¹3კ/856 21 მარტი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლო სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ახალაძე, მ. ცისკაძე
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრუელბის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
ი. და რ. ს-შვილები 1990 წლიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში, მათ ჰყავთ ორი შვილი. მეუღლეებმა 1993 წელს შეიძინეს ერთოთახიანი ბინა მდებარე ... ქ. გორში, სადაც ცხოვრობენ დღემდე. ი. ს-შვილმა 2001 წლის 30 მაისს ნასყიდობის ხელშეკურლება გააფორმა მამიდასთან ა. ს-შვილთან ქ. გორში ბინის თაობაზე. ამის გამო რ. ს-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების ი. და ა. ს-შვილების მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ ეს ბინა მეუღლეთა თანასაკუთრებაა და იგი ი. ს-შვილმა გაასხვისა მისი თანხმობის გარეშე, ჩუმად.
გორის რაიონულმა სასამართლომ 2000 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით რ. ს-შვილის სარჩელი მოპასუხეებთან ი. და ა. ს-შვილებთან, მე-3 პირთან ნოტარიუს ნ. ს-შვილთან ბინის 2000 წლის 30 მაისს სანოტარო წესით დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ, აგრეთვე ბინის კვლავ ი. ს-შვილის სახელზე აღრიცხვის შესახებ არ დააკმაყოფილა უსაფუძვლობის გამო. რაიონული სასამართლო გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: ი. ს-შვილის მამიდამ – ა. ს-შვილმა ჯერ კიდევ ცოლის მოყვანამდე, 1986 წელს, აჩუქა 10000 მანეთი ბინის შესაძენად, რათა ერთად ეცხოვრათ. ამ ფულით ი. ს-შვილმა ჯერ იყიდა ავტომანქანა, რომელიც შემდგომ გაყიდა და კვლავ ავტომანქანები შეიძინა. ბოლოს, გაყიდული ავტომანქანის ფულით 1993 წელს იყიდა სადავო ბინა. რ. ს-შვილი წინააღმდეგი იყო, რომ მამიდას ეცხოვრა მათთან ერთად, ერთ ბინაში, ამიტომ მამიდამ მოითხოვა მიცემული თანხის უკან დაბრუნება და ი. ს-შვილმა ბინა გაუფორმა ნასყიდობის ხელშეკრულებით.
ამ გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ სადავო ბინა მეუღლეთა თანასაკუთრებად არ მიიჩნია სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის საფუძველზე.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ს-შვილმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2000 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა რ. ს-შვილის სააპელაციო საჩივარი და გააუქმა მოცემულ საქმეზე გორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება. ბათილად იქნა ცნობილი ქ. გორში 2000 წლის 30 მაისს ი. ს-შვილსა და ა. ს-შვილს შორის დადებული ბინის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება. ქ. გორში ბინა აღირიცხა ი. ს-შვილის სახელზე. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დასაბუთბულია იმით, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ი. ს-შვილმა სადავო ბინა 1993 წელს შეიძინა მამიდის – ა. ს-შვილის ნაჩუქარი ფულით, რის გამოც ეს ბინა არ ჩათვალა სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლით გათვალისწინებულ ი. ს-შვილის ინდივიდუალურ საკუთრებად. ვინაიდან ბინა შეძენილ იქნა მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდში, იგი მიიჩნია მათ თანასაკუთრებად სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის საფუძველზე, ხოლო 1159-ე მუხლის თანახმად კი ამ ქონების განკარგვა მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით ხდება. ვინაიდან ი. ს-შვილმა საერთო საკუთრების ბინა გაყიდა მეუღლის თანხმობის გარეშე, სამოქალაქო კოდექსის 1160-ე მუხლის თანახმად, აღნიშნული წარმოადგენს ნასყიდობის ბათილობის საფუძველს.
ი. ს-შვილმა საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და გორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა კასატორის განმარტება იმის შესახებ, რომ 1986 წელს, ქორწინებამდე, მამიდამ მისცა 10000 მანეთი სამოთახიანი ბინის შესაძენად, რათა ერთად ეცხოვრათ. მამიდას რომ მასთან ცხოვრება სურს, ეს დასტურდება ასევე, ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ა. ს-შვილის მიერ შედგენილი ანდერძით ი. ს-შვილისათვის ბინის დატოვების თაობაზე. სასამართლომ არ შეაფასა თვით რ. ს-შვილის განმარტება იმის შესახებ, რომ დაქორწინების შემდეგ შეიტყო მამიდის მიერ ი. ს-შვილისათვის 5 ათასი მანეთის ჩუქების თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1158-1160-ე მუხლები, რადგან სადავო ბინა მისი ინდივიდუალური საკუთრებაა.
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თალვის, რომ ი. ს-შვილის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოტივაციო ნაწილი:
დადგენილია, რომ რ. და ი. ს-შვილები 1990 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან. ი. ს-შვილმა სადავო ბინა შეიძინა 1993 წელს. მართალია, ეს მის სახელზე აღირიცხა საჯარო რეესტრში საკუთრებაში, მაგრამ სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამდენად, სადავო ბინაზე საერთო საკუთრება (თანასაკუთრება) აქვს რ. ს-შვილსაც, რომელსაც ეს უფლება წარმოეშვა კანონის ძალით (სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილი). პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ სადავო ბინა ი. ს-შვილის ინდივიდუალური საკუთრებაა, რადგან ა. ს-შვილის მიერ 1986 წელს ი. ს-შვილისათვის ბინის შესაძენად თანხის გადაცემას მხოლოდ მოპასუხეები ადასტურებენ, რაც სააპელაციო სასამართლომ არ ჩათვალა საკმარის მტკიცებულებად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო პალატა თვლის, რომ ი. ს-შვილს არ წარმოუდგენია დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
საქმის მასალებზე დაყრდნობით საკასაციო პალატა თვლის, რომ ი. და ა. ს-შვილებს შორის გაფორმებული სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება მოჩვენებით გარიგებას წარმოადგენს, რადგან არცერთ მხარეს არ აქვს იმის განზრახვა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების იურიდიული შედეგები მოჰყვეს, რაც სამოქალაქო კოდექსის 56–ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ამ ხელშეკრულების ბათილობას იწვევს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410–ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
ი. ს-ვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელი.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.