¹ 3კ/863 2 მაისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე, ბ. კობერიძე
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
თ. მ-ძე 1954 წლიდან მეუღლესთან – რ. მ-ძესთან ერთად ცხოვრობდა აბაშის რაიონის სოფ. ... მდებარე სახლში. ქორწინების პერიოდში მათ შეეძინათ 3 ქალიშვილი.
1993 წლიდან თ. მ-ძესთან დროებით საცხოვრებლად გადავიდნენ მისი ქალიშვილი ქ. მ-ძე და სიძე რ. კ-იანი, რომლებიც აფხაზეთში ცხოვრობდნენ. მათ შორის კომფლიქტური ურთიერთობის გამო, თ. მ-ძე იძულებული გახდა წასულიყო სახლიდან. იგი საცხოვრებლად გადავიდა მეორე ქალიშვილთან – ს. მ-ძესთან.
თ. მ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა ქ. მ-ძისა და რ. კ-იანის გამოსახლება სადაო სახლიდან.
აბაშის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით თ. მ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მას უარი ეთქვა აბაშის რაიონის სოფ. ... მდებარე სახლიდან ქ. მ-ძისა და რ. კ-იანის გამოსახლებაზე.
გაუქმდა აბაშის რაიონის ნოტარიუსის მიერ 2000 წლის 17 აპრილს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება თ. მ-ძისა და ს. მ-ძეს შორის საცხოვრებელი სახლის ჩუქების შესახებ. რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ თ. მ-ძის ოჯახი წარმოადგენს საკოლმეურნეო კომლის კატეგორიას. 1992 წელს, აფხაზეთის ომის გამო დედასთან დაბრუნდა მისი ქალიშვილი ქ. მ-ძე შვილებთან ერთად, ხოლო 1993 წელს მეუღლეც _ რ. კ-იანი. 8 წლის განმავლობაში ისინი ყველა ღებულობდნენ მონაწილეობას კომლის საქმიანობაში, რის გამოც ჩაითვალნენ კომლის წევრებად, მიუხედავად იმისა, რომ არ იყვნენ ჩაწერილნი კომლში. სასამართლომ მიიჩნია, რომ კომლის წევრად ცნობისათვის მთავარია არა მარტო რეგისტრაცია, არამედ შრომით მონაწილეობა კომლის საქმიანობაში. კომლის ქონება შეადგენს საერთო საკუთრებას, როგორც მოსარჩელის, ასევე მოპასუხისათვის და მოსარჩელეს არა აქვს უფლება მოპასუხეების სახლიდან გამოსახლებისა. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ უნდა გაუქმდეს 2000 წლის 17 აპრილის ჩუქების ხელშეკრულება, ვინაიდან ჩუქების ობიექტი – სახლი _ არის კომლის საერთო საკუთრება და მჩუქებელს – თ. მ-ძეს არ ჰქონდა უფლება კომლის დანარჩენ წევრთა თანხმობის გარეშე მისი გაჩუქებისა.
აბაშის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თ. მ-ძემ და აბაშის რაიონის ნოტარიუსმა ბ. მ-იამ. მათ მოითხოვეს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და 2000 წლის 14 აპრილის ჩუქების ხელშეკრულების უცვლელად დატოვება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თ. მ-ძისა და ბ. მ-იას სააპელაციო საჩივრები. გაუქმდა აბაშის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება. ქ. მ-ძე და რ. კ-იანი მათთან მცხოვრები ოჯახის ყველა წევრთან ერთად გამოსახლებულ იქნენ აბაშის რაიონის სოფ. ... მდებარე თ. მ-ძის საცხოვრებელი სახლიდან.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიაჩნია, რომ თ. მ-ძე არის სადავო სახლის მესაკუთრე, რომელიც კომლის ერთადერთი და უკანასკნელი წევრია, რაც შეეხება ქ. მ-ძეს, იგი და მისი მეუღლე თ. მ-ძესთან რეგისტრინებულნი არიან როგორც ლტოლვილები და არ არიან კომლის წევრები.
