Facebook Twitter

¹3კ/861-01 2 ნოემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

მ. გოგიშვილი,რ. ნადირიანი

დავის საგანი: შპს-ის პარტნიორობიდან გარიცხვა.

აღწერილობითი ნაწილი:

შპს “კ-ას” პარტნიორებმა _ მ. დ-ძემ, გ. ჯ-ძემ, მ. ო-ძემ, მ. კ-ძემ, ზ. ლ-იანმა, ც. ჩ-ძემ, თ. ბ-ძემ, მ. გ-შვილმა და ნ. ლ-შვილმა სარჩელით მიმართეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს. მოსარჩელეები აღნიშნავდნენ, რომ შპს “კ-ას” პარტნიორი და დირექტორი თ. ხ-შვილი არღვევდა მათ უფლებებს, კეთილსინდისიერად არ უძღვებოდა მისთვის მინდობილ საქმიანობას და მოითხოვდნენ მის საზოგადოების პარტნიორობიდან გარიცხვას.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შპს “კ-ას” პარტნიორთა სარჩელი, მოსარჩელეებს უარი ეთქვათ თ. ხ-შვილის საზოგადოების პარტნიორობიდან გარიცხვაზე.

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად საზოგადოების პარტნიორობიდან გარიცხვა მხოლოდ საზოგადოების საწესდებო კაპიტალში შესატანის შეტანის ვადის გადაცილებისათვის არის შესაძლებელი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

აღნიშნული მოტივით საქალაქო სასამართლომ, ასევე, არ დააკმაყოფლა თ. ხ-შვილის შეგებებული სარჩელი, რომლითაც ის მოითხოვდა მოსარჩელეების საზოგადოების პარტნიორობიდან გარიცხვას.

შპს “კ-ას” პარტნიორებმა საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილება მიიჩნიეს უკანონოდ და სააპელაციო საჩივრით მიმართეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატას.

აპელანტებმა აღნიშნეს, რომ თ. ხ-შვილი მოქმედებდა სხვა პარტნიორების საზიანოდ, კერძოდ, იგი მალავდა საზოგადოების რეალურ მოგებას, ამცირებდა დივიდენდებს და შემოსულ თანხას, თვითნებურად უძღვებოდა საზოგადოების საქმიანობას, არ ახდენდა მედიკამენტების რეალიზაციას კანონით დადგენილი წესით. აპელანტებმა, აგრეთვე, აღნიშნეს, რომ მათი მოთხოვნა გამომდინარეობდა “მეწარმეთა შესახებ” კანონის 47-ე მუხლის “ლ” პუნქტიდან, რომლითაც პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებას იმ დამატებითი უფლების გამოყენების შესახებ, რომლებიც საზოგადოებას აქვს დაფუძნებიდან ან საზოგადოების მართვიდან გამომდინარე დირექტორის ანდა პარტნიორის მიმართ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატამ 2001 წლის 8 მაისის განჩინებით არ დააკმაყოფილა შპს “კ-ას” პარტნიორების სააპელაციო საჩივარი და უცვლელი დატოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილება. საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ შპს-დან პარტნიორის გარიცხვის საფუძველი არ არსებობდა, ვინაიდან დადასტურებულია თ. ხ-შვილის მიერ საზოგადოების საწესდებო კაპიტალში წილის შეტანის ფაქტი და აღნიშული საკითხი აპელანტებს სადაოდ არ გაუხდიათ. სასამართლო კოლეგიის განმარტებით, კანონმდებლობა პარტნიორის საზოგადოებიდან გარიცხვის სხვა შემთხვევას არ იცნობს.

