაძვირების შედეგად დამატებით გადასახდელი თანხის 55238 მარკის ეკვივალენტი ლარის დაკისრება.
შპს “აირზენა საქართველოს ავიახაზებმა” შესაგებელში მიუთითა, რომ ტვირთი ჩაბარდა ფრანკფურტის აეროპორტის საავიაციო სამსახურის წარმომადგენელს ს. მანდლინგერს. ავიაზედდებული და კარგო მანიფესტი შევსებული და გაფორმებულია “თბილისი კარგო სერვისის” მიერ. ავიაზედდებულში აღნიშნულია, რომ ტვირთის გამგზავნის მიერ გადამზიდველისათვის ტვირთი არ იყო განცხადებული, როგორც სპეციალური ან განსაკუთრებული ღირებულების მქონე და არ იყო გადახდილი ტარიფი. მოპასუხის აზრით, გადამზიდველთა პასუხისმგებლობის ფარგლების შესახებ კონვენციის და მისი შემდგომი ოქმების თანახმად, ჩვეულებრივი ტვირთის დაკარგვის შემთხვევაში გადამზიდველის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება 20 აშშ დოლარით 1 კგ ტვირთზე. გადამზიდველის გაზრდილი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება იმ შემთხვევაში, თუ ტვირთის განსაკუთრებული ღირებულება განცხადებულია გამგზავნის მიერ და შესაბამისი გადახდა განხორციელებულია სათანადო წესის დაცვით, რაც ასახვას პოულობს ავიაზედდებულის შესაბამის გრაფებში.
აღნიშნულ გარემოებათა გამო შპს “აირზენა საქართველოს ავიახაზებმა” სარჩელი არ ცნო.
“თბილისი კარგო სერვისმა” არ ცნო სარჩელი. იგი მიუთითებს, რომ მოთხოვნის თანახმად მოსარჩელის მიერ არ იყო შევსებული ზედნადები და მასში არ იყო აღნიშნული ძვირფასი ტვირთის შესახებ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს “აზოტის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს “თბილისი კარგო სერვისსა” და ავიაკომპანია ,,აირზენა საქართველოს ავიახაზებს” სს “აზოტის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 373793 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. კოლეგიამ გადაწყვეტილების საფუძვლად მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე, 464-ე, 465-ე, 668-ე, 672-ე, 677-ე, 679-ე, 686-ე, 689-ე, 692ე, 697-ე მუხლები, საჰაერო კოდექსის 76-ე მუხლი და სარჩელი დააკმაყოფილა დაკარგული ტვირთის ღირებულების, საბაჟო მოსაკრებლების და ფირმა ,,ჰერეუსისადმი” მეტალის გაძვირებით დამატებით გადახდილი თანხის მოთხოვნის ნაწილში.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ტვირთი ფრანკფურტის აეროპორტში არაა მიტანილი. მიუხედავად იმისა, რომ სს “აზოტმა” წარადგინა ძვირფასი ლითონის განაცხადი, ფაქტურა და საბაჟო დეკლარაცია, სადაც ტვირთის დახასიათებაა მოცემული და აღნიშნულია ფასი, “თბილისი კარგო სერვისმა” ზედდებულის შესაბამის გრაფაში არ აღნიშნა ტვირთის ღირებულება და ის, რომ ტვირთი იყო ძვირფასი. ყოველივე ამან განაპირობა ტვირთის დაკარგვა. სს “აზოტმა” გადაიხადა დანამატი ორმაგი ტარიფის ოდენობით, რითაც გამოხატა განსაკუთრებული დაინტერესება ამ გადაზიდვით.
საქმის მასალებით დადგენილად იქნა მიჩნეული ისიც, რომ ძვირფასი ტვირთის დაკარგვის გამო გაიზარდა კატალიზატორის ბადეების ღირებულება.