სააპელაციო პალატა თვლის რომ თ. მ-ძის საკუთრების უფლება შეიზღუდა, რაც აკრძალულია კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტითა და სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით. საფუძვლიანია თ. მ-ძის სარჩელი ქონების გამოთხოვის შესახებ, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილისა, რომლის მიხედვით მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ქ. მ-ძესა და რ. კ-იანს არ ჰქონდათ თ. მ-ძის სახლის ფლობის უფლება, რადგან ისინი, როგორც ლტოლვილები, დროებით არიან რეგისტრირებულნი აღნიშნულ სახლში. თავიანთი მოქმედებით მათ აიძულეს თ. მ-ძე, მიეტოვებინა სახლი და დაეუფლნენ მას ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. მ-ძემ ჩუქების ხელშეკრულებით აჩუქა სახლი ს. მ-ძეს. მათ ნოტარიულად გააფორმეს ხელშეკრულება, ხოლო საჯარო რეესტრში რეგისტრაცია არ მოუხდენიათ. პალატა თვლის, რომ სახლის მესაკუთრედ კვლავინდებურად ითვლება თ. მ-ძე, რადგან სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის I ნაწილის I წინადადების თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. რამდენადაც სახლი უძრავი ნივთია, აუცილებელია მისი შეძენის რეგისტრაცია.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, ასევე, რომ ქ. მ-ძესა და რ. კ-იანს შეგებებული სარჩელი არ აღუძრავთ ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების შესახებ. აბაშის რაიონულმა სასამართლომ ასეთი მოთხოვნის წარდგენის გარეშე გამოიტანა გადაწყვეტილება ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების შესახებ, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა. თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის I ნაწილის მეორე წინადადებისა, საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. ამდენად, აბაშის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ნაჩუქრობის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ არასწორია.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. მ-ძემ და რ. კ-იანმა, რომლებმაც მოითხოვეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ ისინი ლტოლვილები არიან და არ აქვთ სხვა თავშესაფარი. იგი თვლის, რომ მამის გარდაცვალების შემდეგ მის დანაშთ სამემკვიდრეო ქონებაზე გარკვეული უფლებები გააჩნია, აქვს კანონიერი უფლებები, აწარმოეს სახლზე მიშენებები, გააშენეს და ჩაყარეს ხეხილი. სააპელაციო პალატას უნდა გამოეყენებინა საერთო საკუთრების შესახებ 173-ე მუხლი და არა სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლი. მათ შეგებებული სარჩელით პირველი ინსტანციის სასამართლოში მოითხოვეს სადავო საცხოვრებელი სახლის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, რადგან თ. მ-ძეს მათი თანხმობის გარეშე არ ჰქონდა საერთო საკუთრების საცხოვრებელი სახლის გაჩუქების უფლება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, მხარეთა განმარტების მოსმენის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ რ. კ-იანისა და ქ. მ-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
დადგენილია, რომ თ. მ-ძის საკუთრებას წარმოადგენდა აბაშის რაიონის სოფ. ... მდებარე საცხოვრებელი სახლი. მისი ერთი ქალიშვილი ქ. მ-ძე გათხოვდა რ. კ-იანზე და საცხოვრებლად გადავიდა მეუღლის ბინაში ოჩამჩირის რაიონში. აფხაზეთის ომის გამო ქ. მ-ძე და რ. კ-იანი თავისი შვილებით დროებით საცხოვრებლად გადავიდნენ თ. მ-ძის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში. წარმოდგენილია სოფ. ... საკრებულოს თავმჯდომარის ცნობა იმის თაობაზე, რომ თ. მ-ძე არის კომლის ერთადერთი და უკანასკნელი წევრი. