Facebook Twitter

¹ 3კ-868-01 28 ნოემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

მ. ახალაძე, მ. ცისკაძე

დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. თბილისში, ... განთავსებული საერთო საცხოვრებელი ირიცხება საქართველოს ... სამსახურის ბალანსზე. ამ სამსახურმა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა აღნიშნული საერთო საცხოვრებლის ¹9 ბინიდან იძულებითი ადგილნაცვალი პირის ვ. ბ-ავას გამოსახლება.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე ვ. ბ-ავა ოჯახის წევრებთან ერთად გამოსახლებულ იქნა სადავო ფართიდან. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დაევალა ვ. ბ-ავას შესაბამისი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა.

ვ. ბ-ავამ სააპელაციო საჩივრით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:

მართალია თბილისის მუნიციპალიტეტის დადგენილებით სადავო ფართი ჩაირიცხა მოსარჩელის საბინაო ფონდში, მაგრამ მას ნება დაერთო ბინები გაენაწილებინა მხოლოდ იმ თანამშრომლებზე, რომლებიც 1995 წლის 2 მარტამდე იყვნენ ჩაწერილი აღნიშნულ საერთო საცხოვრებელში. ა. ც-შვილი კი არც ჩაწერილი ყოფილა სადავო ბინაში და არც უცხოვრია იქ.

აპელანტის განცხადებით სარჩელის აღძვრის დროისათვის სადავო ფართი საქართველოს ... სამსახურის დაქვემდებარებაში არ ყოფილა, რის გამოც ეს ორგანიზაცია წარმოადგენს არასათანადო მოსარჩელეს; აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ასევე მიუთითა, რომ სადავო ფართის დაკავება მოხდა მოსარჩელის ნებართვით და მათ 1994 წლიდან ამ საკითხთან დაკავშირებით პრეტენზია არ განუცხადებიათ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 6 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ვ. ბ-ავას სააპელაციო საჩივარი: უცვლელად იქნა დატოვებული დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვ. ბ-ავას სადავო ფართი დაკავებული აქვს კანონიერი საფუძვლის გარეშე. მან ვერ დაამტკიცა, რომ კეთილსინდისიერი მფლობელია. საქართველოს ... სამსახური კი წარმოადგენს მართლზომიერ მფლობელს, რაც დასტურდება თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995 წლის 2 მარტის ¹04.11.141 დადგენილებით და თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის 2001 წლის 1 მარტის ცნობით.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 161-ე, 164-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ სადავო ნივთი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელე ორგანიზაციას, როგორც მესაკუთრეს.

ვ. ბ-ავამ საკასაციო საჩივრით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 6 აპრილის განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. “იძულებით გადაადგილებულ პირთა (ლტოლვილთა) შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტისა და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 25 სექტემბრის ¹643 ბრძანებულების თანახმად სახელმწიფომ აიღო ვალდებულება აფხაზეთიდან დევნილი ოჯახების მიმართ: 1999 წლის 16 ნოემბრის საოქმო დადგენილება სადავო ბინის განაწილებაზე, მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 283-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, რაც არ გაითვალისწინა სასამართლომ.

მათი შესახლება სადავო ბინაში მოსარჩელე ორგანიზაციისა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ურთიერთშეთანხმებით განხორციელდა, რის გამოც მათ მიერ ბინის ფლობა თვითნებური არ არის და მართლზომიერ ხასიათს ატარებს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები და თვლის, რომ კასაცია უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო პალატამ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 164-ე მუხლი, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” პუნქტების თანახმად წარმოადგენს სამართლის ნორმის დარღვევას და განჩინების გაუქმების საფუძველია.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე მტკიცებულებები შეკრებილია საპროცესო ნორმების დაცვით, მტკიცებულებათა დამატებითი შეკრება და გამოკვლევა საჭირო არ არის, ამიტომ საკასაციო პალატა უფლებამოსილია მიიღოს ახალი გადაწყვეტილება.

საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ მოპასუხეები ვ. და მ. ბ-ავების ოჯახის წევრები არიან აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, მოპასუხეები თავიანთი საცხოვრებელი ადგილიდან განდევნილი იქნა აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის მიერ. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას თავისი ქვეყნის როგორც მთლიანობა ისე მოსახლეობის უფლებები ქვეყნის ნებისმიერ კუთხეში. ამიტომაც სახელმწიფომ აიღო ვალდებულება იძულებით გადაადგილებულ პირთა საყოფაცხოვრებო და სოციალური პირობების უზრუნველყოფაზე. საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 31 დეკემბრის ¹900 დადგენილებით დაევალა ლტოლვილთა და განსახლების კომიტეტს, უწყებებს, ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან უზრუნველეყო იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური მოწყობა. ანალოგიური დავალება მიეცა შესაბამის სახელმწიფო უწყებებს საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 25 სექტემბრის ¹643 ბრძანებულებით. პალატა ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას, რომ მოპასუხეებმა სადავო ბინა თვითნებურად დაიკავეს. ... სამსახურის სახელზე გაგზავნილ ლტოლვილთა და განსახლების კომიტეტის 1994 წლის 11 აპრილის ¹871 მიმართვით დგინდება, რომ მოპასუხეები ვ. ბ-ავას ოჯახი სადავო შენობაში თვითნებურად კი არ შეჭრილან არამედ შესახლებულ იქნენ მოსარჩელისა და კომიტეტის შეთანხმებით იმ პირობით, რომ იქ იცხოვრებდნენ დროებით, აფხაზეთში დაბრუნებამდე. ეს პირობა დღეისათვის შესრულებული არ არის. მოპასუხეები მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მოკლებული არიან საშუალებას დაბრუნდნენ თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ შენობა, რომელშიც განლაგებულია სადავო ოთახები მოპასუხეთა შესახლების დროსაც იყო და დღეისათვისაც არის სახელმწიფოს საკუთრება, იგი მართვა-გამგეობაში გადაცემული აქვს საქართველოს ... საქმიანობის სამსახურს, რომელიც არის სახელმწიფო მმართველობის ორგანო. აღნიშნულიდან გამომდინარე მას უფლება არა აქვს სხვა დროებითი საცხოვრებელი ფართობის მიუცემლად შესახლების პირობის ან აფხაზეთში დაბრუნებამდე მოითხოვოს მოპასუხეთა სადავო ფართობიდან გამოსახლება.

კასატორ ვ. ბ-ავას ოჯახი სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, არის სადავო ფართობის მფლობელი სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულების საფუძველზე. იგი მართლზომიერად ფლობს სადავო ფართობს და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დაუშვებელია მისი ამ ფართიდან გამოსახლება (მფლობელობის შეწყვეტა).

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

ვ. ბ-ავას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება.

საქართველოს ... საქმეების სამსახურს სარჩელში ვ. ბ-ავას მასთან მცხოვრებ პირებთან ერთად ქ. თბილისში ... განლაგებული ¹9 ბინიდან გამოსახლებაზე ეთქვას უარი უსაფუძვლობის გამო.

გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.