მოცემულ საქმეზე საკასაციო საჩივარი შეიტანა სს ,,აირზენა საქართველოს ავიახაზებმა”. კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 679-ე მუხლის შესაბამისად გადამზიდველი ვალდებული არ არის შეამოწმოს, არის თუ არა გამგზავნის მიერ წარმოდგენილი საბუთები და ინფორმაცია სწორი და საკმარისი, გამგზავნი კი პასუხს აგებს ამ საბუთებისა და მონაცემების არასრულყოფილებითა და უზუსტობით გამოწვეული ზიანისათვის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 674-ე მუხლის შესაბამისად ზედნადები უნდა შეიცავდეს დამატებით მონაცემებს, კერძოდ, ტვირთის ღირებულებისა და მიწოდებისადმი განსაკუთრებული ინტერესის აღნიშვნას.
სს “აზოტის” მიერ არ იყო განცხადებული რაიმე პრეტენზია ავიაზედდებულის შედგენისას, რითაც მტკიცდება, რომ მის ინტერესებში არ შედიოდა ტვირთის ღირებულების სპეციალური აღნიშვნა და ძვირადღირებული გადაზიდვისათვის შესაბამისი ტარიფის გადახდა.
კასატორი აღნიშნავდა, რომ “თბილისი კარგო სერვისის” მიერ დანამატი ტარიფზე 156,39 ლარის ოდენობით აღებულია ავიაზედდებულის გაფორმების წესების უხეში დარღვევით.
სს “აირზენა საქართველოს ავიახაზები” დაზუსტებულ საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეზე სს “აირზენა საქართველოს ავიახაზები” საერთოდ არ წარმოადგენს მხარეს, ვინაიდან გადაზიდვის დოკუმენტაცია შედგენილ იქნა შპს “თბილისი კარგო სერვისის” მიერ, რომელიც არ არის “აირზენას” დავალებით მოქმედი პირი და მას დამოუკიდებელი პასუხისმგებლობა აქვს.
საოლქო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შპს “თბილისი კარგო სერვისმაც”, რომელიც მიუთითებს, რომ სს “აირზენასთან არსებული ხელშეკრულების თანახმად შპს “თბილისი კარგო სერვისი” წარმოადგენს გადამზიდველის აგენტს ანუ შემსრულებელს გადაზიდვაში და არანაირ ხელშეკრულებას უშუალოდ გამგზავნთან დამოუკიდებლად არ დებს.
შპს “თბილისი კარგო სერვისი” აღნიშნავს, რომ სსკ-ის 675-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ გადამზიდველი გამგზავნის მოთხოვნის საფუძველზე შესაბამის მონაცემებს ავიაზედდებულში ჩაწერს, ივარაუდება, რომ გადამზიდველი გამგზავნის სახელით მოქმედებდა. აგრეთვე, ამავე კოდექსის 679-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად გადამზიდველი არ არის ვალდებული შეამოწმოს არის თუ არა ეს საბუთები და ინფორმაცია სწორი და საკმარისი და მეტიც: გამგზავნი პასუხს აგებს გადამზიდველის წინაშე საბუთებისა და მონაცემების არასრულყოფილებით და უზუსტობით გამოწვეული ზიანისათვის.
კასატორები მოითხოვდნენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა საქმის მასალების შესწავლითა და მხარეთა განმარტებების მოსმენით მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის მიერ მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ ზიანის ანაზღაურება, ამასთან, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე არ ყოფილა განსაზღვრული თითოეული მათგანის როლი სადავო სატვირთო გადაზიდვაში.
შპს “თბილისი კარგო სერვისსა” და სს “აირზენა საქართველოს ავიახაზებს შორის” დადებული 1999 წლის 1 ნოემბრის ჩარჩო ხელშეკრულების მიხედვით შპს “თბილისი კარგო სერვისი” მხოლოდ გადაზიდვის მომზადების ორგანიზაციულ ღონისძიებებს ახორციელებს. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით სს “აირზენა საქართველოს ავიახაზები” წარმოადგენს გადამზიდველს და მისი ვალდებულებაა მიიღოს ტვირთი თვითმფრინავის ბორტზე, კარგო მანიფესტში დააფიქსიროს მიღებული ტვირთების ოდენობა, უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება და დანიშნულების აეროპორტის სატვირთო საწყობში ჩაბარება. შემსრულებელი ვალდებულია მომსახურება გაუწიოს ტვირთის გადაზიდვას დამკვეთის ავიახაზზე, მაქსიმალურად გამოიყენოს მის რეისზე არსებული თავისუფალი ტონაჟი, აწარმოოს გადაზიდვის დოკუმენტაციის გაფორმება ტვირთებისა და ფოსტის გადაზიდვის საერთაშორისო წესების შესაბამისად.