შპს “კ-ას” პარტნიორებმა საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2001 წლის 8 მაისის განჩინება მიიჩნიეს უკანონოდ და საკასაციო საჩივრით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

კასატორებმა აღნიშნეს, რომ საოლქო სასამართლოს 2001 წლის 8 მაისის განჩინება, რომლითაც ძალაში დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილება არის უკანონო. მათი აზრით, სასამართლო კოლეგიამ არასწორად განმარტა კანონი და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნები მტკიცებულებათა შეფასების შესახებ. კასატორთა აზრით, სასამართლომ არასწორად განმარტა “მეწარმეთა შესახებ” კანონის 46.8-ე მუხლი, როცა არასწორად მიიჩნია რიგგარეშე კრების მოწვევა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორებმა მოითხოვეს საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მათი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლითა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენით მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

“მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 3.5 მუხლი ითვალისწინებს საზოგადოების პარტნიორობიდან გარიცხვის პირობას, რომლის თანახმად, თუ პარტნიორმა გადააცილა შესატანის შეტანის ვადა, ყოველ პარტნიორს შეუძლია წერილობით მოსთხოვოს მას ამ თანხის გადახდა დამატებითი ვადის მითითებით და გააფრთხილოს იგი საზოგადოებიდან შესაძლო გარიცხვის შესახებ.

როგორც საქმის მასალებით არის დადგენილი, თ. ხ-შვილის მიერ საზოგადოების საწესდებო კაპიტალში წილის შეტანას სადავოდ არ ხდიან საზოგადოების პარტნიორები. ამდენად, არ არსებობს “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 3.5. მუხლით გათვალისწინებული საზოგადოების პარტნიორობიდან გარიცხვის საფუძველი.

საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვა დასაშვებია მაშინაც, თუ საზოგადოების წესდება ასეთ მითითებას შეიცავს. Mმოცემულ შემთხვევაში, შპს “კ-ას” წესდება არ იცნობს საზოგადოების პარტნიორობიდან გარიცხვის ამგვარ წესს.

,,მეწარმეთა შესახებ” კანონის 47.3 მუხლის ,,ლ” ქვეპუნქტიდან გამომდინარე საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვა დაიშვება, ასევე, მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას. მნიშვნელოვან საფუძვლად შეიძლება მიჩნეულ იქნეს ისეთი გარემოება, როდესაც დანარჩენი პარტნიორები უნდობლობას უცხადებენ ერთ-ერთ პარტნიორს, იმის გამო, რომ მან დაარღვია თავისი მოვალეობები და მისი ბრალით საზოგადოებას დიდი ზიანი მიადგა.

პარტნიორისადმი წაყენებული პრეტენზიები დაკავშირებული უნდა იყოს მისი, როგორც პარტნიორის საქმიანობასთან. Pპარტნიორებს უფლება აქვთ დირექტორსაც წაუყენონ პრეტენზიები და მოითხოვონ, რომ მან პასუხი აგოს კანონმდებლობით დადაგენილი წესით. ამასთნ, დირექტორის პასუხისმგებლობის ფორმები არსებითად განსხვავდება პარტნიორის პასუხისმგებლობის ფორმებისაგან.

პარტნიორების მიერ წაყენებული პრეტენზიები ეხება ხ-შვილის, როგორც დირექტირის საქმიანობას. Pპალატა თვლის, რომ ამგვარი პრეტენზიების საფუძვლიანობის შემთხვევაშიც კი არ შეიძლება პარტნიორი, რომელიც დირექტორსაც წარმოადგენს, საწარმოდან გაირიცხოს. პარტნიორის საწარმოდან გარიცხვა შეიძლება იყოს უკიდურისი ზომა, რომელიც მიიღება კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა სხვა ღონისძიების გამოყენების შემდეგ ან ასეთი ღონისძიებების არარსებობის შემთხვევაში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ საზოგადოების პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება არ ემყარება კანონიერ საფუძველს. შპს-დან პარტნიორის გარიცხვის საფუძველი სახეზე არ არის.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს “კ-ას” პარტნიორების _ მ. დ-ძის, გ. ჯ-ძის, მ. ო-ძის, ზ. ლ-იანის, ც. ჩ-ძის, თ. ბ-ძის, მ. გ-შვილის, ნ. ლ-შვილის, მ. კ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. მოცემულ საქმეზე უცვლელი დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 8 მაისის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.