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორების მითითებას იმის შესახებ, რომ ისინი თ. მ-ძის კომლის წევრები არიან და საკომლო წიგნში რეგისტრაცია მათთვის სავალდებულო არ არის, რადგან “საქართველოს რესპუბლიკაში მიწის რეფორმის განხორციელების, სახელმწიფო მეურნეობის, კოლმეურნეობებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოთა რეორგანიზაციის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 21 ოქტომბრის დეკრეტითა და “სახელმწიფო მეურნეობის, კოლმეურნეობებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 22 ოქტომბრის ¹ 944 დადგენილების მე-6 პუნქტის შესაბამისად, რეორგანიზებულ იქნა კოლმეურნეობები და შეიქმნა მიწათმოსარგებლეთა და ტექნიკური მომსახურების საწარმოები. საქართველოს მთავრობის ხსენებულ დადგენილებაში ცვლილებები შევიდა მთავრობის 1993 წლის 5 მარტის ¹ 199 დადგენილებით. ამ დროიდან კოლმეურნეობებმა შეწყვიტეს ფუნქციონირება. საკოლმეურნეო კომლის არსებობა კი იურიდიულად დაკავშირებული იყო კოლმეურნეობის არსებობასთან. საკოლმეურნეო კომლი წარმოადგენდა პირთა საოჯახო გაერთიანებას, რომელსაც საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქციით) 122-ე მუხლისა და საქართველოს მიწის კოდექსის (1971 წლის რედაქციით) 74-ე მუხლის თანახმად, სარგებლობაში ჰქონდა კოლმეურნეობის სანიმუშო წესდებით განსაზღვრული მიწის ნაკვეთი, ხოლო მიწის ნაკვეთის გარდა სხვა ქონება განეკუთვნებოდა საკოლმეურნეო კომლის წევრთა თანასაკუთრებას. კოლმეურნეობების გაუქმების შემდეგ, 1993 წლიდან იურიდიული საფუძველი გამოეცალა საკოლმეურნეო კომლს და კომლი ჩამოყალიბდა საკომლო მეურნეობად. “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” საქართველოს 1996 წლის 22 მარტის კანონის მე-4 მუხლის 1-ლი და მე-4 პუნქტების თანახმად, საკომლო მეურნეობად ითვლება სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების, მასზე არსებული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების, აგრეთვე, შესაბამისი გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტებისა და მოწყობილობათა ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო წარმოების საფუძველს და რომელიც ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ერთი ფიზიკური პირის საკუთრებას შეადგენს. თუ საკომლო მეურნეობა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრთა საერთო საკუთრებაა, საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) თითოეული მათგანი თანამესაკუთრედ უნდა იყოს რეგისტრირებული. ამდენად, სოფ. ... მდებარე სადავო საცხოვრებელი სახლი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს კასატორების საერთო საკუთრებად.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ დედა-შვილს შორის არის კონფლიქტური ურთიერთობა, სიძე რ. კ-იანი შეურაცხყოფას აყენებს თ. მ-ძეს, რის გამოც თ. მ-ძე იძულებული გახდა მიეტოვებინა თავისი ბინა და დროებით საცხოვრებლად გადასულიყო მეორე ქალიშვილთან ს. მ-ძესთან. სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
თ. მ-ძემ მეორე ქალიშვილს ს. მ-ძეს აჩუქა 2000 წლის 17 აპრილს თავისი კუთვნილი საცხოვრებელი სახლი, რომელიც საჯარო რეესტრში იქნა რეგისტრირებული. სააპელაციო პალატამ სწორად მიუთითა, რომ ქ. მ-ძეს და რ. კ-იანს პირველი ინსტანციის სასამართლოში არ წარუდგენიათ შეგებებული სარჩელი სადავო ბინაზე ჩუქების ბათილად ცნობის შესახებ. საქმეში წარმოდგენილია რ. კ-იანისა და ქ. მ-ძის შეპასუხება-შესაგებელი თ. მ-ძის სარჩელზე, სადაც მიუთითებენ, რომ სადავო ბინის ჩუქების ხელშეკრულება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, მაგრამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 189-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შეგებებული სარჩელის წარდგენა შეიძლება სარჩელის წარდგენის შესახებ არსებული წესების დაცვით. კასატორებს კი არ დაუცავთ აღნიშნული მოთხოვნა, რის გამოც სააპელაციო პალატამ სწორად ჩათვალა, რომ არ ჰქონდა უფლება შეემოწმებინა სადავო საცხოვრებელი სახლის ჩუქების ხელშეკრულების კანონიერების საკითხი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ. მ-ძე-კ-იანის და რ. კ-იანის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.