გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3კ\865 24 იანვარი 2001 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მ. წიქვაძე
მოსამართლეები: ლ. გოჩელაშვილი, რ. ნადირიანი
დავის საგანი: თანხის დაბრუნება
აღწერილობითი ნაწილი:
1998 წლის 12 აგვისტოს ნ. გ-სა და მ. ბ-ს შორის დაიდო ზეპირი გარიგება მ. ბ-ის კუთვნილი მაღაზიის ნაწილის ნასყიდობის შესახებ. მაღაზიის გადაფორმება მოხდებოდა 30 დღის შემდეგ.
მ. ბ-ის თხოვნით ნ. გ-მა, ზეპირი გარიგების საფუძველზე მ. ბ-ს წინასწარ გადასცა 2000 აშშ დოლარი, რომელიც ჩაითვლებოდა ნასყიდობით გათვალისწინებული თანხის ნაწილად.
მხარეებს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება არ დაიდო. მიუხედავად იმისა, რომ მ. ბ-მა წერილობით აღიარა მითითებული თანხის დაბრუნების ვალდებულება, მან აღნიშნული თანხა არ დააბრუნა. 2000 წლის 31 მარტს ნ. გ-მა მ. ბ-ის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს, მოითხოვა 2000 აშშ დოლარისა და ამ თანხის ვადაში დაუბრუნებლობის გამო გამოწვეული ზიანის _ 1900 აშშ დოლარის ანაზღაურება.
მოპასუხემ სარჩელის მოთხოვნა არ ცნო იმ მოტივით, რომ სადავო 2000 აშშ დოლარი წარმოადგენდა ბეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ 2000 წლის 19 ივნისს სარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მოსარჩელის მიერ მ. ბ-ზე გადაცემული თანხა სესხად ჩათვალა და დააკისრა მისი გადახდა, ხოლო მიყენებული ზიანის _ 1900 აშშ დოლარის გადასახდელად დაკისრების ნაწილში სარჩელის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა უსაფუძვლობის გამო.
მხარეებმა სააპელაციო საჩივრით მიმართეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.
სააპელაციო სასამართლომ იმ მოტივით, რომ მოსარჩელემ არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და აღნიშნული ხარვეზი სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ გამოასწორა, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა, ხოლო მოპასუხის სააპელაციო საჩივარი, გადაწყვეტილებით მასზე გადასახდელად 2000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში, მართალია, დააკმაყოფილა, მაგრამ ახალი გადაწყვეტილებით მითითებული თანხა ისევ მ. ბ-ს დააკისრა გადასახდელად შემდეგი საფუძვლით:
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა ნასყიდობის ხელშეკრულებას. სააპელაციო სასამართლომ ნ. გ-ის მიერ მ. ბ-ზე გადაცემული თანხა არ ჩათვალა სესხად და იგი მიიჩნია ნასყიდობის ხელშეკრულების მომავალში დადების უზრუნველყოფის საშუალებად, ავანსის სახით გადახდილ თანხად. ამასთან მიუთითა, რომ მითითებული თანხა თუნდაც ბე ყოფილიყო, იგი მაინც დაბრუნებას ექვემდებარებოდა სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტის შესაბამისად, რადგან 2000 აშშ დოლარის გადაცემის ნაწილში დადებული ხელშეკრულება ამ ხელშეკრულების დადების აუცილებელი პირობის _ სათანადო ფორმის დაცვის გარეშე იყო განხორციელებული და ეწინააღმდეგებოდა 327-ე მუხლის მესამე ნაწილის და 323-ე მუხლების მოთხოვნებს. გარდა ამისა, რადგან არსებობდა ვალდებულება სადავო თანხების დაბრუნების შესახებ, სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულება ჯეროვნად უნდა შესრულებულიყო.
2000 წლის 6 ნოემბერს მ. ბ-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლით:
მისი მოსაზრებით სააპელაციო სასამართლო გასცდა მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს.