ხელშეკრულებით გამიჯნულია მხარეთა საქმიანობის სფეროები და ის მოქმედებები, რაზედაც ისინი ტვირთგამგზავნების წინაშე არიან პასუხისმგებელნი. ხელშეკრულების 3.3 მუხლის თანახმად ტვირთის ბორტიდან გადმოზიდვის შემდეგ, შემსრულებლის მიერ მისი ჩაბარების მომენტიდან, ავიაკომპანია იხსნის პასუხისმგებლობას ტვირთის დაზიანებისა და დაკარგვის შემთხვევებზე. ხელშეკრულება მკვეთრად გამიჯნავს გამგზავნის წინაშე გადამზიდველისა და შემსრულებლის პასუხისმგებლობას, რაც ეწინააღმდეგება შპს “თბილისი კარგო სერვისის” მტკიცებას, რომ მასსა და სს “აირზენა საქართველოს ავიახაზებს” შორის ურთიერთობა წარმოადგენს ავიაკომპანიისა და მისი აგენტის ურთიერთობას, როდესაც აგენტი ტვირთგამგზავნთან ხელშეკრულებას აფორმებს გადამზიდველის სახელით და გადამზიდველი პასუხისმგებელია ტვირთზე, მანამ, სანამ ტვირთი იმყოფება მისი ან მისი აგენტის მფლობელობაში.
ავიაგადაზიდვების საერთაშორისო წესებით აღიარებულია, რომ აგენტის როლის ფარგლებში ყოველი საავიაციო გადამზიდავი უზრუნველყოფს ექსპედიტორს საავიაციო გადაზიდვის ზედნადების ბლანკით, რაზეც ცალსახადაა გამოსახული საავიაციო კომპანიის ლოგო, სავაჭრო ნიშანი. მხოლოდ ამ შემთხვევაში გამოდის ექსპედიტორი საავიაციო გადამზიდავის აგენტის როლში. მოცემულ სადავო შემთხვევაში შპს “თბილისი კარგ სერვისის” მიერ გამოყენებულია ზედნადები არა “აირზენას”, არამედ “თბილისი კარგო სერვისის” სავაჭრო ნიშნით.
აღნიშნულ გარემოებათა გამო, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში შპს “თბილისი კარგო სერვისი” გვევლინება ექსპედიტორად, რომელიც კისრულობს, რომ თავისი სახელით განახორციელოს გადაზიდვასთან დაკავშირებული მოქმედებანი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 731-ე მუხლის თანახმად, ექსპედიტორმა კეთილსინდისიერი ექსპედიტორის გულისხმიერებით უნდა გააგზავნოს ტვირთი. მან უნდა დაიცვას გამგზავნის ინტერესები და შეასრულოს მისი მითითებები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 737-ე მუხლის თანახმად, თუ დანიშნულების ადგილას მიმღები არ ჩაიბარებს ტვირთს, ან სხვა საფუძვლით შეუძლებელია ტვირთის მიღება, მაშინ ექსპედიტორის უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება გადაზიდვის ხელშეკრულების წესებით. სამოქალაქო კოდექსის 742-ე მუხლის თანახმად ექსპედიტორი არ შეიძლება დაეყრდნოს იმ წესებს, რომლებიც გამორიცხავენ ან ზღუდავენ მის პასუხისმგებლობას, ან გადააქვთ მტკიცების ტვირთი, თუ მან ზიანი განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით მიაყენა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 732-ე მუხლის თანახმად შემკვეთმა ექსპედიტორის მოთხოვნით დროულად უნდა მიაწოდოს მას შესაბამისი ცნობები ტვირთის შესახებ. საოლქო სასამართლოს კოლეგიის მიერ დადგენილია, რომ მონაცემები ტვირთის ღირებულებისა და განსაკუთრებული ინტერესების შესახებ სს “აზოტის” მიერ წარდგენილი იყო შპს “თბილისი კარგო სერვისთან.” ამასთან, მის მიერ ძვირფასი ნივთის გადაზიდვისათვის გადახდილი იყო ორმაგი ტარიფი.
