3კ/859-01 12 დეკემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,რ. ნადირიანი
სარჩელის საგანი: უკანონო ხელშეშლის აღკვეთა.
აღწერილობითი ნაწილი:
კ. კ-იამ სარჩელით მიმართა სასამართლოს ე. ბ-ძის წინააღმდეგ და მოითხოვა უკანონო ხელშეშლის აღკვეთა შემდეგი საფუძვლით: მოსარჩელე და მოპასუხე მეზობლები არიან და ცხოვრობენ თბილისში ... მდებარე მრავალბინიან სახლში კ. კ-ია რამდენიმე ათეული წელია დადგენილი წესით ფლობს მიწის ნაკვეთს, რომელიც შემოღობილი იყო ისე, რომ ე. ბ-ძე ვერ სარგებლობდა თავისი სარდაფით. მოსარჩელემ მოპასუხეს ნება დართო ღობე გადაეტანა ნაკვეთის სიღრმეში ისე, რომ ე. ბ-ძეს შეძლებოდა ქუჩის მხრიდან სარდაფთან დაკავშირება. ღობის გადატანის შემდეგად კ. კ-იას მდგომარეობა გაუარესდა, რადგან მოპასუხემ ააშენა 50-60 სმ. სიმაღლის ბარიერი, რომელიც ხელს უშლის მოსარჩელეს საკუთარი ქონებით შეუფერხებელ სარგებლობაში. კ. კ-იამ მოპასუხეს მოსთხოვა ბარიერის აღება, რაც ნებაყოფლობით არ იქნა განხორციელებული. ამასთან, მოპასუხემ სარდაფში მოაწყო ყვავილების მაღაზია “...”, რომლის სარეკლამო დაფა და ღამის ნათურები კ. კ-იას საძინებელი ოთახის ფანჯრებთანაა დამაგრებული. სარეკლამო დაფისა და განათების განთავსების თაობაზე მოსარჩელეს მოპასუხისათვის რაიმე ნებართვა არ მიუცია. კ. კ-იას თხოვნა, რომ სარეკლამო დაფა მცირე ზომებში გაეკეთებინა, მოპასუხემ არ შეასრულა.
სასარჩელო განცხადებით კ. კ-იამ მოითხოვა: ა) მიჯნის ეზოს სიღრმეში გადატანა და ბარიერის მოშლა; ბ) სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის ვალდებულებით ე. ბ-ძემ საშუალება მისცეს მოსარჩელეს, წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის ქსელთან დასაკავშირებლად გამოიყენოს ე. ბ-ძის სარდაფი; გ) ე. ბ-ძემ მოხსნას უკანონოდ დამაგრებული სარეკლამო ბოძები და რეკლამა.
ე. ბ-ძემ შეგებებული სარჩელით მოითხოვა საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთის განთავისუფლება კ. კ-იას მიერ, რომელიც მთლიანად მას აქვს დაკავებული; ბ) მოხსნას მესერი და ქუჩის მხრიდან შესასვლელი კარი; გ) ე. ბ-ძეს მიეცეს მოსარჩელის მიერ მთლიანად დაკავებული მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლება.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბარიერის მოშლა დაევალა კ. კ-იას. მასვე ნება დაერთო მიჯნის ეზოს სიღრმეში გადატანისა და ქუჩის მხრიდან სარდაფის შესასვლელით სარგებლობისა. სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის ვალდებულებით ე. ბ-ძეს დაევალა, კ. კ-იასათვის მიეცა საშუალება წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის ქსელთან დასაკავშირებლად. მოსარჩელეს უარი ეთქვა სარეკლამო ბოძებისა და რეკლამის მოხსნაზე. შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 28 მაისის გადაწყვეტიოლებით სარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ქუჩის მხრიდან არსებული მიჯნისა და ბარიერის გადატანა უნდა მომხდარიყო ეზოს სიღრმეში კ. კ-იას ხარჯებით ისე, რომ კ. კ-იას მისცემოდა შესაძლებლობა, ესარგებლა ... ქუჩის მხრიდან თავის სარდაფში შესასვლელით.
ე. ბ-ძეს დაევალა, მიეცა კ. კ-იასათვის მის სარდაფში განთავსებული წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის ქსელებთან დაკავშირების საშუალება.