_ მ. ბ-ის მიერ დადებული ხელწერილი თანხების დაბრუნების ვალდებულების აღიარების შესახებ მოტყუებით დაიდო და ამ მიმართებით სასამართლოს არ ჰქონდა გამოკვლეული საქმის ფაქტიური გარემოებები;
_ სააპელაციო სასამართლომ დავის გადაწყვეტის დროს არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტი. ამასთან, არ გამოიყენა ამავე მუხლის მეორე ნაწილის “გ” პუნქტი, რომლის თანახმადაც მ. ბ-ის მიერ მიღებული 2000 აშშ დოლარის უკან დაბრუნება გამორიცხული იყო.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საკასაციო საჩივრის ფარგლებში საქმის მასალებს, მოისმინა, გააანალიზა მხარეთა და მათი წარმომადგენლების განმარტებანი და მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტიური გარემოება იმის შესახებ, რომ ნ. გ-სა და მ. ბ-ს შორის 1998 წლის 12 აგვისტოს დაიდო მაღაზიის ნაწილის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფადაც იმავე დღეს, ნ. გ-მა მ. ბ-ს გადასცა 2000 აშშ დოლარი. ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დანარჩენი თანხის გადახდა უნდა განხორციელებულიყო 30 დღეში.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ნ. გ-ის მიერ მ. ბ-ისადმი გადაცემული თანხა _ 2000 აშშ დოლარი წარმოადგენს ბეს სათანადო ფორმის დაცვის გარეშე, რადგანაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 421-ე მუხლის შესაბამისად, ბედ მიიჩნევა ფულადი თანხა, რომელსაც ხელშეკრულების ერთი მხარე აძლევს მეორე მხარეს და ამით დასტურდება ხელშეკრულების დადების ფაქტი.
აქედან გამომდინარე, ნასყიდობის დროს თანხის ბეს სახით გადაცემის შემთხვევაში დასტურდება ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ფაქტი.
ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
სამოქალაქო კოდექსის 323-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.
ამავე კოდექსის 328-ე მუხლის შესაბამისად, თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილია განსაზღვრული ფორმა, მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ.
მოცემულ შემთხვევაში, რადგან მხარეებს შორის დაიდო ხელშეკრულება მაღაზიის ნაწილის ნასყიდობის შესახებ, ამ ხელშეკრულების დადების დამადასტურებელ უზრუნველყოფის საშუალება _ ბეს სახით გადასახდელი თანხა (რომელსაც საგადამხდელო ფუნქციაც აკისრია სამოქალაქო კოდექსის 416-ე და 422-ე მუხლები) იმ ფორმის დაცვით უნდა გაფორმდეს, როგორ ფორმასაც ითვალისწინებს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფორმის დაუცველად დადებული გარიგება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, რადგან უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება სანოტარო წესით უნდა დამოწმდეს, ამ ხელშეკრულების დამადასტურებლად ბედ თანხის გადაცემაც ამავე წესით უნდა გაფორმდეს. მოცემულ შემთხვევაში, რადგან ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დამადასტურებლად გადახდილი ბე სანოტარო წესით არ დამოწმებულა, იგი სათანადო ფორმის დაუცველობის გამო ბათილია.
სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტის შესაბამისად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია ვითომ კრედიტორს მოსთხოვოს მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის, ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს.
მოცემულ შემთხვევაში, რადგანაც ბე სათანადო ფორმის დაუცველად იქნა გადაცემული, ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ფაქტი დადასტურებულად ვერ ჩაითვლება, საამისოდ გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველობის გამო. ამდენად, იგი ბათილია და კრედიტორს შეუძლია უკანვე მოითხოვოს გადაცემული თანხის დაბრუნება.
რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, თითქოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ” პუნქტის შესაბამისად, ბ-ს უფლება ჰქონდა არ დაებრუნებინა მიღებული 2000 აშშ დოლარი, მცდარია, რადგან მ. ბ-ს არ შეეძლო ევარაუდა ის, რომ ნ. გ-ს სურდა მითითებული თანხის ბეს სახით გადაცემა, მიუხედავად მისი ბათილობისა.
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმ მიმართებით, რომ სადავო თანხა იყო ავანსი, საფუძველს მოკლებულია და იგი უნდა ამოირიცხოს გადაწყვეტილებიდან.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.