სამოქალაქო კოდექსის 731-ე მუხლის მოთხოვნებისა და საერთაშორისო ავიაგადაზიდვების წესების გათვალისწინებით პალატა თვლის, რომ ექსპედიტორმა კონსულტაციები უნდა გაუწიოს გამოუცდელ შემკვეთს იმ პირობების შესახებ, რომლითაც იგი თავის საქმიანობას ახორციელებს. ექსპედიტორი ვალდებულია სათანადო წესით გააფრთხილოს შემკვეთი თანამშრომლობის სტანდარტულ პირობებში არსებულ პასუხისმგებლობისაგან გამათავისუფლებელი მუხლების არსებობის შესახებ. რაც უფრო არახელსაყრელია ეს მუხლები, მით უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო, რათა მეორე მხარემ ყურადღება მიაქციოს მათ არსებობას.
იმ პირობებში, როდესაც ექსპედიტორი გაცნობილია მონაცემებს ტვირთის ღირებულებისა და განსაკუთრებული ინტერესების შესახებ, ამასთან, გამგზავნის მიერ ძვირფასი ნივთის გადაზიდვისათვის გადახდილია ორმაგი ტარიფი, სასამართლოს მიაჩნია, რომ ექსპედიტორის მოქმედება, რომლის დახმარებითაც მოხდა ზედდებულის შევსება არ შეესაბამება გონივრულ მოთხოვნებს, ეს მოქმედება ვერ ჩაითვლება ექსპედიტორის გულისხმიერებად და გამგზავნის ინტერესების დაცვად, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 731-ე მუხლით ექსპედიტორისათვის სავალდებულოა. ამ შემთხვევაში ექსპედიტორის მოქმედება უნდა ჩაითვალოს უხეშ გაუფრთხილებლობად, რაც სამოქალაქო კოდექსის 742-ე მუხლის I ნაწილით ექსპედიტორს აკისრებს სრულ პასუხისმგებლობას.
შპს “თბილისი კარგო სერვისი” მოითხოვს, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას გამოყენებული იყოს საერთაშორისო ავიაგადაზიდვების სტანდარტული წესები და ვარშავის კონვენციის თანახმად მისი, როგორც ავიაგადაზიდვაში მონაწილე პირის პასუხისმგებლობა თითოეულ დაკარგულ კილოგრამზე განისაზღვროს 20 აშშ დოლარით. პალატას აღნიშნული მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიაჩნია, რადგან ვარშავის კონვენციისა და IAთA-ს წესების მიხედვით პასუხისმგებლობის შეზღუდვა არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ტვირთგამგზავნს მაღალი ფასი აქვს გადახდილი ტარიფზე და ტვირთზე მაღალი ფასია დადებული.
მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ ტვირთგამგზავნის მიერ გადახდილია ორმაგი ტარიფი, როგორც ძვირფას ნივთზე, რომლის ღირებულების შესახებ ინფორმაცია მიეწოდა ექსპედიტორს მასთან წარდგენილი ფაქტურის მეშვეობით. თვით შპს “თბილისი კარგო სერვისის” წარმომადგენელთა განცხადებით, ის, რომ ძვირფასი ტვირთი არ მოხვდა ფრანკფურტის აეროპორტის სათანადო საწყობში და იგი დაიკარგა, გამოწვეულია სატვირთო ზედნადებში და კარგო მანიფესტში შეტანილი არასწორი ინფორმაციით. პალატა თვლის, რომ აღნიშნული დოკუმენტების არასრულყოფილად შევსებაში ბრალი მიუძღვის ექსპედიტორს და სამოქალაქო კოდექსის 740-ე მუხლის თანახმად მას უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა.