მოსარჩელეს უარი ეთქვა სარეკლამო ბოძებისა და რეკლამის მოხსნაზე. შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ სარეკლამო ბოძებისა და რეკლამის მოხსნის თაობაზე უარის თქმის ნაწილში მიუთითა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, დაცულია თუ არა “რეკლამის შესახებ” კანონის მე-6 მუხლის მოთხოვნა. შეგებებული სარჩელის უარის თქმის ნაწილში. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 954-ე მუხლზე და დაადგინა, რომ მხარეთა შორის არსებული შეთანხმებით სადავო მიწის ნაკვეთის 1/3 ნაწილს კანონიერად ფლობს კ. კ-ია.
ე. ბ-ძე მოითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას, რადგან მიიჩნია, რომ იგი დაუსაბუთებელია და მოითხოვს ახალი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდეს შეგებებული სარჩელი, ხოლო კ. კ-იას მოთხოვნას, ბარიერის აღებასა და მიჯნის ეზოს სიღრმეში გადატანის შესახებ უარი ეთქვას.
კ. კ-ია მოითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას სარჩელზე უარის თქმის ნაწილში, რადგან თვლის, რომ იგი იურიდიულად დაუსაბუთებელია.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ კ. კ-იას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ე. ბ-ძის საკასაციო საჩივარს უარი ეთქვას შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ მხარეები ცხოვრობენ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში და მათ გააჩნიათ როგორც ინდივიდუალური, ისე საერთო სარგებლობის ფართი. ასევე, დადგენილია, რომ სადავო მიწის ნაკვეთს კანონიერად ფლობს კ. კ-ია, რომელმაც ე. ბ-ძეს ნება დართო კ. კ-იას ეზოს სიღრმეში მიჯნის გადატანაზე, რითაც მოპასუხეს შესაძლებლობა მიეცა სარდაფი კომერციული მიზნით გაექირავებინა.
დადგენილია, რომ ე. ბ-ძის მიერ მიჯნის გადატანის შედეგად გაუარესდა კ. კ-იას, როგორც მესაკუთრის, მდგომარეობა, კერძოდ, 50-60 სმ. ბარიერის აღმართვით შეეზღუდა ეზოში თავისუფლად შესვლის შესაძლებლობა.
პალატა მიუთითებს, რომ სასამართლომ შეგებებული სარჩელი სწორად მიიჩნია უსაფუძვლოდ, რადგან დადგენილია, რომ საზიარო (საერთო) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის 1/3 ნაწილს კ. კ-ია დადგენილი წესით ფლობდა და სარგებლობდა. ამასთან, საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სადავო მიწა უკვე საჯარო რეესტრის ჩანაწერით, კ. კ-იას საკუთრებაა.
პალატა იზიარებს კ. კ-იას საკასაციო საჩივარს და მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია სარეკლამო ბოძის აღებისა და რეკლამის მოხსნაზე უარის თქმის ნაწილში. სასამართლომ არასწორად მიუთითა “რეკლამის შესახებ” კანონის მე-6 მუხლზე, რადგან მოცემული დავა შეეხება მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში მობინადრეთა კანონით დაცულ უფლებებს, ინტერესებს და სასამართლოს, სწორედ ამ ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმების საფუძველზე უნდა გადაეწყვიტა დავა. პალატა აქვე მიუთითებს,M რომ ეს იმ შემთხვევაში თუ სარეკლამო ბოძებისა და ნათურების მესაკუთრე ე. ბ-ძეა.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორი კ. კ-იას მოთხოვნას ახალ გადაწყვეტილების მიღების ნაწილში, რადგან მოცემულ საქმეზე დადგენილი არ არის, ჯერ ერთი, სათანადო მოპასუხე (სარეკლამო ბოძები და ნათურები ეკუთვნის მაღაზია “...-ს”), მეორე, ის ფაქტობრივი გარემოებანი, რომლის საფუძველზეც სასამართლოს შესაძლებლობა მიეცემა სამართლებრივად სწორად გადაწყვიტოს ხელს უშლის თუ არა სარეკლამო ბოძისა და ნათურების არსებობა მესაკუთრეს (მოსარჩელეს) თავისი ქონების შეუბოჭავად სარგებლობაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ე. ბ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
კ. კ-იას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს: გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება სარეკლამო ბოძებისა და რეკლამის მოხნის თაობაზე სარჩელზე უარის თქმის ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.
გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.