სს “აირზენა საქართველოს ავიახაზებმა” ტვირთი შესაბამისი დოკუმენტებით მიიღო და ჩააბარა ფრანკფურტის აეროპორტს. მას არ დაურღვევია ის ვალდებულება, რაც შპს ,,კარგო სერვისის” მიერ მისთვის წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ეკისრებოდა. ავიაზედდებული და კარგო მანიფესტი შევსებული და გაფორმებულია “თბილისი კარგო სერვისის” მიერ. ავიაზედდებულში აღნიშნულია, რომ ტვირთის გამგზავნის მიერ ტვირთი არ იყო განცხადებული, როგორც სპეციალური ან განსაკუთრებული ღირებულების მქონე და არ იყო გადახდილი ტარიფი. გადამზიდველთა პასუხისმგებლობის ფარგლების შესახებ ვარშავის კონვენციის და მისი შემდგომი ოქმების თანახმად, მოცემულ შემთხვევაში, სს “აირზენა საქართველოს ავიახაზების” პასუხისმგებლობა შემოიფარგლება 20 აშშ დოლარით 1 კგ ტვირთზე. გადამზიდველის გაზრდილი პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა იმ შემთხვევაში, თუ ტვირთის განსაკუთრებული ღირებულება ასახვას ჰპოვებდა ავიაზედდებულის და კარგო მანიფესტის შესაბამის გრაფებში.
სს “აირზენა საქართველოს ავიახაზები” აღიარებს, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საფუძველზე ტვირთის დაკარგვის გამო მის მიერ გადახდილი უნდა იქნეს 501 აშშ დოლარი.
პალატა თვლის, რომ მთლიან ზარალსა და საავიაციო გადამზიდავის მიერ ანაზღაურებულ ზარალს შორის სხვაობა ექსპედიტორმა თვითონ უნდა აანაზღაუროს.
პალატა იზიარებს კასატორების პრეტენზიას, რომ კოლეგიის მიერ მოპასუხეებს არასაკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე დაეკისრათ ,,ჰერეუსისათვის” მეტალის გაძვირების შედეგად დამატებით გადასახდელი თანხა.
სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო.
სამოქალაქო კოდექსის 692-ე მუხლის I ნაწილის თანახმად ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვისას ზიანის ანაზღაურება გამოითვლება ტვირთის გადაცემის ადგილსა და დროს მოქმედი ტვირთის ფასის მიხედვით.
სამოქალაქო კოდექსის 696-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ გამოყენებული იქნება არასახელშეკრულებო პასუხისმგებლობის მოთხოვნები დანაკარგის, დაზიანებისა და ვადის გადაცილებისათვის ერთ-ერთი პირის მიმართ, მაშინ მას შეუძლია დაეყრდნოს ამ თავის იმ წესებს, რომლებიც განსაზღვრავენ ზიანის ანაზღაურების ოდენობას.
ვინაიდან 692-ე მუხლით განსაზღვრულია ზიანის ოდენობის განსაზღვრის წესი, დამატებითი, არასავარაუდო ზიანის ანაზღაურების დაკისრება მოპასუხეზე უსაფუძვლოდ უნდა იქნეს მიჩნეული.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
სს “აირზენა საქართველოს ავიახაზების” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
შპს “თბილისი კარგო სერვისის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
შპს “თბილისი კარგო სერვისს” სს “აზოტის” სასარგებლოდ დაეკისროს 347600 (სამასორმოცდაშვიდი ათას ექვსასი) აშშ დოლარის გადახდა.
სს “აირზენა საქართველოს ავიახაზებს” სს “აზოტის” სასარგებლოდ დაეკისროს 501 აშშ დოლარის გადახდა.
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.